შსს - პოლიციას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია - თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის
მამუკა მდინარაძე - ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს სესიაზე, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
აქციის მონაწილეს რეზინის ტყვია თვალში მოარტყეს
მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საქართველოში რუსული დიქტატურის გაფორმება
სახალხო დამცველი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
EU-ს ასპირანტი ქვეყანა ასე არ იქცევა, საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიას შორდება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
დარბევის შედეგად, "მთავარი არხის" ოპერატორი, ზუკა ჩხვირკია დაშავდა
დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება... ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე- პრეზიდენტის მიმართვა დემონსტრანტებს

ქართველი მოხალისეები და ქოცური ლოგიკა

12.06.2022 | 15:13 ნახვები: 772

დღეს უკვე აშკარა და ცხადია, რომ ქოც-ხელისფლება უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებს არათუ მოკავშირეებად არ მიიჩნევს, არამედ მტრებად თვლის.

ეს არც ადრე იყო დამალული - ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინ მათ „დაქირავებულები“ უწოდა, რაც იდეურად მოტივირებული ნებისმიერი მოხალისისთვის მძიმე შეურაცხყოფაა.

ერთი შეხედვით, ამის ახსნა ყველაზე მარტივია ქოცების პრორუსულობით - ისინი თანამშრომლობენ მოსკოვთან, იღებენ მითითებებს პუტინისგან და გასაგებია, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები მათ ყელში ეჩხირებიან.

თუმცა, ასეთი მსჯელობა იქნებოდა სწორი, საქართველოში ხელისუფლებაში რომ იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური მოტივებით. სინამდვილეში ჩვენთან მმართველობაში იმყოფება ძალა, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არა აქვს და მისი მთავარი იდეოლოგიაა ძალაუფლების და ნაქურდალი ფულის შენარჩუნება.

სწორედ ესაა, რაც ხშირად არ ესმის, მაგალითად, ჩვენს უკრაინელ კოლეგებს - ისინი ცდილობენ ქოცების საქციელს პოლიტიკური სარჩული მოუძებნონ, შესაბამისად, საბოლოო დასკვნაც არასწორი გამოსდით.

„ქართული ოცნება“ არაა პრორუსული ძალა, ისევე როგორც არაა პროდასავლური და როდესაც ვინმე ცდილობს ქოცობა სწორედ ამ კრიტერიუმებით შეაფასოს - აუცილებლად დაუშვებს შეცდომას.

„ქართული ოცნება“ არის პროქოცური, მისი მთავარი საზრუნავია არა ქვეყნის წინსვლა ან პირიქით, პუტინისთვის ჩაბარება, არამედ საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნება. თუ ამისთვის საჭირო იქნება მოსკოვის გინება  - შეაგინებენ, თუ პირიქით - არც ამას ჩათვლიან დიდ პრობლემად.

ამიტომ, ნებისმიერი მათი ნაბიჯი ან განცხადება უნდა შეფასდეს არა დიდი პოლიტიკის, რუსეთ-დასავლეთის დაპირსპირების და სხვა მაღალი მატერიების, არამედ მზეთამზის და მისი მომსახურე პერსონალის პირადი ინტერესების კუთხით.

და პირველ რიგში - ნუ შეეცდებით ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკის გამოყენებას - ქოცებს თავიანთი ლოგიკა აქვთ, რომელიც ზოგადსაკაცობრიოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ადამიანური, ზოგადსაკაცობრიო ლოგიკით - უკრაინა ომობს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, ქართველები ომობენ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, შესაბამისად, იცავენ საკუთარ ქვეყანას და მისი ხელისუფლებისთვის უნდა იყონ მოკავშირეები.

ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი იხელმძღვანელებს სწორედ ამ ლოგიკით.

თუმცა, არა ქოცი - მისი გონებრივი წიაღსვლები სულ სხვა მიმართულებით მიდის - ნაცმოძრაობა ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, უკრაინაში ნაცმოძრაობის და პირადად სააკაშვილის პოზიციები ძალიან ძლიერია, შესაბამისად, უკრაინა ჩვენი მტერია, ხოლო ქართველი, რომელიც უკრაინაში ომობს - იბრძვის მტრის გასაძლიერებლად, ამიტომაც ისიც მტერია.

ეს არის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც, დღევანდელი უკრაინა ქოც-საქართველოს მტერია, არა იმიტომ, რომ ქოცები მოსკოვთან არიან შეკრულები, არამედ იმიტომ, რომ „მასხარა ზელენსკი“ მათ თვალში ასოცირდება მიშასთან.

სულ ესაა ქოცური ლოგიკა და ღრმა წიაღ-სვლებს ნუ ეძებთ - ვერ ნახავთ.

ქოცებს უხარიათ უკრაინელების ნებისმიერი გაჭირვება და სირთულე  - როგორც კი იქ დატრიალდება მორიგი სისხლიანი ტრაგედია, „იმედზე“ გამოდის კოლექტიური გოგა ხაინდრავა, რომელიც დეტალურად უხსნის ქოც-ჯოგს, რამდენად ცუდია მასხარა ზელენსკი, რომელმაც დანებება არ მოისურვა, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწია, და „საკუთარი ხალხი გაწირა“.

მაგრამ არ გეგონოთ, უკრაინის მიმართ სიძულვილი რუსეთის მიმართ კარგი დამოკიდებულებითაა გამოწვეული - აქაც საქმე გვაქს ქოცების წვრილფეხა, ორღობე-სოფლურ ფსიქოლოგიასთან - გარდა იმისა, რომ უკრაინა ასოცირდება სააკაშვილთან და ამიტომაც მტერია, მათთვის რუსეთის მარცხი ომში კიდევ ერთ პრობლემას წამოადგენს.

რუსეთის წასვლა აქტიური პოლიტიკიდან ნიშნავს ქოცებისთვის ჩვეული სამყაროს სრულ რღვევას - მათ იცინიან როგორ უნდა მოიქცნენ მსოფლიოში სადაც რუსეთის არის ძალის და გავლენის ერთ-ერთი ცენტრი. თუ ეს ვითარება შეიცვლება, ეს ნიშნავს სრულიად ახალ სივრცეს, სადაც მთელი მათი შაბლონები უსარგებლო გახდება.

გარდა ამისა, მათ აშინებთ ისიც, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში გამონთავისუფლდება რამდენიმე ათასი მოხალისე, რომელიც დღეს იქ ომობს. ქოცებს ეშინიათ, რომ ისინი გაუხსენებენ ხელისუფლებას სამარცხვინო პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით და მათ მოუბრუნდებიან - ასეთ შემთხვევაში ამ ძალას ვერ აღუდგება ვერც კომიკური, არაფრის მაქნისი და დაუძლურებული ქართული ჯარი და ვერც მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემაზე დახელოვნებული პოლიცია-სპეცრაზმი.

იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას ადარდებს მხოლოდ ძალაუფლების და ფულის შენარჩუნება, უკრაინაც და იქ მებრძოლი ქართველები ნამდვილად წარმოადგენენ დიდ პრობლემას. ამდენად, არ არის გასაკვირი, რომ მათ ავადმყოფურ გონებაში - ორივე მტერია.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა