უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, ეს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება.
ამის შესახებ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა: ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ. სტივმა და ჯარედმა მითხრეს, რომ ეს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება. ჩვენი ჯარისკაცები სახლში ბრუნდებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარეს და აღნიშნა, რომ მიღწეულ შეთანხმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტყვეების ოჯახებისთვის.
„ეს რეალური შედეგია. უპირველეს ყოვლისა, ეს წარმატებაა ოჯახებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ადამიანები სახლში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნდებიან“, – აღნიშნა მან.
ზელენსკიმ მოლაპარაკებების კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგად ევროპელი წარმომადგენლების პროცესში ჩართვა დაასახელა. მისი განცხადებით, მომდევნო შეხვედრაში ევროპელებიც მიიღებენ მონაწილეობას და მოლაპარაკებების მაგიდასთან ხმის უფლება ექნებათ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ყველა აღნიშნული მხარის მონაწილეობით უახლოეს მომავალში გაიმართება.