უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე განიხილეს ტყვეების გათავისუფლების, უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიებისა და დეესკალაციის საკითხები.
„სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი იყო. დრო ჰქონდათ განეხილათ ჰუმანიტარული ნაბიჯების საჭიროება და შესაძლო პარამეტრები. ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებმაც ომის დასრულების შემდეგ უკრაინის დაცვა უნდა უზრუნველყოს და რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის შესაძლებლობა გამორიცხოს.
„დეტალურად ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების არსზე და საფუძვლებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას გარანტიების გრძელვადიანად ფუნქციონირება. ნამდვილი ინსტრუმენტებია საჭირო, რათა დაიბლოკოს ომის ნებისმიერი განმეორება“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის განცხადებით, მან უკრაინულ დელეგაციას შემდგომი მოლაპარაკებებისთვის კონკრეტული მითითებები მისცა. დიალოგი ხვალაც გაგრძელდება სამმხრივ ფორმატში, მომდევნო დღეებში კი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებსა და ევროპელ პარტნიორებთანაც გაიმართება.
„მთავარია ომის დასასრულის ნამდვილად დაახლოება. და უკრაინის მხრიდან ყოველთვის იქნება პროდუქტიული, მაღალი ხარისხის და პატიოსანი სამუშაო“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს – შეხვედრებისთვის სანდო პლატფორმის უზრუნველყოფისთვის.