მამუკა მდინარაძე - დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს - უნდა გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება
მამუკა მდინარაძე - ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას
მედია - რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც Associated Press-თან და Reuters-თან თანამშრომლობდნენ
ემანუელ მაკრონის განცხადებით, მზადაა, საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ დებატები გახსნას
მეუფე იაკობი - ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ
Ukraine will be able to stabilize frontlines in coming months - ISW
Russia loses 1,096 more soldiers in Ukraine
Ukrainian air defenders shoot down five drones overnight

სტატუსი გვაქვს - ოცნების ბრწყინვალება და სიღატაკე VS 8-9 მარტის სისხლი და სიდიადე

12.15.2023 | 20:53 ნახვები: 1239

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. გილოცავთ!

ამ მოვლენას რეალურად სხვა არც არაფერი უნდა სჭირდებოდეს - სიხარულისა და ზეიმის გარდა. მაგრამ ისტორიას აქვს უცნაური თვისება - განმარტებებსა და ახსნებს მოითხოვს.

წლების წინ, ერთ-ერთ პუბლიკაციაში ვწერდი - „ჩვენ დამოუკიდებლობა არ მოგვიპოვებია ეროვნული და ისტორიული იდენტობის პრინციპებზე დაყრდნობით წარმოებული ბრძოლის საფუძველზე. იგი გვერგო ისტორიული კატაკლიზმების შედეგად, რომელიც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში განვითარდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები, სადაც არავის წარმოუთქვამს სიტყვები, _ დამოუკიდებლობა და თავისუფლება. როდესაც ვამბობ გვერგო, ვგულისხმობ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეროვნულ შემადგენელს და არა იმას, რომ არავის უბრძოლია, სისხლი არ დაღვრილა. ვგულისხმობ დამოუკიდებლობის ფილოსოფიურ გააზრებას, თორემ „ჩაი და ბორჯომი გვარჩენს", - ყველას გვაქვს მოსმენილი“.
დღესაც იმ აზრზე ვარ და ახლა მით უფრო, როდესაც თვალნათლივ ვხედავ - კანდიდატის სტატუსიც გვერგო სრულიად დაუმსახურებლად, რადგან რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ქვეყნის მისწრაფებაზე, მის საუკუნებრივ არჩევანზე, მენტალიტეტზე, პერსონებზე, რომლებმაც წლების წინ გააკეთეს ეს არჩევანი - დღეს ჩვენ სტატუსი ობიექტურად არ გვეკუთვნოდა. რატომ? ამაზე ქვემოთ.

ახლაც ვიტყვი მცირეოდენი პერიფრაზით - ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვიპოვებია ეროვნული და ისტორიული იდენტობის პრინციპებზე დაყრდნობით წარმოებული ბრძოლის საფუძველზე. იგი გვერგო ისტორიული კატაკლიზმების შედეგად.

და ეს პირველ რიგში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იყო. ყველაზე მთავარი - შესაძლო იყო, ჩვენ კვლავ დავრჩენილიყავით ევროპული პერსპექტივის ფარგლებში, რომ არა 8-9 მარტის მოვლენების დროს საქართველოს მოსახლეობის სიმამაცე.
ყველაზე სასაცილო, სამწუხარო თუ არა, ამ ვითარებაში ის არის, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მხარზე („ბუქსირზე“ უფრო სწორი იქნება) წამოკიდებული და იძულებით ამ დღემდე მითრეული ხელისუფლება, რომელსაც მარტის დღეებში მთელი ევროპა და ცივილიზებული მსოფლიო ეხვეწებოდა, ემუდარებოდა, სთხოვდა უკუეგდო „რუსული კანონი“, უტიფრად საუბრობს გამარჯვებაზე და მის წვლილზე ამ პროცესში.
მხოლოდ კრეტინმა და იდიოტმა შეიძლება დაიჯეროს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა. ეს არის დღევანდელ მომენტში უკრაინის ფაქტორის გარდა, სწორედ, რომ 8-9 მარტის წინააღმდეგობის შედეგი. ამიტომაც, დღეს თუ რამე აფერმკთალებს ამ ზეიმს, სწორედ იმ ადამიანების მიერ ამ გამარჯვების მიტაცების მცდელობაა, რომლებმაც ქართველი ხალხი სცემეს, მოწამლეს, წყლის ჭავლით ებრძოლეს, დაასახიჩრეს, დაიჭირეს, გაასამართლეს და ასამართლებენ. (თუმცა რა გასაკვირია - ბატონო პრემიერო, სატანისტები უნდა გადანდგურდნენ, არა?)
ქართული ხელისუფლების სახისმეტყველება იყო თავისუფლების მოედანზე, საზეიმო სცენაზე მდგარი, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დამრღვევი ოთხი „ლიდერი“, რომელთაგან ყველას ჰქონდა ნათქვამი - თუ არ მოგცემენ სტატუსს ერთ ადგილას გაიკეთონო და ხალხში მყოფი „კონსტიტუციის დამრღვევი“ საქართველოს პრეზიდენტი. და თავს ლაფის დასხმა ევროკავშირის ელჩის - პაველ ჰერჩინსკიგან: „საქართველოს პრეზიდენტო“ და შემდეგ როგორც ტექსტშია.
ასე, რომ აქ ყველაფერი ნათელია.
აი, ზემოთ პერსონები ვახსენე და ჩემთვის ასეთი, ყველაზე ევროპული პერსონა გრიგოლ ხანძთელია. სწორედ გრიგოლ ხანძთელმა მოამზადა დავით აღმაშენებლის ეპოქა მთელი თავისი დიდებულებით. დიახ, გრიგოლ ხანძთელმა განსაზღვრა ერთიანი ქართული სახელმწიფოს კონტურები და მისი ისტორიული არჩევანი, _ წინ, განათლებისკენ! წინ, ცივილიზაციისკენ! რაც გულისხმობდა კიდეც გორგასალისეული იდეის ტრანსფორმაციას _ ქრისტესთვის სიკვდილის ძიებას და ფორმირდებოდა, როგორც ქრისტესთვის, რწმენისთვის, ქვეყნისთვის, იდეისთვის გამარჯვება და აღმშენებლობა.
სწორედ გრიგოლ ხანძთელი გახლავთ საქართველოს დასავლური განვითარების ისტორიული მესაძირკვლე. ამას განაპირობებდა არა ის გარემოება, რომ იმ ეპოქაში ბიზანტია იყო ჩვენი მეზობელი, არამედ უმთავრესად ის ღირებულებები, რომელიც გვაკავშირებდა ბერძნულ, ანუ დასავლურ ღირებულებებთან. თორემ ლამის იგივე გეოპოლიტიკურ სივრცეში სომხეთის ეკლესიამ, როგორც ამ სახელმწიფოს კულტურული და ისტორიული იდენტობის განმსაზღვრელმა, აღმოსავლეთის გავლენისა და ღირებულების შესისხლხორცებით რა არჩევანიც გააკეთა, დღესაც თვალნათელია.
თავი ავარიდოთ დიდ სიღრმეებს და სწორედ აქ მოვიშველიოთ გიორგი მერჩულე - გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღმწერი. გრიგოლ ხანძთელი კარგა ხნის გადაცვლილი იყო, მაგრამ მისი მემკვიდრეობა, მისი მსოფლმხედველობა იმდენად მყარი და გნებავთ, უძლეველი გახლდათ, რომ მე-10 საუკუნეში მერჩულე სწორედ ხანძთელის ხორცშესხმულ იდეას ახმოვანებს და ამბობს: „ქართლად ფრიად ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების, ხოლო კვირიელეისონ ბერძნულად ითქუმის, რომელიც არს ქართულად „უფალო, წყალობა-ყავ", გინა თუ: „უფალო, შეგვიწყალენ". ბიზანტიის დაცემამდე, ჯერ კიდევ, დიდი დროა და ბიზანტიის დაცემის შემდეგაც, ვიდრემდის საქართველოში რუსეთის ძალმომრეობის დაწყებამდე, ეს ფორმულა იქნება არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს არსებობის, არამედ ქართული კულტურისა და იდენტობის განმსაზღვრელი.
და მაინც, რატომ „უფალო შეგვიწყალე" ბერძნულად? უპირველესად, იმიტომ, რომ აქ მჟღავნდება ერის კულტურული კოდი და მისი ღირებულებითი მისწრაფებები.

და დღეს რა? რით ვართ ჩვენ ევროპელები, ხანძთელისა და ილიას გზის მიმდევრები კი არა დამნახავები, შემმეცნებლები? იმით რომ დღეს, 21 საუკუნის მესამე ათწლეულში საქართველოში საბჭოთა ადამიანი აღემატება ევროპელს? იმით, რომ ქვეყანას საბჭოთა ხელისუფლებან ჰყავს? თუ გინდათ სხვაგვარად ვიტყვი -ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საბჭოთა სისტემით მართავს სახელმწიფოს - თუ ამას სახელმწიფო ჰქვია?

დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს ვერ ეღირსა გამაერთიანებელი ხელისუფლება. ზოგი ამას ვერ ახერხებდა ქვეყანაში რუსული გავლენით, ზოგიც რუსული გავლენის შიშით.

ჩვენ ის სახელმწიფო ვართ, რომელიც ომმა - ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წლის აგრესიამაც ვერ გაგვაერთიანა. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომ ერთიანი კონცეპტუალური გააზრებაც კი არ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ჩვენს გვერდით მცხოვრებმა სულმდაბალმა თანამოქალაქემ შესაძლოა, თქვას - გაუმარჯოს პუტინს, გაუმარჯოს რუსეთს (ოკუპანტის კონტექსტში) და თვალი მოვარიდოთ, რადგან საქართველოს ხელისუფლება სულმდაბალის მიმართ გამოთქმული კრიტიკისა და სილის გამო ჩვენ დაგვაჯარიმებს, დაგვიჭერს, გაგვასამართლებს. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მორალი, თორემ იმ გარეწრის გამოხტომაზე თავად უნდა რეაგირებდეს.

არაფერს ვიტყვი, ამ ქვეყანაში ლიბერალების მიმართ ხელისუფლებებისა და მისი მხარდამჭერების სიძულვილზე და ამავდროულად კაბინეტებში ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის სურათებზე.

რაც არ უნდა ბევრი ვიბრჭყვიალოთ ევროპულად, მასა, აქ ამ ქვეყანაში ბნელია. დიახ, ბნელი - საბჭოთა კავშირის პერიოდის ყველაზე მუქთახორა და არარეალიზებული მენტალობის პერსონების კრებული.
ამ პირობებში მოსახლეობის უმცირესობის ბრძოლა ევროპული ღირებულებებისთვის და ევროინტეგრაციისთვის კიდევ დიდი ხანი არ გამოიღებდა ნაყოფს. თვით ხელისუფლებას ფორმალური სურვილი ევროინტეგრაციისკენ სავალ გზაზე განაცხადის სახით 2024 წლისთვის ჰქონდა გადაწყვეტილი. დღეს უნდა ვირწმუნოთ, რომ გადაწყვეტილი, რადგან განცხადება გაკეთებული იყო, თორემ მომავალ წელს რა მოხდებოდა ეგ კიდევ სხვა მსჯელობის საკითხია.
წლების წინ დავწერე:

Gocha Mirtskhulava

  · 

Shared with Public

 

ბულგარეთის ერთმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ნატოში ინტეგრაციისთვის და არჩევნები წააგო. ახალი მთავრობა "ზომიერი" პოლიტიკის მომხრე იყო, არც ნატო ეხატებოდა გულზე და ალიანსში გაწევრიანების დოკუმენტზე მოუწია ხელის მოწერამ.

რა უკუღმართი რამეა პოლიტიკა


----
თუ მართლა ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა გეტყვით - არა! გარემოებების დამთხვევის, 8-9 მარტისა და ხელისუფლების გარედან იძულებისაც კი არა - ბუქსირზე თრევის შედეგია.

ავტორი: გოჩა მირცხულავა
ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა