ქართული პოლიტიკის ანალიზი ინტელექტუალური სუიციდის ტოლფასია. პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ამოცანის წინაშე უძლურები აღმოჩნდებოდნენ „არხაშასტრას“ და „მან ცზიუნ შუ“-ს ავტორები, პლატონი, არისტოტელე, ვილსონი, გილფერდინგი, შუმპეტერი და მთლად „რენდ კორპორეიშენი“. არა რაციონალიზმი, არა ლოგიკა, არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ხედვის უნარი, არა თანამიმდევრულობა, მხოლოდ პირუტყვულად გაშიშვლებული ემოცია. ჰოდა, რადგან ვილსონის სახელმწიფოს ასაკის კაკლის ხის ჩეროში ირწეოდა ჩემი აკვანი, როგორ გამიჭირდება ამ ამოცანისთვის თავის გართმევა, ვითარცა ჭეშმარიტ ქართველს ემოცია მაქვს ნაკლები, ამბიცია არ მეყოფა, თუ ჭკუა დამიშლის?! ჰოდა, შევეცდები ლოგიკის, მიზეზ-შედეგობრიობის და რაციონალიზმის უსარგებლო ( ყველაფერი ეს „გარყვნილ“ დასავლეთშია მოგონილი) კატეგორიების გარეშე, გადავეშვა ქართული პოლიტიკის მორევში და რასაც ამოვიტან იქიდან, თქვენც გაგიზიაროთ. მთლად ოქროს თევზის იმედიც ნუ გექნებათ.
ერთხელ, ერთმა ძალიან გონიერმა ადამიანმა, რომელიც სხვადასხვა კულტურების და ცივილიზაციების მკვლევარია, მითხრა: „ ქართველები ამდენ დროს საჭმელს რომ არ უთმობდეთ, მსოფლიოს თქვენს ჭკუაზე დაატრიალებდით, ისეთი ენერგეტიკის პატრონები ხართ!“
რომ ვთხოვე, ჩაეზუსტებინა, მიპასუხა, მთელს ენერგიას საკვების მოხმარებაზე ხარჯავთო. რომ დავფიქრდი, არ ტყუოდა. მსოფლიოში მოწინავენი ვართ ერთ კვადრატულ მეტრზე კვების ობიექტების და ეკლესიების რაოდენობით. ჭამა დიდად შესარგი - ჩვენ და დანარჩენი ყველაფერი უფლის ნებასაა მინდობილი. ვიცი, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, მთელი სამყარო ჩვენს წინაშე ვალში რომ გვგონია. ხორაგით სავსე სუფრაზე მოლხენილი ქართველი ხმებს გაშლის და ბედნიერი შემოსძახებს: „უფალო ღმერთო, რად გამაჩინე, მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია, თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე, უბედურებას გადამარჩინე“. ა, ბატონო, კლასიკური ნიმუში ქართული ტრანსცენდენტალიზმისა. თუ გააჩინე, უნდა არჩინო კიდეც. ნეტავ, ამის შემდეგ რატომ უნდა გაგიკვირდეს, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს რომელიმე კობახიძე თუ ეტყვის, შენ ვინ გეკითხება, ვის და როდის დავნიშნავ მოსამართლედ, რას გადამაყოლე იმ მილიონებს, სასამართლოს რეფორმირებისთვის რომ მომეციო. თუ გინდა, რომ შემოვიდე მაგ ნატოსა და ევროკავშირში , უნდა მიხადო, აბა, როგორ გინდაო?
ეგრე უნდა მაგათ, მიდი, მიდი ირაკლიო, წამოყიყინდებიან სტატისტიკური კობახიძეები, მაგათი სასწავლებელი ჩვენ რა გვჭირს, მაგათხელა კაკლები გვიდგას ეზოებშიო და პატრიოტული სიამაყით სავსენი ტელევიზორის წინ ტახტებზე წამოგორებულები გვერდს მოინაცვლებენ. მეორე დილით ბანკებს მიადგებიან, გარყვნილ ევროპაში სამუშაოდ გაგზავნილი ცოლების და დედების მიერ გამოგზავნილ ევროებს მოხსნიან, მათი ნაწვალები ფულით ნაყიდ მანქანებს საგულდაგულოდ გააპრიალებენ და საღამოს ისევ რესტორნებში მოიღერებენ ყელს ნაცნობი რეპერტუარით: „თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე...“ ან „ ორშაბათიც შაბათია... შაბათიც ხომ შაბათია...“
არ ვართ ჩვენ პასუხისმგებლობისთვის გაჩენილი ხალხი და ჩვენი უთავბოლობის მიზეზიც ეს არის. საკუთარ ცხოვრებაზეც კი არ გვინდა პასუხისმგებლობის აღება, აბა, ქვეყანაზე პასუხისმგებლობა საერთოდ რა მოსატანია?! ისტორიოგრაფიასაც ეტყობა ჩვენი უპასუხისმგებლობა. თავს რაც გადაგვხდა, იმის აღწერაც კი დაგვეზარა. ჩვენი ისტორიის გასაცნობად სომხური, ბერძნული და არაბული წყაროები რომ არ გამოგვეყენებინა, ისიც არ გვეცოდინებოდა, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. არადა, სამწერლობო ენის პატრონები ვართ. ამას წინათ, აკა მორჩილაძის წერილი ვნახე. „აღარ ვართ ჩვენ ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანაო“. მეც ბევრჯერ გამჩენია კითხვა , ვართ კი ჩვენ იმ ხალხის კულტურის მემკვიდრეები, „ვეფხისტყაოსანი“ რომ შექმნეს? სად გაწყდა ჩვენსა და მათ შორის მემკვიდრეობითობის ძაფი? როგორ დავეცით იმ სიმაღლიდან და რატომ ვგორავთ ახლა ნეხვში და წუნწუხში? მართლა ჭამ-სმას ხომ არ შევალიეთ მთელი ჩვენი შემოქმედებითი ენერგია? განვითარების რა ეტაპზე იმყოფება ამჟამად კაცობრიობა? სად ვართ ჩვენ?
ინტერნეტის ეპოქამ სრულიად წაშალა საზღვრები, მათ შორის, ინფორმაციულიც. ინტერნეტმა შესაძლებელი გახადა, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ადამიანი აქ და ამ წუთში, წარსულშიც და მომავალშიც ერთდროულად იმყოფებოდეს იქ, სადაც მისი არჩევანია. დროის და ადგილის კოორდინატები სრულიად პირობითი გახდა. ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხმა დღის წესრიგში დააყენა ადამიანის არსის, მისი დანიშნულების ხელახლა გააზრების აუცილებლობა. ჩვენ რომ „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანა ვიყოთ ისევ, გვეცოდინებოდა, რომ ამა თუ იმ ხალხის განვითარება მაშინ აღწევს პიკს, როდესაც ის ეფუძნება სამყაროს შეახებ არსებულ უნივერსალურ ცოდნას და არ რჩება კონკრეტული ნაციონალური ან რელიგიური იდეოლოგიის ჩარჩოებში. ასე მოხდა ძველ ეგვიპტეში, რომში, საბერძნეთში, მოგვიანებით ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც. „ვეფხისტყაოსანი“ სამყაროს უნივერსალურ აღქმაზე დაფუძნებული ქართული მოდელია, სადაც ამ ქვეყნის განვითარების ყველა ასპექტია კოდირებული.
21 საუკუნეშიც ვერ შევქმენით ქვეყნის მართვის ოპტიმალური სქემა, რომლის შესახებაც თითქმის 10 საუკუნის წინ გვქონდა ცოდნა. მართვის იერარქია, რომელიც ვეფხისტყაოსანშია გადმოცემული, ევროპულმა რენესანსმა შემდეგი ფორმულით გადმოსცა: „ ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის“, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება მართვის მკაცრ ვერტიკალურ მოდელს. ეს არის მმართველს და დაქვემდებარებულს შორის ურთიერთპასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, სადაც მმართველის უპირატესობა მხოლოდ პასუხისმგებლობების რაოდენობითა და ხარისხით განისაზღვრება. მართვის ქართული ტრადიციის უნიკალურობა კარგად ჩანს უზენაესი ხელისუფლის, მეფისადმი შენობით მიმართვაში, რაც მიუთითებს ურთიერთპასუხისმგელობებით შემცირებულ იერარქიულ დისტანციას და სოციალურ ურთიერთობებში თავისუფლების მაღალ ხარისხზე. მსახური და არა - ბატონი, პასუხისმგებლობა და არა - მორჩილება. რაც მაღალია იერარქიული საფეხური, მით უფრო მაღალია პასუხისმგებლობა, რომლითაც მცირდება დისტანცია იერარქიის ყველაზე მაღალ და დაბალ საფეხურს შორის. ჩვენ აღარ ვართ „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანა იმიტომ, რომ „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი „ ფერითა“-ს ნაცვლად, „ თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინეო“, ვმღერით. ჩვენ უთვალავ ფერთა კი არა, შავი ჩრდილების ქვეყნად გადავიქეცით.
ჩვენ აღარც გურამიშვილის ქვეყანა ვართ იმიტომ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა წაკითხულის შინაარსის გააზრებით საპატიო ბოლო ადგილზეა ასობით სახელმწიფოს შორის. ჩვენ ვერ შევქმენით განათლების მოდელი, რომელიც განათლებული ადამიანის გაზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული იმიტომ , რომ არც გვიცდია გაგვეაზრებინა რას ნიშნავს „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობად თავისადაო“ .
ჩვენ არ დაგვისვამს კითხვები 1. რისთვის ვასწავლით, 2. რას ვასწავლით და 3. როგორ ვასწავლით.
ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, ჩაანაცვლოს კარგად ინფორმირებული ადამიანი, შეიძლება ჩაანაცვლოს მაღალი IO-ს მქონე ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია და ინტელექტი, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს განათლებულ ადამიანს, რადგან განათლება - ეს არის მენტალური, სულიერი და ემოციური მდგომარეობა, რომელსაც აქვს შემოქმედებითი აქტის განხორციელების უნარი. ისევ „ ვეფხისტყაოსანს“ რომ დავესესხოთ, გულის, გონების და სულის მთლიანობა, რაც ადამიანის მთლიანობას განაპირობებს. დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა, ძალიან შორს არის ასეთი სტანდარტისაგან, მაგრამ ადამიანის სრულყოფის პროცესის ჩამორჩენამ ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესს, შეიძლება პლანეტარული მასშტაბის კატასტროფაც გამოიწვიოს, მით უფრო ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აღარ კითხულობს „ ვეფხისტყაოსანს, მაგრამ იქექება სუს-ის კრებსებში, სუსი კი იქექება ყველას საცვლებში. ჩვენ აღარ ვართ „ ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანა, რადგან აღარ გვახსოვს. რომ „ სიყვარული აგვამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ“ ჩვენ აღარც ვაჟას ქვეყანა ვართ, რადგან თავშეფარებული სტუმრის გაცემა შეგვიძლია, ჩვენ აღარ ვართ „ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა, რადგან „ მოსამართლე და მორჭმულ, გამგებიან“ მმართველს კი არ მმართველის შარდს ვირჩევთ, ჩვენ არც „მართალი სამართლის“ შემქმნელი ქვეყანა ვართ , „ხმელ ხეს, რომ ნედლად შეიქმს“, ჩვენ მურუსიძის სამართლის შემოქმედი ქვეყანა ვართ.
ჩვენ აღარც გიორგი ჭყონდიდელის, გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების ქვეყანა ვართ, ჩვენ სტეფანე კალაიჯიშვილის და სპირიდონ აბულაძეების ქვეყანა ვართ. ჩვენ აღარ ვართ „ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. ჰოდა „ უფალო ღმერთო, თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე!“
ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი