აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების ძლიერ სურვილს ავლენენ, რადგან ორივე მხარე ხანგრძლივი ბრძოლით დაიღალა. როგორც ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაშინგტონი აქტიურად მონაწილეობს აბუ-დაბიში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„ჩვენ ამ საკითხზე ძალიან კარგ დისკუსიას ვაწარმოებთ აბუ-დაბიში. ასევე ვხედავთ ძალიან ძლიერ მისწრაფებას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასრულდეს. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ რუსეთი და უკრაინა პირად საუბრებში ტერიტორიების შესაძლო გაცვლის საკითხზე გარკვეულ მოქნილობას იჩენდნენ.
ამავე მაღალჩინოსნის თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იქნება. განიხილება კიევისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი კოლექტიური თავდაცვის გარანტიის შესაძლო მინიჭებაც.