„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქვეყნის პოლიტიკური „ბარბაცი” და „ბორძიკი” დაუსრულებელ სახეს იძენს

05.04.2023 ნახვები: 2699

 ”ისტორია მეხსიერების ხელოვნებაა”

/პატრიკ ჰატონი/

თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ისტორიულ ცოდნასა და გამოცდილებას. საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნისათვის, სავალდებულოა საკუთარი ადგილის შეცნობა ისტორიულ დროსა და სივრცეში.

ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორია 3000 წელს ითვლის და მისი ისტორიული მეხსიერება ანტიკური დროიდან, ცხადყოფს პლანეტაზე მის ადგილსამყოფელსა და რაობას. მიუხედავად ამისა, დღესაც აქტუალურია ჩვენი სამშობლოს ისტორიული მეობის საკითხი.

საკითხს დრამატულ ფორმას სძენს არა ის, რომ “უცხო”კითხვის ნიშნით განიხილავს ჩვენი ქვეყნის “ადგილსამყოფელს”, არამედ ქვეყნის პოლიტიკური „ბარბაცი” და „ბორძიკი”, რომელიც დაუსრულებელ სახეს იძენს და არასრულფასოვნებაში დამცრობილ, არშემდგარი სახელმწიფოს ელფერს გადმოსცემს. აღნიშნული მძიმედ ისახება საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრებაზე.

საფიქრებელია, რომ ჩვენში არსებული მენტალობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ხანგრძლივი გავლენის ქვეშ ყოფნის გარემოებიდან მომდინარეობს, რომელშიც ორი საუკუნე მოუწია ჩვენ ერს ცხოვრება. ისტორიულად მრავალჯერ უწევდა ჩვენ ქვეყანას სხვადასხვა დამპყრობლის გავლენის ქვეშ ყოფნა, მძიმე უღლის ტარება, რაც მის ბუნებრივ შინაგან მდგომარეობას დაღს ასვამდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველთვის და ყველა დროის დამპყრობელს თან ახლდა თავისი გლობალიზაცია, სოციალური გაერთგვაროვნება ან ამის მცდელობა.

საკითხს ასე წარმოვაჩენდი: რამდენად შევძელით რუსულ გავლენასთან გამკლავება? რამდენად შევძელით ბრძოლა?

რატომ რუსეთი?!

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ სადაც ადამიანია, იქ ყველგან არის კარგიც და ცუდიც, სიკეთეც და ბოროტებაც - ეს ცხადია. აქ იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რომელი ქვეყნის პოლიტიკურმა მმართველობამ მოგაყენა ისეთი ზიანი, რომ ჯერ შენი ფიზიკური განადგურებისაკენ დარაზმა - მომართა თავისი სახელმწიფო და შემდეგ მენტალურად დაგიმორჩილა; მის მიერ წარმოებული გლობალიზაციის მსხვერპლი გაგხადა; დაგინაწევრა სამშობლო, აგიკრძალა მშობლიური ენა მაშინ, როდესაც “ყოველ ენაში საკუთარი მსოფლხედვა ძევს, სამყაროს ხედვა”/ ვილჰელმ ჰუმბოლდტი/; გაგინადგურა ეკლესია და ეს ყველაფერი შენი უახლესი წარსულია. წარსული, რომლის ტოტალიტარული მმართველობის უღვთო რეჟიმში შენი ოჯახის წევრები დაიბადნენ. დავიბადეთ ჩვენც. მრავალი ოჯახი ტოტალიტარული მმართველობის რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

დადგა დრო და ღვთის განგებულებამ იძულებითი ტყვეობიდან დაგვიხსნა. სუვერენულ საქართველოში თაობები დაიბადა. გარე სამყაროს საზღვრები გაიხსნა. თვითრეალიზების საშუალება გაჩნდა.

იზოლაციას თავდაღწეულნი რატომღა უნდა მივმართავდეთ თვითიზოლაციას?! უფრო მეტიც, 9 აპრილის მეხსიერების შემდეგ, რუსეთმა შეძლო და მისთვის მტრად მიჩნეული ქვეყნების წინააღმდეგ მიმართა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი; იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც დღეს საქართველოს სუვერენიტეტს იცავენ და რუსეთის მიერ საქართველოს სრულ ოკუპაციას აკავებენ. და ისიც შეძლო, რომ სუვერენულ საქართველოში სხვადასხვა დროს ხელისუფლებები შეცვალა - ძმათა მკვლელი, სამოქალაქო ომის მსხვერპლიც გაგვხადა.

ვინ არის ამაში უპირველესი დამნაშავე? ვინ არის პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, თავად ჩვენ! ვერ შევძელით წარსულის გამოცდილებიდან სწავლა! და რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, დღეს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთა რიტორიკა ამ საბედისწერო რეალობის მტკიცებულებას სძენს ქვეყანას.

კიდევ უფრო ტრაგიკულია, როცა სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ისმის ეს რიტორიკა. ეს ყველაფერი იმის პარალელურად, როდესაც ყოველწლიურად, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის დღეს, ოკუპაციით გამოწვეული ეროვნული ტრაგედიის აღსანიშნავად, სახელმწიფო დროშა ეშვება. რომ აღარაფერი ვთქვათ მეფის რუსეთისა და საბჭოთა ბოროტების იმპერიის მსხვერპლთა კანონიზაციის შესახებ, რომლებიც შემოქმედი ღმერთის წინაშე ჩვენს მეოხად წარმოადგინა ეკლესიამ. იმ ეროვნული გმირებისა თუ უთვალავი მსხვერპლის შესახებ, რომლებიც, 1801 წლიდან დღემდე, საკუთარი სისხლით შეეწირნენ რუსეთიდან მოწეულ ბოროტებას.

გვერდს ვერ ავუვლით რუსეთიდან ქართველი ერის მასობრივი დამცირებისა და დემორალიზების ისტორიულ მოგონებათა ნიაღვარს, რომლის დღემდე დროში განგრძობადობა არ იძლევა მივიწყების საშუალებას.

პოლიტიკურმა ისტორიამ იცის გუშინდელი მტრის დღეს მეგობრად ქცევა და პირიქით. თუმცაღა, ჩვენი ქვეყნისთვის დრომ ვერ შეცვალა უახლესი ისტორიის მტრის ხატი:
1801 წელს მეფის რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის, მონარქიული ხელისუფლების გაუქმების;

1811 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შეჩერებისა და საკათალიკოსოს გაუქმების;

1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ანექსიისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის;

1993 წელს აფხაზეთისა და 2008 წელს ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის;

დამპყრობლის მხრიდან წარმოებული ეთნიკური წმენდის, მოსახლეობის იძულებით გადაადგილების;

ამ რეგიონებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განხორციელებულ საეკლესიო ოკუპაციის;

როგორც ახლო და უახლოესი წარსულის ტრაგიკული ისტორიული მოვლენების გამოცდილებით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ბოლო 200 წლიანი ისტორიის მანძილზე აქვს ადგილი რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან, შეუწყნარებელია ზემოაღნიშნულ ისტორიულ პერიოდსა თუ მონაკვეთში ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის მიჩნეული, ეროვნული უმთავრესი ფასეულობისა და ღირებულების უგულებელყოფა, რაც საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, მკვიდრი მოქალაქეების სიცოცხლეს, მოსახლეობის საცხოვრის- ბინადრობას, საქართველოს ეკლესიასა და მის კანონიკურ იურისდიქციას უკავშირდება.

ისტორიული წარსულის გამოცდილება დროის დიდი პერიოდის შემდეგაც მყოფებს და მონაწილეობს თანამედროვეობის ფორმირებაში. მომავლის თვალსაწიერიდან აწმყოს ხანგრძლივობა დროში იზღუდება და იგი წარსულის ბინადარი ხდება. ისტორია წარსულის, აწმყოსა და მომავლის უწყვეტი ერთობაა, ამიტომ წინამორბედი ეპოქის გამოცდილება მომდევნოსათვის ანგარიშგასაწევი ხდება.

ქვეყანა, ერი, რომელიც იაზრებს და ახერხებს დროში შეინახოს განვლილი ცხოვრების გამოცდილება, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ისტორიულ ძვრებთან დაკავშირებით, თავის იდენტობას მყარ ფუნდამენტზე აფუძნებს.

ისტორიული მეხსიერება ინფორმაციას გვაძლევს წარსული გამოცდილების შესახებ. იგი თანამედროვე საზოგადოების თუ ხელისუფლების წარმოდგენების, ხედვის, არჩევანის სისწორის შესახებ გვაწვდის მტკიცებულებებს. მის გათვალისწინებას და მისით ხელმძღვანელობას ქვეყნის, ერის ცხოვრებისა და საერთოდ მისი მომავლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ისტორიული წარსულის გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილის უგულებელყოფა გამოცდილებით აღსავსე წარსულთან კავშირის გაწყვეტის მომასწავებელი ხდება. ვალდებულები ვართ ვაცნობიერებდეთ ამას.

გაცნობიერების ორმაგი ვალდებულება აქვს ხელისუფლებას, პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებს. ეს სავალდებულო, საყოველთაო ეროვნული თვითიდენტობის მოთხოვნილებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქსიოლოგიური ვალდებულება, რადგან სახელმწიფო და საზოგადოება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთო საკაცობრიო ღირებულებების გარშემო ერთიანდება და ვითარდება.

თავის დროზე გრიგოლ რობაქიძე წერდა: ”ახლა უნდა იგრძნოს ქართველმა რაინდული შემოქმედებითი საქართველო. თუ ვიგრძნობთ საქართველოს ამ გრძნობიდან ჩაისახება აწმყოში საქართველოს რენესანსი".

სახელმწიფოებრივი აღორძინების სავალ გზაზე, საქართველოს მხედართმთავარი არის ხალხის ნება. ქვეყნის ჩაფხუტი კი ერის, ქვეყნის ერთობა! ვალდებულება გვაქვს განვიმტკიცოთ ისტორიული მეხსიერება, რომელიც აერთიანებს პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენებს. როგორც ყველაფერი, ეროვნული მეხსიერებაც საჭიროებს მართვას, რადგან ასეც ხდება რომ, დროით გამოწვეული ცვლილებები ცვლიან მტრის ხატს.

კოლონიალური სახელმწიფოები ყველა დროში ცდილობდნენ მათი ინტერესის ქვეშ მოქცეულ ქვეყნებზე თავისი ძალაუფლების განვრცობას. ის, რაც ჩვენს სუვერენულ ქვეყანას, ხალხს მოეთხოვება არის - შინაგანი დეკოლონიზაცია.

“წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.“
/ წმ. ილია მართალი, ჭავჭავაძე/

+ მთავარეპისკოპოსი ზენონი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა