„ოცნება“ თვითონ ამზადებს პროვოკაციებს და ცდილობს, ისე შეფუთოს, ვითომ მეორე მხარეს არიან მოძალადეები და ტერორისტები. არ გამოუვა!"
"კობახიძე ვის დაიჭერს და გაუყენებს ციხეს, ბიძინასთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს"
„კახეთის რეგიონში, სადაც ღარიბაშვილს პატივს სცემენ, „ქართული ოცნების“ გაგონება არ უნდათ!“
"პოლიტიკური განცხადებებისა და პოლიტიკური ქმედებების გამო დაიწყეს ადამიანების დაჭერა. თურმე ზიანი მიადგა 350 ლარის ღირებულების ქონებას, ამის გამო 23 წლის სტუდენტი გოგონა 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. ელენეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებაო. რაც ელენემ გააკეთა, ეს აბსოლუტურად ზის გამოხატვის თავისუფლების ფორმატში"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს? სიტუაცია საკმაოდ დაძაბული და ფეთქებადსაშიშია. ხელისუფლება ძალადობრივს უწოდებს აქციას, რომელიც ამდენი თვეა იმართება, არადა, ვხედავთ მათი ე.წ. ტიტუშკები რას ჩადიან. გუშინ უკვე იარაღიანი არასრულწლოვანი დაესხა თავს აქციის მონაწილეებს. რამდენად სახიფათოა სიტუაცია?
- მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერშიპმა აქციის მონაწილეებისა და ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პერსონების ტერორისტებად მოხსენიება დაიწყო, აი ამის საფრთხე ნამდვილად იგრძნობოდა, რომ ისინი უფრო გაააქტიურებდნენ ამ მიმართულებით პროვოკაციებს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო ლუკა ძაძამიას მაგალითი. მე არ მიყვარს ასე პერსონიფიცირება, მით უმეტეს, ასე ახალგაზრდა კაცის, მაგრამ ეს ახალგაზრდა ძალიან ცუდად გამოიყენეს. თვითონვე დააპროვოცირეს მისი მონაწილეობა არჩევნებში, რომ მერე საჯარო გამხდარიყო. ეს ყველაფერი ემსახურებოდა პროპაგანდას „ქართული ოცნების“ ბაბლისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ამჯერად უნდა გამოიყენონ. ანუ თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, წადით ყველაფერზე და გეპატიებათ. ეს იარაღიანი ახალგაზრდა არის არასრულწლოვანი.
- 16 წლის არის, როგორც გაირკვა და საქმეც აღძრულიაო.…
- რას გადაწყვეტს შსს, ეს კიდევ არ ვიცით. ამ არასრულწლოვანის მიმართ გუშინ აქციის მონაწილეებმა შემწყნარებლობა გამოიჩინეს, თორემ ახლა შეიძლება სხვა ვითარება გვქონოდა. უფრო მწვავე ვითარება რომ ყოფილიყო შექმნილი, მანდ მოქნეულს ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ.
- ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა და დანაშაულია არასრულწლოვანის ხელში იარაღი. საერთოდ რაზე მიდიან, რა ხდება?
- მაქსიმალურად გამწვავებაზე. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, ეს არ იყო ცეცხლსასროლი იარაღიო. კარგად ვიცით, შსს მათ მომხრეებს როგორც „სჯის“. ეს უკვე ვნახეთ, თუნდაც რამდენიმე დღის წინ მელიქიშვილზე დაკავებული მოძალადეების მიმართ, როდესაც ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლეს ეს უსინდისო ადამიანები, რომლებიც ქალებს ურტყამდნენ! ეს ერთი და ასევე პოლიციელებს დედებს აგინებდნენ და პოლიციამ ესეც „შეიწერა“. აქ მთავარი ხომ ის არის - რასაც გვიბრძანებს პარტია! ეს პოლიციად წოდებულნი ყველაფერს აკეთებენ იმ დირექტივებით, რა დირექტივებსაც აძლევენ. ამიტომ, მე ვფიქრობ, თუ ვინმე ძაბავს ახლა სიტუაციას, პროვოკაციების მიმართულებით, ამას აკეთებს "ქართული ოცნება“! მათ არ იციან რეალურად 4 ოქტომბრის დრამატურგია რა იქნება.
გარდა ამისა, რომ აქეთ მხარეს არის განწყობა, უნდა დასრულდეს "ქართული ოცნების“ პარპაში სახელმწიფოში და მათ მოუწევთ ხელისუფლების გადაბარება. რა მექანიზმით ხორციელდება, როგორ ხორციელდება, ეს მათთვის უცნობია.
- ამის გამო ხედავთ შიშს „ქართულ ოცნებაში“?
- რა თქმა უნდა! დააკვირდით, როდესაც ასაფეთქებლებზე დაიწყეს საუბარი და ძალადობრივ ქმედებებზე, აქ სად არის ახლა ლოგიკა?! დავუშვათ მე ვკრებ აქციაზე ათასობით ადამიანს და უცებ იქ რაღაცა ავაფეთქო, ეს ადამიანები ხომ გაიქცევიან?! რომ ავაფეთქოთ, ანუ ტერორისტები ვხდებით?! ეს ტერორისტების იარლიყი რომ უნდათ მოგვაკერონ, იმიტომ იყო, წინასწარ რომ თქვეს, ტერორისტებიო. ანუ თვითონ ამზადებენ რაღაცას, გეგმავენ პროვოკაციებს.
- რამდენად გამოუვა „ოცნებას“ პროვოკაციები?
- მე დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე არ მივა პროცესი. ისინი ვერ შეძლებენ ამ პროვოკაციების რეალიზაციას და თუ შეძლებენ და რაიმე ამდაგვარს გააკეთებენ, გარწმუნებთ, რომ ამას გადაყვებიან, თანაც უსასტიკესად! ასე კი აღარ ჩააბარებენ იარაღიან ტიტუშკას პოლიციას, იქ უკვე შეიძლება მოვლენები კონტროლიდან გავიდეს. მაშინ მართლა რთულად ექნებათ საქმე. პროვოკაციების მოწყობას თავად ამზადებენ. ამას ყველა ძალიან კარგად ხედავს.
- დღეს პროვოკაციები მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია?
- რა თქმა უნდა! არანაირი ლოგიკა არ არის იმაში, რომ ვინც გამარჯვებისთვის იბრძვის, დანაშაულებებითა და სისხლისღვრით მიაღწიოს შედეგს. „ოცნება“ თვითონ ამზადებს მსგავს სიტუაციას და ცდილობს, ისე შეფუთოს, ვითომ მეორე მხარეს არიან მოძალადეები და ტერორისტები. არ გამოუვა! კოვზი ნაცარში ჩაუვარდება. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ შემოაგზავნიან ვიღაცეებს, თუმცა შედეგი ის იქნება, რომ ისინი ამ საკუთარი პროვოკაციებით თვითონ გამოიწვევენ საკუთარი თავის დაზიანებას.
- გოჩა, აქტიურად მიდის დაკავებები. გასული კვირის ბოლოს იყო ხმაურიანი დაჭერები. დაიჭირეს ლევან ხაბეიშვილი, „ოცნების“ თავდაცვის მინისტრი, დაიჭირეს ელენე ხოშტარია. რაც შეეხება ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაპატიმრებას, საუბარია, რომ სულ უფრო უახლოვდებიან ღარიბაშვილს და ამას ვეღარც მალავენ. არჩევნებამდე დაიჭერენ ღარიბაშვილს თუ არჩევნების შემდეგ?
- ათასჯერ მითქვამს, ჩვენ ვართ იმდენად პატიოსანი ადამიანები, რომ „ქართული ოცნების“ ბინძურ ლოგიკაში ჩაწვდომა ჩვენთვის შეუძლებელია. შესაბამისად, თუ დაჭერა სურთ, არჩევნებამდე დაიჭერენ, არჩევნების მერე საერთოდ იქნებიან?! აქ კიდევ სხვა პოლიტიკური მდგენელია, ღარიბაშვილი იტყვის რამეს, თუ არ იტყვის, ოთახიდან გამოვა, თუ არ გამოვა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. კახეთის რეგიონში, სადაც ღარიბაშვილს პატივს სცემენ, „ქართული ოცნების“ გაგონება არ უნდათ! იმ პერიოდშიც კი, როდესაც მარტონი არიან დარჩენილები და მეტოქე არ ჰყავთ უამრავ ოლქში, კახეთში მათ მოუწევთ დაწერონ შედეგი. კახეთში, ათი ადამიანიდან სამი არ აძლევს ამათ ხმას და ესენი რას ფიქრობენ? დავიჭერთ ღარიბაშვილს, კახეთში ხალხი შეშინდება და ეს ათიდან სამი, ათიდან შვიდი გახდება. მე ასე არ ვფიქრობ. ამ შედეგებს „ოცნება“ მუხლებზე დაწერს. საკუთარ თანაგუნდელებზე ეს გაბოროტება სხვა რამეს ემსახურება.…
- რას?
- ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარია, რომ თვითონ გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ. კობახიძე ვის დაიჭერს, ვის გაუყენებს ციხეს, ბიძინასთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. კობახიძეს ცალკე თავისი სურვილები აქვს. კობახიძეს უნდა, რომ რის მმართველადაც არის დანიშნული, იქ იყოს უპირობო მბრძანებელი. იმიტომ, რომ უფრო დიდი მბრძანებელი მას ჰყავს. შესაბამისად, მისმა სტატუსმა უნდა განსაზღვროს ბიძინა ივანიშვილის მშვიდად ყოფნა.
- ბოლო პერიოდია ვრცელდება ინფორმაციები, რომ კობახიძესაც მალე მოიშორებსო.
- ბიძინა ივანიშვილისგან ხომ არაფერია გამორიცხული. რატომ გამორიცხავთ, რომ ივანიშვილმა კობახიძეც მოიშოროს?! ბიძინასთვის ეს ყველაფერი არის სამეფო კარის თამაშები. ზის, კაიფობს ამითი და შორიდან უყურებს ამას.
მე სულ სხვა რამ მაწუხებს, პოლიტიკური განცხადებებისა და პოლიტიკური ქმედებების გამო დაიწყეს ადამიანების დაჭერა. თურმე ზიანი მიადგა 350 ლარის ღირებულების ქონებას. ამის გამო 23 წლის სტუდენტი გოგონა 2 ათასი ლარით დააჯარიმეს და ელენეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებაო. რაც ელენემ გააკეთა, ეს აბსოლუტურად ზის გამოხატვის თავისუფლების ფორმატში.
- როდესაც თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს, ეს შიშს ხომ არ გამოიწვევს საზოგადოებაში?
- ვის ეშინია, მითხარით? ეტყობა ამ ხალხს, რომ ეშინია?! წაგვართვეს ყველაფრის უფლება, საქმიანობის უფლება, გამოხატვის უფლება, ცხოვრების უფლება წაგვართვეს.
- როგორ ფიქრობთ, 5 ოქტომბერს სხვა რეალობა გვექნება?
- ხუთში ყველა სიტუაციაში სხვა რეალობა იქნება. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა დრამატურგიით ვითარდება ეს მომენტი? იქნებ სამში ღამე გარბიან?! თუმცა ის, რომ ხუთში საქართველო სხვა რეალობაში გაიღვიძებს, ამას ჩვენ აუცილებლად ვნახავთ! ეს იქნება სახეწაშლილი „ქართული ოცნება“! ზუსტად ვნახავთ ამას ოთხშიც და ხუთშიც!
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია