მოლდოვაში ვულკანეშტი–კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი გაიხსნა, რომელიც ქვეყანას რუმინეთთან და ევროპის ელექტროენერგეტიკულ ქსელთან აკავშირებს. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
სანდუს განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება.
„ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგორესურსებს ჩვენს შანტაჟისთვის იყენებდა. ეს დასრულდა: მოლდოვა რუსულ გაზს ნულოვანი რაოდენობით ყიდულობს, რუმინეთთან კი კიდევ ორი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა იგეგმება. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა“, – განაცხადა სანდუმ.
მოლდოვა წლების განმავლობაში ბუნებრივი აირის იმპორტის თვალსაზრისით თითქმის სრულად იყო დამოკიდებული რუსულ „გაზპრომზე“. 2022 წლის დეკემბერში ქვეყანამ რუსული გაზის პირდაპირი შესყიდვა შეწყვიტა, თუმცა დნესტრისპირეთში მდებარე კუჩურგანის ელექტროსადგური კვლავ იღებდა რუსულ გაზს, ხოლო მოლდოვა მისგან გამომუშავებულ ელექტროენერგიას ყიდულობდა.
2023 წელს კიშინიოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიისთვის რუსული გაზის შესყიდვაზე დამოკიდებულება დასრულდა.
მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩანის განმარტებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოლდოვამ ენერგომოხმარების შემცირებითა და ალტერნატიული მომწოდებლების მოძიებით რუსულ გაზზე დამოკიდებულების დაძლევა შეძლო.
რუმინეთთან ახალი ელექტროგადამცემი კავშირების განვითარება მოლდოვას ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციის გაღრმავებისა და ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის დამატებით შესაძლებლობას აძლევს.