=აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიდი ომი დაიწყო. უფრო ზუსტად, განახლდა საომარი მოქმედებები პირველი ფაზის შემდეგ, რომელიც 1994 წლის მაისში შეწყდა, როცა დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და არაღიარებულ „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას" შორის.
დიდი ომის პირველი ფაზა სომხეთის სრული გამარჯვებით დასრულდა: ერევანმა სამხედრო კონტროლი დაამყარა არა მხოლოდ თვით მთიან ყარაბაღზე, არამედ დაიპყრო ყოფილი ავტონომიის მიმდებარე შვიდი რაიონი - მთლიანობაში, ერთი ყარაბაღის ოდენა ტერიტორია.
აზერბაიჯანმა მიიღო მილიონამდე დევნილი და ეროვნული ცნობიერების უსასტიკესი ტრავმა.
26 წლის განმავლობაში, ბაქო ემზადებოდა ომის ახალი ფაზისთვის: „ნავთობდოლარებით" ყიდულობდა უახლეს თურქულ, რუსულ, ჩინურ და ისრაელის იარაღს; წვრთნიდა სამხედროებს „მოძმე თურქეთის" გამოცდილ და მაღალპროფესიულ სამხედრო ისნტრუქტორთა დახმარებით და, რაც მთავარია, ახორციელებდა ძალიან ჭკვიანურ დიპლომატიურ თამაშს ერთდროულად რამდენიმე „დაფაზე" ისე, რომ გაემრავლებინა მოკავშირეები და არ დაეშვა ყარაბაღის საერთაშორისო აღიარება.
ამავე დროს, აზერბაიჯანული არმია პერიოდულად ამწვავებდა სამხედრო ვითარებას კონფლიქტის ზონაში, რითაც ყველა სხვა „მოთამაშეს" მიუთითებდა: აზერბაიჯანი არ ურიგდება „ისტორიულ დამარცხებას" და აუცილებლად განაახლებს ომს, თუ ეს მოთამაშეები არ აიძულებენ სომხეთს, წამოვიდეს დათმობაზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბაქოს წინადადება (ფაქტიურად ულტიმატუმი) იყო: აზერბაიჯანის კუთვნილი 7 რაიონის დეოკუპაცია, სომხური ჯარების გაყვანა, აზერი ლტოლვილების დაბრუნება უპირველესად ამ რაიონებში, შემდეგ მთელს ყარაბაღში და ყოფილი ავტონომიის სტატუსის „ჩამოკიდება" ისე, რომ რეფერენდუმი გამართულიყო მხოლოდ შორეულ მომავალში - აზერბაიჯანელი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით.
სომხეთი ალიევის გეგმას არ დათანხმდა. იგი მოითხოვდა ჯერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა ოკუპირებული რეგიონების გათავისუფლებას.
ამ შეურიგებელი წინააღმდეგობის გამო, ომის განახლება უკვე მხოლოდ დროის და მომენტის საქმე იყო. ეს ისტორიული მომენტი პრეზიდენტმა ალიევმა ზუსტად შეარჩია, როცა მოსკოვი აშკარად გააღიზიანა ე.წ. „სომხური რევოლუციის" ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ქმედებებმა: სომხეთის ახალმა პრემიერმა დააპატიმრა „პრორუსული პარტიის" წევრები, მათ შორის ყარაბაღისა და სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ კოჩარიანი; საკვანძო პოსტებზე ნიშნავდა პროდასავლურ ფიგურებს და ყველანაირად ცდილობდა მოსკოვისაგან თავისი „დამოუკიდებლობის" დემონსტრირებას: არ ესწრებოდა სამიტებს მიუხედავად პუტინის მოწვევისა და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სომხეთში რჩება რუსული სამხედრო ბაზა. მაგრამ აქ წარმოიშვა მეორე, გეოპოლიტიკური ფაქტორი: პრეზიდენტ ერდოღანის დროს ძალიან გაძლიერდა/გააქტიურდა თურქეთი: თუკი 1990-იან წლებში ანკარა საერთოდ არ აკომენტარებდა ყარაბაღის ამბებს, თითქოს „მოძმე აზერბაიჯანის" უბედურება მას არ ეხებოდა, მით უმეტეს იმ დროს ლაპარაკიც ზედმეტი იყო სამხედრო ჩარევაზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თურქეთი უკვე აქტიურად მონაწილეობს ყველა პროცესში, ღიად აწვდის აზერბაიჯანს უახლეს იარაღს, დაუფარავად უგზავნის სამხედრო ინსტრუქტორებს და პირდაპირ ემუქრება სომხეთს.
ამ ფონზე აზერბაიჯანის პრეზდიენტმა ილჰამ ალიევმა ჩათვალა, რომ მისი 10 მილიონიანი ქვეყნის სამხედრო, ეკონომიკური, ადამიანური/სამობილიზაციო და საერთაშორისი/დიპლომატიური რესურსები საკმარისია „ყარაბაღული კვანძის" გადასაჭრელად.
თუმცა, ყველაფერს მაინც ბრძოლის ველზე სომეხი და აზერი ჯარისკაცების ვაჟკაცობა, ოფიცრებისა და გენერლების პროფესიონალიზმი გადაწყვეტს. ისევე, როგორც შეიარაღების ხარისხი.
ამ მხრივ აზერბაიჯანს აქვს მხოლოდ ერთი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა: ისრაელის და თურქეთის წარმოების შესანიშნავი უპილოტო თვითმფრინავები (ე.წ. „დრონები"), რომლებიც გამოიყენება როგორც დასაზვერად, ასევე მტრის პოზიციებზე პირდაპირი იერიშისათვის.
რატომ არ მიჰყიდა სომხეთს ანალოგიური აპარატები თურქეთმა, გასაგებია. აი ისრაელმა რატომ შეიკავა თავი - სხვა, თუმცა ძალიან საინტერესო თემაა.
თანამედროვე ომში საჰაერო ძალები ბევრს წყვეტენ: სწორედ „დრონების" გამოყენებით შეძლო აზერბაიჯანის არმიამ პირველ დღეებში სამიზნეთა დაზუსტება, მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება და წინ წაწევა ყარაბაღის ფრონტის ზოგიერთი მიმართულებით.
ამჟამად გააფთრებული ბრძოლები გრძელდება და ყველა ზემოთჩამოთვლილი გარემოების მიუხედავად, ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები. უფრო ზუსტად, ამაზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, თუ გამოიკვეთება სამხედრო უპირატესობა „ადგილზე" (On the ground).
ალიევი იმასაც ითვალისწინებს, რომ სომეხი ერისთვის ყარაბაღის „საკრალურობა" მიმდინარე ომს სამკვდრო-სასიცოცხლოდ აქცევს პირადად ნიკოლ ფაშინიანისთვისაც: სომხეთის დღევანდელ ლიდერს ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ დათმობაზე წასვლა, რადგან ის ქვეყნის სათავეში არჩევნების გზით არ მოსულა: იგი ხომ რევოლუციის შედეგად გახდა პრემიერი? ცნობილი გამოთქმის პერიფრაზით, სომხებისთვის „რევოლუცია" მაშინვე იქცევა „გადატრიალებად", თუკი ამ „რევოლუციის" შედეგად ქვეყანა დამარცხდა.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ფაშინიანისთვის ახლა დამარცხება ან სიკვდილის, ან სამარცხვინო გაქცევის ტოლფასი იქნება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და მაინც, გადამწყვეტი „დიდი მოთამაშეების "პოზიციაა: ალიევისგან განსხვავებით, ფაშინიანმა ამ დღეებში ორჯერ დაურეკა პუტინს - „მიშველეო". კრემლის ბინადარი კი აშკარად დასცინის. თითქოს ეუბნება: „ამერიკა-ევროპამ და ჯორჯ სოროსმა გიშველოს თუ ასეაო".
ბუნებრივია, რუსეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს შეუძლია გაიტანოს საბჭოზე რეზოლუცია, რომლითაც აზერბაიჯანს დაავალდებულებს შეწყვიტოს ცეცხლი.
ამერიკა და საფრანგეთი ამ რეზოლუციის „დავეტოვებას" ვერ გაბედავენ: ორივე ქვეყანაში დიდი სომხური დიასპორა ცხოვრობს. იმდენად დიდი, რომ ლოს-ანჟელესს ნახევრადხუმრობით „ლოს არმენიას" უწოდებენ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტრამპი ვერ გარისკავს სომხური დიასპორის ასე განაწყენებას. სხვები თავს შეიკავებენ.
თუ გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნება აზერბაიჯანის წინააღმდეგ მაგრამ......რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინზე ნაკლებ „ჯიქური" როდია: საეჭვოა თურქეთმა ახლა უკვე აზერი ძმები ასე იოლად „დააჩაგვრინოს" თუნდაც ბირთვულ სახელმწიფოს.
მით უმეტეს, რომ რუსეთიც ბევრად დამოკიდებულია თურქეთზე ბუნებრივი აირის ტრანზიტით.
სავარაუდოდ, პუტინი დაელოდება, მიაღწევს თუ ვერა აზერბაიჯანი სერიოზულ სამხედრო წარმატებას და თუ აზერბაიჯანულმა არმიამ შორს წაიწია ყარაბაღისკენ, მხარეებს შესთავაზებს იმავე ფორმულას, რაც ალიევმა ჯერ კიდევ 100 წლის წინ შეიმუშავა: „7 რაიონი - დერეფანი - სტატუსის გადადება - რეფერენდუმი 50 ან თუნდაც 100 წლის შედეგ, როცა ყარაბაღში დაბრუნებული აზერბაიჯანელები მოსახლეობის უმრავლესობა გახდებიან".
პუტინი დღესაც კი მოგებაზე თამაშობს: არც სომხეთის, არც აზერბაიჯანის დათმობა არ სურს და შანსიც რჩება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეხება საქართველოს: „ოცნების" მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აკრძალოს იარაღის მიწოდება ჩვენი ტერიტორის გავლით ორივე მეომარი მხარისათვის. ერევანშიც და ბაქოშიც ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდნენ. როგორც სჩანს, NATO-სთანაც შეთანხმებულია: პრემიერი გახარია შემთხვევით არ ჩასულა ბრიუსელში.
რაც მთავარია, ნებისმიერი „დალაგებით", ანუ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს ამბები დასავლეთში ჩვენი ქვეყნის პოზიციებს გააძლიერებს, რადგან იქ დარწმუნდებიან, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან და „გადამკვეთ" გეოგრაფიულ სივრცეს, საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრად მეტად უნდა გაუფრთხილდნენ - მზარდად აგრესიული რეგიონული „მგლების" თუ „დათვების" შესაკავებლად.
თან უკვე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.
დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი, ისტორიკოსი.