გოჩა მირცხულავა: რომელი მამაკაცი, ქმარი ჩართავს სახელმწიფო გადატრიალებაში საკუთარ მეუღლეს?!
ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი ძალაში შევიდა
IPN - ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს
ახალი წლის დღეებში საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
Russian army loses another 1,220 soldiers and one multiple launch rocket system in war against Ukraine
Military show destruction of Russian convoy in Donetsk region during formation
Georgia sends nine generators to Ukraine
Ukraine will continue clearing Kupiansk of enemy forces in 2026 – Syrskyi

გოჩა მირცხულავა: რომელი მამაკაცი, ქმარი ჩართავს სახელმწიფო გადატრიალებაში საკუთარ მეუღლეს?!

30.12.2025 ნახვები: 201

 "ახალაია-ზოდელავამ რევოლუცია ტელეფონით დაგეგმეს?! საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნონ... რომელი მამაკაცი, ქმარი ჩართავს სახელმწიფო გადატრიალებაში საკუთარ მეუღლეს?!"

"ლილუაშვილი ცუდად გააფუჭეს, თითქოს ბავშვების ფაფიდანაც ფული მიჰქონდა. არავინ არ დასვა კითხვა, რომ აუდიტის სამსახურს ბაღების სააგენტო შემოწმებული ეყოლება, თანაც არაერთხელ და ასევე მერიას. აუდიტის სამსახურის და მერიის პასუხისმგებლობა სად არის?"

ქართულოცნება“ გონს მოეგოს! ასე თუ გააგრძელებენ, ხვალ-ზეგ სახელმწიფო აღარ გვექნება!"

"ეკლესიაშიც ძალიან მნიშვნელოვან ძვრებს ველოდები,  მართლა ძალიან მნიშვნელოვანს"

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, შევაფასოთ განვლილი 2025 წელი. რა გამოიკვეთა, რა გვაჩვენა ამ წელმა? იყო ბევრი ხმაურიანი დაჭერა. სულ ბოლო ამბებით დავიწყოთ, ლილუაშვილის ხმაურიანი დაპატიმრების შემდეგ, ბაჩო ახალია შეაბრუნეს ციხეში. საით მიდის სიტუაცია?

- მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ცირკს "შაპიტო". მთელი საქართველო იყო მდარე ხარისხის ცირკი, რომლის მაყურებლებიც კიდევ უფრო მდარე ხარისხის იყვნენ და მოსწონდათ ეს ყველაფერი. ოვაციებს გამოხატავდნენ ამ მდარე ხარისხის სანახაობებზე. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა, გაემყარებინა საკუთარი ხელისუფლება, მოეხდინა ქუჩის პროტესტის დისკრედიტირება, ჩვენ წლის ბოლოსკენ ნათლად დავინახეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტური. ეს ნეოკომკავშირული ბირთვი, რაც იყო „ქართული ოცნების“, ჩანდა როგორ მიილტვოდა ხელისუფლებისკენ. მათ ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ სწორედ ეს არის ის ძალა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს.

- ლილუაშვილის დაპატიმრება, ვისი ინიციატივაა? ბიძინა ივანიშვილის თუ ამ ფრთის? თქვენ რომ ნეოკომკავშირლებს უწოდებთ?

- აქ უკვე სინთეზირებული მომენტია...

- ვისმენთ შეფასებებს, რომ თითქოს თამაშგარე დატოვა ამ ჯგუფმა ივანიშვილი. რამდენად იზიარებთ ამას?

- არა, არა, ამას არ ვიზიარებ. ლილუაშვილი თავის დროზე განიხილებოდა პრემიერობის ერთ-ერთ კანდიდატად. ლილუაშვილთან დაკავშირებული ეს კორუფციული საქმეები, რასაც ესენი ამბობენ, ეს იმდენად მიზერული თანხებია, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. მით უფრო, სუს-ის უფროსისთვის. 100 მილიონ ქრთამს ითხოვენ ხოლმე. საშუალო დონის „დელკებზე“ და თვითონ იციან, რასაც ვგულისხმობ. ეს არის სუფთა პოლიტიკური პროცესი! მე ადრეც მითქვამს, რომ მას არ აპატიეს მისი ბოლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გუნდმა ჩათვალა, რომ ეს იყო ძალიან წარუმატებელი. ლილუაშვილი არ მოხვდა მაგნიტსკის სიაში, ლილუაშვილი იყო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი და მათი გადმოსახედიდან, თურმე სახელმწიფოს წინაშე დიდი საფრთხე ყოფილა. რევოლუციებზე გველაპარაკებიან და ასე შემდეგ. ასევე მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ლილუაშვილი არის ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი და ალბათ უმჯობესია, ის იჯდეს ციხეში!

- სწორედ ეს არის გასაკვირი, როდესაც ამხელა ინფორმაციის მატარებელია, როგორ უბედავენ და იჭერენ? სადაა გარანტია, რომ არ "დაფქვავს" ყველაფერს?

-  ზუსტად ამიტომაც უბედავენ. ლილუაშვილი ცუდად გააფუჭეს, თითქოს ბავშვების ფაფიდანაც ფული მიჰქონდა. არავინ არ დასვა კითხვა, რომ აუდიტის სამსახურს ბაღების სააგენტო თავის დროზე შემოწმებული ეყოლება, თანაც არაერთხელ და ასევე მერიას. აუდიტის სამსახურის პასუხისმგებლობა სად არის? ვინც შეამოწმა და დასკვნები დადო?!  მთელი ეს წლები ხომ მოწმდებოდა და დასკვნები იდებოდა. ამოიღონ ეს დასკვნები და ნახონ, იქ თუ წერია რამე ასეთი სახის?! ზედაპირზე რაც დევს, ის არასდროს არ არის საინტერესო. ამის ქვეშ რა არის, ის არის საინტერესო. ქვეშ კი ის არის, რომ ლილუაშვილი ამ წუთას საკმაოდ ჭკვიანურად იქცევა. პირს თუ გააღებს და დაიწყებს რაღაცეებზე ლაპარაკს, მაშინ ფასი დაეკარგება იმ ინფორმაციას, რომლის მატარებელიც ის არის. თან მას არანაირი სასიცოცხლო გარანტიები არა აქვს და შესაძლოა, პირადი უსაფრთხოების საკითხი დაუდგეს. ამიტომ, უმჯობესია, რომ ლილუაშვილი იყოს ჩუმად მისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის, უმჯობესია, რომ იყოს ციხეში! ახლა უკვე, ლილუაშვილის სიცოცხლესთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ხარჯზე იქნება. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რისთვის დაიჭირეს და რა ჩამონათვალიც მოვუსმინეთ, მე ამას ვერც უარყოფ და ვერც დავადასტურებ. ერთ ჯიხურს ვერავინ დადგამს ქალაქში ისე, ბიძინა ივანიშვილმა რომ არ იცოდეს და ამხელა ფული  სად როგორ ნაწილდებოდა, წარმოუდგენელია მას არ სცოდნოდა.

- მის ოპოზიციასთან კავშირზე რას იტყვით?

- ეს უკვე გუნდისთვის და საკუთარი მომხრეების დასანახადაა გაკეთებული. თურმე ქოლ-ცენტრები, თურმე ტელევიზიები, თურმე ასე და თურმე ისე ფინანსდებოდა ეს ყველაფერი და ლილუაშვილი უწყობდა ხელსო. რა ამ ადამიანებს აქამდე ეძინათ?! მოდი ვაღიაროთ სიმართლე და ვთქვათ, რომ ყველა ურტყამდა ქოლ-ცენტრებს, საკუთარი მედია საშუალებების გამოყენებით. ქოლ-ცენტრი საქართველოში ხელისუფლების გარეშე რომ ვერ იმუშავებდა, ესეც ყველასთვის ცნობილია. რა ლილუაშვილი ქოლ-ცენტრს „კრიშავდა“ და ეს არ იცოდა გომელაურმა?! რომელიც მანამდე სუს-ის უფროსი იყო?! ეს არ იცოდა შენგელი ფიცხელაურმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრია და ის არის სუს-ის უფროსის მოადგილე?! ის აქცენტი,  რომ აი ოპოზიციასთან კავშირი და ასე შემდეგ, ეს არის „ოცნების“ მომხრეებისთვის დასანახად, რომ ჩვენ იმიტომ ვერ ვაკეთებთ რაღაცას, რომ გუნდში გვყავს პარაზიტები. საკუთარ მომხრეებს კი უთხრეს, რომ თქვენ გშიათო იმიტომ, რომ ფასებია მაღალი სუპერმარკეტებშიო. ამათაც, კი, გვშიაო. აი ასე ჯოგივით, ნახირივით მიერეკებიან საკუთარ მომხრეებს საითაც უნდათ. გშია, უსამართლობაა და ნახირის როლს ასრულებ ქვეყანაში? სწორედ ესენი იქნებიან ივანიშვილის და „ოცნების“ ყველაზე დიდი მტრები ცოტა ხანში. ეს ყველა ხელისუფლების დროს ასე იყო და ახლაც ასე იქნება.

- ბაჩო ახალიას დაკავებაზე რას იტყვი?

- თქვენც რეკავთ ხოლმე ჩემთან პერიოდულად ინტერვიუსთვის და ვლაპარაკობთ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე. კი, თქვენ ამ ყველაფერს საჯაროდ ბეჭდავთ, მაგრამ შესაძლოა, ერთ დღესაც მოვიდნენ და გითხრათ, მირცხულავამ ესეც გითხრათ, მაგრამ თქვენს ინტერვიუში არ მოხვდა და რატომ არ დაბეჭდეთ ესო და ამის გამო დაგვიჭირონ, აი ასეთი რაღაცაა. ტელეფონზე სასაუბრო და შესათანხმებელი რა ჰქონდა ერთ სართულზე, მოპირდაპირე კარებში მცხოვრებ ადამიანებს?! რევოლუცია ისე დაიგეგმა, რომ ტელეფონით იყო გადასაწყვეტი,  როდის რა უნდა ექნათ?! ხომ ყველამ იცის, რომ ამ დროს არანაირი საკომუნიკაციო არხები არ უნდა გქონდეს?! საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნონ, იქნებ ახალიამ უთხრა რა გადატრიალებას აწყობთ, ნუ გააკეთებთ ამას! იქნებ ეს უთხრა?! ვიღაცა თავი უნდა დაეჭირათ, აღმოჩნდა რომ ბურჭულაძე ვერ იქნება ამისი თავი. ვიღაც ისეთი იყო საჭირო, რომელიც ისევ ნაცმოძრაობას დაუკავშირდებოდა, რათა დაენახებინათ ყველასთვის, აი ნაციონალური მოძრაობის ნარჩენები რას აკეთებენ. აი ამისთვის გაკეთდა ეს და ბაჩო ახალაია, რომ არაფერ შუაშია, ეს ყველამ იცის. მე ვერ დავიჯერებ, რომ ახალაიას და ზოდელავას ერთმანეთისთვის მსგავსი საკითხები ასე სიღრმისეულად გაემხილათ. კარგად გამიგეთ ახლა რასაც ვიტყვი, რომელი მამაკაცი, ქმარი ჩართავს სახელმწიფო გადატრიალებაში საკუთარ მეუღლეს?! რომელი ადამიანი გააკეთებს ამას? არც ერთი ჭკუათმყოფელი! ახლა თუ იმას გვეუბნებიან, რომ ბაჩო ახალიას არ აქვს ჭკუა და მეორეს მხრივ რევოლუციის დამგეგმავია, ძალიან ურთიერთგამომრიცხავი მომენტებია. მე არ მიმაჩნია, რომ ბაჩო ახალია ამ პროცესში რაიმე სახით აქტიურად ყოფილიყო ჩართული.

- საუბრისას ბრძანეთ,რომ გასული წელი იყო ცირკი "შაპიტო". რა იქნება დამდეგი? რა მოლოდინი გაქვთ?

- ასეთი ცირკების ბოლო ხომ იცით როგორიცაა? აიყრებიან და წავლენ სხვაგან. ხოლო სადაც წავლენ, ამას ვნახავთ. სამყაროს კანონზომიერება არის ასეთი, რაღაცა იწყება და რაღაცა მთავრდება. მე მინდა, რომ ეს იცოდეს „ქართულმა ოცნებამ“!  მათი გემი იძირება!  რა ცირკიც არ უნდა მოაწყონ, თუ გინდ ყველა დაიჭირონ ბი ბი სი-ს სკანდალურ მასალას მაინც ვერ გადაფარავენ! გონს მოეგონ! თუ ასე გააგრძელეს ხვალ-ზეგ სახელმწიფო აღარ გვექნება! ვიტყვი კიდევ ერთს, ეკლესიაშიც ძალიან მნიშვნელოვან ძვრებს ველოდები. მართლა ძალიან მნიშვნელოვანს.

- კერძოდ, რას გულისხმობთ?

- არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ეს უკვე თვალნათლივ ჩანს. ამ ეტაპზე ასე დავტოვოთ, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ.

 

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა