უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარე ომის დასრულების მიზნით ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერი ასეთი წინადადება სახელმწიფოების ლიდერების დონეზე უნდა განიხილებოდეს.
ზელენსკის განცხადებით, ამერიკელი წარმომადგენლები მოლაპარაკებების დროს რეგულარულად აყენებენ დონბასის საკითხს და მიიჩნევენ, რომ ომის შესაჩერებლად უკრაინულმა ძალებმა ეს ტერიტორია უნდა დატოვონ.
„რა თქმა უნდა, ისინი ამაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ომის შესაჩერებლად ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ. შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარი, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. ისინი ცდილობენ, იპოვონ რაიმე გზა ამის გასაკეთებლად. მე სხვადასხვა ვარიანტი მოვისმინე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეთავაზებული ვარიანტების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მათი განხილვა დიდ დროს მოითხოვს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანწილად ვაშინგტონის პოზიციასა და რუსეთზე ზეწოლის მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი ამერიკული მხარის ნებაზეა დამოკიდებული: მოახდენენ თუ არა ზეწოლას რუსებზე. ეს დამოკიდებულია რუსებთან მათი დიალოგის ფორმატზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.