იაგო ხვიჩია - ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ოცნების“ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ
გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია
ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი
მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ
გიორგი ვაშაძე - 29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა
War update: 86 combat clashes in past day, 18 Ukrainian airstrikes targeting enemy forces

ბიძინა სუფევს

01.27.2021 | 11:00 ნახვები: 761

ივანიშვილის პოლიტიკიდან „წასვლას" (ბრჭყალებში) ჯერ-ჯერობით თითქოს შესამჩნევი ცვლილებები არ მოჰყოლია. „ყოველი ძველებურად მდინარებს". შესაძლოა არც მოჰყვეს უახლოეს მომავალში რაიმე გარდატეხა, მაგრამ „მოლოდინები" რომ გაჩნდა, ცხადია. პოლიტიკის თვისებაა: „მოლოდინი" და „აღქმა" ხშირად იმაზე მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე რეალობა და ფაქტი.

„წასვლა-არწასვლაზე" ლაპარაკისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბიძინა ივანიშვილის სტილი და ყურადღებით წავიკითხოთ მისი ბოლო წერილი, ასევე ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ. აქ სრულიად აშკარაა გამოცდილი და კვალიფიციური პოლიტტექნოლოგების „ხელი" ყველა შემთხვევაში. კონტრასტისათვის შევადაროთ მის „მოსვლას" საჯარო პოლიტიკაში, როდესაც პირველ პრეს-კონფერენციას 200 (!) ჟურნალისტი ესწრებოდა, იყო ერთი ჟრიამული, ქაოსი და ასეთივე ქაოსური კითხვა-პასუხი.
ამჯერად კი ივანიშვილმა ყველა სიტყვა ზუსტად გათვალა. დაწყებული ფონდ ქართუსათვის ქონების გადაცემის „გამოყოფისაგან" (ამ თემაზე ინტერვიუ სულ სხვა გამოცემას, Entrepreneur-ს მისცა), დამთავრებული ტექნოლოგიური განცხადებით, რომ იგი აღარ იქნება მის მიერვე დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნების" მხარდამჭერი. არ უთქვამს „წევრი" აღარ ვიქნებიო, რადგან მეტისმეტად „მჭახედ" გაიჟღერებდა. არადა, შინაარსობრივად ზუსტად ამას ნიშნავს: აბა როგორ შეიძლება პარტიას მხარს არ უჭერდე და მის წევრად ირიცხებოდე?
იმავე ნიჭიერი ისრაელელი პოლიტტექნოლოგების „ხელი, გონი და მოხერხება" ეტყობოდა იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილმა არც წერილში, არც ორიდან რომელიმე ინტერვიუში „არ დაუშვა" კითხვა, რომელიც ყველაზე ბუნებრივი იყო: „რჩებით საქართველოში თუ მიემგზავრებით საცხოვრებლად საზღვარგარეთ, მაგალითად საფრანგეთში?"
ხომ ბუნებრივი იქნებოდა ასეთი კითხვა? მაგრამ „არ დაუშვა", რათა პასუხის აუცილებლობა არ გასჩენოდა.
სწორედ ეს ნიუანსები მეტყველებს: იმის მიუხედავად, „მართლა წავიდა" თუ არა ივანიშვილი, მან, ბოლო აქციებით და „წასვლის ტექნოლოგიით" ყველაფერი გააკეთა, რათა „წასული" ეგონოთ მათ, ვისაც საჭირია წასულად მიაჩნდეს და „წაუსვლელი" ეგონოთ იმათ, ვისაც სასარგებლო იქნება ასე ეჩვენებოდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სულაც არ ეწინააღმდეგება მის სტილს: ბიძინა მუდამ იყო „ყველგან და არსად". პატარა პერიოდის გარდა, როცა იძულებული გახდა (!) სულ რამდენიმე თვით დაეკავებინა პრემიერ-მინისტრის პოსტი. პარტიის თავმჯდომარეობის დროსაც კი „სუფევდა" თუმცა არსად სჩანდა. როგორც ბრიტანელი მონარქი: „მეფობს, მაგრამ არ მართავს".
ეს არის ივანიშვილის უკანასკნელი „კონტრიბუცია" მისი პარტიის მომავალში: იგი მაინც „ყველგან და არსად" იქნება, ხოლო ქვეყანაში დარჩება „მითი ივანიშვილზე" - ყველა, ვინც გაისეირნებს დენდროპარკში, იტყვის: „ეს არის ბიძინა", სამების ტაძარი? „ეს არის ბიძინა", ტექნოლოგიური უნივერსიტეტი? „ეს არის ბიძინა", „ქართუ ფონდი" მისივე მილიარდებით? - „ეს არის ბიძინა". ასე ყველაზე და ყველაფერზე. მაშინაც და იმაზეც კი, რაც სინამდვილეში „მისი" არაა ან არც ოდესმე ყოფილაა.
ამგვარია მითის თვისება. და ეს მითი, ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის ძლიერ დაეხმარება „ოცნებას".
„მითი ბიძინაზე" ოსტატურად იქსოვებოდა მთელი 12 წლის განმავლობაში, რუსეთიდან მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ალბათ PR სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ ეს ტექნოლოგია: ივანიშვილი ყველას უშლიდა საჯაროდ მისთვის მადლობის თქმას დანიშნული პენსიისთვის, „ქართუ ბანკი" თუ „ქართუ ფონდი" მუდამ ჩრდილში ტოვებდა, ვინ იყო ამა თუ იმ მიმართულებით დონაციისა და ქველმოქმედების ავტორი... არადა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს PR-ტექნოლოგია ყოფილა ყველაზე „მქუხარე" - ძლიერი მითის შესაქმნელად.
განა შეძლებენ სხვა მილიარდერები, სხვაგან, სხვა ქვეყანაში, ამ ტექნოლოგიის გამოყენებას? ძალიან საეჭვოა! მან რომ იმუშავოს, საქართველოს სპეციფიური პირობებია საჭირო: მრავალი დამარცხების, უამრავი ისტორიული სტრესის შემდეგ, ოცნება მშვიდობასა და ყოვლისმცოდნე, ყოვლის შემძლე, მზრუნველ „მამა-მარჩენალზე".
ივანიშვილმა ისიც შენიშნა, რომ ოპოზიცია ვერ ქმნის „კრიტიკულ" მასას. ოღონდ ჯერ-ჯერობით. და, იმავე დროს, არ სურს იტვირთოს პასუხისმგებლობა ციკლოპურ ვალსა თუ „ყარაბაღის გარდატეხის" შემდეგ საქართველოს გეოპოლიტიკური სატრანზიტო ფუნქციის თითქმის განულებაზე. ამ ტვირთის პოლიტიკური „წონა" 4-5 წელიწადში იქნება საგრძნობი. ზუსტად ეს ვადა ახსენა ინტერვიუში.
იმავე დროს, ბიძინა ივანიშვილმა, ამგვარი „წასვლით" ერთხელ და სამუდამოდ დაუკარგა შინაარსი მისი „სანქცირების" მოთხოვნას: რაც არ უნდა მოხდეს, ვერანაირი „კონგრესი", ვერანაირი „ევროპარლამენტი" და ევროკავშირი, ამერიკა თუ ევროპა საქნციებს ვერ დაუწესებს: „წასულია პოლიტიკიდან" და მორჩა! მაშინ უნდა აუხსნათ ევრო-ამერიკელებს, რას ნიშნავს ქართული სიტყვა „სუფევა" და რომ ეს მცნება ადამიანის მიმართაც შეიძლება გამოიყენებოდეს.
ვერ აუხსნით!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თანაც, ბიძინას „ძველ-ახალი" სტატუსი არანაირად არ იმოქმედებს მის რეალურ გავლენაზე. თუ ჩათვლის საჭიროდ, „ჩაერევა" და შედეგსაც მიიღებს.
ივანიშვილი ხომ კომპიუტერულ „სტრატეგიას" ეთამაშება საკუთარ გუნდს: აი „შენაერთს" („იუნიტს") რომ მონიშნავ მაუსით და მოწინააღმდეგისკენ მიუთითებ. მერე შესაძლოა აღარც დაგჭირდეს ჩარევა, რადგან ეს „იუნიტი" სხვა ყველაფერს თვითონ აკეთებს: ირჩევს იარაღს, ტაქტიკას, დარტყმის წერტილებს და ა.შ.
ივანიშვილის „დანატოვარი შენაერთი" უკანასკნელი სვლა-გეზის მიმართულებას ნამდვილად მიიღებდა გასული წლის ბოლოს. ხოლო ბიძინა რომ სინამდვილეში „სტრატეგიას" გვეთამაშება ჩვენც და საქართველოს დასავლელ პარტნიორებსაც, ძალიან მარტივი, იმავე დროს თვალსაჩინო სიმპტომით სჩანს: მართლა რომ „წასულიყო", ერთ ფავორიტს აუცილებლად შეარჩევდა და „სუფევის" რუდუნებით დაცვას იმ შერჩელ ფიგურას დაავალებდა: მან კი პარტია ირაკლი კობახიძეს ჩააბარა, მთავრობა გვახარიას დაუტოვა, რომელსაც თავის მხრივ კალაძე აბალანსებს... პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს კი - ვოლსკი/მდინარაძის ტანდემი.
შევარდნაძის შემდეგ ასეთი ოსტატური „დაბალანსება" ვერავის მოუხერხებია.
შედეგად, პირველი შემთხვევაა მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლება საქართველოში არ არის „პერსონიფიცირებული": იყო გამსახურდია, იყო შევარდნაძე, იყო სააკაშვილი....დღეს ვინ არის ხელისუფალი? გვახარია? თალაკვაძე? კობახიძე? გამოდის, ეს სამეულიც და მათი „საყრდენებიც" ხელისუფლების სხვადასხვა შტოში (პარლამენტში თუ მთავრობაში), თავს მანამ ინარჩუნებენ, სანამ გრძელდება „სუფევა"! ალპინისტებივით ერთ თოკზე არიან მოჭიდებულნი.
შემთხვევითი როდია, ბოლო ინტერვიუში ივანიშვილმა თითქოსდა ურთიერთასწინააღმდეგო მესიჯები რომ გაუგზავნა საკუთარ „დანატოვარ გუნდს": „კამათის ნუ შეგეშენდებათ, მაგრამ ერთმანეთს ნუ დაჭამთო". ანუ, თუ ბიძინას ენიდან „გადმოვთარგმნით": „ერთპიროვნულ ძალაუფლებას არ წაეპოტინოთ, კვლავინდებურად მე ვსუფევ, თუმცა ერთმანეთი დააბალანსეთ, - ეს ხსნილიაო".
რამდენად მოახერხებენ ამას, კიდევ საკითხავია და თუ ვერ მოახერხებენ, შესაძლოა „მესამე მოსვლაც" ვიხილოთ.

დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი, ისტორიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა