ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა დახიეს და დაწვეს
შინ ევროპისკენ ოცნების გეგმაზე: ზედაპირულია და პროცესის გაჭიანურებას ემსახურება
დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი - შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი ერთგულებით
დავით მათიკაშვილი - 12 პუნქტის შესრულების გეგმაში მონაწილეობის ნაცვლად თუ ოპოზიცია ანტიკონსტიტუციურ საკითხებზე საუბრობს, ნათელია, რომ დეპოლარიზაციის კუთხით მათი სულისკვეთება არ არის ჯანსაღი
„ქართული ოცნების“ გეგმაზე გვაქვს ბევრი კითხვა, თუ დავინახავთ, რომ მათი მიზანი არის რეალურად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, ნებიერ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ-ნათია მეზვრიშვილი
თეა წულუკიანი - მხოლოდ ქუჩა და საკუთარი ოცნებების რეალიზების მცდელობა თუ სურთ, რაც რევოლუციაზე გადის
საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და არა გადავადება თვეობით, რაღაც კომისიების შექმნით და იქ მსჯელობით, რომელსაც არანაირი რეალური შედეგი არ ექნება, ეს არის მხოლოდ დროის კარგვა-სალომე სამადაშვილი
პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა გვესმის ზოგიერთი ოპონენტის უარი მონაწილეობაზე-თეა წულუკიანი

"გვეშველება რამე?" ანუ რატომ აღარ ენდობიან პოლიტიკოსებს და რატომ არ იცნობენ ჩვენი შვილები გმირებს...

05.18.2022 | 12:04

"გვეშველება რამე?" ყველაზე უშინაარსო, მაგრამ ყველაზე აქტუალური კითხვა. გვეშველება!

როგორ? მიუნჰაუზენივით საკუთარ თმებში უნდა ჩავივლოთ ხელი და ისე ამოვათრიოთ თავი ჭაობიდან? იტყვით - ეს ხომ შეუძლებელია! შესაძლებელია და მერე როგორ! საკუთარ თავს უნდა დავუბრუნდეთ.

რა გზით?ახალი პატერნები უნდა შევქმნათ. უფრო სწორად, დავიწყებული და ძველი უნდა დავიბრუნოთ, ახალ ეპოქას მივუსადაგოთ. პრიორიტეტები სწორად დავალაგოთ.

მარტივი მაგალითი: გიორგი ანწხელიძეს სორბონა არ დაუმთავრებია, არც ფრაიბურგის დოქტორი ყოფილა. შეიძლება არც ინგლისური იცოდა, კომპიუტერიც ალბათ საყველპუროდ. სამაგიეროდ მთავარი იცოდა - სიცოცხლე სიკვდილით ფასობს.

საძებარი არაფერი გვაქვს, ყველაფერი ჩვენშია.

„ეგებ ინებოს ბატონმა,

გაგმარჯვებიყოსთ მტერზედა;

თუ ამას გავიგონებდი,

არ ვიტირებდი მკვდრებზედა:

იმავ დღეს, შვილო, დედილამ,

ჭრელს ჩავიცომდი კაბასა,

არ ვიგლოვებდი იმიერ

ჩემს ჯუღურას და საბასა;

ეს სანათაა - კარგი დედა, ვაჟას ბახტრიონიდან...

ყველა, ვინც ამბობს, რომ მის შვილს ომში ვერ გაუშვებს ცუდი და ეგოისტი დედა.

ჩვენ ყავს ჩვენი დროის სანათები, მაგრამ მათ ჩვენი ახალგაზრდები არ იცნობენ. რატომ არ ისმის მათი ხმა ტელევიზიებიდან?.. რა საჭიროა ეს, ადამიანის ყველაზე ველური ინსტინქტების გამაშიშვლებელი რეალითი შოუები ქართულ მედია სივრცეებში?

რატომ არ არსებობს ჩვენი გმირების მუზეუმი, სადაც შვილებს მიყვანენ მშობლები?

რატომ ამთავრებენ სკოლებს ჩვენი შვილები ისე, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ გურამ გაბისკირიაზე, ჟიული შარტავაზე და მათთან ერთად აფხაზეთში სამუდამოდ დარჩენილ გმირებზე?

რატომ არ იცნობენ მათი ოჯახის წევრებს, რატომ არ იციან როგორი სიამაყით დადიან ისინი დედამიწაზე, ჭირისა და ტკივილის მიუხედავად? რატომ არ ჩანან ტელეეკრანებზე ჩვენი ნაომარი ჯარისკაცები?

მოსაყოლი არაფერი აქვთ? დავიჯერო კესარია აბრამიძეზე, ჯადოს მკეთებელ და მომხსნელ ქალბატონებზე საინტერესოს ვერაფერს იტყვიან, უფრო მძაფრ ემოციას ვერ აღძრავენ?

რატომ გვიკვირს, რომ ადამიანები აღარ ენდობიან პოლიტიკოსებს, რომლებიც საკუთარ თავებს არ ენდობიან?

რატომ არ აპროტესტებთ მშობლები, რომ თქვენს შვილებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კოორდინატორ, საარჩევნო ბიულეტენებით უბე გამოტენილ პედაგოგებს აბარებთ განათლების მისაღებად?

რომელს გეყოთ გამბედაობა და თქვით, რომ მე, ჩემს შვილს, ამ პედაგოგის კლასში არ დავტოვებო?

რა გვიშველის? ზნეობრივი მაგალითების ძალა! ეს ზნეობრივი მაგალითები ჩვენ ახლაც გვაქვს, ოღონდ ამ ტალახში ჩაკარგულ მარგალიტებს მარცვალ-მარცვალ შეგროვება და სამზეოზე გამოტანა სჭირდება.

გეკითხებით და მიპასუხეთ: თსუ-ში ყველა პირველ კურსელისთვის პირველი ლექცია რატომ არ იწყება ივანე ჯავახიშვილის ცნობილი მიმართვით სტუდენტებისადმი ? რა იდეა აქვს ამაზე უკეთესი უნივერსიტეტს?

სარაჯიშვილის, ძმები ზუბალაშვილების, აკაკი ხოშტარიას ქვეყანაში ნამდვილი ქველმოქმედების ფასი რომ დაკარგულია და თურაშაულის პატრონებს პანტას თურაშაულად გვასაღებენ, ვისი ბრალია?

ჰოდა, ახლა წუწუნის და მოთქმის დრო კი არ არის, თმებში ხელის წავლების და საკუთარი თავის ჭაობიდან ამოთრევის დროა. პოლიტიკოსებო, ჟურნალისტებო, მედია მენეჯერებო, დედებო, მამებო, ტაქსის მძღოლებო, პროფესორებო, მეშახტეებო, შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები და შეიცვლება გარშემო ყველაფერი.

რაც არ მოგვწონს, ყველაფერი ჩვენი შექმნილია და ყველაფერში ჩვენი ენერგიაა.

 

ავტორი : ლელა ჯეჯელავა