მაკრონის თქმით, საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში პირდაპირი უცხოური ჩარევის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა აშკარაა ინფორმაციული მანიპულირების მცდელობები.
„ჩემი აზრით, მომხდარ მოვლენებში პირდაპირი უცხოური ჩარევა აშკარა არ არის, თუმცა ადგილი აქვს ინფორმაციით მანიპულირებას, რამაც ბევრი ადამიანის მხრიდან, მათ შორის უცხოელი ლიდერების მხრიდან მიუღებელი და სულელური კომენტარები გამოიწვია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, ზოგიერთი უცხოელი ლიდერი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს.
„ლიდერები როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ატლანტის ოკეანის გაღმა, მიამიტურად იმეორებენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ნარატივებს ან იმ იდეებს, რომელთა გავრცელებაც გარკვეულ წრეებს სურთ. ნათელია, რომ ისინი ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეომასალებზეც, რომლებშიც, მისი თქმით, ასახულია მოვლენები, რომლებიც რეალურად არ მომხდარა.
„ჩვენ ვნახეთ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კადრები, სადაც ისეთი სცენები ჩანს, რაც საფრანგეთში რეალურად არ მომხდარა. ნაწილი იმასაც კი აცხადებდა, რომ მიგრანტებისა და ისლამისტების ურდომ გადაგვიარა, რაც სრული სიცრუეა“, – განაცხადა მან.
მაკრონს კონკრეტული უცხოელი ლიდერები არ დაუსახელებია, თუმცა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობის შესახებ ბოლო დღეებში არაერთი განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში მიგრანტები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარიზი მალე „მუსლიმური ქალაქი“ გახდება.
წყარო: The Guardian.