ივანიშვილის განცხადება - დიპლომატიურად არაეთიკური ანუ „მტკიცე ლიდერი“ რუსული გეგმის შეფუთვას ცდილობს
ავტორი: გოჩა მირცხულავა - ანალიტიკოსი, სამართალმცოდნე
სასამართლოში გახლდით, მორიგჯერ. დავდივარ ხოლმე ზოგჯერ, გავივლი დერეფანში, ერთი ბოლოდან მეორისკენ და მერე ეზოში ვარ მეტწილად. სხდომებზე შესვლას არ ვცდილობ, რადგან ჩემზე უფრო ახლობლები - ოჯახის წევრები და მეგობრები რჩებიან გარეთ და მათ ადგილს ვერ წავართმევ.
ახალგაზრდა ჟურნალისტები მე ვერ მცნობენ და რამდენიმე "ფეისის" თვალის მორიდებაც შევნიშნე არაერთხელ. გულშემატკივრების „კუტოკებში“ შეჭრას კიდევ არასოდეს ვლამობ და ვარ ჩუმად - ჩემთვის.
ჰო, დარბაზში არშესვლას სხვა მიზეზიც აქვს და ბარემ იმასაც ვიტყვი - ზედმეტად ფხუკიანი ხასიათი მაქვს. რის გამოც, სულაც არ არის გამორიცხული - არა მხოლოდ პირდაპირ და „სცენის“- ძირითადად მარცხენა მხარეს მყოფებს ვუყვირო - „მოგიტ@ანთ სამართალი და ლოგიკა“, არამედ ცუდად ჩავერიო „მარჯვენა მხარის“ მიერ არჩეული სტრატეგიის შეფასებაში.
ჰო, რასაც ვაკეთებ კიდევ - ადამიანებს ვაკვირდები, მათ ემოციებს ვაფასებ ძირითადად. ჩემთვის - ყოველგვარი სიბრალულის გარეშე, უფრო სასტიკად და პირუთვნელად.
დღესაც წავედი... არა კოლეგების და ცნობილებისთვის თანადგომის გამოსახატავად, არამედ მათეს საქმის გამო. ისევ ვიბოდიალე დერეფნებში, შედეგ ეზოში გამოვედი და ვიჯექი ჩემთვის, სიგარეტის ბოლთებს ვუყვებოდი ამბებს და ისევ ვაკვირდებოდი ირგვლივ მყოფთ.
ერთხელაც შევედი შენობაში, სოფო ნიაური დამაკვირდა - უი, შენ ხარო? რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ, ვიკითხე დევაძის საქმე, რომელზე იწყებოდა, ცოტა წავიჭორავეთ და ისევ გამოვედი გარეთ.
სოფოსთან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა ის სათქმელი რასაც ბოლო თვეებია ვფიქრობ და ვდუმვარ. ახლა ამოვთქვამ ბარემ - რადგან პირდაპირ და მარცხნივ ყველაფერი ნათელია, მარჯვენა მხარეს მინდა ვუთხრა: ცხადია რომ ყველა პროცესი პოლიტიკურია, იმის მიუხედავად ცალკეულ საქმეში არის თუ არა დანაშაულის ნიშნები და მტკიცებულებები. ამიტომ, სასამართლო პროცესებზე პოლიტიკის კეთება შეუძლიათ განსასჯელის სკამზე მყოფთ, ხოლო მათი ინტერესების დამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საქმე სამართლებრივად მოიგონ.
კარგა ხნის შემდეგ, ხმაურის უკმაყოფილო სახეების ნახვის მივხდი ყველაფერს - გავიგე სასჯელი, რომელიც მათეს მიუსაჯეს - თან საქართველოს სახელით, თავი დავხარე და სახლისკენ წამოვედი.
ახლა ჩემს მოსაზრებებს ვიტყვი ღიად დევაძის საქმეზე, რადგან აქამდე ამაზე საუბარი, „სხვის საქმეში ჩარევა“ და არაეთიკური ქმედება იქნებოდა.
მათე დევაძის საქმე ორი სიტყვით ასე შეიძლება შევაფასოთ: როცა სახელმწიფოს ძალადობა ადამიანის იმპულსს აძლიერებს და სასამართლო ამას უგულებელყოფს
სასამართლომ 2025 წლის 12 ივნისს მათე დევაძეს მიუსაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რასაც პროკურატურა ერთ-ერთ აქციაზე გადაღებული ვიდეომასალით ამყარებდა. თავდაპირველად დაცვის მხარემ უარყო თავდასხმის ფაქტი, თუმცა მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ პოზიცია შეასუსტა. სასამართლო პროცესმა უპასუხოდ დატოვა არაერთი ფუნდამენტური საკითხი, რაც ამ საქმეს აპელაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.
ვიმეორებ - რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სუბიექტური ვარ, მაგრამ ამ საქმეზე მაინც ჩემს მსჯელობას შემოგთავაზებთ.
უმთავრესი რაც გახლავთ, სასამართლომ არ შეისწავლა ქმედების მოტივი.
დანაშაულის სუბიექტური მხარის ანალიზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დევაძის ქმედება შეფასდა როგორც განზრახ თავდასხმა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა სამართლებრივი ვალდებულება - დადგენილიყო ქმედების მოტივი, მისი წარმომქმნელი ფსიქოლოგიური იმპულსი და სტრეს-რეაქციის ბუნება. არ ჩატარებულა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა, დევაძე მოქმედებდა თუ არა ისეთი გარემოებების ფონზე, რომელთა ზეგავლენაც აღემატებოდა მისი ქცევის რაციონალურ კონტროლს. მიმაჩნია რომ ამ საქმეში და არა მხოლოდ ამაში - სხვა ანალოგიურ საქმეებში, ადვოკატებმა, პროკურორებმა და მოსამართლეებმა ხომ საერთოდ, სამწუხაროდ ეს უმნიშვნელოვანესი გარემოება ყურადღების მიღმა დატოვეს.
განზრახვის შესწავლის გარეშე სასამართლომ მხოლოდ „ფაქტებზე“ დაყრდნობით, ფორმალურად დაადგინა მძიმე კვალიფიკაცია (353 პრიმა). სასამართლოს უნდა ესმოდეს, პროკურატურასაც მათ შორის, რომ ყოველგვარი დეტალური ანალიზისა და ექსპერტიზის გარეშე მძიმე სასჯელი არ უნდა დაეკისროს ადამიანს.
პირველ ინსტანციას არ მიუცია ბრალდებულისთვის იმის შესაძლებლობა, რომ თავისი მდგომარეობა ფსიქოლოგიურ კონტექსტში გაეცნობიერებინა და ამ გააზრებით განეხილა მისივე ქმედება.
ნუ ფიქრობთ, რომ ეს ისე რა საკითხია. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი დევაძის საქმეში. სასამართლომ არ გამოიკვლია მოტივი და იმპულსის საფუძველი - რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი პროცესის სტანდარტს (კონვენციის მე-6 მუხლი) და ქმნის გადაჭარბებულ პასუხისმგებლობას.
მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას არ განიხილა ქმედების სუბიექტური მხარე სრულად, რადგან არც ფსიქოლოგიური, არც ქცევითი ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
არ დადგინდა, იყო თუ არა ქმედება ქვეცნობიერი, სტრესული რეაქცია - რაც განსაზღვრავს, რამდენად რეალურია პასუხისმგებლობის სრული მოცულობით დაკისრება.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მიზანი ასეთ სიტუაციაში არის:
1. განსაზღვროს მოტივის ფსიქოლოგიური ბუნება - ემოციური აფეთქება, იმპულსური მოქმედება თუ განზრახვა;
2. დაადგინოს პიროვნების რეაქცია კრიტიკულ და ექსტრემალურ ვითარებაში - ანუ როგორ მოქმედებს ადამიანი, როცა მის გარშემო სახელმწიფო ძალადობა ან სხვა სახის (პირის მიერ ჩადენილი ძალადობა) ხორციელდება;
3. დაადგინოს, იყო თუ არა ქმედება ნორმალური ფსიქო-ემოციური კონტროლის ფარგლებში - პიროვნება იმ მომენტში ფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეობაში იმყოფებოდა თუ არა.
სასამართლოს და არა მხოლოდ მას - პროკურატურასაც კი, ამ ყველაფრის დადგენას კანონი ავალდებულებდა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით:
მუხლი 105 — სასამართლო ექსპერტიზა ინიშნება, როცა საჭიროა სპეციალური ცოდნით რაიმეს დადგენა.
მუხლი 107 — მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ ექსპერტიზის დანიშვნა.
მუხლი 109 — ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენისათვის, მათ შორის მოტივაციის და იმპულსური რეაქციის შეფასებისათვის, დასაშვებია ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
მკითხავთ რას შეცვლიდა ეს ყველაფერი? იმას რომ დაადგენდა რეალობას. და ყველა იცის ეს რეალობა რაც არის, განსაკუთრებით სამართალდამცველებმა და ფსიქოლოგებმა უნდა იცოდნენ ეს და იციან კიდეც, რომ ასეთ შემთხვევაში, ობიექტური ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად მივიღებდით გარემოებას როცა:
1. დევაძის ქმედება აღარ აღიქმებოდა როგორც სისტემურ თავდასხმა პოლიციელზე, არამედ - როგორც მოქალაქის სუბიექტურად დრამატული რეაქცია უსამართლობაზე;
2. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა ალტერნატიული ინტერპრეტაცია - ფსიქოლოგიური აფეთქება/რეაქცია, რაც ბევრად შეამსუბუქებდა კვალიფიკაციას (ილუზიებში არ ვარ და მესმის სასამართლოს „რაობა“).
3. შესაძლებელია, დამკვიდრებულიყო "მორალური შინაარსის" დაცვის ხაზი - დევაძე არ მოქმედებდა საკუთარი სარგებლობისთვის, არამედ შეესაბამებოდა სამოქალაქო პროტესტის რეფლექსს.
და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად რომ უკვე დამდგარია პირველი ინსტანციის განაჩენი ჯერაც არ არის გვიან, სააპელაციო სასამართლოში და შემდგომი სამართლებრივი ქმედებების დროს.
ცხადია, რომ დევაძის საქმე არის პოლიტიკური და ფსიქოლოგიური კონტექსტის იგნორირების კლასიკური მაგალითი.
დევაძე არ არის კრიმინალი - ის უბრალო მოქალაქეა, რომლის ქმედება არის ძალადობრივი სახელმწიფოსთვის პასუხის გამოხატულების ერთგვარი რეაქცია. აქცია, რომელშიც მონაწილეობდა, მიმართული იყო პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების წინააღმდეგ, რაც ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და სახელმწიფო კურსის ცვლილებას უკავშირდებოდა.
დევაძის პოლიტიკური იმედგაცრუება, შიში და მორალური შოკი გაძლიერდა, როცა მან რეალურად იხილა ძალადობა მიტინგზე, პოლიციელების მხრიდან - არაერთ მონაწილეზე ფიზიკური თავდასხმა, რეპრესიული ქმედებები და იძულებითი დაკავებები.
ამგვარ ფონზე, კითხვად რჩება: შეიძლებოდა თუ არა, რომ მისი ქმედება ყოფილიყო იმპულსური, არა წინასწარ განზრახული- არამედ ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე მომხდარი, რომელიც ქვეცნობიერი რეაქციის შედეგად გამოიხატა? სასამართლოს ეს კითხვა არც დაუსვამს და არც პასუხი მიუღია.
იმ განაჩენის მიხედვით რაც დადგა, ცხადია, რომ სასამართლომ ვერ გაიაზრა ქმედების ხარისხი, რა შემთხვევაშიც სამართლებრივი კვალიფიკაცია შესაძლებელია სხვაგვარი ყოფილიყო.
ვიდეომასალა, რომლის საფუძველზეც დევაძე გასამართლდა, მხოლოდ ერთი ქმედების ფაქტს ასახავს. არ დადასტურებულა, რომ მის ქმედებას თან ახლდა განზრახვა მიეყენებინა სხეულებრივი დაზიანება. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მეტყველებს რეაქციულ-სპონტანურ ქმედებაზე და არა წინასწარ დაგეგმილ თავდასხმაზე.
შესაბამისად, ქმედების გადაკვალიფიცირება ნაკლებად მძიმე დანაშაულად, ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, მით უფრო მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, კეთილსინდისიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ აუცილებლად უნდა ყოფილიყო განხილული.
პროკურორმა ერთ-ერთ პროცესზე აღნიშნა: „მიგვაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება იყო მიზანმიმართული და გამომდინარეობდა საერთო პროტესტის აგრესიული განწყობიდან“.
აღნიშნულზე დაცვის მხარემ მიუთითა: „დევაძის რეაქცია იყო წამიერი, გამოწვეული იმით, რომ პოლიციელები თანმიმდევრულად დაუპირისპირდნენ მოქალაქეებს ფიზიკურად. ასეთ ვითარებაში, შეუძლებელია მტკიცედ დადგინდეს მისი განზრახვა.“
ის რომ ბრალდების მხარე შეეცადა გამოეყენებინა პროცესის დასაწყისში წარმოქმნილი „დაცვის კოლაფსი“ ერთგვარ მორალურ ზემოქმედებად დევაძეზე და მისი ინტერესების დამცველზე, მით უფრო მოითხოვდა სასამართლოსგან სწორი დასკვნების გამოტანას.
ვგულისხმობ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას. ვაზუსტებ, იმ ეტაპზე, როდესაც „კოლაფსი“ მოხდა, არ იყო გამოკვლეული კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარემოებები.
მიმაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე აუცილებელია დევაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მოთხოვნა, როგორც დანაშაულის სუბიექტური მხარის შეფასების აუცილებელი ეტაპი;
ასევე შესწავლილ უნდა იქნას სარეპრესიო გარემოს გავლენის ანალიზი ქმედებაზე;
სასამართლოს მსჯელობის საკითხი უნდა გახდეს, ადამიანის უფლებების დარღვევა - მოსამართლის მიერ პოლიტიკური კონტექსტის იგნორირება.
სხვა ტაქტიკურ საკითხებზე მე არ შევჩერდები.
დევაძის საქმე არის მაგალითი, თუ როგორ დაჩაგრა სახელმწიფომ ადამიანი, რომელიც უბრალოდ თავისუფლებასა და ღირსებას იცავდა.
სამწუხაროდ, ქართველი მოსამართლეების უმეტესობას არ ესმის, რომ სასამართლო არ არის მხოლოდ ქმედების სამართლებრივი შეფასების სივრცე, სასამართლო უნდა იყოს ის ადგილი, გნებავთ გარემო, რომელიც ადამიანის შინაგან მდგომარეობასაც მიიჩნევს მნიშვნელოვნად.
მართალია, დიდი იმედი არ მაქვს. მაგრამ სააპელაციო ინსტანციას მართლაც შეუძლია და ვალდებულია, გადახედოს ამ უთანასწორო ბრძოლაში დაკარგულ ადამიანურ მხარეს, შეისწავლოს დევაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობა კონკრეტულ მომენტში.
და თუ რომელიმე მოსამართლე ან სამართალთან ახლოს მყოფი პირი მეტყვის, რომ ჩემი არგუმენტი არარელევანტურია, მაშინ ასე აგიხსნით: როცა სტრესი - აფექტი სამართალზე წინ დგას, სამართალმა უნდა დაიხიოს მის წინაშე – არა დანებებით, არამედ გონიერებითა და გააზრებით.