აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს, რათა სამშვიდობო შეთანხმებამ იმუშაოს. ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი უკრაინისთვის ნატოს მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას.
„არ მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე საბოლოო, კონკრეტული გეგმა გვქონდეს ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, განიხილებოდა კონცეფციები იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები კონფლიქტის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია, რადგან უკრაინა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ საფრთხე აღარ დაემუქრება.
„აუცილებელია იმის გააზრება, რომ ომის შემდეგ უკრაინა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და, ცხადია, იმისთვის, რომ იმუშაოს, საჭიროა, მას რუსეთიც ეთანხმებოდეს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ კიევმა შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება მიიღოს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები საერთაშორისო ხელშეკრულების სახით გააფორმოს, რუბიომ უპასუხა, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა საკითხი დეტალურად ჯერ არ განხილულა.
„შესაძლოა, თუმცა არ ვიცი, განგვიხილავს თუ არა ეს საკითხი ასე დეტალურად“, – განაცხადა მარკო რუბიომ.