"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" | სახდეპი
Visioner-ის ცნობით, 1-ელ მაისს აქციაზე 85 888 ადამიანი იმყოფებოდა
Anonymous ამბობს, რომ "ოცნების" და POSTV-ის ვებგვერდები გათიშა
სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას
"1 მაისს აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა" - საგანგებო
"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური მომავალი - აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ამას" ​​​​​​ - ჰელსინკის კომისია
"მოვუწოდებ ევროკომისიას, შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი და შეამციროს [საქართველოს] ეკონომიკური დახმარება" - აუსტრევიჩუსი

ლელა ჯეჯელავა: ხელისუფლება, რომელიც თავის წინა განცხადებებს ეწინააღმდეგება, რაღაცას გვიმალავს

08.10.2023 | 10:42 ნახვები: 1848

 "ყველამ ვიფიქროთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობაზე, რა შეგვეძლო და რა არ გავაკეთეთ. ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ განცხრომით იცხოვროს ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ნერვების და ჩვენი ფულის ხარჯზე. ეს თუ არ გავიაზრეთ, არაფერი გვეშველება!"

 

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პასუხობს.

- ქალბატონო ლელა, უმძიმეს დღეებს გადის დღეს ჩვენი ქვეყანა. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა, ყურება და მოსმენა. უკვე ერთმანეთში ირევა ტყუილ-მართალი, ამდენი ურთიერთბრალდება. რა ხდება რეალურად? და ვთანხმდებით თუ არა იმაზე, რომ ასეთ სიტუაციაში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას?

- ამ ტრაგედიას ემატება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ის რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არ არსებობს ნდობის არანაირი ფაქტორი. გარდა უნდობლობისა, ჩვენ მთელი ამდენი წელია ვცხოვრობთ რუსული საინფორმაციო ომის პირობებში, რომელიც ავრცელებს ძალიან დიდ სიბინძურეს და ჭუჭყს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება იწოვს. ახლა, ამ ტრაგედიის ფონზე რაც ხდება, სოციალურ ქსელებს რომ გადავავლოთ თვალი, ეს კიდევ მეორე ტიპის ტრაგედიაა.

- მკვეთრად დაპირისპირებული ორი მხარე და ბრალდებების კორიანტელი. დაუნდობელი ვირტუალური ბრძოლა.

- დიახ, გეთანხმებით. ამიტომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მდგენელის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ ვამბობ ხაზგასმით, სწორედ ეს არის მშვიდობიანობის პერიოდში არსებული ომი. კიდევ კარგი ,არსებობს ეს ფეისბუქსივრცე, რომელიც ამხელა ურთიერთდაპირისპირებას აკავებს და რეალობაში ეს არ გადმოდის.

- ორთქლის გამოშვების ფუნქცია აქვს სოციალურ ქსელებს, თორემ სამოქალაქო ომს მივიღებდით.

- რასაკვირველია. ამას რომ არ აკავებდეს მეტა სივრცე და ეს ყველაფერი ვირტუალურ განზომილებაში რომ არ ხდებოდეს, ჩვენ ახლა გვექნებოდა დაუძინებელი სამოქალაქო ომი ქვეყანაში. ამაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი. ის თავად არის დაინტერესებული, რომ ამ ტიპის დაპირისპირება არსებობდეს საზოგადოებაში. ეს არავის ინტერესებში არ შედის, გარდა იმ ქვეყნისა, რომელიც ახლა საქართველოს იფორმებს. ეს არის მხოლოდ რუსეთი და ამიტომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს ამას ხელს უწყობს, შემთხვევით არ არის ეჭვმიტანილი იმაში, რომ ის არის კოლაბორაციონისტული რეჟიმი! ეს კარგად უნდა ესმოდეს ხელისუფლებას.

არსებობს ძალიან ბანალური ჭეშმარიტება, რომ ცხოვრება ბუმერანგია. ამ ხელისუფლებამ უამრავი სიბინძურე დააბრალა წინა ხელისუფლებას და ახლა ამ შედეგს უკვე იმკის თვითონაც.

- ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ბევრს საუბრობენ, შესაძლებელი იყო თუ არა უფრო სწრაფი რეაგირება? და ასეთ შემთხვევაში იქნებოდა თუ არა გაცილებით ნაკლები მსხვერპლი?

- დღეს ჩვენ ვისმენთ უამრავ მოსაზრებას, უამრავ ვერსიას როგორც სახელისუფლო ექსპერტებისგან, ისე მათგან დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, რომელიც ერთმანეთისგან არის რადიკალურად განსხვავებული.

- აქაც მოახერხეს და პროფესიონალებიც ნაცებად და ქოცებად არის დაყოფილი.

- სამწუხაროდ, ასეა. ექსპერტების გარკვეული ნაწილი, მათ შორის ჩინოვნიკები, რომლებიც უშუალოდ მიბმულები არიან ხელისუფლებასთან, ზუსტად ერთი ერთში იმეორებენ იმ ვერსიას, რომელიც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს დასკვნამდე, ხელისუფლების წევრებისგან შევიტყვეთ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ეჭვს ბადებს და მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არის უუნარო და არაპროფესიონალი. წინასწარი განცხადებებისგან ხომ მაინც უნდა შეეკავებინათ თავი?! ასევე წინასწარი ვერსიების გაჟღერებისგან, რომელსაც მერე თავისივე ექსპერტები დაადასტურებდნენ. სწორედ ამიტომ, საზოგადოებაში არის ძალიან დიდი უნდობლობა.

არსებობს გარკვეული შესაძლებლობები იმისთვის, რომ ეს უნდობლობა გავფანტოთ და დადგინდეს რაღაც ელემენტარული ჭეშმარიტება. ამას კი სჭირდება გამოძიება. გამოძიება ოღონდ არა ხელისუფლების მხრიდან, რომლის არც ერთ უწყებას საზოგადოების მხრიდან ნდობა არა აქვს. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი, ნდობით აღჭურვილი ექსპერტებისგან ჩატარებული გამოძიება, ასევე მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტებიც.

- ქალბატონო ლელა, ვერ გაექცევა ხომ ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას?

- გამორიცხულია! არ არსებობს არც ერთი გზავნილი, რომელსაც ის ახლა საზოგადოებას გაუგზავნის, სადაც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა იქნება და საზოგადოება ამას მიიღებს. ეს არის გამორიცხული! ამიტომ ხელისუფლებისვე ინტერესებში შედის, რომ დადგინდეს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით რეალური ვითარება.

- ახლა საუბრობენ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან იყო გაფრთხილება, რომ მოსალოდნელია ღვარცოფი.

- ჩვენ დადასტურებით ამის თქმაც კი არ შეგვიძლია, იყო თუ არა გაფრთხილება. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, რომელსაც დილით მესიჯები აქვს დაგზავნილი ყველა უწყებისთვის და მერე ხელს აწერს დასკვნას, რომ ამ სტიქიის აცილება შეუძლებელი იყოო, ხომ თავის თავს ეწინააღმდეგება?! ინტერნეტის ეპოქაში, ინფორმაციის დამალვას და პროპაგანდას აზრი არა აქვს.

ჩვენ ვნახეთ წინა წლებში ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის მათ დღევანდელ განცხადებებთან. ჩვენ დადასტურებული ფაქტები გვაქვს იმისა, რომ ხელისუფლება, რომელიც თავის წინა განცხადებებს ეწინააღმდეგება, რაღაცას გვიმალავს. ამას ვერავინ ვერ გაექცევა. არიან უვიცები, არაკომპეტენტურები და ყოველ ნაბიჯზე ატყუებენ საზოგადოებას. საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ თვალწინ არ არის რიკოთის უღელტეხილი?! რაც იქ ხდება? რა, არ ვიცით, რა რისკები გვემუქრება რიკოთისგან?! ღმერთმა დაიფაროს, და ეს რომ მოხდეს, მერეც ხომ შეეცდება ეს ხელისუფლება თავის გამართლებას.

- ბევრი საუბრობს უკვე ამაზე, რომ გაცილებით დიდი მასშტაბის საფრთხეა მოსალოდნელი რიკოთზე. არის შესაძლებელი, რამე შეიცვალოს რიკოთზე?

- მე არ ვიცი, რიკოთზე რაღა შეიცვლება. ამაში კი მარტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ იქნება, იქნება მთელი ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობა. ყველამ კარგად ვიცით, რიკოთის მშენებლობას ახორციელებს ჩინური კომპანია, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციაშელახული, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში გამოცხადებულია დანაშაულებრივ კომპანიად. აქვს ძალიან ბევრი ჩავარდნილი პროექტები და გარდა ამისა, ვიცით, რომ მოქმედებს კორუფციული სქემა. შეჭმულია ძალიან დიდი თანხები. ამას რა ეშველება, არ ვიცი.

მე არ ვიცი, რა აგვარიდებს ამ რისკებს. ჩვენ კი, სანამ ტრაგედია არ დაგვატყდება თავს, მანამდე არ ვრეაგირებთ ადეკვატურად მოვლენებზე. ამიტომ ამას მივყავართ იმ შედეგამდე, რა შედეგებიც დაგვიდგა დღეს შოვში! საზოგადოებამ ტრაგედიამდე უნდა შემოკრას განგაშის ზარი და ხელისუფლება მუდმივად პრესინგის მდგომარეობაში უნდა ამყოფოს. პასუხისმგებლობა ხელისუფლების ხომ არის, მაგრამ მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვაძლევთ იმის ფუფუნებას, რომ მოიქცეს ისე, როგორც იქცევა.

ყველამ ვიფიქროთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობაზე, რა შეგვეძლო და რა არ გავაკეთეთ. ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ განცხრომით იცხოვროს ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ნერვების და ჩვენი ფულის ხარჯზე. ეს თუ არ გავიაზრეთ, არაფერი გვეშველება!

ესაუბრა: ნონა ცაბაძე

„ახალი თაობა“

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა