ზოგჯერ ანბანიც უნდა გაიმეორო, რომ არ დაგავიწყდეს... მით უმეტეს ეს დიდ პოლიტიკას, და ისეთ მრავალგანზომილებიან საკითხს ეხება, როგორიცაა სახელმწიფოების მოწყობის სხვადასხვა სისტემები.
მსოფლიოში ასეა მიღებული, რომ ძირითადად ქვეყნები 2 ნაწილადაა გაყოფილები - დემოკრატიები და სხვადასხვა ხარისხის და სიმძიმის ავტოკრატიები. მიჯნა მათ შორის ცხადი და ნათელია - დემოკრატიებში ხელისუფლებას ირჩენენ, ავტორიტარული ლიდერები კი თავისით, დაუკითხავად მიდიან-მოდიან, ერთმანეთს ცვლიან ისე, რომ ამას ადამიანთა მცირე ჯგუფი წყვეტს.
დემოკრატიების საყრდენია კანონის უზენაესობა, ავტორიტარულ რეჟიმებში - მმართველის ნება, თუმცა, შესაძლებელია ვარიანტებიც - მსოფლიოში საკმაოდ ბევრია ავტორიტარული რეჟიმები, სადაც კანონის შესრულება ეროვნული ცნობიერების დონეზეა აყვანილი - მაგალითად, ჩინეთში და სინგაპურში.
დემოკრატიებიც არაა ყველგან ერთგვაროვანი - რეგიონს დიდი მნიშვნელობა აქვს. დემოკრატიაც შეიძლება ძალიან სპეციფიკური და ადგილობრივ ავტორიტარულ ტრადიციებთან მჭიდროდ შეზრდილი იყოს.
მაგალითად, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში დემოკრატიული ნორმები, არჩევნები, მრავალპარტიულობა, თავისუფალი მას-მედია ორგანულადაა შეთავსებული ადგილობრივ ტრადიციებთან, ისეთებთან, როგორც უფროსის უსიტყვოდ მორჩილება, მკაცრი დისციპლინა, სუბორდინაცია, კოლექტიური ინტერესის დომინირება პირადულზე, და ა.შ.
ასევე, მსოფლიოში უამრავია იმის მაგალითი, რომ დემოკრატიას არც კანონის უზენაესობა, არც თანასწორობა და არც ელემენტარული წესრიგი მოუტანია - ასეთია სამხრეთ ამერიკის ქვეყნების დიდი ნაწილი - მექსიკა, ბრაზილია, არგენტინა, პერუ, და ა.შ.
იქ არჩევნებიც ტარდება, ხელისუფლებაც იცვლება, მას-მედიაც თავისუფალია, მაგრამ ათწლეულების მანძილზე ამ ქვეყნებმა ზღვარსგადასული კორუფცია, კრიმინალი, საშინელი უთანასწორობა, ბარაკების რაიონები, და ა.შ. ვერა და ვერ დაძლიეს.
საქართველოში ითვლება, რომ უცხოელიო ინვესტორებისთვის, ამ ორი მოდელიდან ყველაზე მისაღებია დემოკრატია, თუმცა, კარგად რომ დავუკვირდეთ, ეს ასეა არაა. ინვესტორისთვის მთავარია არა არჩევნების ხარისხი, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვა, თავისუფალი მას-მედია და პოლიტიკური პლურალიზმი, არამედ სტაბილურობა, პროგნოზირებადობა და წესრიგი.
ამ მხრივ თავისი უპირატესობები ორივე წყობას აქვს. დემოკრატიის პირობებში ბიზნესი თავისუფალია, მოქმედებს გამჭვირვალედ, პროცედურების თანახმად. დემოკრატია მისთვის სტაბილურობას და პროგნოზირებადობას ნიშნავს - ის რაც კანონში წერია - სრულდება,
შესაბამისად, მუშაობა მიდის ღიად, გასაგები და ნათელი წესებით. თუმცა, კარგ ბიზნესმენს ავტორიტარულ რეჟიმშიც მუშაობა არ გაუჭირდება.
თუ დემოკრატიაში მთავარია კანონი, ავტორიტარულ რეჟიმში გადამწყვეტია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მონარქის, მინისტრის, ადგილობრივი გუბერნატორის სიტყვა. ავტორიტარულ რეჟიმებში სიტყვას ფასი აქვს - ინვესტორი გარიგების პირობებს მაღალჩინოსნებთან ათანხმებს და ისინი მისი კაპიტალის და ქონების ხელშეუხებლობის მტკიცე გარანტები არიან.
ეს კი ისეთივე სანდო დაცვაა, როგორც დემოკრატიაში კანონის უზენაესობა.
დემოკრატიაში სტაბილურობა ფორმალურ ფაქტორებს ეყრდნობა, ავტორიტარულებში - არაფორმალურს.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში ინვესტორები ჩამოიყვანოს, შეუფერხებელი საქმიანობის გარანტიები მისცეს, ათობით მილიონი საქმეში ჩაადებინოს და მერე ვინცხა ვარლამს მათი გაგდების საშუალება მისცეს? ან პუტინმა, ან ლუკაშენკომ, ან სი ცზიანპინმა, ან აწ უკვე განსვენებულმა ლი კუან იუმ? წარმოუდგენელია - ავტორიტარულ რეჟიმში ვარლაამი თავის მარიტათურთ მეორე დღევე უკვალოდ გაქრებოდა..
დემოკრატიაში კი მათ აზრის გამოთქმის და პროტესტის გამოხატვის სრული უფლება ექნებოდათ, მაგრამ კანონი ინვესტორების მხარეზე იქნებოდა, შესაბამისად, სახელმწიფო, თავისი ლეგიტიმური ძალით მისი ქონების ხელშეუხებლობას დაიცავდა.
ასე რომ ჭკვიანი და ელასტიკური ბიზნესმენისთვის სახელმწიფო წყობილებას მნიშვნელობა არა აქვს და ამაზე მეტყველებს უამრავი, თავიდან ბოლომდე ავტორიტარული რეჟიმები, სადაც მსხვილი ინვესტორები ფულის ჩასადებად რიგებში დგანან.
თუმცა, არსებობს მესამე საზოგადოებრივი წყობა - ოხლოკრატია, ანუ, ბრბოს ძალაუფლება. ეს არაა დემოკრატია - იქ კანონი არ კანონობს, თუმცა, არც ყოვლისშემძლე დიქტატორის სიტყვა ფასობს.
იქ არც ფორმალური მხარეა მთავარი, როგორც დემოკრატიაში და არც არაფორმალური, როგორც ავტოკრატიაში. სწორედ ოხლოკრატია, ბრბოს ხელისუფლება, არის ნებისმიერი ინვესტორისთვის ყველაზე საშინელი კოშმარი, ნებისმიერ, ყველაზე პირსისხლიან დიქტატურაზე უარესი.
ოხლოკრატია ნიშნავს არასტაბილურობას, არაპროგნოზირებადობას და სრულ გაურკვევლობას. ყველაზე მეტად დაუცველი ინვესტორი სწორედ ბრბოს ძალაუფლების პირობებშია. იქ არ არსებობს კანონი, არ მოქმედებს სასამართლო სისტემა, იქ პოლიცია ხშირად უმოქმედოა იმიტომ, რომ ჯოგის განაწყენება არ სურს.
ოხლოკრატიაში არ არსებობს გასაგები, ცალსახა, და ყველასთვის აუცილებელი წესები. იქ მას არც კანონი იცავს და არც უზენაესი მმართველის სიტყვა.
გეცნოთ სურათი ალბათ, ჰო? გამარჯობა საქართველო - ჩვენ უკვე წლების მანძილზე ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ოხლოსის, ანუ ბრბოს ინსტინქტი, კანონზე მაღლა დგას.
სახელმწიფო ვერ ამყარებს წესრიგს ქუჩებში და ბაზარ-ბაზრობაში - ოღონდ ოხლოსს არ ეწყინოს.
სახელმწიფო ვერ იცავს უმცირესობებს - სექსუალურით დაწყებული რელიგიურით დასრულებული. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებმა ღორის თავის მეჩეთის კარს მიაჭედეს და ამის გამო არავინ არც კი დააჯარიმეს - მთავარია ბრბოს არ ეწყინოს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობა მსხვილი ინვესტიციების დეფიციტის გამო სულს ღაფავს და ამავე დროს უცხოელებისთვის მიწების მიყიდვა აკრძალულია - ოღონდ ჯოგი არ განაწყენდეს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 4 მლრდ. დოლარის ინვესტიციები შეჩერებულია, ჰესების 70 პროექტი მკვდარია მხოლოდ იმიტომ რომ ბრბოს არ უნდა ეწყინოს.
ოხლოკრატიის საფუძველი არც კანონია, და არც იმპერატორის ნება - პლებსი წყვეტს რა უნდა აშენდეს და რა არა, რა ჩაცმულობით შეიძლება იარო თბილისში, ვინ შეიძლება გაილახოს და ვინ არა. არ შემოვა სერიოზული ინვესტორი საქართველოში.
აქ კანონი არ კანონობს - გაივლით ყველა პროცედურებს, დააკმაყოფილებთ ყველა ნორმას, ჩადებთ მოსამზადებელ სამუშაოებში ათობით მილიონ დოლარს, მერე კი მოვლენ ვარლამისებრები და ქვეყნიდან გაქცევა მოგიწევთ.
ვერც მმართველის იმედი გექნებათ - დღეს საქართველოს მართავს თაღლითი, რომლის სიტყვის ფასიც ნულზე ნაკლებია.
მივა მასთან ბიზნესმენი, გარიგების პირობებს შეათანხმებს, მშვიდი გულით დაიწყებს ფულიც ჩადებას, მერე კი ბიძინას დაურეკავს ადგილობრივი ეპისკოპოსი, ქუჩაში 200 ადგილობრივი უსაქმური გამოვა - და მორჩა, მისი სიტყვაც, და დაპირებას.
ინვესტორი გაცეცხლებულია, ყვირის „ბიძინას ამ საქმეზე პირადად მოველაპარაკე", ცდილობს დაურეკოს მას, და გაარკვიოს - ბოლოს და ბოლოს რაშია საქმე, ჩვენი შეთანხმება ძალაშია თუ არა?
მაგრამ, როგორც იტყვიან - ბიძინა არ არის, ბიძინა ფაფუ. იმალება, ყურმილის არ იღებს, თავის ლაქიებსაც უთხრა „იმას არაფერი არ უპასუხოთ"... მოკლედ, გაიქცა...
წარმოუდგენელი რამ, როგორც დემოკრატიაში, ასევე დიქტატურაში. ბრბოს და თაღლითების ქვეყანა - აი ესაა დღეს საქართველო. ქვეყანა სადაც გალობის მასწავლებელს შეუძლია 800-მილიონიანი ინვესტორი გააქციოს..
და მერე ყველას უკვირს - რატომ არ შემოდიან ინვესტორები? იმიტომ - ინვესტორი შემოვა დემოკრატიაში, შემოვა ავტორიტარულ რეჟიმში, რადგანაც იქაც და იქაც რაღაც წესები არსებობს. ის არ შემოვა ოხლოკრატიაში, სადაც არ არსებობს არანაირი წესი - არც დაწერილი და არც დაუწერელი.
სამაგიეროდ ჯოგი კმაყოფილია.
ავტორი: თენგიზ აბლოითია