ავტორი: გეგა სილაგავა
არის ერთი საოცარი ფილმი: „ღვთის გასამართლება", რომლის პრემიერა 2008 წელს გაიმართა (რეჟ.: ენდი დე ემონი). აუშვიცის (ოსვენციმი) საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი ებრაელები ღმერთს სასამართლოს მოუწყობენ. ფილმში არის ასეთი ეპოზოდი, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, მუდამ არსებობს თუ არა არჩევნის შესაძლებლობა?
ერთ-ერთი გმირი ყვება, როცა მას ფაშისტებმა სამი შვილი წაართვეს და იგი ოფიცერს შეევედრა, რომ გაეშვა მისი შვილები, ოფიცერმა სამივე ბავშვი მამის წინ დააყენა და უთხრა: აირჩიე ერთი! რა უნდა გაეკეთებინა მამას? აერჩია ყველაზე ძლიერი თუ სუსტი? ჯანმრთელი თუ უძლური? უფროსი, უმცროსი თუ შუათანა? უფრო ლამაზი თუ შედარებით შეუხედავი?.. როგორ უნდა მოქცეულიყო სასოწარკვეთილი მშობელი? ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ოფიცერი დადგენილ წესებს არღვევდა, რეალურად გულმოწყალება გამოიჩინა და მამას თუნდაც არჩევნის საშუალება მისცა _ ერთი სიცოცხლის გადარჩენის უფლება. მეტყვით, _ თავი მოეკლა, თუკი სამივეს ვერ გადაარჩენდაო. მაგრამ ეს არასწორი პასუხია, თავადაც იცით. რატომ? მაშინ თავადაც მოკვდებოდა და სამივე შვილს დაუხოცავდნენ. რეალობა ასეთია: მას ჰქონდა საკუთარი თავისა და ერთი შვილის გადარჩენის შანსი. დავინდობ თქვენს ემოციებს და არ დავსვამ კითხვას, _ თქვენ რას იზამდით? ამ თემას სულ ბოლოს დავუბრუნდები.
***
ხშირად მეკითხებიან, რას ვერჩი ქართველ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ გაერთიანებებს, რას ვედავები და რა მაქვს მათთან გასაყოფი? ბევრი რამ და პირველ რიგში, მათი მანიაკური მერკანტილიზმი და კომფორმიზმი.
ასევე ხშირად მეკითხებიან, რას ვერჩი ქართველი ხალხის არცთუ უმნიშვნელო ნაწილს, საზოგადოებრივ ჯგუფებს და რატომ ვარ მუდამ უკმაყოფილო? რატომ არ იზრდებიან, რატომ არ ვითარდებიან და რატომ იქცევიან, როგორც უკანასკნელი ხარბი ქაჯები, რომლებიც ისე ავარდებიან ხოლმე საარჩევნოდ დარიგებულ შაქარზე, კარტოფილზე, ხახვზე, ფულზე, რომ ვერც კი ათვითცნობიერებენ, რა ზიანს აყენებენ ქართულ სახელმწიფოს? როგორ ვერ ხვდებიან, რომ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ის ერთჯერადი საარჩევნო სისუსტე მათ უკიდურესად აგრესიულ მაზოხისტებად აყალიბებს და ეს გრძელდება ერთი საარჩევნო ცილკიდან _ მეორემდე?
რაც ბერი ის ერი, გნებავთ, პირიქით _ კლასიკურად: რაც ერი _ ის ბერი და მაშინ მით უფრო მაქვს უკმაყოფილების გამოთქმის საფუძველი, რადგან ასეთი დამოკიდებულებით ვიღებთ ვითარებას, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები საკუთარი ვნებების რეალიზებისთვის სადისტობენ, ხოლო ხალხი დაუსრულებლად მაზოხისტობს. შედეგად კი გვაქვს სადომაზოხისტური ქართული პოლიტიკა ყველა თანმდევი კომპონენტით.
***
საქართველოში პოლიტიკა ყველაზე სარფიან საქმედ, ბიზნესად მიიჩნევა. აქ ადვილია იყო პოლიტიკოსი, _ საკმარისია რამდენიმე ბრძნული ამონარიდის დაზეპირება, დაყენებული მეტყველბა, ცოტა ქარიზმა და მორჩა. პოლიტიკა იმ სფეროდ იქცა, სადაც „ყველაფერი მოსულა". რეალურად ხომ არავინ ამოწმებს შენს ცოდნას, რადგან „აქ" პოლიტიკა გამოცდილებასა და სწავლებაზე დაფუძნებული პროფესია არ არის. „აქ" მთავარია, შეგეძლოს გააჩმახო. რაც უფრო დამაჯერებლად აკეთებ ამას, მით უფრო კარგი „ტიპი" ან „ტიპშა" ხარ და მით უფრო გცემენ პატივს. თან ამ პოლიტიკოსებმა კარგად იციან _ მათი უვიცობა და დეგენერატიზმი არ უნდა გაიშიფროს, ამიტომ ამომრჩევლისთვის, ხალხისთვის თავალში ნაცრის შესაყრელად მაღალ სტანდარტებს აწესებენ. სტანდარტებს, რომლის უმეტესობას თავად ვერასოდეს დააკმაყოფილებენ.
ისე, მართლა, როგორ გინდა საქართველოში გაზომო, ვინ როგორი პოლიტიკოსია? მე თქვენ გეტყვით და ხალხს აქვს დადგენილი ამის კრიტერიუმი, თუ თავად პოლიტიკაში შემოპარული პერსონები ვერ მოიწონებენ თავს იმით, რომ „მაშინ იმ აქციაზე ვიყავი", „მაშინ იმას ვებრძოდი" ან იმით, რომ „მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და მამიკოს ძმაკაცები პასპორტის ჩვენების სანაცვლოდ ფულს მჩუქნიდნენ". ან რა პრობლემაა ერთი თუ ორი პატრიოტული სლოგანის გაჟღერება, მოწინააღმდეგის დაგმობა, რეგისტრების ცვლა, ყელზე ძარღვების დაჭიმვა; ამ ყველაფრის მერე ხალხში ან მის რაღაც ნაწილში სიმპათიის მოპოვება. თუ იმდენიც გესმის, რომ მაზოხისტად ქცეულთა უმეტესობას ფრიად მოსწონს, რომ მასზე ძალადობენ _ დიდება გარანტირებული გაქვს. რეალურად ხომ ამისთვის გიკრავენ ტაშს, რომ მერე რაც შეიძლება მეტი ტკივილი მიაყენო და თუ ამას ვერ შეძლებ, ჩამოგაცურებენ და ახალ სადისტს იპოვიან. არა, მესმის, რომ ძალიან კატეგორიული ვარ და ტონიც საკმაოდ მძიმეა, თუმცა ეს რეალობა გახლავთ, პრობლემა ამ შემთხვევაში ისაა, გამოუტყდება თუ არა მავანი საკუთარ თავს.
ჰო, როგორ გინდა, რომ გაზომო პოლიტიკოსის პროფესიონალიზმი? პოლიტიკოსი ხომ მოსწავლე არ არის, საზეპიროები ჩამოარაკრაკოს და მისთვის ისიც დასაშვებია, ერთ ლექსს მეორე გადააბას. პოლიტიკოსი არც მათემატიკოსი გახლავთ, ამოცანა ამოხსნას. პოლიტიკოსი არც ბუღალტერია, ბალანსი გაგიმზადოთ და გასავალ-შემოსავალი, წაგება-მოგება დაიანგარიშოს.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქართველი და აქ, ვაღიარებ, არა მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსის საზრისი ვერ გასცდა ნიკოლო მაკიაველის „მთავარში" (1531 წელი) ასახულ რეალობას _ პოლიტიკური ლიდერების მთავარი მახასიათებელი კვლავ და კვლავ ცბიერება, სისასტიკე და მანიპულაციებია.
ჩვენ შემთხვევაში ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობას სამი შვილიდან ერთის არჩევის საშუალებას თუ მისცემ, ცხადია, ვის აირჩევს და ირჩევს კიდეც _ არც ერთს! მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენს. მათი დეკლარირებული მოტივი იქნება ასეთი _ მე არ მქონდა არჩევნის საშუალება, ეს იქნებოდა ორი შვილის სასიკვდილოდ გაწირვა, ამიტომაც გადავწყვიტე, არ გამეკეთებინა ეს არჩევანი, არც იმ ოფიცერთან შევსულიყავი კონფლიქტში და კაცობრიობისთვის ახალი შვილები მეჩუქებინა. ანუ გადავრჩენილიყავი მე. და აქ ყველაზე მთავარი, იცით, რა არის? _ ბევრი ჩვენგანი ამ მოსაზრებას გაიზიარებს და ტაშსაც დაუკრავს „მამას", რადგანაც თავადაც ასე მოიქცეოდა. შესაბამისად, ეს ქართველი სადისტები და მაზოხისტები ასე ჰარმონიულად რომ თანაცხოვრობენ, რა გასაკვირია?
***
ჩვენ ვერ გავიზარდეთ, ჩვენ ვერ ვვითარდებით, იმის მიუხედავად, რამდენი წიგნი წაგვიკვითხავს, რაოდენ ბრძნულად გამოვიყურებით. დამოუკიდებლობის ლამის 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში ერმა, ხალხმა, პოლიტიკურმა კლასმა, საზოგადოებამ ერთხელაც არ დაისახა სწორი ამოცანა და, შესაბამისად, როგორ შეიძლებოდა სწორი შედეგი მიეღო ან სწორად გაეცა პასუხი კითხვისთვის: რა გვინდა, სად მივდივართ?
ჩვენ არასოდეს გვქონია მიზანი, დიახ, მიზანი _ მკვეთრად გამოხატული, პრაგმატული და რაციონალური. მიზანი _ რაც უნდა განვახორციელოთ, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ, რასაც უნდა მივაღწიოთ.
ჩვენ არასოდეს დაგვისახავს გამარჯვება მიზნის მისაღწევად, მუდამ გვგონია, რომ მიზანი „ვიღაცის" დამარცხებით მიიღწევა. რატომ? იმიტომ რომ თავად მიზანი არ ვიცით, რა გვაქვს.
ნაპოლეონ ჰილს მოვიშველიებ: „არის ერთი რამ, რასაც უნდა ფლობდე გამარჯვებისთვის. ეს არის განსაზღვრული მიზანი, ცოდნა იმისა, თუ რა გინდა და მწველი სურვილი, მიაღწიო დასახულს".
აბა, მითხარით, მხოლოდ გულწრფელად, რა იყო ამ ხნის განმავლობაში ჩვენი _ საქართველოს მოქალაქეების მიზანი? სახელმწიფო, მისი შექმნა სრული ატრიბუტიკით: დამოუკიდებლობით, თავისუფლებით, ადამიანის უფლებებით, კანონის უზენაესობით, დემოკრატიით, ეკონომიკური სიძლიერით თუ თვითგადარჩენა, რომელიც, ამ შემთხვევაში, მოიცავს მხოლოდ „მეს" კეთილდღეობას? მიზანი სახელმწიფო იყო, როგორც ჩვენი ჰარმონიული და განვითარებული ცხოვრების არეალი, თუ მიზანი იყო, მე კარგად უნდა ვიყო? ვიცი, პასუხები აქაც გაიყოფა, ზოგი ერთს მიემხრობა, ზოგი _ მეორეს. უმეტესობა იტყვის, რომ მათი მიზანი იყო და არის სახელმწიფო, ხოლო „იმათი" ანუ ხელისუფლებების, მთავრობების მიზანი იყო „მე". და ვინ ირჩევდა ამ მთავრობებს შაქრის, კარტოფილის, ხახვის ფულის, საკუთარი კომფორტის, ინტერესების, ოცნებების სანაცვლოდ? ე. ი. ისინი, ვისთვისაც მთავარი იყო სახელმწიფო? ანუ უმეტესობა ან შეცდომას უშვებს პასუხის გააზრებაში, ან _ ტყუის. კარგი, ვთქვათ, ერთხელ შეცდი, შეცდი მეორედ, ცდები მესამედ, მეოთხედ _ ბრიყვი ხარ? არის რომელიმე ქართველი, რომელიც აღიარებს, რომ ბრიყვია? _ არა! მაშინ რა ხდება?
პასუხი აქაც მარტივია, _ საქართველოს მოქალაქეები, „ღრმად განვითარებულებიც" კი და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა _ ყურადღება მიაქციეთ ამას! _ განვითარდება თუ მის მართვას პატიოსანი პოლიტიკოსები დაიწყებენ და ტირანებს, კორუმპირებულებს, გიჟებს, ოლიგარქებს ჩამოაშორებენ ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ დააკვირდით _ „ქვეყანა განვითარდება" და აქ „სახელმწიფო" სად არის? ა, განვითარებული ქვეყანა არის სახელმწიფო? როგორ ვუპასუხო ახლა ასეთი მოსაზრების მქონე პოლიტიკოსებსა და „ღრმად განვითარებულ" ინტელექტუალებს? ალბათ, მარტივად: დაჯექი, ორიანი!
სახელმწიფო, არც მეტი არც ნაკლები, არის საზოგადოება, რომელიც ორგანიზებულია პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელების გზით. მაგალითად, არისტოტელესთვის სახელმწიფო გახლავთ ბევრი ადამიანის მართვა ყველას ინტერესის სასარგებლოდ. არისტოტელეს თუ მივყვებით, სად არის ჩვენს სახელმწიფოში ყველას ინტერესი გარანტირებული? თუ კლასიკას _ მაშინ როგორ არის ჩვენთან ორგანიზებული პოლიტიკური ძალაუფლება? რადგან ორივე საკითხში გარღვევა გვაქვს, სულაც არ მიკვირს, რომ ქვეყანა ვართ.
თუმცა მიზანს რა ვუყოთ? მიზანს _ სახელმწიფოს...
***
რეალურად, თუ საკუთარ თავს არ მოვატყუებთ. ჩვენთან მიზანი სახელმწიფო კი არ არის _ ძალაუფლებაა, ხელისუფლებაში ყოფნაა.
გაგახსენებთ, რომ გერმანელი სოციოლოგი და ფილოსოფოსი მაქს ვებერი განასხვავებდა ხელისუფლების სამ ტიპს: ტრადიციული ხელისუფლება, რომელიც ფესვებგადგმულია ისტორიაში; ქარიზმატული ხელისუფლება, რომელიც წარმოიქმნება პიროვნებისგან; ლეგალურ-რაციონალური ხელისუფლება, რომლის არსებობა დასაბუთებულია ობიექტური ნორმებით.
ჩვენ არ გვაქვს და ვერც გვეყოლება ტრადიციული ხელისუფლება, რომელსაც აქვს ისტორიული მეხსიერება და მემკვიდრეობა, არც კი ვცდილობთ გვყავდეს ლეგალურ-რაციონალური ხელისუფლება, რადგანაც თავად არ ვართ რაციონალურები და უკვე, ლამის, 30 წელია, ქარიზმატული ხელისუფლების, ანუ პიროვნებისგან წარმოქმნილი და პიროვნებაზე დაყრდნობილი ხელისუფლებების პირობებში ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ და მოგვწონს ეს. სწორედ ამით არის განპირობებიული ის, რომ მიზანსაც კი ვერ ვიაზრებთ სწორად.
„დიქტატორი გამსახურდია", „მელა შევარდნაძე", „გიჟი სააკაშვილი", „ოლიგარქი ივანიშვილი"... _ პერსონები, პიროვნებები, რომელთა ქარიზმატულობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოების უმეტესობამ ჯერ ძეგლი დაუდგა და მერე თავპირი დაამტვრია.
აბა, კარგად გაიხსენეთ, დამოუკიდებლობის ცალკეულ პოლიტიკურ ეტაპზე რა იყო ქართული საზოგადოების ამოცანა? ტირანი გამსახურდიას დამხობა, მელა შევარდნაძის დამხობა, გიჟი სააკაშვილის დამხობა და ახლაც ქართულმა ოპოზიციურმა ელიტამ მორიგი ამოცანა დასახა _ ოლიგარქი ივანიშვილის დამხობა.
თითოეულის დასამხობად კი ქართული პოლიტიკური სპექტრი გვთავაზობდა სხვადასხვა ფორმულას, რომლის შინაარსი სულ ორი ფრაზით შეიძლება გადმოვცე _ ერთი: „საქართველო გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის გარეშე" და მეორე: „ყველას მინუს ერთი" და იცით, ეს რას ნიშნავს, როდესაც ასეთ ლანგარზე დებენ პოლიტიკურ კერძს? რომ მიზანი ქვეყანაც კი არ არის, არათუ სახელმწიფო, რომ მიზანია „ერთი" სისხლისმსმელი, ტირანი, ფლიდი შეიცვალოს მეორე ქარიზმატულით. მერე რა, რომ რამდენიმე წელიწადში ახალ ქარიზმატულს ასევე ჩავასვენებთ მიწაში? ჩვენთვის ხომ მთავარია პროცესი და ილუზია, რომ ქვეყნის ბედს ვცვლით. რეალურად კი ქვეყნის კი არა, იმათ ბედს ვცვლით, ვინც ჩვენით მანიპულირებს და ვცდილობთ, რომ იქნებ, ამ ცვლილების დროს საკუთარი ბედიც შევცვალოთ.
ამიტომაც, როდესაც ჩვენი პოლიტიკური მენტალობა და აზროვნება ვერ გასცდა კარგი და ტირანი მეფის ან, გნებავთ, კეისრის არსებობის გააზრებას და როდესაც დაბეჯითებით გვგონია, რომ ცუდი კალიგულა თუ არსებობდა, ხომ არსებობდა კარგი ცეზარი და თან ყველა იმას ვფიქრობთ _ იქნებ, ინციტატუსის ბედი გვერგოს და სენატშიც მოვხდეთ _ არაფერი გვეშველება! ისე, ცხენის ბედს რომ ინატრებ კაცი, რა საბრალო არსება ხარ.
თუმცა, რატომაც, არა? _ არისტოტელემ ხომ თავის „პოლიტიკაში" განაცხადა, რომ „ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია" (თუმცა იგი გულისხმობდა, რომ ადამიანს მხოლოდ პოლიტიკური საზოგადოების შიგნით შეუძლია იცხოვროს „კარგი ცხოვრებით") და რა მოხდება, ჩვენც თუ კეთილშობილი ცხოველის როლს მოვირგებთ, მით უფრო, რომ ამჟამიდელ _ მაიმუნის როლს სჯობს.
ამის შემდეგ რატომ გიკვირთ ეს უკიდეგანო ურთიერთზიზღი რაც ჩვენს საზოგადოებაშია? რატომ გიკვირთ, რომ ქარიზმატული ლიდერები საშინლად მანიპულირებენ ჩვენით? რატომ გიკვირთ, რომ სწორედ ამ ქარიზმატულების ინტერესებშია, ქვეყანაში მიზანიც კი არ იყოს, რაციონალური ხელისუფლების არსებობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია? და საბოლოოდ, რატომ გიკვირთ, რომ დროთა განმავლობაში ისინი გამსგავსებენ საკუთარ თავს, რომელსაც სამივე შვილის გაწირვა შეუძლია და არანაირი რაციონალური არჩევნის შანსს არ გიტოვებენ? და რატომ გიკვირთ, როდესაც ქარიზმატულების მხარდამჭერები ასე სვამენ კითხვას: ზვიადი თუ არა, ვინ? ედუარდი თუ არა, ვინ? მიშა თუ არა, ვინ? ახლაც ხომ ეგრე ისმის: ბიძინა თუ არა, ვინ?
ჩვენ ყოველი არჩევნების წინ ვისახავთ არასწორ მიზანს, _ დავამხოთ ქარიზმატული და ავირჩიოთ „ახალი" ქარიზმატული. ვისახავთ მცდარ მიზანს, სადაც მთავარია პერსონა და პრაგმატული, რაციოანალური მიზანი _ სახელმწიფო _ მეასეხარისხოვანი ხდება.
***
პოლიტიკა არ არის უტოპიური გადაწყვეტილება და მისი მთავარი საზრისი არის კომპრომისი და კონსენსუსი, რაც ნიშნავს ყველა მხარის დათმობაზე წასვლას. შედეგად, არც ერთი მხარე რჩება სრულად კმაყოფილი. მაგრამ ეს შედეგი უდავოდ უკეთესია მის ალტერნატივაზე - სისხლისღვრასა და სისასტიკეზე. ჩვენთან დამკვიდრებული კლიშე, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა ყველაზე მეტად პოლიტიკოსებს აწყობთ, რომ ამ სივრცეში „სუფთა", უცხო, სხვა, გონიერი და ნიჭიერი ადამიანები არ შეუშვან და ხალხს მხოლოდ ბინძური არჩევანი გააკეთებინონ მუდამ _ ცუდსა და უარესს შორის.
იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკოსებმა ხალხი წაახალისონ, პატივი სცენ პოლიტიკას, როგორც აქტივობას და მოამზადონ ისინი, რათა საკუთარი საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთონ, რიყავენ მათ ამ სივრციდან და მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდში „ელოლიავებიან".
ბერნარდ კრიკს პოლიტიკის მთავარ მტრად მიაჩნდა „ნებისმიერ ფასად თავდაჯერებული ყოფნის სურვილი". კრიკი აცხადებდა, რომ ეს მრავალი ფორმითაა გამოხატული, მათ შორის: პოლიტიკური იდეოლოგების მაცდუნებელი გავლენა, დემოკრატიის ბრმა ნდობა, მძვინვარე ნაციონალიზმის გავლენა და შეპირება, გამოააშკარაოს ობიექტური სიმართლე.
ჩვენ დღეს ვცხოვრობთ მეტწილად ისეთ საზოგადოებაში, რომელიც პოლარიზებულია. ამ საზოგადოებაში მთავარი ნიშანთვისებაა ცალკეული დიდი ჯგუფების მექანიკური სოლიდარობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ პოლარიზებული საზოგადოების შიგნით არსებობენ ორგანული სოლიდარობის მქონე ჯგუფებიც.
უკიდურესად არის აღრეული ღირებულებებიც კი. ერთი მხრივ, მექანიკური სოლიდარობის საზოგადოების წარმომადგენლები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ერთი მორალური სტანდარტი და კანონი მათი შეხედულებების მოწინააღმდეგე საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ უნდა იყოს რეპრესიული. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა გახლდეთ, საკუთარი ჯგუფის მიმართ ისინი რესტიტუციული (ძველი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა, _ რედ.) სამართლის მომხრენი არიან. ორგანული სოლიდარობის ჯგუფი ცდილობს, დაემორჩილოს სამართალს და დაჟინებით მოითხოვს რესტიტუციული სამართლის გატარებას ყველა სფეროში, მაგრამ ნებისმიერი ხელსაყრელი სიტუაციის დროს მზად არის, მოითხოვოს მოწინააღმდეგის მიმართ რეპრესიული სამართლის ნორმების გამოყენება.
ქართული საზოგადოება ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა ღირებულებით ერთობაზე, თუნდაც სამართალთან მიმართებით და მის გააზრებაში ჩვენ ვიღებთ ვითარებას, როდესაც ძალიან ადვილი ხდება ჩვენი ემოციებით მანიპულირება. როდესაც რაციონალურს ერთი „ჯიგრული" ურაპატრიოტული სპიჩი აცამტვერებს _ მთავარია, ამ სპიჩში მტრის განადგურებაზე, მის ზნედაცემულობასა და მანკიერებებზე იყოს საუბარი. რა გინდა, რომ ქნა? როგორ გინდა, ხალხი გაზარდო? ხალხი, რომლის ამოცანა და მიზანიც პიროვნებების დამარცხებაა და არა _ სახელმწიფოს გამარჯვება.
ასეთი მოცემულობის დროს ვიღებთ ვითარებას, „როდესაც საზოგადოება იტანჯება, იგი ცდილობს იპოვოს ვინმე, ვისაც პასუხს მოსთხოვს თავისი ავადმყოფობის გამო, რომელსაც დააბრალებს თავის უბედობას: და ისინი, ვინც უკვე დისკრიმინებულია (ან მარგინალიზებული, _ ავტ.) ხალხის მიერ, განწირულნი არიან ამ როლისთვის" (სტივენ ლუკესი).
ასეა ზუსტად. ჩვენი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სადომაზოხისტური ეგო, იგი ხომ სხვას არაფერის მოითხოვს _ დატანჯოს და დაიტანჯოს, გაასაზიზღროს და გასაზიზღრდეს, ანტკინოს და იტკინოს და ამ ყველაფერში სწორი მიზნის განსაზღვრა მართლაც რომ ძნელია.
***
განა, რამე ვთქვი ახალი და განსაკუთრებული? _ ეს ყველაფერი ვიცით. უბრალოდ, აღიარება გვიჭირს. გვიჭირს, საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, გვიჭირს, გადავეჩვიოთ ამ პოლიტიკურ BDSM (ფსიქოსექსუალური სუბკულტურა, დაფუძნებული ეროტიკული ძალაუფლების მონაცვლეობაზე სექსუალურ ურთიერთობებში, როლების ცვლა მბრძანებელსა და მორჩილს შორის: BD _ დაბმა, დისციპლინა; DM _ დომინაცია, მორჩილება; SM _ სადომაზოხიზმი, _ ავტ.) თამაშებს _ არ გვეთმობა, გვსიამოვნებს და თან გვეშინია. გვეშინია, რადგან უკეთესის გამოცდილება არ გაგვაჩნია და არც სურვილი _ გამოვცადოთ. იქნებ, გვაქვს კიდეც, მაგრამ ცუდი რომ აღმოჩნდეს? არ ჯობია, ასე, კახა ბენდუქიძის არ იყოს, ფუნაში თბილად ვისხდეთ?
***
ჰო, იმ ფილმის სიუჟეტს დავუბრუნდეთ, რა უნდა გააკეთოს მამამ ან რა უნდა გაეკეთებინა მას? დამეთანხმეთ, ურთულესი მოცემულობაა. მაგრამ ამ გამოუვალ ვითარებაშიც ხომ არსებობს არჩევნის შესაძლებლობა? განა, თავად ღმერთს არ მოუწია ასეთი არჩევნის გაკეთება, როდესაც ნოეს კიდობნის გაკეთება უბრძანა? განა, ყველა მიუტევებლად ცოდვილი იყო ნოეს ოჯახის გარდა, ვინც წარღვნამ იმსხვერპლა?
ამიტომ არჩევანი ყოველთვის არსებობს და მაშინაც კი, როდესაც ჩვენ 30 წელია, ქარიზმატულ ლიდერებს „ვპოულობთ". განა, „ჩვენს შვილებს" შორის ვპოულობთ მათ? _ არა, მუდამ სხვაში ვეძებთ ხსნას. ვიშვილებთ, ჩავაცვამთ, დავაპურებთ და მერე ჩვენივე ხელით ვგუდავთ, ვახრჩობთ, ვკლავთ. რაღაც ეტაპზე როლებს ვცვლით, პოლიტიკოსები ხდებიან ჩვენ ნაცვლად მაზოხისტები და ჩვენ _ სადისტები. მერე, ისევ და ისევ, ვუბრუნდებით ჩვენს „ბუნებრივ" მდგომარეობას.
სახელმწიფოს წინსვლისთვის, მისი განვითარებისთვის შეუძლებელია, მიზანი ვინმეს დამარცხება იყოს; შეუძლებელია, მიზანი იყოს: „ყველას მინუს ერთი"; შეუძლებელია; „ჯერ ეს დავამარცხოთ და მერე მოვრიგდეთ" იყოს სწორი ფორმულა.
გამოვიარეთ ეს გზა სამჯერ _ „ყველამ" დაამარცხა ზვიადი და მერე ერთმანეთს დაერია; „ყველამ" დაამარცხა შევარდნაძე და მერე ერთმანეთს დაერია; „ყველამ" დაამარცხა მიშა და მერე ერთმანეთს დაერია. დავიღალეთ მუდამ ვიღაცის დამარცხებით, გესმით? გამარჯვება გვინდა, გამარჯვება და თან არა ვინმესი _ ყველას _ სახელმწიფოს გამარჯვება!
რადგან საუბარი ფილმით დავიწყე, ფილმითვე დავასრულებ, რომელსაც ამ პუბლიკაციასთან არაფერი აქვს საერთო. ალბათ, უკვე ბევრს აღარ ახსოვს პოლონური მრავალსერიანი ფილმი: „მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია". ამ ფილმისგან არაფერი მინდა, სათაურის გარდა: თუ ჩვენ არ გვეცოდინება, რომ არსებობს მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია და ეს მიზანი არის სახელმწიფო და მისი მოქალაქე, ვერასოდეს ვერაფერს მივაღწევთ. თუ ჩვენ არ გვეცოდინება, რომ მიზნისკენ უნდა წავიდეთ რაციონალური ხელისუფლების, ანუ რაციონალური არჩევნის საფუძველზე და კვლავ ქარიზმატული ლიდერების ძიებაში დავხარჯავთ წლებს, ათწლეულებსა და საუკუნეებს, სადომაზოხისტებს თავი რომ დავანებოთ, იმ ბავშვს დავემსგავსებით, რომელიც ასანთით თამაშობს. ხომ იცით, ის აუცილებლად დაწვავს სახლს.