სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს
გივი თარგამაძე პოლიცილებს - ცუდი დღეები გელით, ერთი მხრივ – სახალხო სირცხვილი, მეორე მხრივ – პასუხისგება
War update: 122 combat clashes on front lines in past 24 hours
U.S. Senate passes Russian uranium import ban
Russia facing fuel problem over Ukrainian drone attacks - Politico
Three killed as Russia hits Odesa with ballistic missiles
Tribunal for Russian criminals will not be like previous ones - Head of VR Committee
Stoltenberg: Ukraine's trust in NATO allies dented by aid delays

არჩილ გამზარდია

05.01.2023 | 13:39 ნახვები: 839

სახელი, გვარი - არჩილ გამზარდია

დაბადების წელი - 1979

მედიასაშუალება - ამჯერად მხოლოდ სტუმრის რანგში მედიაში.

პოზიცია - როგორც ჟურნალისტი პოლიტიკური გადაცემის ავტორი და წამყვანი, ამჯერად რესპონდენტი, პოლიტოლოგიის მიმართულებით.

მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ - ტ/კ კავკასია, იბერია, საზმაუ, მზე. რადიოები: მწვანე ტალღა, საზრადიო. ბეჭდური მედია: 7 დღე, ახალი 7 დღე, ჟურნალი სიტყვა. და ა.შ.

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? – ეს იყო გაზეთში, 16 წლის ვიყავი, 1995 წელი იყო, რედაქცია საბურთალოზე იყო და უფრო მეტად ფეხით მივდიოდი დიდ მანძილზე. პირველ დღეს ამხანაგმა წამიყვანა, საინტერესო თემებს წერ და შეიძლება დაინტერესდე გაზეთში მუშაობითო. ე.წ. თათბირზე მივედი. საუბარში ჩავერთე და დაინტერესდნენ, თუ როგორც ლაპარაკობ, ისე საინტერესოდ წერ, შეიძლება შენგან კარგი ჟურნალისტი დადგესო.

თქვენი პირველი მასალა? –  ეს იყო ინტერვიუ. ოპერის მომღერლებთან. მახსოვს, პუშკინის „პიკის ქალი“ იყო, მის სოლისტებთან თუ სწორად მახსოვს, ზურაბ ნინუა და ელენე ჯანჯალია (თუ არ ვცდები), კულისებში შევედი და იქ მესაუბრნენ. ხელოვანებს მწყობრი საუბარი უჭირთ. „დიქტოფონზე“ ჩავიწერე, რომელიც აღმოჩნდა, რომ ინტერვიუდან ცოტა ხანში აღარ ჩაიწერა და ვიხსენებდი საუბარს განერვიულებული.

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - თუ პროცესებზე ზეგავლენას და მართვის უნარებს ვგულისხმობთ, რამდენადმე არის. როგორი ხელისუფლებაა, ეს ცალკე საკითხია.

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - გართობა ახალი ამბებით.

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - შევარდნაძესთან ინტერვიუ მახსოვს განსაკუთრებით, ძალიან ვემზადებოდი, მაგრამ მაინც ბევრი სიურპრიზი დამხვდა ამ ძალიან გამოცდილი და საინტერესო ადამიანის საუბარში. ინტერვიუ საინტერესო გამომივიდა. შევარდნაძეს უნდოდა გამოქვეყნებამდე მეჩვენებინა, მაგრამ გამოქვეყნების შემდეგ გავუგზავნე. ცოტა უკმაყოფილო დარჩა, სტატია კომბინირებული იყო, ნაამბობით, ჩემი კომენტარებით და ეპიზოდურად ინტერვიუს ნაზავი, კრიტიკული იყო და იუმორით შენიშნა, რომ კიდევ კარგი, პრეზიდენტობის დროს არ გამოაქვეყნე, უფრო ადრე მომიწევდა გადადგომაო.

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? – ჩემთვის ჩემი ანალიტიკა იყო ექსკლუზივის ინტერპრეტირებული ძალისხმევა, ისეთი ანალიზი, რომელიც სხვაგან არ იყო. პიროვნებები და ექსკლუზიური ამბები არასდროს მიზიდავდა. იყო ასეთებიც, მაგრამ ფასი არ დამიდია ამგვარი ესკლუზივებისთვის.

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? – ერთ-ერთი ტელევიზიის დახურვის დღე, რომელშიც ვსაქმიანობდი საავტორო პოლიტიკური გადაცემით, კარგად ვვითარდებოდი, წინ მიმყავდა გადაცემაც და საკუთარი პროფესიული კომპეტენციაც. ფრთხილად ნაწყობი პროცესიც მიჰყვა ტელევიზიის დახურვას.

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? – საზოგადოებრივი პროცესებიდან დიდი ხანია ჯერჯერობით არაფერი მახარებს, სასიხარულო დღეები ოჯახს, მეუღლეს, შვილებს უკავშირდება.

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - იქ, სადაც სახელმწიფოს ინტერესები და ადამიანთა უფლებებია.

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – რიტორიკული შეკითხვაა, ცხადია, მართალი. პირველობა არაფრის მომცემია, საკუთარი ადგილი უნდა გქონდეს, პირველობისკენ ზედმეტი მიდრეკილება მანია და არაჯანსაღი მიდგომა მგონია.

ვინ არის რესპოდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - სესარია ევორა, რომელიც ჩამოსული იყო და ფინანსების არ ქონია გამო, ვერც კონცერტს დავესწარი და ვერც ჩავწერე.

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - არცერთი.

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპოდენტი? – ჟურნალისტის და რესპონდენტის თანამშრომლობა ქმნის მასალას ჩემთვის.

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - ვრცელი სია გამომივა. ჩემი ცხოვრების წესს ეტყობა.

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – გავლენა მე არ მქონია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც პატივს მცემენ. შესაბამისად, სარგებელი ის შემიძლია ჩავთვალო, როდესაც ჩემს მოსაზრებებს პატივს სცემენ და ითვალისწინებენ ან მსვლელობას აძლევენ.

რაზე გწყდებათ გული? - იმაზე, რომ ჩემი ქვეყანა არ არის მზად, პოლიტიკას, როგორც საქმეს მიუდგეს, როგორც ვებერი იტყოდა, როგორც ხელოვნებას და არა როგორც ხელობას. შესაბამისად, სადაც პოლიტიკა პოლიტიკანიზმია, იქ ჩემი თვითრეალიზაციის საშუალება არც მედიაში, არც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არაა.

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – ისეთს, რომელიც ზანს მოუტანს ადამიანებს და სახელმწიფოს.

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – რომელიც ჯერ არ დამდგარა.  

რისი გეშინიათ? – იმის, რომ გონიერებას და წესიერებას ჩვენთან დიდ ხანს შეიძლება არ ჰქონდეს მოთხოვნა.

„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – არცერთს. რადგან მე ნიუსმეიკერი არ ვარ, არამედ პოლიტიკის მართვის სპეციალისტი, ჟურნალისტიკაშიც, მე მოვლენებს ვიღებ, როგორც მოცემულობებს მსჯელობისათვის.

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – გააჩნია მედიასაშუალების ინტერესებს. ძირითდად, ნეგატივი, თუმცა სახელისუფლებო მედიასაშუალებებისთვის, ყოველთვის იყო მასალაც ხელოვნური პოზიტივი.

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - წარმოსახვითი ან პრეცენდენტული.

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - საბედნიეროდ, არაერთია, ჩამოთვლა შორს წამიყვანს, თუმცა, არიან ჟურნალისტები, რომელთ ნამუშევრებს და მოსაზრბებს განსაკუთრებულ მნიშვნელოვას ვანიჭებ ჩემივე შეხედულებების ფორმირებისთვისაც.

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – სიძულვილი. (ისევე როგორც, ზოგადად, საზოგადოებაში).

რა აკლია ქართულ მედიას? – ეთიკურობა, გონიერება, სახელმწიფოებრიობა, წესიერება და კომპეტენცია.

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – პროფესიული საჭიროებებიდან გამომდინარე, თითქმის ყველას.

რადიო, რომელსაც უსმენთ - რადიო „თავისუფლება“, რადიო „მაესტრო“,  სხვებსაც, შერჩევით.

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ. რჩეული ონალინ გამოცემა - ვებგაზეთებში აქცენტი, რადიოთავისუფლების საიტი, ნეტგაზეთი, ნეიშენ და ა.შ. თითქმის ყველას, აქაც პროფესიული ფაქტორებიდან გამომდინარე.

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - ჩვენთან კანონი მედიაში რეკლამის განთავსების კუთხით, უკვე ისეა წარმოდგენილი, რომ სარეკლამო ბაზარი მომგებიან საშუალებად ვეღრ იქმნება მედიისთვის, ამიტომაც ის დოტაციურია.

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – საკმარისზე ბევრად მეტი.

რა გაღიზიანებთ? -  ისეთ ასაკში ვარ, ვცდილობ, მსგავსი ემოციებით, პროცესებს ნაკლებად მივუდგე. მსგავსი ემოციები ძალიან უშლის ხელს ზოგად ანალიტიკასაც კი, მითუმეტეს სამეცნიერო ანალიტიკას, რაზეც ბოლო წლები ვმუშაობ და სავარაუდოდ, ჩემი მთავარი საქმე გახდება.

რა გახარებთ? - სიხარულის დეფიციტის ეპოქაში, ყველა წვრილმანი შეიძლება მახარებდეს, პანდას გამრავლებიდან დაწყებული, ნებისმიერი დეფიციტური საზოგადოებრივი სიკეთე. ხანდახან პოლიტიკოსს რომ რაიმე გონივრული წამოცდება, ესეც მახარებს, ჟურნალისტი რომ პროფესიულად და პატიოსნად გამართულ საქმეს წარმოადგენს, ისიც მახარებს, ბევრი რამ, თუმცა, სიხარულის ფართო გააზრებაშიც, ისევ ეს ემოცია ოჯახს უკავშირდება.

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? -  კონკურენცია სადაცაა, იქ განვითარებაა, თუ, ცხადია, რეალურად კონკურენციას ეხება საქმე. კონკურენტები მაძლევენ სტიმულს უკეთესი გავხდე და უფრო აქტიურად განვვითარდე.

რას არ პატიობთ კოლეგას? – ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც კოლეგისგან მოუღებელია, ადამიანურად გასაგები შეიძლება გახდეს ხოლმე, რადგან ყველა თვითგადარჩენისთვის იბრძვის. ის, რა საკუთარ შეცდომებზეც საკუთარ თავზე გამიმარჯვია, ვერ დავავალდებულებ სხვას, საკუთრ თავს ეომოს.

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - უცნაურია, მაგრამ გამიჭირდება ასეთის პოვნა, რადგან ჩემი საქმე პოლიტიკის ანალიზია, შესაბამისად, სინამდვილის შემეცნებაა ჩემი პროფესია და რაზეც პირდაპირ ვერ ვიგებ პასუხებს, ვაგნებ ფილოსოფიისა და მეცნიერების საშუალებით.

რას ნანობთ? - კერძო ცხოვრებაში საკუთრ შეცდომებს, რომელიც დამიშვია და საზოგადო ცხოვრებაში, ჩემთან ერთად, ყველა სხვა დანარჩენის შეცდომებს, რომლებსაც ვუშვებთ ერი, განსაკუთრებით ერთსა და იმავე „ფოცხზე“ ფეხის წამოდებას არაერთხელ.

რითი ხართ კმაყოფილი? - სტრესებისა და დევნის შედეგად მოძებნილი გზის, ჩემი სამეცნიერო ინტერესების მიგნების პოლიტიკურ ფილოსოფიაში.

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – სიკეთე.

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - არსებობენ ასეთებიც, რამდენად საკმარისია, რთული სათქმელია.

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - ტყუილი, პროპაგანდა, მედიის დოტაციის კორპორატიული ინტერესების სიჭარბე და ა.შ. არის ამის მიზეზი.

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - იდეაში, მედია, ეს არის კომუნიკაცია ადამიანებსა და გავლენის თუ ძალაუფლების სუბიექტებს შორის. მედია ჩვენთან ელიტებში უფროა ჩაკეტილი, შესაბამისად, დანარჩენი ადამიანებისადმი პასუხისმგებლობა ნაკლებად პრიორიტეტულია მედიის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? -არცერთი.

რა არის მედიასტანდარტი? - სიმართლე, რომელიც არ ავნებს. მედიის ფუნქცია საზოგადოებრივი სიკეთის მიღწევაში თანამონაწილეობაა წესით.

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - ელიტური ინტერესების და ჩაკეტილობის გამო.

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - რომელიმე  მიუღებელი კოლეგის პერსონიფიცირება ჩემი მხრიდან მის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს, რაც ამავე კითხვის კონტექსტს ეწინააღმდეგება.

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - როგორც ვთქვი, ჩაკეტილი ელიტურობა ქმნის მედიისათვის ერთგვარ კომპლექსს, რომლის გაშიშვლებაც არ სურთ, კრიტიკული მსჯელობა კი ამ კომპლექსებს აშიშვლებს.

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - წიგნი.

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - მე არ მყავს ასეთი, ვისაც ჰყავს, ეს მისი სისუსტის შედეგია, თუ ვინმეს დაუმსახურებლად და ზომაზე მეტად გამოკვეთს.

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალისტიკა? - ჩემი საქმიანობა აჩვენებს, რომ რეიტინგზე მუშაობა ჩემი ინტერესი ნაკლებადაა, რადგან რეიტინგის მიღწევის საშუალებები ხშირად ანტიჟურნალისტიკა უფროა.

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - როგორც ზემოთ ვთქვი, „ექსკლუზივის“ იმ გააზრების, რომელსაც ჩვენთან გულისხმობენ, ნაკლებად მესმის. მე ეს საერთოდ არ მიზიდავს, შეიძლება იმიტომ, რომ არ ვარ ნიუსმეიკერი, არამედ ანალიზზე და მსჯელობაზე ორიენტირებულობა მიზიდავს.

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - რიტორიკული ანუ რისი პასუხიც კითხვაშია და არა პასუხში.

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - თუ სინდისს და წესიერებას დოგმატურ მაჩვენებლებად ჩავთვლით, მაშინ კი, თუ არა და მაშინ - არა.

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - ამის მიზეზი მედია პროდუქტების ღირებულებაშია, არხის კონცეფციაში და შემოქმედებითობის დეფიციტში. თუმცა, არსებობს ზოგან გამონაკლისი პრეცენდენტებიც, ზოგიერთი გადაცემის სახით.

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - საზოგადოებასთან პრტნიორობა სინამდვილის გაცნობიერების მიზნით.

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - არ არსებობს, ვერც იარსებებს, რადგან ადამიანები სუბიექტურები არიან, საკუთარი მსოფლმხედველობით, დამოკიდებულებებით, შეგრძნებით, ხედვით და ა.შ. ჟურნალისტიკა შეიძლება იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ ობიექტური ვერასდროს იქნება ვერსად.

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - გააჩნია ჟურნალისტის საქმიანობას. ავტორ-ჟურნალისტის საქმიანობა სწორედ საკუთარი აზრის გაზიარებაა, მხოლოდ ეს აზრი უნდა იყოს შესაბამის სტანდარტებზე და არგუმენტებზე დაფუძნებული. 

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - ჩემთვის ჟურნალისტიკა პროფესიაა და არა სპეციალობა, რომელიც მოზარდობიდან მოყოლებული ყოველთვის იყო ჩემთვის მეორე პროფესია. თუმცა, შეიძლება რამდენადმე ამის განათლების კონტექსტშიც ჩასმა კოლეჯის, მაგისტრატურის დონეზე უფრო მეტად. ბაკალავრზეც თუ შევთანხმდებით რა უნდა იყოს ამ საფეხურის სწავლების მიზანი. სამწუხაროდ, თანამედროვე ჟურნალისტების ცოდნა, მათ შორის ზოგადი ცოდნა და დარგობრივი კომპეტენციები, რომლებიც სჭირდებათ, საკმაოდ სუსტად გამოიყურება, ამიტომ, შეიძლება შეთანხმება იმაზეც, რომ განათლების მიზანი ამ კომპეტენციების მიღწევა იყოს. თუმცა, ვიმეორებ, ჟურნალისტობა არის სხვადასხვა პროფესიის ჰიბრიდული ვერსია, ეკონომისტის, რომელიც ეკონომიკაზე მუშაობს ჟურნალისტიკაში, პოლიტოლოგის, ან ხელოვნებათმცოდნის და ა.შ. ეს არის პროფესიული სპეციფიკა ძირითად პროფესიასთან ერთად ჯამში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა