General Staff: 121 combat clashes on front lines in past day
Armenia agrees on cooperation program with NATO for 2024
After Russian attack on Odesa, Ambassador Brink emphasizes importance of strengthening Ukraine's air defense
Strike on Odesa injures 14 people, RMA shows aftermath
Polish EU Presidency to focus on Ukraine's reconstruction and European integration - Duda
U.S. imposes new sanctions on Russia and countries helping it produce weapons
Zelensky: Ukraine is preparing seven more security agreements with partners
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო

ლელა ჯეჯელავა: „დღეს პოლიტიკური პარტიები საკუთარი ამომრჩევლების მძევლები არიან"

09.07.2023 | 13:14 ნახვები: 958

„ოპოზიციას ვთხოვ, ნუ გექნებათ ძალიან დაბალი წარმოდგენა საკუთარ ხალხსა და საკუთარ ამომრჩეველზე", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა. 

 

- ქალბატონო ლელა, რა სჭირს ქართულ ოპოზიციას? ვისმენთ შეფასებებს, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად უწყობს ხელს „ოცნებას“, გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები. „ოცნებას“ რაც უნდა, ვიცით და რა უნდა ოპოზიციასო. როგორია თქვენი შეფასებები, რატომ აიჭრა მაინცდამაინც ახლა ოპოზიცია? რა ხდება, ბოკერიას გზა ჯობია, თუ სააკაშვილის?

- მართალი გითხრათ, მე არც ბოკერიას გზა ვიცი რას ნიშნავს და არც სააკაშვილის. მე ვიცი, რომ საქართველოს აქვს განვითარების თავისი გზა და ამ გზას უნდა მოემსახურო, რომელიც განპირობებულია ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობით, ისტორიული გამოცდილებით, გნებავთ ცივილიზაციური იდენტობით. ჩვენ აქამდე ვიცოდით რუსული გზა, თუ დასავლური გზა?! არ მეგონა, თუ ეს ასე დავიწროვდებოდა და ვიკითხავდით, ბოკერია თუ სააკაშვილი? საქართველოს ეროვნული ინტერესების გარშემოა საჭირო გაერთიანება და არა კონკრეტული პერსონების გარშემო.

- რატომ დაერივნენ მაინცდამაინც ახლა ერთმანეთს და ახლა რატომ გახდა ხაბეიშვილი მიუღებელი, როცა თავად აირჩიეს? მასხარა და უინტელექტო და უამრავ ეპითეტს ვისმენთ მის შესამკობად. რა ხდება?

- როდესაც პოლიტიკოსებს პერსონალურად ეხებიან, აკრიტიკებენ მის ჩაცმულობას, მის ვიზუალსა და ასე შემდეგ, ეს მიუთითებს არგუმენტირებული კრიტიკის უუნარობაზე. საერთოდ, პარტია ნაციონალური მოძრაობა რომ რთულ მდგომარეობაშია, ამას ლაპარაკი არ უნდა. ადამიანები ცდილობენ, მხოლოდ ერთი კუთხიდან შეხედონ პრობლემებს. ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია, რომელმაც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, დამოუკიდებელი ისტორიის პირობებში, შეძლო თვითგადარჩენა ურთულეს პირობებში. ეს ხომ ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ უკვე 11 წელია საკუთარ თავს ინარჩუნებს მხოლოდ იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის მიმართ აწარმოებს ძალიან მძიმე და დამანგრეველ, პროპაგანდისტულ პოლიტიკას.

- ქალბატონო ლელა, ეს ორი ძალა ერთმანეთს კვებავს და ერთმანეთი სჭირდებათ. „ოცნებას“ ნამდვილად არ უნდოდა, რომ გამქრალიყო ნაციონალური მოძრაობა?

- იცით, რაშია საქმე, „ოცნებას“ რა აწყობდა, ეს ერთი თემაა, მაგრამ მეორე თემაა, საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე. როდესაც შენ პოლიტიკურ პარტიას ირჩევ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ წინა არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ეს არც მარტო „ოცნების“ მანკიერებაზე მეტყველებს, არც ნაციონალური მოძრაობის, ეს არის საზოგადოების უმწიფრობა. საერთოდ, პოლიტიკაც და ყველაფერი, ზოგადად ეს არის ბიზნესი. როგორიც არის მოთხოვნა, ისეთია მიწოდება. საიდან მოვიდნენ ეს პოლიტიკოსები?! გინდა „ოცნების“, გინდა ნაციონალური მოძრაობის? ეს არის საზოგადოების მოთხოვნისა და დაკვეთის შედეგი. ამიტომ მარტო პოლიტიკოსებისკენ ხელის გაშვერა, არცერთი არ გვინდა, ეს არის საკუთარი მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობის ჩვენება. არცერთი არ გინდა, მაშინ შემოგვთავაზეთ რა გინდათ.

დღეს პოლიტიკური პარტიები საკუთარი ამომრჩევლების მძევლები არიან. ნაცმოძრაობასა და „ოცნებას“ კი არა "ალტ ინფოსაც" ჰყავს თავისი მომხმარებელი ამ ქვეყანაში. რომ არ ყოფილიყო მისი მომხმარებელი, ხომ არ გაჩნდებოდა აუცილებლობა პოლიტიკურ ბაზარზე, ამ ტიპის პარტიის შექმნის.

- ვინც ბოკერიას გზას დაადგება, განულდებაო. რას ნიშნავს ეს?

- მე არ ვიცი რას გულისხმობს მესამე პრეზიდენტი ბოკერიას გზაში, გარდა იმისა,  რომ ბოკერია გამოეყო ნაციონალურ მოძრაობას და ცდილობს, მისგან ძალიან მკაფიოდ დისტანცირებას. სხვა რამე ასეთი განსაკუთრებული - პოლიტიკური იდეა, პოლიტიკური გზა და პოლიტიკური მიმართულება ბოკერიას არ წარმოუდგენია, გარდა იმისა, რომ მისი პოლიტიკური პარტიის წევრები თავგამოდებით ლანძღავენ ნაციონალურ მოძრაობას. ეს არ არის გზა.

- რას იტყვით გიორგი გაბუნიას განცხადებაზე? ეს ტელევიზია რომ ნაცმოძრაობასთან ასოცირდება, ეს ხომ არ არის ახალი?

- ვის გაუკვირდა ის, რომ "მთავარი" არხი და თავის დროზე "რუსთავი 2" ძალიან მჭიდროდ აფილირებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არავის გაკვირვებია. პირველი ნაწილი, რაც გაბუნიამ გვიამბო, რომ არხი ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს, ამაში არაფერი გასაკვირი და არც უკანონო არ ყოფილა. მე მართლა ვერ გავიგე, რატომ მოინდომა მერე ზოგმა იმის მტკიცება, რომ ეს ასე არ იყო. ისიც ნორმალურია, როდესაც არხის მენეჯერს აქვს თავისი შეხედულება კონკრეტულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით. ამისი ასე საჯაროდ არტიკულირება რას ემსახურებოდა, ეს ალბათ გაბუნიამ იცის. თუ აქამდე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ არხს აფინანსებდნენ ნაცმოძრაობის მხარდამჭერები, ან მისი უშუალო წარმომადგენლები, დღეს გათავისუფლება რას ნიშნავს? ნაცმოძრაობის ახალი მენეჯმენტი უარს ამბობს არხის დაფინანსებაზე? თუ იმას ნიშნავს, რომ მე შენ დაგაფინანსებ და შენ შეგიძლია, მლანძღო უკანასკნელი სიტყვებით?! ახლა გადაწყვიტა გაბუნიამ, რომ არც მელია მოსწონს და არც ხაბეიშვილი?!  მერე ეს რას ნიშნავს? არხი დადგა ტრანსფერზე? მერე ვინც დააფინანსებს, იმისი პოზიციების გამომხატველი იქნება?! ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს და როგორ თავისუფლდება ნაციონალური მოძრაობისგან?!

- მაშინ რა მოხდა და რატომ დასჭირდათ ეს ყველაფერი ახლა. მართლაც ხომ არ არის ეს „ოცნების“ თამაში და თემების გადაფარვა?

- საქართველოში არ არის მარტო არც „ოცნებაზე“ და არც ნაციონალურ მოძრაობაზე დამოკიდებული მედია. არის სხვა მედიაც, რომელსაც შეუძლია ეს კითხვები, რასაც თქვენ ახლა მეკითხებით, დაუსვას გაბუნიას და მისგან მოისმინოს პასუხები. რასაკვირველია, არის კითხვები, რომელზედაც მან უნდა გასცეს პასუხები. ნაცმოძრაობის დაფინანსების პირობებშიც კი, მთავარ არხს ჰქონდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და ხელფასებსაც ვერ იძლეოდნენ. ახლა, თუკი მათ ეს დაფინანსებაც აღარ აქვთ, როგორ აპირებს არხი ფუნქციონირებას?! ეს ნიშნავს ორ რამეს, ან არხი ეძებს ახალ პატრონს, ან უნდა ჩაგვიზუსტონ, რომ ნაციონალური მოძრაობის მართვის პირობებში არხმა მოიპოვა თავისუფლება. თავად წამოიწყეს ეს თემა და ახლა თავადვე გასცენ პასუხი კითხვას, რა ხდება ახლა?!

- ეს ყველაფერი ნაცმოძრაობის კიდევ ერთი გაყოფით ხომ არ დასრულდება? და წინასაარჩევნოდ ეს ძალიან ცუდი გზავნილი ხომ არ იქნება?

- თუ ჩვენ ამოვალთ ერთადერთი რეალობიდან, რომ ახლა ქართულ ოპოზიციას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ ხელისუფლებიდან გაუშვას „ქართული ოცნება“, მაშინ დიდ ოპოზიციურ პარტიას თავადვე ასე მარტივ მამრავლებად დაშლის შემთხვევაში, გაუჭირდება ამის გაკეთება. მე არ მესმის, რატომ უნდა დაიყონ ახლა და მერე ისევ ხელახლა შეერთდნენ, თუ მათი მოტივაციაა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება ნიშნავს, მაქსიმალურად გაზარდო რისკი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის. მე არ მგონია, რომ ოპოზიციას ეს არ ჰქონდეს გაცნობიერებული. თუ ეს გაცნობიერებული აქვს და ამ პირობებში ისინი კვლავ ერთმანეთთან დაპირისპირებას აგრძელებენ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათი მოტივაცია არ არის ამ სახელმწიფოს გადარჩენა და მათი მოტივაცია არის ბრძოლა პოლიტიკაში დარჩენისთვის, თუნდაც მეორეხარისხოვან როლზე, „ოცნების“ გავლენების ქვეშ! სხვა ახსნა ამას არ ეძებნება. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს პრიორიტეტები სწორად არ აქვს დანახული.  თუ ჩვენ კარგად დავაკვირდებით, ვინ ვის ესხმის თავს და მე ახლა აღარ ჩავუღრმავდები ამ საკითხს, ასევე ძალიან მკაფიოდ ჩანს, თუ ვინ არის თავშეკავებული სხვებზე თავდასხმებისაგან. ამას თუ შევხედავთ, მაშინ დასკვნების გაკეთება არ გაგვიჭირდება. ჩემი თხოვნაა ოპოზიციური სპექტრის მიმართ, ნუ გექნებათ ძალიან დაბალი წარმოდგენა საკუთარ ხალხსა და საკუთარ ამომრჩეველზე. ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. შეეცადონ და საკუთარ თავს შეხედონ გარედან, როგორ გამოიყურებიან ისინი. მოტივაცია განსაზღვრავს ქმედებას.

წყარო: "ახალი თაობა"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა