"4 ოქტომბერი დიდი ცვლილებების დასაწყისია. ეს პროცესი ერთ დღეში დასრულდება, ერთ საათში თუ 3 ოქტომბრის ღამეს გაიქცევიან ესენი, მე ეს არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამათ რა დღეც ელოდებათ"
"ისეთი ადამიანები ემზადებიან 4-ში გარეთ გამოსასვლელად, რომ ადრე ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ვერც კი დავუშვებდი"
ეს გარყვნილი და მოძალადე სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, დგას ბიძინა ივანიშვილზე
ჩვენ უნდა დავასანქციროთ, პირველ რიგში, ივანიშვილი და საკუთარ ქონებად აღიარებული საქართველო გამოვგლიჯოთ ხელიდან.
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, რაც უფრო ახლოვდება არჩევნების თარიღი, სიტუაცია მით უფრო იძაბება. ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებზე რას ფიქრობთ? ვნახეთ რაც მოხდა კალაძის საარჩევნო შტაბთან. ჯგუფურ ძალადობაზე მათ წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო საქმე და ისევ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აღძრა შსს-მ, ბანერები დააზიანესო.
- ყველაზე მთავარი რაც შეიძლება ვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, ის არის, რომ ბოლო დღეების მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა ქვეყანაში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ატროფია და მოშლა.
- შსს ამის ნათელი მაგალითია.
- დიახ, ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენ გვინახავს შსს-ს ზღვარგადასული ქმედებები, უამრავი მონური დავალებების შესრულება, მორჩილებით და ასე შემდეგ. ის უზნეობა, რომელიც მათ უამრავჯერ ჩაუდენიათ, მაგრამ ამ ფონზე, რაღაცნაირად მაინც ცდილობდნენ, რომ მუნდირის ღირსება შეენარჩუნებინათ. როდესაც შსს ან სხვა ძალოვანი სტრუქტურები ვერ ახერხებენ საკუთარი მუნდირის ღირსების შენარჩუნებას, ეს უკვე მიუთითებს იმას, რომ ეს ინსტიტუტები აბსოლუტურად ჩამოშლილია. ჩვენ თვალნათლივ ვნახეთ კალაძის შტაბთან, თუ როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ამ ადამიანებს. ალბათ მზია ამაღლობელს იმ „მტკივნეულ“ სილასთან ერთად, დედის გინებაც უნდა მიეყოლებინა, რომ არ დაეჭირათ?!
- ასევე თავში მოხვედრილი ბოთლები, რომელიც კალაძის შტაბიდან…ისროლეს.
- დიახ. რა აღარ გააკეთეს, ბოთლები ესროლეს, სილა გააწნეს, დედა აგინეს…- ყოჩაღ შსს-სა და ქართველ პოლიციელებს, რომ მათ ამდენის მოთმენა შეუძლიათ. მათ თავისუფლად შეუძლიათ შეიწერონ ეს ყველაფერი. პოლიტიკურ კონტექსტში ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში ძალიან დიდი რყევაა. აბსოლუტურად მონური მორჩილების ფაზაში არიან გადასულები. როდესაც ამ მდგომარეობამდე მიდიან, კარგად ვიცით, მერე როგორ ამთავრებენ და რამდენად სწრაფად ამთავრებენ. როდესაც რეჟიმი ამას უკეთებს იმ ინსტიტუციას, რომელიც საზოგადოებას და წესრიგს უნდა იცავდეს და აი ამ ზომამდე მიიყვანს, მერე იქ ყველაფერი ზედმეტია! ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა შავ დღეშია „ქართული ოცნება“!
- რა ხდება? სერიოზული რყევებია შიგნით? ვისზე დგანან? ქუჩის ბიჭები, ტიტუშკები, ნარკომანები, ესაა დღეს მათი სახე?
- ეს სახე მათ დიდი ხანია აქვთ. რაც უფრო მეტ ძალას აძლევენ ამ ადამიანებს, მით უფრო მეტად ირყვნებიან. თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ. ჰელსინკის კომისიის სხდომა იმართება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჰელსინკის კომისია რაღაც განყენებული რგოლი კი არ არის. აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე მთავარი პოლიტიკური ძალაა აქ წარმოდგენილი. ნახეთ, რა ჰქვია ამ მოსმენას? პარტნიორობიდან პრობლემამდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრობლემა გახდა „ქართული ოცნება“. ხომ ვისმენთ „ოცნების“ გამონათქვამებს, პირდაპირ ამერიკის პრეზიდენტს უწოდეს დიფ სტეიტი, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლანძღვა, ეს არის ამერიკის პრეზიდენტის ლანძღვა და სხვა არაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომელიც კომისიამ გამოაქვეყნა, სადაც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ საქართველო ერთ დროს იყო აშშ-ის პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურაო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. „ოცნებაში“ არიან ისეთებიც, რომლებიც აცნობიერებენ რა შეიძლება ამას მოყვეს. ან თუნდაც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილს მთელი ქონება გაუწითლა. ასევე ქონება გაუწითლა ქალაქის მერსაც და ისინი საკუთარ ქონებას ხელს ვერ ახლებენ და ვერც გაყიდიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი კეთროვნად იქცა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა! ეს ინფორმაციები როდესაც გონიერ ადამიანებთან იყრის თავს, ცხადია, მათ აქვთ შიშის განცდა.
- გოჩა, შიდა ამბებს რაც შეეხება, ბოლო პერიოდია „ოცნების“ წევრებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ მათი გუნდის ყოფილი წევრები ოპოზიციასთან თანამშრომლობენ და რომ ისინი ამის გამო პასუხს აგებენ. ამას მოყვა პაატა ბურჭულაძის განცხადებაც, რომ მათ აქვთ კავშირი ყოფილ ძალოვნებთან. რას ნიშნავს ეს განცხადებები ან ერთი ან მეორე მხრიდან? დაჭერას ხომ არ უპირებენ გომელაურს ან ლილუაშვილს? თუნდაც ღარიბაშვილს? რას უნდა ველოდოთ?
- ჩემი ინფორმაციით, რაც მე მაქვს, ეჭვია გომელაურზე, რომელიც ამ პროცესებში ყველაზე მეტად დაზიანდა. ის მაგნიტსკის სიაშია შეყვანილი და ვერცერთ ქვეყანაში ვერ გაიქცევა. საშინელ დღეშია. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი სწორედ მან მოიმკა. დღეს რომ გაჰყვირიან, სუსტია ოპოზიციაო, თუ ასეთი სუსტია, რატომ არიან ასეთ შავ დღეში?!
- გაქვთ მოლოდინი, რომ ყოფილმა ძალოვნებმა ოპოზიციასთან ითანამშრომლონ?
- ოპოზიცია რა შუაშია, ისინი სწორ მხარეს უნდა დადგნენ. ვისთან ითანამშრომლებენ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ისტორიის სწორ მხარეს უნდა დადგნენ, სხვანაირად არ გამოვა! იმიტომ, რომ ცალ-ცალკე მათ გადაყლაპავს ეს რეჟიმი, რომლის მონაწილეებიც თვითონ იყვნენ. დროა გავასწოროთ ფოკუსი და სწორად შევხედოთ პროცესებს! ისტორიულ ცვლილებებს არ სჭირდება ფრაგმენტაცია. ისტორიულ ცვლილებებს და სისტემურ ცვლილებებს სჭირდება პერსონიფიცირება იმ უბედურებისა, რომელიც განკარგავს და ამუშავებს ამ სისტემას. ეს გარყვნილი და მოძალადე სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, დგას ბიძინა ივანიშვილზე და აქ კობახიძის, მდინარაძისა და ნებისმიერი სხვა ჭანჭიკის ხსენება არის აბსოლუტურად აბსურდული! ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლება და ივანიშვილის ძალადობა უნდა დასრულდეს! საქართველო უნდა დაუბრუნდეს საქართველოს! დღეს ეს არის ივანიშვილის შპს და დღეს ეს შპს უნდა დაინგრეს.
- სულ უფრო მწვავდება სიტუაცია, წინ არის სამი მნიშვნელოვანი თარიღი. რა მოლოდინი გაქვთ?
- ყველანაირად პოზიტიური მოლოდინი მაქვს. მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ამ თარიღთან დაკავშირებით იქნება პროვოკაციები, მეტი მათ არაფერი შეუძლიათ. თუმცა ქართველი ხალხი ამას გაივლის ძალიან კარგად და სწორად. შესაბამისად, მე ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რა მოხდება 4-ში, არის ძალიან ნათელი! თუ 13-ში, 27-ში და 4-ში ადამიანები ქუჩაში გამოვლენ ერთი მიზნით - გასამარჯვებლად, საქართველო გაიმარჯვებს! ხოლო თუ მინიმალური ორჭოფობა იქნება, მაშინ შედეგები იქნება ივანიშვილის სასარგებლო. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მთელი სულითა და გულით აპირებს გამოსვლას. ისეთი ადამიანები ემზადებიან 4-ში გარეთ გამოსასვლელად, რომ ადრე ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ვერც კი დავუშვებდი. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი განვითარდება ძალიან პოზიტიურად ქართული სახელმწიფოსთვის! ერთ რაღაცას დავაკვირდეთ, ჩვენ როცა ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოებისგან ივანიშვილისა და მისი ჭანჭიკების დასანქცირებას, ჩვენ უნდა დავასანქციროთ, პირველ რიგში, ივანიშვილი და საკუთარ ქონებად აღიარებული საქართველო გამოვგლიჯოთ ხელიდან.
- გაქვთ მოლოდინი, რომ სიტუაცია შეიცვლება?
- რა თქმა უნდა, მაქვს. საქართველოში უკვე საკმაოდ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც უკან არაფერზე არ დავიხევთ, სხვა შანსი აღარ დაგვრჩა. ივანიშვილის შპს როგორ უნდა იყოს საქართველო?! როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პატრიოტები ერქვათ ადამიანებს, რომლებიც ამას ეგუებიან?!
- ანუ დიდი ცვლილებების დასაწყისი იქნება 4 ოქტომბერი?
- ნებისმიერ სიტუაციაში ეს იქნება ძალიან დიდი ცვლილებების დასაწყისი. ეს პროცესი ერთ დღეში დასრულდება, ერთ საათში თუ 3 ოქტომბრის ღამეს გაიქცევიან ესენი აქედან, მე ეს არ ვიცი. თუმცა ზუსტად ვიცი, ამათ რა დღეც ელოდებათ. ბიძინა ივანიშვილი ისეთი მძიმე შედეგით დაასრულებს თავის საქმიანობას, როგორიც არ ჰქონია არავის!