ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიასა და სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გვარამიამ მოსამართლე საუბრის შეწყვეტაში დაადანაშაულა და მისი აცილების შუამდგომლობის დაყენებით დაიმუქრა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა. გვარამიამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეებს მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შესაძლებლობა მისცეს.
„მე არ ვიცი, რას ეყრდნობა სასამართლო, როცა იძახის, რომ ეს ბმულები არის მტკიცებულება და მატერიალური ფორმით მტკიცებულება არ უნდა იყოს მოტანილი. უამრავი საქმე გვქონია საერთო სასამართლოებში, სადაც არ ითვლება ეს მტკიცებულებად. მე არ ვიცი, ეს „ლინკები“ სწორად გადავა თუ არა. არ არის ეს მტკიცებულება. ფორმა დაუცველიცაა. შინაარსი არ გამოვიკვლიოთო, მსგავსი არაფერი გამიგია, არცერთ პროცესში“, – განაცხადა გვარამიამ.
მისი შეფასებით, სასამართლომ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საპროცესო ნორმები დაარღვია. გვარამიამ აღნიშნა, რომ მხარეებს საკუთარი პოზიციის დასაბუთებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის უფლება აქვთ, რის გამოც სასამართლომ შესაბამისი შუამდგომლობა უნდა დააკმაყოფილოს.
სიტყვით გამოსვლისას გვარამიას სასამართლოს თავმჯდომარემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.
„მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითაც ვთვლი საჭიროდ და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ“, – მიმართა გვარამიამ ნადარაიას.
მისივე თქმით, სასამართლოს არ აქვს უფლება, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი გამოტოვოს.
„ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! შეჯიბრებითობა არავის გაუუქმებია ინკვიზიციურობის პარალელურად. თუ ვინმეს ჰგონია, ასეა, არასწორად იცის ან კანონი, ან სამართლის თეორია, ან ორივე ერთად. თუ არ გამომაკვლევინეთ ეს მტკიცებულება, როგორ უნდა დაგარწმუნოთ?“ – განაცხადა გვარამიამ.
საპასუხოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ გვარამიას მოუწოდა, მხოლოდ განსახილველ შუამდგომლობაზე ესაუბრა და სასამართლოს მითითებებს დამორჩილებოდა.
„თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის. ილაპარაკეთ კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე და ნუ იხილავთ იმას, ჩვენ როდის რა დავაკმაყოფილეთ. ჩემი განსახილველია, რას ილაპარაკებთ თქვენ. ახლა ან დაემორჩილებით სასამართლოს, ან...“ – განაცხადა ნადარაიამ.