ამის შესახებ სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ შუამდგომლობა ფორმალურად ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა რეალურად მხარეებს მტკიცებულებების სრულყოფილად განხილვის შესაძლებლობა არ მისცა.
„დღევანდელი დღიდან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ, ფაქტობრივად, სასამართლომ კი თქვა, თითქოს შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ საკუთარი რეგლამენტი დააიგნორა, უარყო, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი და, ფაქტობრივად, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი ამოაგდო“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისი შეფასებით, დაუშვებელია ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვა მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, მით უმეტეს, როდესაც მოპასუხე მხარეებს პოზიციის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ მიეცათ.
„არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე მოხდეს ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი ქვეყანაში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა და ეს ყველაფერი ხდებოდეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არც დრო და საშუალება მოგვეცა მოსამზადებლად, შესაგებლის წარმოდგენისთვის“, – აღნიშნა მან.
სიჭინავას განცხადებით, სასამართლოს მოქმედებები მის მიკერძოებაზე მიუთითებს და აჩენს საფუძველს ვარაუდისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღება დაჩქარებული წესით სურთ.
„ეს პირდაპირ აჩვენებს მიკერძოებას და, მათ შორის, იმას, რომ ამ ადამიანებს ეჩქარებათ ამ გადაწყვეტილების მიღება. აქ სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა, ბუნებრივია, არ არსებობს“, – განაცხადა მან.
პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლოში მიმდინარე კითხვა-პასუხის ეტაპი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს „ქართული ოცნების“ სარჩელის უსაფუძვლობას.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აქამდე არსებული ეტაპები გავიარეთ ჩვენ და სრულად გაშიშვლდა ის უსუსური, არაკვალიფიციური სარჩელი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, კითხვა-პასუხის რეჟიმით კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ ეს ყველაფერი სრული ბლეფია“, – განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ უარი თქვა სარჩელში მითითებული ყველა ინტერნეტბმულის სხდომაზე დემონსტრირებაზე, თუმცა ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობის განხილვის შესაძლებლობა დატოვა.