ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც, პარიზული კლუბის ინფორმაციით, ჯვარედინი მყესები გაუწყდა და ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და მოედანზე უფრო ძლიერი დაბრუნების პირობას დებს.
„ამ დრომდე ბევრი მეკითხებოდა, ბევრს უთქვამს კიდეც, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი, მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ.
დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს – რატომ მაინცდამაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია, ალბათ, ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა.
და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა, მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.
ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა. არ გიღალატებთ, პირობას ვდებ, წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით“, – წერს კვარაცხელია.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ შეხვედრისას ჯვარედინი მყესების მძიმე დაზიანება მიიღო.
კლუბის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება. კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების კონკრეტული ვადა ჯერჯერობით არ დასახელებულა.