სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვებაზე სტატიის დასაწერად ვემზადებოდი, ტრადიციული სქემაც ტრადიციული შეფასებებით მზად მქონდა, მაგრამ რაღაც მომენტში თავში არსაიდან მოსულმა ბორის პასტერნაკის ამ სტრიქონებმა ერთ წუთში გამიქრო იმის თქმის სურვილი, რასაც ვაპირებდი.
Другие по живому следу
Пройдут твой путь за пядью пядь,
Но пораженья от победы
Ты сам не должен отличать.
ვიღაცას პასტერნაკი, როგორც მოაზროვნე, მოსწონს, ვიღაცას - არა. ვიღაც დაეთანხმება ამ მოსაზრებას მარცხის და გამარჯვების შესახებ, ვიღაც - არა, მაგრამ ეს სრულიად მეორეხარისხოვანია.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იმის გააზრება აღმოჩნდა, რეალურად, რა ვიცით ადამიანებმა დამარცხებისა და გამარჯვების შესახებ. ან რა არის ის ერთეული , რითიც დამარცხებას ან გამარჯვებას ვზომავთ?
ადამიანები და ადამიანთა ერთობები თავს გამარჯვებულად მაშინ თვლიან, როდესაც სხვებზე საკუთარ უპირატესობას მოიპოვებენ და რომ არა სხვისი სისუსტე, სხვისი ნაკლებ ნიჭიერება და სხვისი შეცდომები, მაშინ ვინ იქნებოდი - დამარცხებული?
ანუ, გამარჯვება და დამარცხება ის მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანები ან ადამიანთა ერთობები სხვის გარეშე ვერ განიცდიან? თუ ერთზე სუსტი ვარ და მეორეზე ძლიერი, ერთდროულად გამარჯვებულიც ვარ და დამარცხებულიც? ძალიან მოკლედ: გამარჯვება და დამარცხება კაცობრიობის მამოძრავებელ სატყურათა შემადგენელი ნაწილია და საუკეთესო მანიპულატორი. ამიტომ, გამარჯვებამ რომ არ დაგამარცხოს და მარცხმა რომ გაგამარჯვებინოს, ღირს პასტერნაკის გააზრება - Но пораженье от победы Ты сам не должен отличать.
***
როდის იყო სომხეთი რეალურად გამარჯვებული? - ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ თუ ახლა, როდესაც ომში დამარცხდა, მაგრამ თავის მარცხს სძლია და „გამარჯვებულ" წარსულს უარი უთხრა?
არ ვთვლი, რომ ამ მოსაზრებას საყოველთაო მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სომხეთმა პირველი რეალური გამარჯვება 2018 წელს მოიპოვა, როდესაც საკუთარ თავში მოიკრიბა ძალა და ყოველგვარი გარე ფაქტორებისა და გარემოებების გარეშე თავისი შინაგანი რწმენით შეძლო, თავი დაეღწია საკუთარი გამარჯვების მძევლობიდან.
რა შესძინა სომხეთის სახელმწიფოს ყარაბაღის ომში გამარჯვებამ და ტერიტორიებმა, რომელიც ამ გამარჯვების შედეგად ერგო?
ერთგულების ვალდებულება სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომელსაც სომხეთი თავისი თავისუფლების და გავითარების ხარჯზე იხდიდა. თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში სომეხი ხალხი ხარკს უხდიდა „ყარაბაღულ კლანს", რომელთაც ომში გამარჯვება და შემომტკიცებული ტერიტორიები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაში გადაკონვერტირეს. ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, ექსპერტთა შეფასებებებით, სომხეთიდან ობშორული კომპანიების საშუალებით 30 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტია გატანილი. ეს ის 30 მილიარდია, რომელიც სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას და სომეხი ხალხის კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. ახალა ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა სომხეთის მომავალი ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90 -იანი წლების ბოლოს, სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ პეტროსიანი, ყარაბაღის საკითხში კომპრომისების დაშვების შესაძლებლობის გამო რომ არ გადაეყენებინათ, ან ყარაბაღის ომის გმირი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქისიანი პარლამემტის შენობაში თურქეთთან ურთიერთობების ახალ ფორმატზე ფიქრის გამო არ მოეკლათ, ან თავად ნიკოლს რომ ყოფნოდა გამბედაობა ყარაბაღის სკითხში კომპრომისის ომის გარეშე დაშვებისა, მაგრამ ყველაფერს თავის დრო და ფასი აქვს, მათ შორის, დაშვებულ შეცდომებსაც.
ასეა თუ ისე, სომხეთმა არჩევანი გააკეთა მომავალზე და გადაფურცლა წარსული. მართალია, ეს მომავალი ჯერ ძალიან ბუნდოვანია ისევე, როგორც ახალი საერთაშორისო დღის წესრიგის კონტურები, მაგრამ ეს შესაძლებლობების ახალი ფანჯარაა, რომელსაც იმედი მაქვს, სომეხი ხალხი ჯეროვნად გამოიყენებს. ნიკოლ ფაშინიანს ახლა საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია და ნდობის მანდატი აქვს, რომ უფრო ხელშესახები გახადოს ის რეფორმები, რომელიც 2018 წელს დაიწყო, მაგრამ ობიექტურ მიზეზთა და მის მიერ დაშვებული შეცდომების გამოც, ბოლომდე ვერ მიიყვანა და შუა გზაზეა გაჩერებული. ცხადია, წინ ძალიან დიდი გამოწვევები ელის , რადგან მის ოპონენტთა უმრავლესობაზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ. ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებენ, რომ არ მისცენ საშუალება ფაშინიანს და მის მთავრობას, ქვეყანა გამოიყვანონ ომის შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან. ფაშინიანის ყველა გადაწყვეტილება, იქნება ეს საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხი, ყარაბაღის სტატუსი, ზანგეზურის დერეფნის თემა თუ ტყვეთა გაცვლის მტკივნეული პრობლემა, აუცილებლად ოპონენტების მხრიდან გამოყენებული იქნება მისი პოლიტიკური დისკრედიტაციისათვის. ნიკოლ ფაშინიანი იმაზე კერკეტი კაკალი გამოდგა, ვიდრე ეს პუტინს და ქვეყნის შიგნით მის ოპონენტებს ეგონათ. სომეხი ხალხი კი იმაზე ბრძენი, ვიდრე საუკუნოვან „მეგობარს" წარმოედგინა. თავის მოტყუება იქნება, ვიფიქრთ, რომ სომხეთის ახალ მთავრობას ექნება „ფუფუნება" სანიმუშო დემოკრატიის დემონსტრირებისა, მას მოუწევს ძალიან ხისტი ღონიძიებების გატარება, მათ შორის, გუშინდელი კონკურენტების მიმართ. სხვა შემთხვევაში, თავიდან ვერ აიცილებს ობსტრუქციას მათი მხრიდან, მაგრამ არჩევნების შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ფაშინიანს სომეხი ხალხის მანდატი თუნდაც არაპოპულარული გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისად აქვს.
სხვა მკვლევართაგან განსხვავებით, არ ვფიქრობ, რომ ფაშინიანის გამარჯვება სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის რუსეთის საზიანოდ. საამისოდ ჯერ წინაპირობა არ ჩანს. არც თავად ფაშინიანის წინასაარჩევნო განცხადებები, სადაც ძალიან ცხადად იყო ნათქვამი, რომ სომხეთის უსაფრთხოების საკითხი ტოლფასია რუსეთის უსაფრთხოებისა. პირიქით, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა მისთვის ერთადერთი გზაა აზერბაიჯანულ-თურქული ტანდემის გამარჯვების შემდეგ შეძლოს სომხური სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარებისათვის პირობების უზრუნველყოფა. საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებებზე რაიმე ფორმით მინიშნება ახალა დიდი წინდაუხედაობა იქნებოდა ფაშინიანის მხრიდან, მით უფრო, როდესაც ომის შემდგომ ქვეყანა უმწვავესი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.
ცხადია, ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდგომ სომხეთში საზოგადოებრივი განწყობები რუსეთის მიმართ შესამჩნევად ნეგატიური გახდა, მაგრამ ეს არ იძლევა საკმარის საფუძველს შორსმიმავალი დასკვნების გასაკეთებლად. ფაშინიანმა, ჯერ კიდვ 2018 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისას თქვა, რომ სომხეთი არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, დასავლური ორიენტაცია კი მისთვის დასავლური ღირებულებების სახელმწიფოს მშენებლობას ნიშნავს. ახლა სწორედ ეს მიზანია მისაღწევი, რომ რეფორმებმა, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანის გუნდი განახორციელებს, ძირეულად უნდა შეცვალოს მართვის სისტემა, რომლის შესაძლებლობაც აქამდე არ მიეცათ. თუკი ნიკოლ ფაშინიანი თავს გაართმევს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და სომხეთს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, მაშინ მართლაც , სოხეთშიც და არა მარტო იქ, ბევრს მოუწევს მარცხის და გამარჯვების მეტაფიზიკური საზრისების გააზრება.
ფაშინიანს წინ ელის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა - ახალ რეალობაში თურქეთთან ურთიერთობისათვის სახელის დარქმევა. შეძლებს თუ არა სომეხი ხალხი გაიმარჯვოს გენეტიკური მეხსიერების დონეზე აღბეჭდილ სიძულვილზე თურქეთის მიმართ, ეს ძნელი სათქმელია. არადა, მეტაფიზიკურ დონეზე ნამდვილი გამარჯვება მხოლოდ მტრის სიძულვილის დამარცხებითაა შესაძლებელი. როცა შენ შენს სიძულვილზე ძლიერი ხარ, როცა შენ მართავ ემოციას და არა ემოცია - შენ. დანარჩენი ყველაფერი სატყუარაა. მარცხისა და გამარჯვების ილუზია.
Но пораженье от победы Ты сам не должен отличать. რომ მიხვდე, რას ნიშნავს ამა თუ იმ ხალხისთვის გამარჯვება, მისი გამარჯვებული მითოსური გმირის სახე უნდა იცოდე. გამარჯვებული სომეხი გმირი დავით სასუნცია (სასუნელი). მის ფიზიკურ ძალმოსილებას მისი სულიერი თვისებები განაპირობებს და არა - გოლიათური აღნაგობა, როგორც ეს ზოგი ერის მითოსშია. ფიზიკური ძალით გამარჯვება ადვილად მისაღწევია, ოღონდ ძალიან პირობითია. სულიერი და მენტალური ძალისხმევით დამგდარი გამარჯვება უპირობოა, ოღონდ ამის გააზრებას საკუთარ თავში ჩაღრმავება, გამარჯვების საკუთარი ალგორითმის პოვნა სჭირდება, ასეთია დამარცხებისა და გამარჯვების მეტაფიზიკა.
P.S. პოტენციური მკითხველისათვის: ხმამაღლა ფიქრი არ ნიშნავს პრეტენზიას ჭეშმარიტებაზე.
ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი