ვინ ძალადობს ამას სჭირდება შესწავლა და გამოკვლევა - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელები წარმოებაში არ მიიღო
ნატო-ს გენერალური მდივანი - ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და ვგმობ მას
IPN: შსს-ს ინფორმაციით, დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“
საზმაუს 60-ზე მეტი თანამშრომელი: არხი მიკერძოებულია, ვითხოვთ, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს
War update: 201 skirmishes on front lines, most attacks recorded in Kurakhove sector
SOF carry out two raids in Kursk region, capture 8 more Russian servicemen
Russian Army loses another 1,780 soldiers in Ukraine

ობოლი პარტიის უძღები ბედი

30.04.2023 ნახვები: 3076

საქართველოს მმართველ პარტის, ანუ "ქართულ ოცნებას" ევროპული პოლიტიკური ოჯახის დატოვების რეალური პერსპექტივა ემუქრება. დატოვება ვგონებ ძალიან მსუბუქი, ნათქვამია, "ოცნება" PES-დან გარიცხვის კანიდადტია. 

ევროპის პოლიტიკური ზოოპარკი ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანია. ის უამრავ ჭკვიან, საინტერესო, ნიჭიერ ადამიანსა და პარტიას მოიცავს, მაგრამ ასევე იტევს მრავალ სულელსა და ოპორტუნისტს. ყველა ქვეყნის პოლიტიკური ველი უნიკალური ისტორიული განვითარების შედეგად წარმოიშვა, რაც ასევე ევროპულ დონეზეც აისახა. თუ ჩვენ ვეცდებით ევროპარლამენტისა თუ ევროპული კომისიის პოლიტიკური კულტურა შევადაროთ რომელიმე ქვეყანას, ალბათ ყველაზე მეტ მსგავსებას გერმანიასთან დავინახავთ.

გერმანიის მსგავსად, ევროპარლამენტში ორი სპილო - მთავარი მოთამაშეა: კონსერვატორები, ანუ ევროპის სახალხო პარტია (EPP), და სოციალისტები, ანუ ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) (PES-ს არაფერი აკავშირებს „პატრიოტთა ალიანსის“ ქართულ გამონაზარდთან, ფრიდონ ინჯიას ევროპელ სოციალისტებთან. მათ - ალბათ, ფანტაზიის ნაკლებობის გამო - უბრალოდ ევროპული პარტიის სახელი „დაითრიეს“).

გერმანიის მსგავსად, ევროპარლამენტშიც პოლიტიკური ძალაუფლება რთული წარმოსადგენია მესამე პარტიის გარეშე, რომლის როლში - ძირითადად - ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) გამოდის და ძირითადი ძალაუფლებაც ამ სამი პარტიის წარმომადგენლებს შორისაა გადანაწილებული. მნიშვნელოვანი მოთამაშეები ასევე არიან მწვანეები (საქართველოში, ძირითადად, ვიოლა ფონ კრამონის სახელთან დაკავშირებით გვახსენდებიან) და ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორები (სადაც წამყვანია პოლონეთის მმართველი პარტია).

დარჩენილი ორი ჯგუფიდან ერთი არის იდენტობა და დემოკრატია (ულტრამემარჯვენე პატარა პარტიების გაერთიანება) და მემარცხენეები (ასევე პატარ-პატარა კომუნისტური პარტიების ერთობა). თუმცა უკანასკნელი ორის რეალური გავლენა ევროპის პოლიტიკურ პროცესზე მინიმალურია (სამაგიეროდ, ხმაურიანი და ეპატაჟური გამოსვლები უყვართ).

ევროპის პოლიტიკური პარტიები - პოლიტიკური ოჯახები, მრავალ ფუნქციას ასრულებენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც, სამი: პირველი - ეს არის მსგავსი იდეოლოგიის პარტიების გაერთიანება, გამოცდილებისა და იდეების ურთერთმიმოცვლა, ერთმანეთის განვითარებაზე ზრუნვა და მხარდაჭერა; მეორე - ევროპარლამენტის პოლიტიკური საქმიანობა (რაც ყველა პარლამენტში, პრინციპში, ერთნაირია); მესამე - სხვადასხვა ქვეყნებში მსგავს პარტიებთან კომუნიკაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ მოსალოდნელი გარიცხვა ევროპელი სოციალისტების პარტიიდან (PES) არის ძალიან სამწუხარო ამბავი საქართველოსთვის და თავად ამ პარტიისთვის.

სამწუხარო ეს ამბავი არის არა იმიტომ, რომ ოცნებაზე ან PES-ზე გული შემტკივა, არამედ იმიტომ, რომ ეს ცუდია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების წინ. ჩვენ ვკარგავთ ევროპის სიძლიერით მეორე პოლიტიკურ პარტიასთან კომუნიკაციის  ძალიან მნიშვნელოვან და სიღრმისეულ არხს, ვასუსტებთ ჩვენს მხარდაჭერას ევროპარლამენტში და  ჩვენს კომუნიკაციას იმ დედაქალაქებთან, რომლებსაც სოციალისტური პარტიები მართავენ.

უპირველეს ყოვლისა ეს არის ბერლინი, რომლის კეთილგანწყობას საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია. გერმანელი სოციალისტების წარსულის, რუსეთთან მათი წარსული ფლირტის გათვალისწებით, ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო - მით უფრო, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მომგებიანი იყო, რადგანაც მათ ევროპული პოლიტიკის ეპიცენტრში რთავდა და უნიკალურ შესაძლებლობებს უხსნიდა ქვეყნის სასიკეთოდ. თუმცა, ამ შანსის გამოყენებას პოლიტიკური ნება და ევროპასთან ინტეგრაციის სურვილი სჭირდებოდა.

„რუსული კანონის“ მოვლენების შემდეგ „ოცნების“ გარიცხვის მოლოდინი სამწუხარო, მაგრამ ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა. „ქართული ოცნება“ არასდროს არ ყოფილა იდეოლოგიაზე დაფუძნებული ძალა. მისი მთავარი იდეოლოგია ყოველთვის იყო ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც მზად იყო აეღო გამოსადეგი ელემენტები.

ეს დამოკიდებულება ეფექტიანია საქართველოში ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა (ვინ წარმოიდგენდა!) ევროპული პარტიებისთვის, რომლებსაც თავიდანვე ჰქონდათ გარკვეული შეუთავსებლობა: მილიარდერის მიერ დაარსებული პარტია და სოციალიზმი... არც ისე კარგად ჟღერდა. მიუხედავად ამისა „ოცნების“ ადრეული რეფორმების - უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის რეფორმის ხარჯზე - ოცნებამ „უდანაშაულობის პოლიტიკური პრეზუმფციით“ ისარგებლა და ამაზე თვალის დახუჭვა გადაწყდა. „ოცნებამ“ მიიღო პოლიტიკური ოჯახი, ხოლო სოციალისტებმა - კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც მმართველი ძალა იყვნენ, შესაბამისად თავიდან ყველა ძალიან კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით კი „ოცნების“ ის მემარცხენე ელემენტები, რომლებიც პარტიამ შემდგომში განდევნა და პოლიტიკური პროცესიდან გარიყა.

ევროპელი სოციალისტების კეთილგანწყობა უსასრულო ვერ იქნებოდა - „ოცნებამ“ ნელ-ნელა ყველაფერი გააკეთა, რომ ტოქსიკურ პარტნიორად ჩამოყალიბებულიყო. ეს ძალიან კარგად გმაოჩნდა „რუსული კანონის“ ირგვლივ განვითარებული დრამის დროს - ყველა მეგობრისა და პარტნიორის გაფრთხილების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე სცადა ამ უაღრესად მავნებლური საკანონმდებლო აქტის მიღება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაჩერებდა და რუსულ პოლიტიკურ სივრცესთან დაახლოების ნიშანი იქნებოდა.

ცხადია, ევროპელ სოციალისტებსაც ძალიან კარგად ესმოდათ ამ კანონის მავნებლობა და ყველა გზით ეცადნენ ეს საკუთარი პარტნიორისთვის აეხსნათ, თუმცა „ოცნებამ“ მათი მოსაზრება არ გაითვალისწინა.

ბოლო წვეთი კი, როგორც ჩანს, გახდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, დაახლოება. ორბანისა და „ოცნების“ ურთიერთობა თავიდან მეგობრული ნამდვილად არ იყო - 2012 წლის არჩევნების შემდეგ ზურაბ ადეიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის პერიოდის იუსტიციის მინისტრმა, თავი სწორედ უნგრეთს შეაფარა. ამ პერიოდში „ოცნებასა“ და უნგრეთს შორის ერთგვარი ცივი ომი დაიყწო, თუმცა ნელ-ნელა ეს ურთიერთობა დათბა და - განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დროს - კეთილგანწყობად გადაიქცა.

ამ კეთილგანწყობის მიზეზებზე ბევრი საუბარი შეიძლება და ბევრი ეჭვი არსებობს. იმდენად ბევრი, რომ პოლონეთმაც კი, რომელიც უნგრეთთან ერთად ევროპის კონსერვატიული ძალების მნიშვნელოვანი ბასტიონია, ორბანისგან დისტანცირება არჩია. დღეისათვის ორბანი გადაიქცა ადამიანად, რომელთანაც ხელის ჩამორთმევა ჩამომრთევისთვის რეპუტაციული ზიანის მატარებელია. ამ ადამიანს დაუკავშირა საქართველოს ევროინტეგრაციის ბედი საქართველოს მთავრობამ.

ევროპარლამენტის არჩევნების წინ - რომელიც 2024-ში ჩატარდება - სოციალისტები ვეღარ დაუშვებენ საკუთარ რიგებში „ქართულო ოცნების“ მაგვარი პოლიტიკური პარტიის არსებობას. ისედაც ბევრი გამოწვევა ჰქონდათ - კატარგეითის შემდეგ სოციალისტების იმიჯი ისედაც ძალიან დაზიანებულია და მის გამოსასწორებლად ყველაფერს გააკეთებენ, ტოქსიკურ პარტნიორთან ურთიერთობების გაწყვეტაც რომ დაჭირდეთ.

„ქართული ოცნების“ გარიცხვა ევროპული პოლიტიკური ოჯახიდან კი, იქნება მორიგი სამწუხარო ილუსტრაცია, თუ როგორ შორდება საქართველო ევროპულ სივრცეს.

ავტორი: გიორგი მელაშვილიქართულ-ევროპული ინსტიტუტის დირექტორი

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა