რიჰარდს კოლსი - ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია, უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე საქართველო მეორე ბელარუსი გახდა
დონალდ ტრამპი - ირანს 60-დღიანი ულტიმატუმი წავუყენე შეთანხმების დასადებად, დღეს 61-ე დღეა
დონალდ ტრამპი - ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, ვიდრე არაფერი დარჩება იმისგან, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი, გააკეთეთ ეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის
რეზო კიკნაძე - მერაბ დვალიშვილს მივმართავ, მას „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო: ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, როცა ევროპულ მომავალს ვითხოვდით - ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს
ჯანო არჩაია გამომძიებელს - რატომ არ იცოდა ჩემმა ოჯახმა ჩემი დაკავების შესახებ? რატომ არ მომეცით ზარის განხორციელების უფლება?
ანდრო ჭიჭინაძე - გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი
ფრიდრიხ მერცი - ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი არსებობა
ნიკა გვარამია დააკავეს

„გავიფიცოთ ყველაა“ - ფაბრიკის გოგოები საქართველოში

12.06.2025 ნახვები: 354

ზუკა ნემსაძე, ჟურნალსტი.

   „ფაბრიკის გოგოები“ ირლანდიელი დრამატურგის, ფრენკ მაკგინესის პიესაა, რომელიც სამუშაო გარემოში მყოფი ქალების კოლექტიურ ბრძოლას ასახავს. ტექსტის არსი შრომით უთანასწორობას, ქალთა სოლიდარობასა და ღირსების დაცვას ეხება. გაფიცვა აქ მხოლოდ პროტესტის ფორმა კი არა, არამედ თვითიდენტობისა და ძალაუფლების დაბრუნების გზაა. პიესა ხაზს უსვამს, როგორ შეიძლება ყოველდღიური რეალობის წინააღმდეგობა იქცეს თანაზიარობისა და პიროვნული გაძლიერების სივრცედ.

ფაბრიკის გოგოები კოლექტიური წინააღმდეგობის, ღირსების მოთხოვნისა და თანაზიარობის განცდას ატარებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მასები საერთო ჩაგვრას ან ჩუმ პროტესტს საკუთარ ყოველდღიურობაში გამოავლენენ.  ხალხი, როცა ერთად დგება, არა მხოლოდ რაოდენობრივი ძალა აქვს, არამედ მნიშვნელობა, გავლენიანი ხმა და ზემოქმედების უნარი.

სწორედ მაშინ, როცა  საქართველოში, „გაფიცულთა“, პროტესტანტთა, მანიფესტანტთა ხმა მძლავრად ისმოდა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში, სპექტაკლის, „ფაბრიკის გოგოების“ პრემიერა დააანონსა. უნდა ითქვას, რომ ნემსაძის სპექტაკლების ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, რომელიც მან რუსთავის თეატრში დადგა, საინტერესოდ შეიძლება გვეჩვენოს, ვინაიდან მისი შემოქმედება წინააღმდეგობრივი, ხმაურიანი, ემოციური ნარატივებით გამოირჩევა და პროტესტის მძაფრი სუნი დასდევს ლაიტმოტივად. ვფიქრობ, რომ რეჟისორის მთავარი ფუნქციაა, მუდმივად იყოს პროტესტში, პროტესტში ყველაფერთან, მათ შორის მაყურებელთან, ოღონდ ეს ისე წარადგინოს, რომ მაყურებელი დააფიქროს.

დავუბრუნდეთ, „ფაბრიკის გოგოებს“, რეჟისორი: სოსო ნემსაძე, მხატვარი ლომგულ მურუსიძე, პიესა თარგმნა თამარ გელაშვილმა, კოსტიუმების ავტორი კი ბარბარე ასლამაზია.

რეჟისორმა პიესა საინტერესოდ და მრავალშრიანად წარუდგინა მაყურებელს, სპექტაკლს „ხმაურიანი“, ენერგიით დატვირთული ეპიზოდები ამძაფრებს და მაყურებელს მოქმედების შუაგულში ამყოფებს. ასევე, გამოირჩევა სპექტაკლის ვიზუალური გადაწყვეტა და სცენური კომპოზიციები: რეჟისორული კომპოზიციებიც ზუსტი, ემოციურად დატვირთული და შინაარსობრივად გამართლებულია. რიტმი, სიჩუმისა და ხმაურის მონაცვლეობა, გამძაფრებული სურათები,  ყველაფერი ეს  ამ დადგმას მკაფიო ხასიათსა და ემოციურ ძალას ანიჭებს.

სპექტაკლი მთლიანობაში დახვეწილი ნამუშევარია, რომელსაც როგორც შინაარსობრივი სიღრმე, ასევე სცენური დინამიკა აქვს. რეჟისორი საინტერესო თემატიკას დაუპირისპირდა  და გემოვნებით, სცენური ენის სწორი შეგრძნებითა და მოფიქრებული დეტალებით მიიტანა მაყურებლამდე. მხატვრული და ტექნიკური ელემენტები: განათება, ხმოვანი ფონები, მსახიობთა მოძრაობა თანხვედრაშია საერთო იდეასთან და ქმნის ემოციურ სურათს.  ეს არის ნამუშევარი, რომელიც არა მხოლოდ ასახავს, არამედ გაგრძნობინებს შრომის, სოლიდარობისა და თანადგომის მნიშვნელობას.

ლაშაო გაბუნიას როჰანი, დამპალი ახალგაზრდა კაცია. მსახიობი, ბოროტი, ნაძირალა, ცუდი ბიზნესმენის მხატვრულ სახეს ქმნის, ასეთი ტიპები საქართველოშიც მრავლად გყავს და ალბათ მსახიობს როლზე მუშაობისას, შორს წასვლა არ დასჭირდებობდა დასაკვირებლად და პერსონაჟის მხატვრული სახის შესაქმნელად. ლაშაო გაბუნია, „ცოდვილი ხილის“ (ვაშლი - უკვდავების, ცდუნების, ადამიანის დაცემისა და ცოდვის სიმბოლო) ჭამით შემოდის სცენაზე, მის წინ  5 კოლექტიური, თავისუფლებისთვის, უკეთესი მდგომარეობისთვის მებრძოლი  „ევა“ დგას. ლაშაო გაბუნია, „მკიდია“ თუმცა „მკიდიას“ უკან ლაჩარის სახეს გვაჩვენებს, რომელიც ამვდროულად მშიშარაა.

გიორგი კაკალაშვილის ბონერი -  მსახიობის შესრულება გონიერებაზე დაფუძნებული, თუმცა ფრთხილია. ეტყობა, რომ სცენაზე ფიქრით მოქმედებს და პერსონაჟის გრძნობებში „ზომიერად“ კარგად ერკვევა. თუმცა ზოგ ეპიზოდში აკლია სიმძაფრე და სცენური თავისუფლება, რაც როლს ალბათ მეტ სიცოცხლეს შესძენდა. მთლიანობაში, კაკალაშვილმა ბონერი მხატვრული სახე,  სუფთად და  თანმიმდევრულად ააწყო. მაგრამ იმპულსურობის და გამბედაობის მეტი დოზა მას უფრო მძაფრსა და დასამახსოვრებელს გახდიდა.

ეკატერინე ქვრივიშვილის ელენი, მძიმე და პრინციპული ხასიათი მატარებელი ქალია, მასში მკაფიოდ იკითხება შინაგანი სიძლიერე, შეურიგებლობა და ლიდერის პოტენციალი. ის ქმნის არამარტო ფსიქოლოგიურად გამართულ, არამედ მხატვრულად ძლიერ სახეს, რომელიც სცენაზე აშკარად დომინირებს ყველაზე და ყველაფერზე. მისი ხმის ტემბრი იარაღივითაა, პაუზები და პლასტიკაც კი მისი პრინციპულობის ხაზგამსმელია, თუმცა ყოველთვის დგება მსგავსი ადამიანების ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი, ასევე ქვრიშვილის ელენეშიც, როცა მას ანკა დიდმანიძის ვერა, სახეში სასმელს შეასხამს, დაამცირებს, რაც ქვრივიშვილის ელენისთვის მძიმეა, ქვრიშვილი საინტერესოდ წარუდგენს მაყურებელს დამცირებული, ძლიერი ქალის მხატვრულ სახეს.

თამარ კანდელაკის უნა, ერთი შეხედვით, უემოციო მოხუცის მხატვრულ სახეს ქმნის, მსახიობმა მოხუცი ქალის სახე სიღრმითა და სიფრთხილით გააშალა.  მის შესრულებაში საოცრად ბუნებრივად თანაარსებობს მკაცრი, თითქოს უგრძნობი გარე ხასიათი და ამავდროულად შინაგანი სითბო და კეთილგანწყობა. მისი ჟესტები და  ჩაწყვეტილი ინტონაციები ქმნის სახეს, რომელიც თავდაპირველი შთაბეჭდილების მიღმა თანაგრძნობითა და ადამიანური ნაზი მზრუნველობით იკითხება. მსახიობმა მოახერხა, რომ პერსონაჟი ერთდროულად მკაცრიც იყოს და ადამიანურად ძალიან ახლობელიც. ეს ვლინდება, ბარბარე ჩალაძის როზმართან მიმართებით, როცა კანდელაკის უნა მთვრალ გოგოს, მოუვლის, უპატრონებს.

ანკა დიდმანიძის ვერა, სამართლიანი თუმცა გაიძვერა ვინმეა, რომლის ხასიათის დამუღამებაც ძალიან რთულია. ტოქსიკურია ისევე როგორც სხვა ქალები, განსაკუთრებით ეს გაფიცვის ეპიზოდში ჩანს, როცა მას არაერთ გზის, შემოაქვს დაპირისპირება. დიდმანიძე, რეჟისორის დავალებას ართმევს თავს და საინტერესოდ გვიხატავს გაფიცვაში მონაწილეების შიდა პროცესს, რომელიც დატვირთულია დაპირისპირებით, შეუთანხმებლობით, ერთმანეთისადმი ბრალდებებით.

ანა შარვაძის რებეკა, ჩუმჩუმელა ვინმეა. მასში ძლიერი, შეუპოვარი, პრინციპული, მედიდური, დაუოკებელი ხასიათები იყრის თავს. შარვაძე, ყველა დეტალი გათვლილი აქვს, იგი ერთადერთი, ვინც გაბედავს და მოახერხებს კიდეც, ჩაანაცვლო დაუმარცხებელი,  ეკატერინე ქვრივიშვილის ელენი და ხელში აიღოს, გაფიცულთა დღის წესრიგი. თავად შექმნას და დაგეგმოს მომავალი, არ გაურბის პასუხისმგებლობას. იგი ამავდროულად გვიხატავს, გაფიცულებში გაორებულთა სახეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთი მიზნისთვის იბრძვის, რომ კომპანიამ ხელფასები მოამატოს, უკეთესი სამუშაო გარემო შეიქმნან, ამის მიღმა იბრძვიან ლიდერობისთვის. შეიძლება ერთ ჯგუფში, ერთ აზრზე მყოფი ადამიანებიც ერთმანეთსვე ექიშპებოდნენ ვინ იყოს პირველი. შარვაძე ამას ახერხებს თან შთამბეჭდავად.

ბარბარე ჩალაძე, სულელი, დაშტამპული, რობოტი როზმარის სახეს ქმნის, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში, ჩალაძე, „გაფიცვის“ იდეა რომანტიზირებულია, მოსწონს უაზრო მოწოდებები, კოლექტიურობა და რაც მთავარია არაფრის მომცემი ლოზუნგები. „გავიფიცოთ ყველა“ - ამ ფრაზას ისე შტერულად, უადგილოდ და უმიზნოდ გაჰკივის როზმარი, რომ წარმოუდგენელია არ გაგეცინოს მაშინ როცა საქმე სასაცილოდ სულაც არ არის.

რეჟისორმა, გაფიცვის სცენაში მსახიობების გამოყენებით არაერთი საინტერესო ეპიზოდი შემოგვთავაზა, გვაჩვენა თუ როგორ შეიძლება დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ერთი მიზნისთვის მებრძოლი ადამიანებიც. როგორ გამყიდველი ბუნება აქვს ადამიანს, მაგრამ ისიც გვითხრა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. უნდა იბრძოლო უკეთესობისთვის, სანამ უკეთესობა არ იქნება. არ უნდა შეწყვიტო, არ უნდა შედრკე და დაიღალო. ყოველთვის იქნება დაპირისპირება, თუმცა სწორი ნაბიჯებით გადადგმული პროტესტი მიზანში ყოველთვის არტყამს. თუმცა პათეტიკა, რომელიც დღეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა, განსაკუთრებით კი საქართველოს, „პატრიოტიზმის“ სახელით შენიღბული განცხადებები, შედეგის მომტანი ვერ იქნება, იმიტომ რომ მასებისთვის გათვლილი ნებისმიერი ფრაზა, რომელიც ოვაციებს გამოიწვევს, იგივე მასებისგან შეიძლება შენი ჩაქოლვის საწინდარი გახდეს.

რეჟისორმა სპექტაკლს საბოლოო სახე მძლავრი ტონალობით და მკაფიოდ შერჩეული აქცენტებით მისცა, წარმოდგენა ერთდროულად ემოციურიცაა და იდეით დატვირთული.

ცხადია, რომ დადგმის მთავარი იდეა,  არა მხოლოდ ამბის თხრობა, არამედ პოზიცია იყო.  რეჟისორმა, გმირებად კი არა, თავმოყვარე და მტკიცე ადამიანებად დაგვანახა ისინი, ვინც ყოველდღიური ბრძოლით იცავს საკუთარ ღირსებას.

სპექტაკლი მიგვითითებს ერთ უბრალო და ბრალიან, მაგრამ არსებით ჭეშმარიტებაზე - თავისუფლებისთვის ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, და როცა ადამიანები ერთად, ერთი იდეისთვის დგანან, მათ ხმას ვერავინ და ვერაფერი ჩაახშობს.

ფოტო, რუსთავის თეატრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა