ბოლოდროინდელ მოვლენებში მთავარი მაინც უდავო პოლიტიკური შედეგია. სხვა ბევრ ფაქტორზე შეიძლება დავა, მაგრამ სწორედაც არსებით პოლიტიკურ შედეგად უნდა ჩაითვალოს, რომ თანამოსაყდრედ დანიშვნიდან პირველად, მეუფე შიომ ზუსტად თბილისური არეულობის და ძალადობის დროს გააკეთა პირველი საჯარო განაცხადი, როგორც ანგარიშგასაწევმა აქტორმა. ეს იყო ორმხრივად მიმართული მესიჯი: როგორც ეკლესიის, პირველ რიგში წმინდა სინოდის, ასევე „გარეთ" ანუ ხელისუფლების და ყველა სხვა პოლიტიკურ აქტორთა მიმართ.
ამ უკანასკნელთა უმრავლესობამ დემაგოგიისა და „არც მწვადი არც შამფურის" დახვეწილი ხელოვნების ნიმუშები დადეს: იოლია დაგმო ჟურნალისტებზე ძალადობა. ბევრად რთულია დაგმო შიოს მოწოდება (ეს დიახაც, შეურიგებლობისკენ მოწოდება იყო, რაც მან გააჟღერა) და ილაპარაკო არა „ჟურნალისტებზე ძალადობის", არამედ „უმცირესობათა წინააღმდეგ ძალადობის" შესახებ. ან/და უპასუხო მარტივ, აბსოლუტურად ლოგიკურ კითხვას: უნდა ჩატარდეს თუ არა თბილისში „გეი-აღლუმი"? მით უმეტეს, როცა ამ კითხვას ნაცემი ჟურნალისტებიც კი არ უსვამენ ინტერვიუებში. თანაც, აშკარად წინასწარ შეთანხმებით. აქაოდა „ეს კითხა ბიძინას აწყობს და..."
თუ ასეა, რას ერჩით „ოცნებას", რომელიც ზუსტად ისე იქცევა, როგორც პოლიტიკურად აწყობს?
არ აწყობდა ხელისუფლებას (თუმცაღა შეეძლო) სპეციალური დანიშნულების რაზმთაგან შეექმნა კორდონი ოპერასთან, გადაეკეტა ორივე მხრიდან რუსთაველი, ჩაეკეტა ფილარმონიის მხრიდან ჩამოსასვლელი თუ სხვა გზები და მიეცა სექსუალური უმცირესობის ოციოდე თუ ოცდაათიოდე (მაქსიმუმ) წარმომადგენლისთვის მეტროს სადგურ „რუსთაველიდან" ოპერამდე მსვლელობის საშუალება. მომხდურები ან მოპიკეტეები კი დაეშალა წყლის ჭავლით, შემდეგ ცრემლსადენი გაზით, ბოლოს რეზინის ტყვიებით, როგორც 20 ივნისს.
ამით დასავლეთის შექებასაც დაიმსახურებდა და 20 ივნისის ძალით დარბევას ირიბად, არაპირდაპირ, „ქარაგმულად" თუმცა მაინც გაამართლებინებდა.
ხელისუფლებას შეეძლო ასე მოქცეულიყო ფიზიკურად, მაგრამ არ აწყობდა პოლიტიკურად.
ამიტომაც არჩიეს მეორე შესაძლო ვარიანტი: არ გამოიყენეს პროპორციული ძალა, დაუშვეს „აღლუმის" ჩაშლა, სამაგიეროდ მეორე დღიდანვე დაიწყო დაპატიმრებები. ბევრი მოძალადე დააპატიმრეს ადმინისტრაციული კოდექსით. არც ისე ცოტა - სისხლის სამართლის ბრალდებითაც.
ერთის მხრივ, ამგვარმა ტაქტიკამ ხელისუფლებას საშუალება მისცა მეტისმეტად არ გაებრაზებინა ეკლესია და „ახალ უპირობო ლიდერად" დამკვიდრების მსურველი თანამოსაყდრე შიო. მეორეს მხრივ კი, თავიდან აეცილებინა დასავლეთის სანქციები.
საქმე ის გახლავთ, რომ დასავლეთში პოლიტიკური კულტურა ეფუძნება რამდენიმე ურყევ პოსტულატს, რომელთაგან ერთი ასე ჟღერს: „განმსაზღვრელია არა ექსცესი, არამედ ხელისუფლების რეაქცია ექსცესზე". ანუ, დასავლური სანქციები რეალობად იქცეოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ამბების შემდეგ, მთავრობა, რომელმაც აღლუმის მონაწილენი ვერ/არ დაიცვა, მეორე დღეს დაპატიმრებებს არ დაიწყებდა.
აი, ამ შემთხვევაში ვერანაირი მოსაზრება ვეღარ შეაკავებდა სანქციებს.
მათ შორის ვერც ის მოსაზრება, რომ ევროკავშირი სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშეა პოსტსაბჭოურ სივრცეზე, ხოლო საქართველოში 5-6 ივლისის ინციდენტს წინ უძღოდა ერთი შეხედვით ძალიან უცნაური მოვლენები ბელორუსის გარშემო. შეგახსენებთ: იმის გამო, რომ საბოლოოდ „გაღმა გასულმა" ლუკაშენკომ ევროკავშირის მოქალაქეებით სავსე თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლის მუქარით დასვა მინსკში, რათა ოპოზიციონერი ბლოგერი დაეპატიმრებინა, ბრიუსელმა მკაცრი პერსონალური და სექტორალური სანქციები შემოიღო; „პასუხის პასუხად" კი ბელორუსმა ავტოკრატმა განაცხადა ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობიდან" გასვლის შესახებ. აი ამ განაცხადს მოჰყვა სწორედ ნიშანდობლივი რეაქცია: „არსადაც არ გაგიშვებთ ამ პარტნიორობიდან, ეს ერის და არა ხელისუფლების გადასწყვეტიაო".
შესაბამისად, ბრიუსელის შეფასებით, თუ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებენ, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც „აღმოსავლეთი პარტნიორობამ" მარცხი განიცადა, მიზანს ვერ მიაღწია, ევროპელ გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით ევრო ტყუილად დახარჯა, ანუ „ბრიუსელის ადმინისტრაციამ" პასუხიც უნდა აგოს წარუმატებლობისათვის.
მცირე გადაჭარბებით, „ევროპული სანქციები" იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც „აღმოსავლეთ პარნტიორობის" ვიტრინად გამოცხადდა, უვიზო რეჟიმით და თავისუფალი სავაჭრო ზონით დასაჩუქრდა, თეორიულად შესაძლებელი იქნებოდა, თუ თბილისში მოვლენები განვითარდებოდა ბევრად ტრაგიკული სცენარით: ადამიანებს პარლამენტის წინ ფლაგშტოკზე ჩამოახრჩობდნენ ან EU დროშით დანთებულ კოცონზე დაწვავდნენ. შემდეგ კი ხელისუფლება საერთოდ არავის დააპატიმრებდა და გილიოტინებს აღმართავდა რუსთაველის მეტროდან - თავისუფლების მოედნამდე.
რაც შეეხება ევროკავშირის დროშის დაწვას (ირანშიც კი არ დაუწვავთ არასდროს გაერთიანებული ევროპის დროშა), ამგვარ სიმბოლურ აქციებზე ევროპული პოლიტიკური კულტურა საერთოდ არ რეაგირებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სინამდვილეში, დროშის დაწვაც, კუნთმაგარ მუტრუკთა თარეშიც და LGBTQ+ ოფისის დარბევაც სხვა მხრივ იყო საშიში „ქართული ოცნებისთვის", თუ ბრიუსელში მართლა სერიოზულად ალაპარაკდებოდნენ პერსონალურ ან სექტორალურ სანქციებზე, ამას შესაძლოა გამოეწვია მართველი პარტიის შემდგომი რღვევა! პირველი სიმპტომი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ოფიციალური განცხადება, რომელმაც „ყოველგვარი მაგრამ"-ის გარეშე დაგმო ძალადობა.
ვის ეხებოდა ეს „ყოველგვარი მაგრამის გარეშე"? ნუთუ თანამოსაყდრე შიოს? ან მეუფე იაკობს? არა რასაკვირველია. ეხებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღაიბაშვილს და „ოცნების" სხვა ლიდერებს!
ამით კუჭავამ და მისი სახით „ოცნების" სადეპუტატო კორპუსმა მთავრობა გააფრთხილა, რომ საფლავში არ ჩაჰყვება და თუ რეალურად დადგებოდა დღის წესრიგში სანქციათა საკითხი, მმართველი პარტიის დაშლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდებოდა. თანაც იმ ვითარებაში, როცა გახარიას „გუნდის" გამოყოფის შემდეგ უკვე „წკიპზე დგანან" არათუ საკონსტიტუციო, არამედ უბრალო უმრავლესობასთან.
ვგულისხმობ „სიით მეოცნებეებს", თორემ მაჟორიტარების გარეშე უკვე ისედაც ვეღარ აგროვებენ 77 ხმას. მაჟორიტარები კი, 1990 წლიდან - დღემდე, უტყვად მორჩილნი არიან გარემოებათა „მათრახის"- საითაც იგი გადაიხრება და საითაც გაუტყლაშუნებთ.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას: საკმარისი იყო პირველივე ან მეორე დღეს ევროკომისიის რომელიმე წევრს (არა რიგით ევროდეპუტატებს, არამედ ევროკომისიის წევრს, მით უმეტეს ხელმძღვანელობას) განეცხადებინა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომ უმალვე ატყდებოდა „ტყაპა-ტყუპი" „ოცნების" საპარლამენტო გემიდან.
ამ პარტიის სადეპუტატო კორპუსის 80% ხომ რა კატეგორიის ხალხისგან შედგება? მათ „პროევროპულობას" განსაზღვრავენ არა ღირებულებები, არამედ ის, რომ ევროპა, ზოგადად, ბევრად კომფორტულია რუსეთზე! ეს არის და ეს მთელი მათი „პროდასავლური ორიენტაცია".
მათ შორის, ევროპაში უკეთესი უნივერსიტეტებია, სადაც მათმა შვილებმა უნდა ისწავლონ... ხოლო თუ ევროკავშირმა საქართველო დაბლოკა და სხვა ოჯახის წევრებმა მილანის „ვიქტორ იმანუილის გალერეაში" ან პარიზის „გალერი ლაფაეტში" ვერ შეიძინეს Victoria's secret-ის აქსესუარები, ეს დეპუტატები სახლში როგორ უნდა დაბრუნდნენ პარლამენტის სხდომიდან? ხომ დაამხობენ თავზე გერმანიაში შეძენილ მოდერნულ ჭურჭელს?
შესაბამისად, სიტუაცია აქ მხოლოდ იმან გადაარჩინა და „ოცნება" მხოლოდ იმიტომ არ დაინგრა, რომ ბრიუსელმა, ზემოთხსენებული გეოპოლიტიკური თუ კორპორატიული პრესტიჟის მიზეზთა გამო, არათუ საქნციებზე არ დაიწყო ლაპარაკი, არამედ პირიქით: ევროკომისარი ჩამოვიდა და ღარიბაშვილის მთავრობას 3,5 მილიარდი ევრო აღუთქვა დახმარების სახით!
ძნელი მისახვედრი არ არის: ჭკვიან პრომოუტერებს, ვინც პირველად საქართველოს ისტორიაში, მომავალი აღლუმის პრომოუტირებას ახორცილებდნენ მანამდე აბსოლუტურად უპრეცედენტო LGBTQ+ სარეკლამო კლიპებით, ეს შესაძლო და სასურველი შედეგი გათვლილი ჰქონდა. ისევე, როგორც ხელისუფლების დაყენება არჩევანის წინაშე „ცუდსა" და „უარესს" შორის: თუ ხელისუფლება პრაიდის მოწინააღმდეგეებს მართლა დაარბევდა, ეს გახდებოდა პირდაპირ ომის გამოცხადება საპატრიაქოსთვის, თანამოსაყდრე შიოს ახალი ლიდერშიპით, ანუ „უარესი". ხოლო თუ არ დაარბევდა - ცუდი.
საბოლოოდ, ხელისუფლებამ იეშმაკა, სწორად გათვალა და „ცუდი" აირჩია.
ოღონდ ეს არჩევანი მაინც არ გამორიცხავს მთავარ შედეგს: 2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიური აქციისაგან განსხვავებით, როდესაც უმაღლესმა იერარქიამ პატრიარქს ურჩია, დედაქალაქი დროებით დაეტოვებინა რათა გარდაუვალ ძალადობას ასე გამიჯვნოდა, ახლა არც არავინ არაფერს გამიჯვნია. პირიქით: მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა: ოქტომბრის მომავალი „რეფერენდუმი" პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადგამოსული ორი „პერსპექტიული" ფიგურის მონაწილეობით გაიმართება - თანამოსაყდრე შიოსი და მისი ბავშვობის მეგობრის, ლევან ვასაძის.
„ერი"-ს ლიდერი ალბათ ბევრს ვერაფერს აიღებს ამ არჩევნებზე და რამდენიც არ უნდა აიღოს განმსაზღვრელი მისი პროცენტი ვერ იქნება, რაკი „ოქტომბრის" მთავარი ინტრიგაა, შეძლებს თუ არა „ოცნება" 43%-იანი ბარიერის გადალახვას. აქ ნიშანდობლივი მაინც ისაა, რომ ეკლესია უკვე დღეს ფიქრობს „პოსტოცნებურ" ალბათობებზე და საპატრიარქოს ხელდასხმულ პოლიტიკურ ძალას აძლიერებს.
5-6 ივლისს, პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში, „დღის წესრიგი" სწორედ ეკლესიამ შექმნა და არა პოლიტიკურმა ელიტამ: „გეი-აღლუმის თემა" მიმდინარე დისკურსში უფრო პრევალირებს, ვიდრე ქართველ პოლიტიკოსთა საყვარელი თემები: სიღარიბე, კორუფცია, ეპიდემია, არაფორმალური მმართველობა და ა.შ.
რამე რომ იყოს, „საეკლესიო ჯარიც" აქვეა - ამ დღეებში მისი რამდენიმე კოჰორტა ვიხილეთ. სხვები ჯერ მხოლოდ ძალებს იკრებენ.
დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი, ისტორიკოსი.