"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" | სახდეპი
Visioner-ის ცნობით, 1-ელ მაისს აქციაზე 85 888 ადამიანი იმყოფებოდა
Anonymous ამბობს, რომ "ოცნების" და POSTV-ის ვებგვერდები გათიშა
სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას
"1 მაისს აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა" - საგანგებო
"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური მომავალი - აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ამას" ​​​​​​ - ჰელსინკის კომისია
"მოვუწოდებ ევროკომისიას, შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი და შეამციროს [საქართველოს] ეკონომიკური დახმარება" - აუსტრევიჩუსი

ლელა ჯეჯელავა: „ხელისუფლებისგან კიდევ ერთი საფრთხე გველის"

06.09.2023 | 19:51 ნახვები: 4155

ქვეყანას ეკარგება მომავალი და სააკაშვილისგან რა საფრთხეებზეა ლაპარაკი, რომ კრიმინალს ისევ ციხეში შეყრის?!

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პასუხობს.

- ქალბატონო ლელა, ოპოზიციამ აქტიურად დაიწყო საუბარი გაერთიანებაზე, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა - ნაციონალებთან არ მივალთ, რა უფლება აქვთ, რომ მოგვიწოდებენ მათ ქოლგის ქვეშ გაერთიანებასო და ასე შემდეგ. როდესაც ასეთი მძიმე სურათია ქვეყანაში, ვხედავთ ხელისუფლების კურსს, რატომ იქცევა ოპოზიცია ასე უპასუხისმგებლოდ?

- ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველი ის, რომ ამბიციებსა და შესაძლებლობებს შორის სერიოზული აცდენაა; მეორე - გარკვეული ტიპის ვალდებულებები აქვთ და მესამე - შესაძლოა, ეს მოსდით არასაკმარისი პოლიტიკური გამოცდილებით. ახლა რომელი ჯგუფი რომელს მიეკუთვნება, ეს თავად გაარკვიონ. უკვე 12 წელია მესმის ერთი და იგივე, რომ ახალი პოლიტიკური ძალა უნდა შეიქმნას და წლებია, ამ ძალას ელოდებიან ადამიანები. ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ძალიან ბევრი რამ არის საჭირო, მათ შორის ფინანსები, საერთაშორისო კონტაქტები, რომ პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებში წარმატების მიღწევა შეძლოს. საიდან უნდა მოვიდეს ამ ერთ წელიწადში ეს ახალი ძალა?! რაც შეეხება იმას, დანარჩენი შეიკრიბებიან-არ შეიკრიბებიან, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათი შესაძლებლობები ხომ გაზომილია და რეიტინგებშია გამოხატული. რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია უნდა დაჯგუფდეს ერთად. სწორედ ეს არის არსებულ საარჩევნო პირობებში გამოსავალი.

- ყველა ნაცების გარეშე - ხშირად ვისმენთ ასეთ მოწოდებებს. სადაც ნაცები იქნებიან, იქ ხელისუფლება მარტივად შეძლებს, ისევ შუა გაკრიფოს და ამომრჩეველი კვლავ ორი არჩევანის წინაშე დააყენოს: ნაცები თუ ქოცები? ამაზე რას იტყვით?

- ხელისუფლება ძალიან ბევრ სისულელეს ამბობს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ხელისუფლება იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სიმბოლურია და არაფერს არ გვაძლევს. ასევე ამბობს იმასაც, რომ ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მისაღებად და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა მივიღოთ, როგორც რეალობა?! საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლება საითკენ გაიშვერს ხელს?!

- ექსპერტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ნაციონალები ასეთი თამამი განცხადებებით „ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს, მეორე ნაწილი თვლის, რომ ის, ვინც გაერთიანების წინააღმდეგია, თამაშობს ამ ხელისუფლების თამაშს. რეალურად როგორ არის საქმე?

- ძალიან მარტივად არის საქმე და, ვისაც დანახვა უნდა, მას შეუძლია, დაინახოს. სამწუხაროდ, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი, რომელსაც არც ნაცებთან უვარგა ურთიერთობა და არც ქოცებთან, რადგან ყველასთან ძალიან ახლოს იყო, ახლა თავისთვის ეძებს ახალ აეროდრომს. სწორედ ეს არის მათი ამოსავალი შეფასებების დროს და არა რეალური ვითარება.

- როგორია რეალური ვითარება?

- რეალური ვითარება არის ძალიან მარტივი. არსებობს ხელისუფლება თავისი შემცირებული მხარდამჭერებით და არსებობს ბიძინა ივანიშვილის დიდი გავლენა საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფის ამ ნაწილზე. მეორე მოცემულობა კი ასეთია: არსებობს ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად იმ რთული პროცესებისა, რომლებიც ამ პარტიაში მიმდინარეობს, რეიტინგით ყველა ოპოზიციაზე მაღლა დგას და ყველაზე მეტი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს. ასევე არსებობენ სხვა პარტიები, რომელთა მხარდაჭერა ყველაზე მაქსიმალურ შემთხვევაში არის 3%, თან რომელიც არ იზრდება. რამ შეუშალათ ხელი, რომ 2020-2021 წლის არჩევნების შემდეგ საკუთარი რეიტინგები გაეზარდათ?!

მე როგორც ვხედავ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ციხეშია, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან მთლად დისტანცირებული არ არის.

- ბოლო პერიოდში გააქტიურდა ეს თემა.

- დიახ, ასეა. ძალიან მკაფიოდ ჩანს მთელი რიგი დეტალებით, რომ ის გარკვეულწილად მხარს უჭერს პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას. ამას მიუთითებს თუნდაც მის პირად მამულში გამართული პარტიის შეკრება. საყოველთაოდ ცნობილია ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობის ელექტორატი არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ელექტორატი. როგორც არ უნდა გაიყოს ეს პარტია და რა პროცესებიც არ უნდა განვითარდეს შიგნით, ეს პარტია მაინც ასოცირდება მიხეილ სააკაშვილთან თავისი წარმატებებითა და წარუმატებლობით.

- სააკაშვილის გააქტიურება, იმის განცხადება, რომ ის ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება, ხომ არ მისცემს „ოცნებას“ იმის საშუალებას, კვლავ ბუა დახატოს მისი სახით?

- იმაზე მეტ ბუად, როგორიც დღეს „ქართული ოცნებაა“?! რომელიც ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს, იმ რუსეთისკენ, რომლის დამარცხებაზეც მთელი ცივილიზებული სამყარო მუშაობს. ეს ხელისუფლება მომავლის პერსპექტივას გვაკარგვინებს. ამაზე მეტი რა საფრთხე ელის ქვეყანას?! ამაზე ცუდი და საშიში რა უნდა გაუკეთოს მიხეილ სააკაშვილმა ან ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენს ქვეყანას?! ამ ადამიანებს პრიორიტეტები საერთოდ არა აქვთ?! ქვეყანას ეკარგება მომავალი და სააკაშვილისგან რა საფრთხეებზეა ლაპარაკი, რომ კრიმინალს ისევ ციხეში შეყრის?!

- ვკარგავთ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს?

- კანდიდატის სტატუსი არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ჩვენი ინტეგრაციისთვის. ამ ხელისუფლების პირობებში, კანდიდატის სტატუსი რომც მივიღოთ, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა მინიმალურია! ძალიან მალე რუსეთი დადგება სამოქალაქო ომის წინაშე. იქ ამის ყველა პირობა არსებობს. ისინი შემოგვთავაზებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, როგორიც გარეჯის დაბრუნების თემა იყო.

- უკვე აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს, ტერიტორიული მთლიანობა გირჩევნიათ თუ ნატო და ევროკავშირიო. რამდენად სახიფათო საკითხია?

- ძალიან მაინტერესებს, საზოგადოებამ რამდენჯერ უნდა წაიმტვრიოს ცხვირი? ხომ ყელის გამოღადვრამდე იბღავლა საზოგადოებამ, რომ გარეჯი საქართველოა. სად არის ახლა გარეჯის ეს ნაწილი? უკვე საბოლოოდ გამქრალია პერსპექტივა, რომ დაუბრუნდება საქართველოს. მერამდენედ უნდა გადაყლაპოს საზოგადოებამ, მერამდენედ უნდა წამოეგოს „ოცნების“ უბინძურეს პროვოკაციებს?!

- ქალბატონო ლელა, სულ ვისმენთ შეფასებებს, რომ პროცესები შესაძლოა ძალიან მოულოდნელად შეიცვალოს, რადგან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომზე. ნატოს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ უკრაინაში თავიანთი დანაყოფების გაგზავნას. რამდენად შეცვლის ეს სურათს და რას ელით?

- სურათი როდის შეიცვლება, წინასწარ არავინ იცის. ცხადია, რომ მთელი ცივილიზებული საზოგადოება მობილიზებულია და განწყობილია უკრაინის მხარდასაჭერად. რუსეთი უნდა დამარცხდეს ამ ომში! რუსეთს აღარ ჰყავს სამხედრო პარტნიორები, ირანის გარდა. ამიტომ ეს ომი როგორ დასრულდება, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ვისაც კი ამის დანახვა უნდა.

- ნატოს ღიად ჩართვა ომში რამდენად უბიძგებს პუტინს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი?

- სხვათა შორის, კაშხლის აფეთქება რეპეტიცია იყო. გარკვეულწილად მათ ამით განაცხადეს, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები. თუმცა ნატოს სარდლობამ და ჩვენი პარტნიორების სპეცსამსახურებმა გადასარევად იციან ის შესაძლებლობები, რომლებიც ბირთვული თვალსაზრისით რუსეთს აქვს. ამიტომ მათ აუცილებლად ექნებათ ამაზე საპასუხო ზომები. დარწმუნებული ვარ, გეგმა არსებობს. სხვაგვარად სრულიად წარმოუდგენელია. მე მგონია, რომ ბირთვულ საფრთხემდე არ მიიყვანენ საქმეს. ძალიან მალე რუსეთი დადგება სამოქალაქო ომის წინაშე. იქ ამის ყველა პირობა არსებობს.

ნონა ცაბაძე

გაზეთი, „ახალი თაობა“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა