ავტორი:ზუკა ნემსაძე
ამბავი, „განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე“, ოცნებებითა და მიზნებით სავსე, ხეიბარ ბიჭზე. ამბავი ჩვენს ყოველდღიურობასა და იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ. ამბავი თქვენზე, დიახ, თქვენზე მკითხველებო! ადამიანობაზე, სასოწარკვეთაზე, სიყვარულზე, ფიქრზე, ემოციაზე - ყველაფერზე, რომლის გადმოცემაც ალბათ ერთ სტატიაში ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ვცდი: გიყვებით სპექტაკლზე „კუნძულის ხეიბარი“ რომელიც რუსთავის თეატრში, რეჟისორმა გიორგი ქანთარიამ დადგა.
რეჟისორი, გიორგი ქანთარია ქმნის ინტენსიურად ემოციურ და შინაარსობრივად დატვირთულ სპექტაკლს, რომელშიც მოქმედება მკვეთრი, შიგადაშიგ საინტერესო რეჟისორული მიგნებებით მიმდინარეობს. ორ მოქმედებად გათამაშებულ „კუნძულის ხეიბარში“, რეჟისორი ამბის ტრაგიკული განზომილების გადმოცემას ისე ახერხებს, რომ მაყურებელი სრულად ჩაერთოს პერსონაჟთა შინაგან ბრძოლაში.
რეჟისორი ქმნის არსობრივად დამუხტულ, მძიმე ატმოსფეროს, სადაც მოქმედება თანმიმდევრულად ვითარდება ემოციურად დატვირთული სცენების მონაცვლეობით. რეჟისორული გადაწყვეტები კონკრეტულ მომენტებში განსაკუთრებით მწვავდება, თუმცა არ კარგავს მთლიანობის განცდას.
ნავი, რომელიც მაყურებელს დარბაზში შესვლისთანავე ხვდება, სცენაზე მიყუდებული, რეჟისორი პირველ მინიშნებას აქ იძლევა, თუ ნავში ჩასაჯდომად და ხეიბარ ბიბისთან ერთად ზღვაში შესვლისთვის მზად არ ხარ, გარეთ უნდა გაბრუნდე, რადგან აქ ისეთი ადამიანები უნდა შეიკრიბონ, რომელსაც ცურვის, პირდაპირი და ირიბი გაგებით არ ეშინიათ.
ორ მოქმედებად გათამაშებულ, სპექტაკლში, თეა შარვაძე, ვერიკო მაჭარაშვილი, კახი გაზდელიანი,ირაკლი ჯიშკარიანი,ანა დიდმანიძე, ნიკა ჩხაიძე, ვაკო კობერიძე, ლარისა ხაჭაპურიძე და რეზო კოღოშვილი მონაწილეობენ.
მსახიობები, გვიყვებიან ამბავს, კუნძულზე, სადაც სასოწარკვეთილი, სტერეოტიპებით შეპყრობილი, ბოროტი, კეთილი, ემოციური, უემოციო, გარყვნილი ადამიანები ცხოვრობენ. რუსთავის თეატრის, მცირე სცენაზე არსებული კუნძული, რეალურად დედამიწის პატარა ნაწილია, რომელშიც სწორედ ისეთი ამბები ხდება, როგორიც ჩვენს ყოველდღიურობაში.
ამაში, მსახიობების მიერ განსახიერებული პერსონაჟები გვარწმუნებენ, რომ ეს დედამიწაა, ეს ჩვენ ვართ, პატარა კუნძულის მოსახლეობა და მხოლოდ თეა შარვაძის ლენა, ვერიკო მაჭარაშვილის დეიდა დადა, კახი გაზდელიანის ხეიბარი ბიბი, ირაკლი ჯიშკარიანის ბენტერა ბუბა, ანა დიდმანიძის უზრდელი მეგი, ნიკა ჩხაიძის თარსი ჯუნა, ვაკო კობერიძის პატარა ნოე, ლარისა ხაჭაპურიძის დედილო, რეზო კოღოშვილის ექიმი არ ცხოვრობენ, ამ კუნძულზე ჩვენ, მაყურებელიც ვცხოვრობთ, მათთან ერთად, რომელიც ეგუება, რომელიც სასოწარკვეთილია, რომელსაც სტკივა, რომელიც ოცნებობს და ცურვა უნდა.
აქ ამბავი, კახი გაზდელიანი ხეიბარ ბიბიზეა, რომელსაც დები თეა შარვაძის ლენა და ვერიკო მაჭარაშვილის დეიდა დადა, შეიფარებენ და ზრდიან, ყველას აინტერესებს (მაყურებელს ვგულისხმობ) რატომ მიატოვეს ხეიბარი ბიბი, რატომ ზრდიან მას უცხო ქალები. აქ ყველა მსახიობი, რეჟისორის მიერ დაკისრებულ ამოცანებს დიდი ყურადღებითა და სიზუსტით ართმევს თავს. ისინი ქმნიან მრავალფეროვან, ემოციურად მრავალწახნაგოვან პანორამას, სადაც ზოგიერთი გმირი მკვეთრად ბოროტია, ზოგი თბილი და კეთილი, ზოგი სევდიანი და მარტოსული, ზოგი უზრდელი - ეს ემოციები და განცდები სპექტაკლს ემოციურ სიმძაფრეს და თხრობის შინაგან დინამიკას ანიჭებს. ვინაიდან მაყურებელი თავად ამოიცნობს რომელი პერსონაჟია. თუმცა სპექტაკლის ბოლოს მაინც უნდა დაუსვას თავს კითხვა - ვინ მინდა ვიყო?
ნიკა ჩხაიძის თარსი ჯუნა, ამბის გამავრცელებელია, იგი უგულო, ზედმეტად დამპალი პერსონაჟის მხატვრულ სახეს ქმნის, თუმცა მაყურებელი რეალურად ბოლოს გაიგებს, რომ ის ყველაზე, ყველაზე კეთილია. ყველაზე მაგარი კაცია დედამიწის ზურგზე, რომელსაც ბოლო თეთრის გაღებაც შეუძლია რომ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.
კახი გაზდელიანი, ამ სპექტაკლის ვულკანია, ახალგაზრდა მსახიობი გამორჩეულია სცენური ბუნებრიობითა და ემოციური რეალობის გადმოცემის ძალით. მისი თამაში ორგანულია, ყოველ მოძრაობაში იგრძნობა პერსონაჟის სხეულში ჩაბუდებული ტკივილი და შინაგანი დრამა. მსახიობი არ განასახიერებს როლს, ის ფაქტობრივად ხეიბარი ბიბიდ იქცა. იგი სუფთად, რეალიზმით აღწერს ტრავმირებულ სულიერებას, რის გამოც მისი გამოჩენა სცენაზე, მაყურებლისთვის ყოველთვის ემოციურია. მის შესრულებაში, ფიზიკურობა, ემოციური სიმძაფრე და აუდიტორიასთან უხილავი კავშირი საოცარი თანხვედრით ერწყმება ერთმანეთს. ფიზიკური და ემოციური ტონალობის ასეთი შერწყმა იშვიათია.
მაყურებლის ყურადღება მუდმივად მიპყრობილია მისკენ, რადგან ის არ მოქმედებს, ის უბრალოდ „არსებობს“. სწორედ ეს „არსებობა“ აძლევს პერსონაჟს დაუვიწყარ სიმძაფრეს. გაზდელიანის, შესრულება ქმნის განცდას, თითქოს პერსონაჟი მართლაც იქვე, ჩვენს გვერდით ცხოვრობს: თავისი მარტოობით, უმწეობით, პროტესტითა და სიფიცხით.
გაზდელიანის ხეიბარმა ბიბიმ, ჩემს ძველ მოგონებებისა და ტკივილების სკივრი გახსნა, ამის გამო კი მის ყოველ გამოჩენაზე, უაზროდ ბევრი ცრემლი ვღვარე, რადგან ჩემს წინ ჩემი ბავშვობა გადაიშალა, ჩემი „განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე“ მეგობარი (ძმა) დამიდგა თვალწინ, რომლის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა, მახსოვს როგორ ვიგერიებდი მისკენ წამოსულ ყველა სიტყვას, ყველა დაცინვას, ფარად ვიდექი, რომ სადმე მის გული კუნჭულში სევდა, ღვარძლი და ბოღმა არ დარჩენილიყო, რომ მასაც ეოცნება და ცურვისთვის მომზადებულიყო, რომ მასაც თავისი სიტყვა ეთქვა, სიტყვა განსაკუთრებული შესაძლებლობებით. ბევრს კითხულობდა, როგორც გაზდელიანის ხეიბარი ბიბი აკეთებდა ამას. და მე ვტიროდი გაზდელიანის ბიბის, ყველა გადადგმულ ნაბიჯზე. ჩემს წინ იდგა, ჩემი ხეიბარი მეგობარი, უბრალოდ ხეიბარი, სულიერად ჯანსაღ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს ოცნებები და მიზნები, მაგრამ მას არ უმართლებს და უნდა ვიბრძოლოთ რომ აუცილებლად გაუმართლოს. ჩემს წინ იდგა, ჩემი ახალი მეგობარი, გაზდელიანის ბიბი, რომელიც შემიყვარდა.
და, ბოლოს რეჟისორის ჩანაფიქრით გაზდელიანის ბიბი თვითმკვლელობისთვის ემზადება, ვინაიდან გაიგებს სიმართლეს, რომელსაც წლებია უმალავენ, უმალავს ყველა... მაგრამ ისე, თვითმკვლელობის წამზე მისულს, ანკა დიდმანიძის უზრდელი მეგი ეძახის, რომელიც გაზდელიანის ბიბის უყვარს, ნავში გვერდით მიუჯდება, სინათლე ქრება... რეჟისორმა გვითხრა თავად გადაწყვიტეთ ბიბი მოკვდეს თუ არა... გადაწყვეტილების უფლება, ჩვენ მაყურებელს მოგვცა. მჯერა, რომ ბიბის თავი არ მოუკლავს, იგი თავის ოცნებებთან ერთად კიდევ დიდხანს გააგრძელებს ცურვას..
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის თეატრის წინ ვიდექი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი ძალიან ბევრს, ხეიბარ ბიბიზე, ყველა პერსონაჟზე „რამეთუ მათ არ იციან“ ასეთ დროს რას ჩადიან და რა დღეში აგდებენ ხეიბარი ბიბის მსგავს ადამიანებს, ადამიანებს, ღვთის ხატად და მსგავად მოვლენილებს - ისევ ვიცრემლებოდი და მაინც შენი გამოწვეული ცრემლი არ გაშრა ჩემში ხეიბარო ბიბი...
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის თეატრის რეპერტუარში, გარდა სამხატვრო ხელმძღვანელის სოსო ნემსაძისა, არა ერთი რეჟისორის სპექტაკლია. აშკარაა, რომ ნემსაძის თეატრის კარი ღიაა რეჟისორებისთვის - ეს როგორც მაყურებლისთვის, მსახიობებისთვის და თეატრში მომუშავე ყველა პერსონალისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო უნდა იყოს.