პოლიტიკური პარტიების აკრძალვა სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეებმა არჩევნების გზით უნდა გადაწყვიტონ, რომელ პოლიტიკურ ძალას მიანიჭებენ მანდატს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
„პოლიტიკური პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს. ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი, ვის მისცემენ მანდატს დემოკრატიულ ქვეყანაში და ვის არა. „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს არ ავკრძალავ, ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ მას კონკრეტულად არჩევნებზე“, – განაცხადა წითლიძემ.
მან ასევე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ვასილ როინიშვილის კითხვას, თუ როგორ მიჯნავს „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.
წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პარტიის აკრძალვას 2003–2012 წლებში სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ითხოვს, რაც, მისი შეფასებით, გაუმართლებელია.
„ჩემი მთავარი კითხვა არსებითი განხილვის დროს სწორედ ეს იყო: რას გვედავებიან? ითხოვენ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას სახელმწიფოს მიერ 2003–2012 წლებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო. რამდენად რელევანტურია ამის საფუძველზე პოლიტიკური პარტიის აკრძალვა?“ – განაცხადა მან.
წითლიძის თქმით, პარტიის აკრძალვის საფუძველი მისი მიზნები და საქმიანობა უნდა იყოს და არა კონკრეტული თანამდებობის პირების ინდივიდუალური გადაწყვეტილებები.
„თუ კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებს გვედავებიან, რა კავშირი აქვს ამას დღეს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვასთან?“ – აღნიშნა მან.
წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ 2003–2012 წლებში მინისტრები პარტიის წევრები არ ყოფილან. ამ საკითხზე საუბრისას მან მოსამართლე ვასილ როინიშვილს შეახსენა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, პროკურორის მოადგილე. პარტიული იყავით?“ – ჰკითხა წითლიძემ მოსამართლეს.
„არასდროს ვიყავი არცერთი პარტიის წევრი“, – უპასუხა როინიშვილმა.
წითლიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის არჩევნებში დამარცხებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. მისივე თქმით, პარტიასა და მიხეილ სააკაშვილს წარსულში დაშვებულ შეცდომებზეც არაერთხელ უსაუბრიათ.
„2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები რომ წააგო, წავიდა მშვიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობით“, – განაცხადა წითლიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელს განიხილავს, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.