ამინდი 5 მაისს
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers

ხელისუფლების ეკონომიკური სასწაული - რატომ შემცირდა უმუშევრობა საქართველოში 2022 წელს?

07.05.2023 | 12:08 ნახვები: 1993

იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება და ცალკეული ექსპერები აქტიურად საუბრობენ და მსჯელობენ 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის შემცირებაზე, რეალურად არ კეთდება ანალიზი, თუ რა იყო ამის მიზეზი და როგორ „მიაღწია“ ხელისუფლებამ ამ შედეგს. არის კი მართლაც უმუშევრობის შემცირება მთავრობის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შედეგი. აღნიშნულ საკითხზე გთავაზობთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, მურად მიქელაძეს ანალიზს, რომელიც „ნეიშენ ჯორჯიასთვის“ მომზადდა.

2022 წელს უმუშევრობის დონე, 2021 წელთან შედარებით, 3.4%-ით შემცირდა და შეადგენს 17.3%-ს. უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 48.3 ათასი ადამიანით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 66.3 ათასით და სამუშაო ძალა (შრომისუნარიანი მოსახლეობა) გაიზარდა 18 ათასით.

სამუშაო ძალის ზრდის მიზეზები:

2015-2020 წლებში საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა მცირდებოდა, ხოლო  2021-2022 წლებში კი გაიზარდა. 2021 წელს, მოცემული ზრდა უკავშირდებოდა პანდემიას, როდესაც უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა.

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

 

2020 წელს მთლიანი მიგრაციული სალდო (იმიგრანტებს გამოკლებული ემიგრანტები) იყო 15 731 (აქ იგულისხმება როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები) და საქართველოს მოქალაქეების მიგრაციული სალდო კი იყო 23 319. ე.ი 23 319 ადამიანით მეტი დაბრუნდა საქართველოში ჩვენი მოქალაქე, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან. საბოლოოდ, 2020 წელს არსებული საქართველოს მოქალაქეების დადებითი მიგრაციული სალდო აისახა 2021 წლის სამუშაო ძალის ზრდაში. რაც შეეხება 2022 წლის ზრდას, ესეც დაკავშირებულია დადებით მიგრაციულ სალდოსთან. 2022 წლის მონაცემებით, მთლიანი მიგრაციული სალდო იყო დადებითი (54 509 ადამიანი). ოღონდ ეს დადებითი სალდო განპირობებულია არა ჩვენი მოქალაქეების გადინების შემცირებით ან უკან დაბრუნებით, არამედ უცხო ქვეყნის, განსაკუთრებით კი  რუსების შემოდინებით (შემოვიდა  62 304 რუსეთის მოქალაქე, გავიდა 5 935, სალდო: 56 369).

 

მიგრაციული სალდო საქართველოში (2022 წელი)

მოქალაქეობა

იმიგრანტი

ემიგრანტი

სალდო

სულ

179,778

125,269

54,509

საქართველო

54,405

100,802

-46,397

საქართველოს მოქალაქეების გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეები

125,373

24,467

100,906

რუსეთის ფედერაცია

62,304

5,935

56,369

უკრაინა

20,716

2,004

18,712

ბელარუსი

13,361

852

12,509

ინდოეთი

3,948

1,412

2,536

თურქეთი

3,946

2,064

1,882

აზერბაიჯანი

2,563

1,442

1,121

სომხეთი

1,528

1,033

495

ამერიკის შეერთებული შტატები

1,502

1,157

345

ირანი, ისლამური რესპუბლიკა

1,177

775

402

ჩინეთი

1,095

1,402

-307

სხვა ქვეყნის მოქალაქე

13,173

6,338

6,835

მოქალაქეობის არმქონე პირი

60

53

7

არ არის მითითებული

0

0

0

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მიგრაციული სალდო იყო უარყოფითი და შეადგინა -46 397 ადამიანი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების (საქართველოს მოქალაქეების გამოკლებით) კი დადებითი და შეადგინა 100 906 პირი.  ანუ, სამუშაო ძალის ზრდა ძირითადად მოხდა რუსეთიდან შემოსული მიგრანტების ხარჯზე.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის თანახმად ,,საქსტატი სამუშაო ძალის სტატისტიკას აწარმოებს შინამეურნეობების შერჩევითი გამოკვლევის საფუძველზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევას ექვემდებარებიან პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ ან აპირებენ ცხოვრებას ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, სამუშაო ძალის მაჩვენებლები, მათ შორის სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა მოიცავს სხვა ქვეყნებიდან შემოსულ იმ პირებსაც, რომლებიც საანგარიშო პერიოდში აკმაყოფილებდნენ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმს“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ  2022 წელს სამუშაო ძალის ზრდა მოხდა არა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შემოსული მიგრანტების ხარჯზე.

 

დასაქმებულთა ზრდის მიზეზები:

ზოგადად, დასაქმებაზე გავლენას ახდენს მაღალი ეკონომიკური ზრდა. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა (მშპ) გაიზარდა 10.1%-ით, რაც ძირითადად უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს, რომლის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა ეკონომიკური აქტივობა. 2022 წელს 5000-მა რუსეთის მოქალაქემ 6135 ბინა იყიდა საქართველოში. 5-ჯერ გაიზარდა რუსეთიდან გადმორიცხვები (ფულადი გზავნილები) და დიდწილად რუსეთის ხარჯზე გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც.

საინტერესოა მოცემული ეკონომიკური ზრდის პირობებში ვინ დასაქმდა. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია შემდეგი გარემოება: კერძოდ, 2022 წელს  საქართველოში 14 506 რუსეთის,  5 330 ბელორუსის და 1 136 უკრაინის მოქალაქე (ჯამში: 20 972 პირი) დარეგისტრირდა ინდივიდუალურ (ინდ) მეწარმედ. ასევე, იმავე პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირდა 1015, ბელორუსის მოქალაქეების მიერ 234  და უკრაინის მოქალაქეების მიერ 296 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (ჯამში 1545 შპს).  გარდა ზემოთ მოცემული რეგისტრირებული სუბიექტებისა, უამრავი ისეთი მიგრანტი (რუსეთი, ბელორუსი, უკრაინა) შემოვიდა ქვეყანაში, რომლებიც დასაქმებული არიან სხვადასხვა სფეროში, ძირითადად მომსახურების სექტორში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის თანახმად ,,უცხო ქვეყნის ის მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს და დარეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ საქართველოში, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაკვლევი პერიოდის (გამოკითხვის მომენტიდან წინა 7 დღე) განმავლობაში მუშაობდა სულ მცირე ერთი საათით, შრომის ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით, ან დროებით არ იმყოფებოდა სამუშაოზე“. ანუ  მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ და რაიმე თანხა ჩაერიცხა ანგარიშზე, ის უკვე ითვლება დასაქმებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე   დიდი გავლენა მოახდინეს რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან შემოსულმა მიგრანტებმა და ამას დამატებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულმა 12 645 პირმა, რომლებიც ძირითადად მუშაობენ საჯარო სექტორში მინიმალური ანაზღაურებით (მუნიციპალიტეტების სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში).

 

უმუშევართა რაოდენობის შემცირების მიზეზები:

საქართველოში უმუშევართა რაოდენობის შემცირება, ცალსახად არ ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას. მაგალითად, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 347 ადამიანით (ანუ უმუშევრობა გაიზარდა), მაგრამ ამავდროულად 32 ათასით შემცირდა უმუშევართა რაოდენობაც. იგივე სურათი გვაქვს 2017 წელსაც - დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა  7 650-ით და უმუშევართა რაოდენობაც შემცირდა 4733-ით. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარია და  სამუშაოს ძიებას ანებებს თავს ან უცხოეთში მიდის ემიგრაციაში, ის აკლდება როგორც სამუშაო ძალის რაოდენობას, ისე უმუშევართა რაოდენობასაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით 2020-2021 წლებს (პანდემიის გამო უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე დაბრუნდა ქვეყანაში 2020 წელს, ვიდრე გავიდა), უმუშევართა რაოდენობა მუდმივად მცირდება, რადგან ამ პერიოდში გვაქვს უარყოფითი მიგრაციული სალდო და ემიგრაციაში  მიდის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ძირითადად უმუშევარია.

მიგრაციული სალდო საქართველოში

წლები

სალდო

სალდო (საქართველოს მოქალაქე)

2015

-3,408

-16,528

2016

-8,060

-17,619

2017

-2,212

-18,926

2018

-10,783

-28,484

2019

-8,243

-27,500

2020

15,732

23,319

2021

-25,966

-40,825

2022

54,509

-46,397

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელს უმუშევართა რაოდენობის შემცირება დიდწილად მოხდა არა საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხარჯზე, არამედ მათი ემიგრაციის ხარჯზე.

 

მურად მიქელაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა