ამის შესახებ კალასმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„იმის მიუხედავად, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია, წელიწად-ნახევარია, ცდილობენ უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგონ, რატომ არ დანებებულა უკრაინა პუტინის პირობებზე? იმიტომ, რომ ევროპა მხარს უჭერს უკრაინას“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს, რადგან ომის დასრულების პროცესში მისი მონაწილეობა აუცილებელია.
კალასმა გაიხსენა, რომ 2026 წლის თებერვალში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის გეგმა წარუდგინა, რომელიც თავად „მაქსიმალისტურად“ შეაფასა.
„თუ რუსეთი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებსა და პირობებს აყენებს, ჩვენც უნდა დავდოთ მაგიდაზე ჩვენი მაქსიმალისტური მოთხოვნები, რათა, ასე ვთქვათ, დავაბალანსოთ ეს მოლაპარაკებები“, – აღნიშნა მან.
კალასის განმარტებით, რუსეთი განსაკუთრებით დაინტერესებულია მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებით. თუმცა, ვინაიდან ამ შეზღუდვების მნიშვნელოვან ნაწილზე გადაწყვეტილებებს ევროკავშირი იღებს, ევროპა სამშვიდობო მოლაპარაკებებში უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს.
მისივე განცხადებით, სანქციების შესაძლო მოხსნა არ შეიძლება განიხილებოდეს რუსეთის მიმართ ევროპის მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე.
„ჩვენ ძალიან, ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენც გვაქვს რუსეთისადმი მოთხოვნები. ჩვენ ასეთ რაღაცებს უფასოდ არ ვიძლევით, ვინაიდან საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ მშვიდობა დადგეს, არამედ იმაზეც, რომ ეს მშვიდობა მყარი და სამართლიანი იყოს“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიზანი მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა არ უნდა იყოს. მისი თქმით, აუცილებელია ისეთი პირობების მიღწევა, რომლებიც გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას უზრუნველყოფს.
წყარო: ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, 20 ოქტომბერი, 2026 წელი.