გოჩა მირცხულავა: კობახიძე მემკვიდრედ ბიძინას უნდა თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, კობახიძეს მიაჩნ
„ქართულმა ოცნებამ“ მისი გარემოცვის წევრები მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მათთვის ან სიკვდილი, ან ციხეში ყოფნა ბევრად უფრო მეტი სიმშვიდის მომგვრელია
"მე არ მჯერა რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიის"
"ახვლედიანი ჰალსტუხიანი ყაჩაღია. საკმაოდ ბევრ ბინძურ საქმეშია გარეული"
"სტუმრად მისული ადამიანი თავს რატომ იკლავს, თუ ის კუთხეში არ მოამწყვდიეს და მასზე ყოველგვარი ნეგატიური ზემოქმედება არ მოხდა?!"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის სიტუაციას? შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში სრული ქაოსია. ორი დღის წინ ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენის დაკავება, გუშინ თორნიკე რიჟვაძის ამბები. თურმე თვითმკვლელობა სცადა და წერილიც დატოვა. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
- „ქართული ოცნება“ სად არის, ეგ რომ ვთქვა, ძალიან უცენზურო ნათქვამი გამომივა. თუმცა გამგები, ისედაც გაიგებს, როგორც ჩანს, ძალიან ცუდ დღეში არიან. მათი სადარდებელი მუდმივად იყო ფული და ამ წუთსაც ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს ფულებზე ნადირობა. ზუსტად ეს არის ის, რასაც ვამბობდი, რომ ამათ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგული აქვთ და ბიძინას სახით ერთი ღმერთი ჰყავთ.
- ანუ რა ხდება? ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო "გაპარსვა" ყოფილი თანამდებობის პირების? წერილში წერია, ახვლედიანი არაფერ შუაშიაო, თანაც თანხაზე და ნარკოტიკზეა საუბარი.
- ასე შევხედოთ ამ სიტუაციას - ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ თვითონ არის მნიშვნელოვანი სასანქციო საფრთხეების ქვეშ. მისი ქონება, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის, ერთ დღეს შეიძლება დაყადაღებული იყოს და ქვეყნის შიგნითაც აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, რომ ის საკუთარი ქონების განმკარგავი ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება ალტერნატიული ფული, რომელიც მან თავის დროზე აშოვნინა ადამიანებს. აი, ამ „აშოვნინა"-ში ცხადია, ამ ადამიანებს მადა უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე მათთვის იყო ლუფტი მიცემული. ახლა ბიძინა ცდილობს, ისიც კი დააბრუნებინოს, რაც მისი ნებით მისცა. სულ ეს არის, აქ მიდის ფულზე ნადირობა.
- ამ გზით ცდილობს ივანიშვილი ალტერნატიული ფულის დაგროვებას?
- დიახ, ასეა. ეს არის გავეშებული მხეცის ამბავი, რომელიც კუთხეშია მიმწყვდეული და ცდილობს, როგორმე გადარჩეს და ყველა და ყველაფერი დააზიანოს მის ირგვლივ, ოღონდ თვითონ გადარჩეს. აი, ამაზეა საუბარი. რაც შეეხება რიჟვაძის თემას, რიჟვაძე ყველამ იცის, თუ ვისი პროტექციით იყო ხელისუფლებაში.
- საუბარია, რომ ის ღარიბაშვილის კადრი იყო.
- კალაძე-ღარიბაშვილი, მე ასე ვიტყოდი. მათი ურთიერთშეთანხმებით, ახლა ისეთი სიტუაციაა, როდესაც რიჟვაძესთან დაკავშირებით ხდება ეს ფაქტი, ეს ნიშნავს, რომ რეალურად მას კი არ ესროლეს, არამედ სხვადასხვა ეტაპზე, მის მფარველებს, ღარიბაშვილსა და კალაძეს ერთდროულად ესროლეს ეს ტყვია.
- ესროლესო და რამდენად გჯერათ თვითმკვლელობის ვერსიის?
- არა, რა თქმა უნდა! ნამდვილად არ მჯერა ამისი. არაა გამორიცხული, რომ დამიზნებითაც ესროლეს. მე ახლა ვერსიებზე ვერ ვილაპარაკებ. საგამოძიებო ორგანოების ნდობა ჩვენ, ფაქტობრივად, არა გვაქვს, მაგრამ მოდი მივყვეთ იმას, რომ თვითმკვლელობის მცდელობა იყო. სტუმრად მისული ადამიანი თავს რატომ იკლავს?! თუ ის კუთხეში არ მოამწყვდიეს და მასზე ყოველგვარი ნეგატიური ზემოქმედება არ მოხდა?!
- თანაც ითქვა, რომ უკვე რამდენიმე დღეა იმ სახლში იმყოფება.…
- ანუ ტყვეობაში ჰყავდათ. როდესაც ამ სიტუაციაზე მიდის საუბარი და ჩვენ ვიცით, რომ ეს ალექსი ახვლედიანი საკმაოდ ბევრ ბინძურ საქმეშია გარეული. გახსოვთ, თავის დროზე, ნიკა გვარამიას საქმეზე მისი დამშანტაჟებელი, ანუ სიტყვის მომტანიც ეგ იყო. უბრალოდ, მაშინ ნიკა არ წამოეგო ამ რაღაცეებს და შესაბამისად, ღიად თქვა ამის შესახებ. ახლა ეს "გაპარსვის" ოპერაცია.
- მას აქვს დავალებული?
- მასაც და მისნაირი უამრავი ადამიანი იქნება. უბრალოდ, ეს ახვლედიანი, ჰალსტუხიანი ყაჩაღია. უამრავი უჰალსტუხო ყაჩაღიც არსებობს ამ ქვეყანაში. გააჩნია, ვის ვის მიუგზავნიან. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივი დასანახია მთელი ეს სურათი. „ქართულმა ოცნებამ“ მისი გარემოცვის წევრები მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მათთვის ან სიკვდილი, ან ციხეში ყოფნა ბევრად უფრო მეტი სიმშვიდის მომგვრელია, ვიდრე გარეთ ყოფნა.
- შინა პატიმრობა ახსენეთ საუბრიდან და ახლა ბევრს საუბრობენ, რომ ყველა „გადამდგარი" მაღალჩინოსანი ბიძინას შინაპატიმრობაში ჰყავსო. ყველას ჩამორთმეული აქვს პასპორტი და აკრძალული აქვთ ქვეყნიდან გასვლა. ამაზე რას იტყვით?
- კი ბატონო. ხოლო ვისაც პასპორტი წართმეული არა აქვთ, მაგალითად, ბიზნესმენებს, მათ ქვეყნიდან გასვლის უფლება არა აქვთ! მე ადრეც ვწერდი ამას და დაბეჯითებით ვამბობდი, რომ არის ასეთი პარადოქსული სიტუაცია შექმნილი, რომ თუ ბიზნესმენის ოჯახის წევრები იმყოფებიან საზღვარგარეთ და ამავდროულად, მასაც უნდა სადღაც წავიდეს, ამასთან დაკავშირებით თანხმობა უნდა აიღოს სხვადასხვა უწყებებში. ამ შემთხვევაში არალეგალურ თანხმობაზე მაქვს საუბარი. თუ არადა, ოჯახის რომელიმე წევრი უნდა ჩამოიყვანოს და როგორც პაატა ჩააბარა გიორგი სააკაძემ მძევლად, ისევე უნდა დაუტოვოს მძევლად „ქართულ ოცნებას“.
მათ სხვა უბედურებაც აქვთ. ქართველი ბიზნესმენების პირადი ანგარიშები კონტროლდება. მათ არა აქვთ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელების უფლება. ხოლო თუ ისინი ამ ტრანზაქციას ახორციელებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ამონაწერები დევს შესაბამისი პერსონების მაგიდაზე.
- ანუ სრული ტერორი და კონტროლი. კობახიძე კი ამტკიცებს, ბიზნესი სუნთქავს და თავისუფალიაო.
- ამ ყველაფერს დავამატოთ ისიც, რომ ბიზნესელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყულაბაში იხდიან ფულს და მათთვის ყველაფერი კარგად არის, მათ არ იციან, ხვალ რამდენს მოსთხოვენ, ან მოსთხოვენ იმაზე ღირებულს, ვიდრე მათ აქამდე „დადგენილი“ წესებით გადაუხდიათ.
- ახვლედიანის დაკავებაზე რას იტყვით? სხვა გზა აღარ ჰქონდათ?
- სხვა გზა არ ჰქონდათ. მე ვფიქრობ, რომ მძიმეა რიჟვაძის მდგომარეობა და ახლოს არის ფატალურთან, სხვა შემთხვევაში, ახვლედიანს არ დაიჭერდნენ. მოდით ისევ მივყვეთ იმ ვერსიას, რომელიც თვითონ შემოგვთავაზეს. თუ რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, ანუ ეს იყო მისი ერთადერთი ხსნა იმ ტყვეობიდან, სადაც ის იმყოფებოდა. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა. როგორც ჩანს, ახვლედიანის დაკავება, გარკვეული ვალდებულებიდან გამომდინარე, საჭირო იყო. როდის გამოუშვებენ და რა იქნება, მე ამაზე ვერ ვიმკითხავებ. არ ვიცი, მისთვის რა ვერდიქტი იქნება გამოწერილი. ახვლედიანისთანა ადამიანები ივანიშვილს ხურდაში მილიონი ჰყავს. ნამდვილად არ იდარდებს მასზე. ახვლედიანი რომ დასაჯონ, არც ეს არ გამიკვირდება, მან დავალება ვერ შეასრულა. არ არის გამორიცხული, რომ ამის გამო დასაჯონ.
- თქვენ რიჟვაძის კონტექსტში ახსენეთ კალაძე და ღარიბაშვილი. რამდენად სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ორივე? თქვენ ბრძანეთ, რომ ამ გასროლით მათაც ესროლეს.
- რა თქმა უნდა, ორივეს ესროლეს.
- სხვათა შორის, დიდი ხანია ჭორად დადის, რომ პროკურატურა ზის კალაძესთან, ე.ი. არც ესა ჭორი?
- ჯერ კიდევ წინა თვითმმართველობის არჩევნების დროს, კალაძეს თბილისის მერობა არ უნდოდა, ის იძულებული გახდა, რომ გამხდარიყო თბილისის მერი. დღეს, ყველაზე გავლენიან პირსა და ფორმალურ მმართველს, ანუ ივანიშვილს, არავინ არ სჭირდება, ვინც დიდი გავლენითა და პოპულარობით სარგებლობს. ფინანსური გავლენა „ქართულ ოცნებაში“, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ვგულისხმობ პოლიტიკურ ელიტას, ნომერ პირველი კალაძეა! ეს რაც ხილულია იმის მიხედვით. კალაძეს პარტიაში თავი გენერალური მდივანი ჰგონია, მაგრამ ამ წუთას ის არავინ არ არის. ის არის კეთროვანი, იმიტომ, რომ ამ გუნდს ატანა არა აქვს მისი.
- ანუ არც კალაძის საქმეა კარგად?
- მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. პრემიერისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ კალაძე იქნება თბილისის მერიო, გამორიცხული არაფერია. მით უმეტეს, კალაძეს დიდ ცოდვად უთვლიან, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებამ“ თბილისი წააგო. შიგნით მიდის იმაზე საუბარი, რომ ახლაც, კალაძის პირობებში, თბილისის მოგება შეუძლებელი იქნება.
- შესაძლოა, რომ კალაძე სულაც არ იყოს მერობის კანდიდატი?
- რა თქმა უნდა. კალაძე დილემის წინაშე დგას. ის თავისით ვერ იტყვის, კენჭს არ ვიყრიო, მაშინ ეტყვიან, რომ გუნდს ღალატობო. ვერც იმას ეტყვიან ასე ხელაღებით, რომ შენ არ უნდა იყარო კენჭიო. რაღაც უფრო მძიმე ფორმას უმზადებენ. წავედი და ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად, აქ არ იმუშავებს.
- ყოფილ პრემიერზე რას იტყვით? ღარიბაშვილიც შიდა პატიმრობაშია? ისიც ტყვეობაშია?
- ახლა რაც ჭირს „ოცნების“ ყოფილ თუ ამჟამინდელ გარემოცვას, ეს არის „ბედის ტირილი“. მათთვის ეს უმძიმესი რამ არის, რომ ვერ იაზრებენ, ისეთი. მათ ჯერაც არ იციან, ვისთან აქვთ საქმე, ბიძინა ივანიშვილის სახით. შურისძიების ფორმატები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არსენალში არსებობს, ამ ფორმით არ იცნობენ ივანიშვილს. როგორც ვხედავთ, ახლა უწევთ გაცნობა. მე და თქვენ შეიძლება წარმოდგენაც კი გაგვიჭირდეს, რა მეთოდებზეა საუბარი.
- რას იტყვით გავლენიანი ბიზნესმენის, გიორგი რამიშვილის, იგივე „ზარალას“ დაკავების შესახებ? ვინმეს სჯერა ამ ვერსიის?
- რამიშვილთან დაკავშირებითაც იგივეს გავიმეორებ, რომ ქართველი ბიზნესმენების უმეტესობას და პოლიტიკური ელიტის უმეტესობას, ზოგს ურჩევნია, რომ მკვდარი იყოს და ზოგსაც ურჩევნია, ციხეში იყოს, იმიტომ, რომ იქ უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს!