ქართული საზოგადოება, ალბათ ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, მაგრამ ქართული - განსაკუთრებით, აკუმულატორივითაა - მას დამუხტვა სჭირდება.
სანამ ბოლომდე არ დაიტენა და არ გაივსო - არაფერზე არ რეაგირებს, მათ შორის ისეთ რამეზე, რის გამოც წესით უნდა აღშფოთდეს და ქუჩაში გამოვიდეს. პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ყველა ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით, დიდ უმცირესობას წარმოადგენენ, ასეთ დროს წუწუნებენ - სადაა ხალხი, რატომ არ აპროტესტებს, რატომ არ გამოდის ქუჩაში? სძინავს?
თუმცა, ამ დროს მას არ სძინავს - ის იტენება, როგორც ტელეფონის აკუმულატორი. სანამ არ დაიტენა ყველანაირ გაუგონარ საზიზღრობას გაატარებს და წაიყრუებს, როდესაც დაიტენება -ყველასთვის მოულოდნელად გამოვა ქუჩაში და ხელისუფლებას უზარმაზარ პრობლემებს შეუქმნის.
ასევე უნდა ითქვას, რომ არარეალისტურია მოლოდინი, რომ ნებისმიერი უსამართლობის თუ მოღალატეობრივი აქტის გამო, ადამიანები მასობრივად გამოვლენ ქუჩაში პროტესტით. არც ერთი საზოგადოება ასე არ ფუნქციონირებს და შეუძლებელია ქვეყანა მუდმივად იყოს მზად რევოლუციური მასშტაბის გამოსვლებისთვის.
საზოგადოება იმუხტება, შემდეგ ხარჯავს დაგროვილ ენერგიას, მერე მოდუნების რეჟიმში გადადის, და ა.შ.
ეს ბევრი მაგალითით დასტურდება - ერთ-ერთია უკრაინა, რომელმაც 2014 წელს იანუკოვიჩის ჩამოგდებაში უზარმაზარი ენერგია დახარჯა და შემდგომ წლებში პოლიტიკურად პასიურ რეჟიმში გადავიდა - წლების მანძილზე უკრაინაში ბევრი ისეთი რამ მოხვდა, რაც გაპროტესტებას მოითხოვდა, თუმცა, ხალხი ჯიუტად იჯდა სახლში და გარეთ არ გამოდიოდა. მაშინაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება ნიჰილიზმმა მოიცვა, არავის არაფერი არ აინტერესებს, და ხალხს ღრმად სძინავს.
ასეთივე სიტუაციაა ირანში, სადაც რამდენიმე წელიწადში ერთხელ იფეთქებს მორიგი რევოლუციის მცდელობა, შემდეგ ხდება მისი ძალისმიერ ჩახშობა და წლების შემდეგ, როდესაც საზოგადოებრივი აკუმულატორი დაიტენება - ყველაფერი თავიდან იწყება.
საქართველოში ქოციანობის პერიოდში იყო 2 შემთხვევა, როდესაც აკუმულატორი საკმარისად დაიმუხტა, რამაც უწყვეტი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია და შედეგიც მოიტანა.
პირველი იყო „გავრილოვის ღამე“, რომელმაც ისეთი მძლავრი აფეთქება გამოიწვია, რომ ხელისუფლება იძულებული აღმოჩნდა დათმობაზე წასულ იყო.
მართალია, მოგვიანებით ბორენკამ ყველა გადაგვაგდო და დაპირება 2020 წელს სრულად პროპორციული არჩევნების თაობაზე უკან წაიღო, თუმცა, ბოლომდე თავისას მაინც ვერ მიაღწია - ქოცებს მოუწიათ ოპოზიციასთან დათმობაზე წასვლა და არჩევნების ჩატარება სისტემით 120-30-ზე.
ეს კი ნიშნავს, რომ „ოცნება“ დღევანდელ პარლამენტში არ ფლობს კონსტიტუციურ უმრავლესობას.
შემიძლია სრული გარანტიით გითხრათ - ქოცობას დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ გააჩნდეს, ის აუცილებლად გააუქმებდა პუნქტს სრულად პროპორციული არჩევნების თაობაზე, და ამით ძალაუფლებას სამუდამოდ ჩაიბეტონებდა,
ასე რომ ტყუილად გგონიათ, რომ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ გაშლილი საპროტესტო მოძრაობა უშედეგო აღმოჩნდა - 2024 წელს თუ ჩატარება სრულად პროპორციული არჩევნები - ეს სწორედაც იმ მოვლენების დამსახურებაა.
მეორე იყო 2023 წლის მარტის მოვლენები, რომელთა შემდეგაც სრულფასოვანი ავტორიტარიზმისკენ დაჩქარებული სვლა მნიშვნელოვნად შენელდა.
2019 წლის გამოსვლების შემდეგ ქვეყანა სრულმა პოლიტიკურმა აპათიამ მოიცვა, საზოგადოება პასიური მაყურებლის როლში გადავიდა. თითქოს ქვეყანას სამუდამოდ ჩაეძინა, მაგრამ მარტის მოვლენებმა დაგვანახა, რომ ეს არ იყო ჩაძინება - ეს იყო დაცლილი აკუმულატორის დამუხტვა.
მარტში დაიხარჯა უზარმაზარი ენერგია და დღეს ქვეყანა ისევ პასიურ რეჟიმში გადავიდა - რატომ იყო უცხოური აგენტების კანონი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რუსეთში ფრენების აღდგენა? არანაირად არ იყო - უბრალოდ აგენტების კანონს საზოგადოება დამუხტული აკუმულატორით დახვდა, ხოლო ავიამიმოსვლას - დაცლილით.
არ ხდება ასე, რომ ათობით ათასი ადამიანი მზად იყოს ქუჩაში გამოვიდეს რეგულარულად, ნებისმიერი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია აბსტრაქტულ, ზოგად საკითხებზე, რომელსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნაკლებად ეხება ადამიანებს პირადად.
დღეს ხალხი არ გამოდის ქუჩაში არც გრიგორიადისის აღმაშფოთებელი დაკავების, ან ფრენების აღდგენის, ან „ორბანიზაციის“, ან კიდევ მრავალი სხვა მიზეზის გამო.
მე რომ მკითხო - არც არის საჭირო, ამ ქვეყანას ელის დიდი ომი ქოცობასთან 2024 წლის ოქტომბერში, როდესაც ისინი შეეცდებიან არჩევნების მოპარვას. ესენი თავისი ნებით არსად არ წავლენ და ჩვენ დიდი, მძიმე ბრძოლა მოგველის.
ძალიან მნიშვნელოვანია 2024 წლის ოქტომბერს აკუმულატორი სრულად დამუხტული დახვდეს.
დღეს ჩვენ გვაქვს არჩევანი დავხარჯოთ მუხტი მცირე დოზები და გაუთავებლად გამოვიდეთ ქუჩაში ქოცების ყველა მამაძაღლობის გასაპროტესტებლად, დავხარჯოთ ძვირფასი ენერგია და 2024 წელს დაცლილები დავხვდეთ. რაც სრულებით არ გამორიცხავს ცალკეულ საკუთხებზე რეაგირებას, თუ არ დავიხარჯოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ 2024 წელს გავმართოთ ერთი დიდი ბრძოლა „ქართულ ოცნებად“ წოდებული შავი ჭირის წინააღმდეგ,
არჩევანი ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ.
ავტორი: თენგიზ აბლოთია