ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება

რატომ არ მიდის სომხეთი დასავლეთისკენ?

ნახვები: 2022 რატომ არ მიდის სომხეთი დასავლეთისკენ?

1 თვეზე მეტი გავიდა იმის შემდეგ, რაც სომხეთმა დაკარგა მთიანი ყარაბაღი, რომელიც 2 კვირის მანძილზე სრულიად დაცარიელდა.

ეს მოსალოდნელიც იყო - სომხები არავითარ შემთხვევაში არ იცხოვრებდნენ აზერბაიჯანის შემდგენლობაში, რა გარანტიები და დაპირებებიც არ მიეცა მათთვის ალიევს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ მტრის იურისდიქციაში ცხოვრებას დათანხმდებოდა უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე ასეული სომეხი და საბოლოო ჯამში ასეც მოხვდა.

თუმცა, ამ ეტაპზე მთავარი კითხვები ეხება არა ყარაბაღს, ან მით უმეტეს აზერბაიჯანს, არამედ სომხეთს. რას აპირებს ერევანი იმის შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ რუსეთი არასანდო მოკავშირეა, რომლის იმედზე ყოფნაც შეუძლებელია.

წავა თუ არა სომხეთი დასავლეთისკენ? ამისთვის ერევანს ყველანაირი საფუძველი აქვს - სომხეთს, ევროპული ამბიციების მქონე ქვეყანას, რუსეთთან ერთ ბანაკში ყოფნა აშკარად აზიანებდა, თუმცა, მოსახლეობა ეგუებოდა ყველაფერს მხოლოდ ერთი რამის გამო - სომხები რუსეთს ტერიტორიების შენარჩუნების მთავარ გარანტად მიიჩნევდნენ.

რადგანაც საათი „იქს“ მოვიდა და ყარაბაღის დაკარგვით ისე დასრულდა, რომ მოსკოვს სტრატეგიული მოკავშირის გადარჩენა არც კი უცდია, მთავარი მოტივაცია უკვე არ მოქმედებს. რა აზრი აქვს რუსეთის ორბიტაში ყოფნას მაშინ, როდესაც ტერიტორიები დაკარგულია და მოსკოვმა მთავარი დამცველის ფუნქცია ვერ შეასრულა?

ერთი შეხედვით ლოგიკური მიდგომაა და სომხეთის სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ ხელს არაფერი უშლის. სომხეთში გამეფებულია მკვეთრად ანტირუსული განწყობები, ხელისუფლების რიტორიკაც აშკარად კრემლის საწინააღმდეგოა.

„რუსეთის მხრიდან სამხრეთ კავკასიაზე გავლენის დაკარგვის“ შესახებ ალაპარაკდნენ საერთაშორისო ექსპერტებიც. ნიკოლ პაშინიანი არ მონაწილეობს დსთ- სამიტში, კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში, ღიად აცხადებს, რომ რუსეთზე ორიენტაცია მცდარი იყო.

ერთი შეხედვით, სომხეთის გადასვლა დასავლეთისკენ გარდაუვალია და ეს მხოლოდ დროის საკითხია. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალურად, სომხეთის ხელისუფლებას არ გადაუდგია არც ერთი რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით, არ განუცხადებია, რომ აპირებს რუსეთის ირგვლივ შექმნილი საინტეგრაციო პროექტებიდან გასვლას, რუსული სამხედრო ბაზის და თურქეთის და ირანის საზღვრებზე განლაგებული რუსი მესაზღვრეების გაყვანის მოთხოვნას.

მეტიც, რამდენიმე დღის წინ ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი არ აპირებს გიუმრიდან რუსული ბაზის გაყვანის საკითხის წამოწევას. ოფიციალური ერევნის რიტორიკა რუსეთის მიმართ ძალზე მკაცრი და ანტირუსულია, თუმცა, რიტორიკა ერთია, ხოლო რეალობა - სულ სხვა.

ამ ეტაპზე სომხეთს არ გადაუდგია არც ერთი რეალური ნაბიჯი. რომელიც მიანიშნებდეს მაინც, რომ პაშინიანის ხელისუფლება დღეს თუ არა ხვალ, კოლონიალური სტრუქტურების დატოვებას გეგმავდეს.

რიტორიკა მნიშვნელოვანია, თუმცა, ის ვერ შეცვლის რეალურ საქმეს - შეუძლებელია იფიქრო ევროინტეგრაციაზე და ამავე დროს იყო დსთ-ს, კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში და შენს ტერიტორიაზე მდებარეობდეს რუსული სამხედრო ბაზა.

როგორც ჩანს, მოსკოვმა შეაშინა სომხეთი ეკონომიკური სანქციებით და ნიშანდობლივია, რომ პაშინიანის განცხადება რუსულ ჯარზე გაკეთდა მოსკოვის მიერ სომხური კონიაკის შემოტანის დაბლოკვის კვალ და კვალ.

სომხეთის დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე საქართველოს - მაგალითად, 2019 წელს სომხეთის ექსპორტის 29% რუსეთზე მოდიოდა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - 12%. ჩვენი წარმოდგენით, 12% - ძალიან ბევრია, თუმცა, ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 29%.

და ეს 2019 წელს. წარმოიდგინეთ რა ხდება დღეს, როდესაც სომხეთი რუსეთისთვის პარალელური იმპორტის ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა და სხვათა შორის, დღესაც, ყველაფრის მიუხედავად, რჩება.

არაფერს ვამბობ დიასპორაზე, რომელიც თავად სომხეთის მოსახლეობის რაოდენობას აღემატება და საიდანაც ქვეყანაში ასობით მილიონი დოლარი შემოდის.

არის კი სომეხი ხალხი მზად გადაიხადოს ასეთი, წარმოუდგენლად დიდი საფასური რუსეთთან გაშორებისთვის? თანაც ეს მაშინ, როდესაც ევროინტეგრაცია - გრძელვადიანი თამაშია და ის ვერ მოაგვარებს პრობლემებს, რომლებიც ელის სომხეთს ასეთ შემთხვევაში?

როგორც ჩანს, პაშინიანი ამ მზადყოფნაში დარწმუნებული არაა.

სომხეთი, რომელსაც ყარაბაღის დაკარგვაში უნდა ენახა არა მხოლოდ ტრაგედია, არამედ რუსული სახჩობელასგან თავის დაღწევის შანსი, როგორც ჩანს ამ შანსის გამოყენებას არ აპირებს.

 

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა