ღუდუშაური დეგნანს: იმისთვის, რომ ურთიერთობები არ დაზიანდეს, დააფიქსირეთ მკაფიო პოზიცია
27.07.2022
ნახვები: 520
ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "პოლიტიკიდან გაწეულია", თუმცა "კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად".
ღუდუშაური ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის ელჩს შეხვდა. ოცნების დეპუტატმა მოუწოდა დეგნანს, "იმისათვის, რომ ინტერესები არ დაზიანდეს, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია".
"ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის გულშემატკივარი, არის პოლიტიკიდან გაწეული, ცხადია, თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავაც რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად, იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები და ინტერესები არ დაზიანდეს, ამიტომ მიმაჩნია სწორად, რომ ელჩმა გააკეთოს ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი და მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. სრულიად ნათელია და ხელის გულზე დევს ის, რომ ძალიან ბევრს და როგორც ჩანს, მძლავრ ძალებს სურთ ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვა", - ამბობს ღუდუშაური.