ალბათ ყველასთვის გასაგებია, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს თავისი ეკონომიკური პოტენციალი, ის რისი გაკეთებაც მას სხვებზე უკეთესად შეუძლია.
ისიც უნდა იყოს გასაგები, რომ ამ პოტენციალის მიღმა ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, თუმცა, ეს ყველაფერი ეპიზოდური იქნება და ზოგად სურათს ვერ შეცვლის - შეგიძლიათ ააშენოთ ერთი ქარხანა, რომელიც „ბოინგის" მარტივ ნაწილებს გამოუშვებს, მაგრამ თვითმფრინავის ძრავის წარმოებას ვერასდროს ააწყობთ.
პოტენციალს ვერ გადაახტები, თუმცა, არც მისი გამოუყენებლობაა გამართლებული. საქართველო ამ კუთხითაც მსოფლიო მასშტაბში გამორჩეულია - ის არც თავის ზემოთ ახტომაზე ოცნებობს და არც არსებულ პოტენციალს იყენებს. ვაჭრობს ელიავაზე და ცხოვრებით კმაყოფილია.
რა არის საქართველოს ეკონომიკის პოტენციალი? პირველ რიგში უნდა დავადგინოთ რა არ არის - არ არის რთულ წარმოება და მაღალი ტექნოლოგიები - ამისთვის ქართველ ხალხს არც ტვინი აქვს საკმარისი, არც უნარ-ჩვევები, და არც შრომის კულტურა.
ამისთვის მსოფლიოში უკვე არსებობენ ჩინეთი, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, ბოლო დროს უკვე ვიეტნამი - მორჩილი, მშრომელი, კოლექტიური აზროვნების მქონე ერები, რომლებსაც შეუძლიათ თავი ჩაღუნონ და თვეში 50 დოლარად დღეში 12 საათი იმუშაონ...
აზიური ერები არა უკან, როგორც ქართველები, არამედ 50 წლით წინ იყურებიან..შედეგებიც შესაბამისი აქვთ.
ამ ბაზარზე, ქართული ქურდული გაგებით, ჭამა-სმით, უდისციპლინობით, გაფიცვების და საპროტესტო აქციების, ქსენოფობიის და კარების აჭედვისადმი მიდრეკილებით, ჩვენ არავინ გველის.
ეს არის ის, რაც საქართველოს არ შეუძლია. მაგრამ არის რაღაცა, რაც შეუძლია, და საკითხავია - რამდენად იყენებს ქვეყანა იმას, რისი გაკეთებაც რეალურად შესაძლებელია?
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაადგინა ეკონომიკის ის დარგები, რომელთა განვითარება საქართველოში, ყველა მისი თავისებურებების გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია.
ანუ, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი დაადგინა. საინტერესოა, რომ ანალოგიური დასკვნები პანდემიის პირველ კვირებში დადო ქართულმა ანალიტიკურმა კომპანიამ „გალტ&ტაგარტმა" რომლის კომპეტენტურობაშიც ეჭვი არავის ეპარება.
მაშ ასე საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ოპტიმალური დარგებია - ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, კვების პროდუქტების წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება, და ენერგეტიკა.
ტურიზმზე შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ - ეს ერთად-ერთი დარგია, რომელიც რეალურად, მეტ-ნაკლებად ვითარდება.
კვების პროდუქტების წარმოება თვისობრივად საკმაოდ მაღალ დონეზეა, თუმცა, რაოდენობრივად იმპორტს კონკურენციას ვერ უწევს. მთავარი მიზეზია - საშუალო ხარისხი, და იმპორტზე მაღალი ფასები, რაც ქართული პროდუქტების მიმზიდველობას ამცირებს და წარმოების მკვეთს ზრდას აფერხებს. ანუ, პოტენციალო არ გამოიყენება.
სამშენებლო მასალების წარმოება საკმაოდ ეფექტურია იმაში, რაც შეეხება მარტივ პროდუქციას - ბეტონი, ცემენტი, აგური, და ა.შ. თუმცა, იქ, სადაც რთული ტექნოლოგიებია საჭირო - მაგალითად, კაფელის ან ლამინატის წარმოება - წარმატებები ნულოვანია.
ამ მიმართულებების განვითარებას არავინ არც კი ცდილობს. ეს ბაზარი იმდენად გადატენილია იმპორტით, რომ ადგილობრივები იქ ცხვირის ჩაყოფასაც კი ვერ რისკავენ, უცხოური ინვესტორები კი ამ დარგით თითქმის არ ინტერესდებიან. ანუ, პოტენციალი არ გამოიყენება.
სოფლის მეურნეობა - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ჩავარდნა, რომელშიც ერთნაირი წვლილი მოუძღვით მთავრობას, ობიექტურ სირთულეებს და სოფლის მოსახლეობის სრულმასშტაბიან დეგრადაციას და გადაგვარებას.
დღეს უკვე ნათელია, რომ პრობლემაა არა „სოფლის მეურნეობაა", რომელიც არ არსებობს, არამედ თავად ქართული სოფელი, თავისი უკუღმართი ცხოვრების წესით და ისტორიული ჩამორჩენით. მისი პოტენციალი არათუ არ გამოიყენება, არამედ წლიდან წლამდე კლებულობს.
არსებობს ცალკეული პოზიტიური მიმართულებები, მაგალითად, მეფრინველეობა, რომელიც სწორად განვითარდა - მსხვილი ფერმები და კომპანიები, ახალი ტექნოლოგიები, და საბოლოო ჯამში ბაზრის წარმატებული ათვისება. სწორედ მეფრინველეობა გვიჩვენებს გზას - მსხვილი ბიზნესი, დიდი ინვესტიციები და ტექნოლოგიები.
თუმცა, ჯერ-ჯერობით, ასეთი წარმატებული მიმართულებები ცოტაა, ხოლო „სოფლის მეურნეობად" წოდებული გაუგებრობის ძირითადი მოდელია საკარმიდამო ნაკვეთები - მცირე მოსავალი, „ ოპელ-ომეგა"-ფურგონში ჩატვირთული პროდუქტი, და მისი გაყიდვა თბილისის მეტროს სადგურებთან.
მოკლედ, მე-19 საუკუნე. რის გამოც ქართული სოფელი ტოქსიკურ ზონად იქცა, საინადაც ყველა გარბის.
ქართველი ხალხის წილი სოფლის დეგრადაციაში, როგორც ჩანს, არასაკმარისი იყო და მთავრობამ დაუმატა. ადგილობრივი ჯოგის გულის მოსაგებად, ხელისუფლებამ უცხოელებისთვის აგრარული მიწების გაყიდვა აკრძალა, რამაც ისედაც ყრუ ქართულ სოფელში თუნდაც მინიმალური ინვესტირების საშუალება მოსპო.
მაშ ასე, სოფლის მეურნეობაში პოტენციალი არათუ არ გამოიყენება, არამდე ყოველდღიურად მცირდება.
და ბოლოს - ენერგეტიკა. ძნელად მოიძებნება ქვეყანა მსოფლიოში და ეკონომიკის დარგი, სადამ მოსახლეობა ასეთივე ენერგიით, შემართებით და გულმოდგინებით, ჯიუტად ანადგურებს თავისი შესაძლებლობებს.
რომ ჩატარდეს მსოფლიო კონკურსი თემაზე „რომელი ქვეყანა ესვრის საკუთარ ფეხს ყველაზე მეტად" საქართველო და ენერგეტიკა უპირობო ჩემპიონები იქნებიან. ისე, მაგალითად, როგორც ამერიკის კალათბურთის ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში არ მონაწილეობს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ჩემპიონატი აზრს დაკარგავს.
ერი, რომლის მოსახლეობას პურის საყიდლად მანქანით დადის და ქალაქებში უკვე სუნთქვა შეუძლებელია - უეცრად შეწუხდა შორეული მთების ხეობების ეკოლოგიით.
ერი, რომელმაც სვანეთის მთები გაჩეხა ისე, რომ ნებისმიერი წვიმა სასიკვდილო წყალდიდობის საფრთხეს შეიცავს - უეცრად მთების მდინარეების ბედით შეწუხდა.
ერი, რომელიც სოფლებიდან ჯგუფ-ჯგუფად გარბის, უეცრად ყრუ, მიგდებული სოფლების ბედით შეწუხდა.
თანაც ზრუნვა საკუთარი თავიდან არ დაუწყია - გაწუხებთ ეკოლოგია? იარეთ ფეხით, ველოსიპედით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გაუფრთხილდით ტყეებს..
გაწუხებთ თქვენი სოფლების მომავალი? დარჩით იქ, დაამუშავეთ მიწა, მიტოვებული სახლები და ეზოები მოაწესრიგეთ.
მაგრამ არა - ეს ყველაფერო ძნელია და ძალისხმევას მოითხოვს, ქართველს კი სირთულეები არ უყვარს - ამიტომაც მიდის მარტივი გზით - ყველაფერს ანადგურებს და ანაგვიანებს, სამაგიეროდ - ჰესებს არა!!!
ჰო, კინაღამ დამავიწყდა - პირობები არ მოსწონთ - მაგალითად, ნამახვანის პროექტში მთავრობა ენერგიას ძვირად ყიდულობსო.
შეიძლება ეს არგუმენტი საყურადღებოდ ჩავთვალოთ, რომ არა ერთი გარემოება - 70-ზე მეტი პროექტია გაყინული. ნუთუ ყველა მიუღებელია? დავიჯერო, არც ერთში არ იყო გალობის მასწავლებლებისთვის მისაღები პირობები?
მაშ ასე - სწორედ ამაზე იტყოდა ილია ჭავჭავაძე - რით გაგახაროთ? ჩვენ ვცხოვრობთ უნიკალურ ქვეყანაში - რაც არ შეუძლია, იმას ხომ არ აკეთებს და არ აკეთებს, მაგრამ რაც შეუძლია, რისი შესაძლებლობაც აქვს, იმასაც რომ არ იყენებს - აი რაშია მთავარი ტრაგედია..
ავტორი: თენგიზ აბლოთია