ერთ-ერთ წინა პუბლიკაციაში ვწერდი, რომ საქართველო ეგზოტიკური ქვეყანაა. არგუმენტიც მქონდა, რომ ამ ეგზოტიკურობას ერის უმეტესობის დარდიმანდობა კვებავს, იმ ერის უმრვალესობას, რომლიც მთავარი მიზანია, სხვამ აცხოვროს და აცხონოს.
ბარემ, ვაღიარებ და იმასაც ვიტყვი, თუ საიდან გაჩნდა ეს გააზრება - ეგზოტიკური და არა სხვა რამ.
წლების წინ, კრეტის კრების შემდეგ, ძალიან ცნობილ იტალიელ თეოლოგს შევხვდი - გვარს საგანგებოდ არ დავწერ და მიხვდებით, რატომაც - მინიმუმ, მეუფე სპირიდონის და სტეფანეს ანათემას მოვარიდებ.
ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, რელიგიაზე, კრეტის კრებაზე, კონფესიების პოლიტიკურ (!) ტენდენციებზე, პრობლემებზე, რწმენის დაბერებაზეც და ღმერთთან ურთიერთობის ახალ პარადიგმაზე, გენიოს ბავშვებზეც და, ცხადია, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე.
სწორედ მისგან მოვისმინე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემა მისი რუსულ, ან სხვა ორბიტაზე ყოფნა არ გახლავთ. საქართველოს ეკლესიის პრობლემა უქრისტიანობა - შესაძლებელია ვთქვა, ქრისტიანობას ამოფარებული კერპთაყვანისმცემლობაა. საქართველოს ეკლესია არის ერთგვარი ეგზოტიკური სუბიექტი მართლმადიდებელ სამყაროში, რომელსაც კვებავს წარსული და თქვენი ამჟამინდელი პატრიარქის პერსონალური ავტორიტეტი. თავად ინსტიტუცია, ისტორიის მოცემულ ეტაპზე უსაშველოდ არის დისტანცირებული ქრისტეს და მის სახელს მსახურთა კეთილდღეობისთვის იყენებს".
ძალიან გამიჭირდა ყველაფერ ამის გააზრება, მით უფრო, რომ გავლენის ქვეშ ჩემი მოქცევა ადვილი არ არის. ამიტომ მისი თითოეული არგუმენტი ცალ-ცალკე უნდა განმეხილა და შემედარებინა იმ რეალობისთვის, რომელსაც თავად ვხედავდი და მიწევდა ცხოვრება. მით უფრო, ღრმად მწამდა, რომ სმე-ის მთავარ პრობლემად მის რუსულ ორბიტაზე ყოფნა და „სტალინის ეკლესიის" მემკვიდრეობის ფორმატში არსებობა იყო.
სიმართლე გითხრათ, დღესაც ამ აზრზე ვარ და გუშინდლამდეც ვიყავი, ყველაფრის მიუხედავად.
დიახ, ყველაფრის: საბჭოთა პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურთა სპეცსამსახურებთან იძულებით ან ნებით თანამშრომლობის; მოკლული, დახვრეტილი, აბსურდული ბრალდებით დაკავებული სხვადასხვა იერარქის გამოუსარჩლებლობისთვის; გაძარცვული ტაძრებისთვის; სახლში გაზიდული ან გაყიდული საეკლესიო სიწმინდეებისთვის; უმეტესი სასულიერო პირის არასაკმარისი განათლებისა და რწმენისთვის; სახელმწიფოსთან მუდმივ კონფლიქტში ყოფნასა და შანტაჟისთვის; სეკულარიზმის ნიველირებისთვის; რუსეთის სასარგებლო საეკლესიო პოლიტიკის გატარებისთვის; სხვა კონფესიების წარმომადგენელთა მიმართ აგრესიისთვის; სიხარბისთვის - ღარიბ სახელმწიფოში ყველაზე მდიდარ ინსტიტუციად ჩამოყალიბებისთვის; საქართველოს მოსახლეობის ნაშრომ-ნაჯაფის მილიონებად მითვლისა და ამ ფულით ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის პროპაგანდირებისთვის; „ციანიდის საქმისთვის"; დაუსრულებელი შიდა ქიშპისთვის; ავტორიტარიზმისთვის; კერპტაყვანისმცემლობისთვის; აგრესიული დაჯგუფებების შექმნისა და წახალისებისთვის; „დავით გარეჯის" ავანტიურისთვის და ა.შ.
გუშინდლამდე-მეთქი, რომ ვამბობ, ბუკვალურად ვგულისხმობ გუშინდელ დღეს, როდესაც სოციალურ ქსელში 30 ნოემბრის ამბებს გადავაწყდი.
მოკლედ, საქმის არსია ასეთია - დიღმის მეორე მიკრორაიონის მოსახლეობა უკვე არაერთი თვეა, ითხოვს, რომ სტადიონის ნაცვლად სარეკრეაციო სივრცე მოეწყოს. საუბარია 10589 კვ. მ. ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც მიუხედავად მოქალაქეების მოთხოვნისა, ფეხბურთის ფედერაციას მაინც გადაეცა. თვითმმართველობა და სფფ ყრუ კედლადაა ქცეული - მოსახლეობა საკუთარ ინტერესებს იცავს და ცდილობს, ეს ტერიტორია თავად აქციოს სარეკრეაციო სივრცედ და რგავს ხეებს. მოდით, შევთანხმდეთ, რომ ამ ადამიანებს აქვთ შესაბამისი მოთხოვნის უფლება, მაგრამ რა ხდება შემდეგ?
იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს, მოსახლეობას, თვითმმართველობასა და სფფ-ს შორის დავაში შემოდის ეკლესია იმპერატიული ფორმით და აღნიშნულ ტერიტორიაზე დგამს ჯვარს.
ციტატა მოსახლეობის განმარტებიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც „ნეტგაზეტი" აქვეყნებს: „მოსალოდნელი იყო, რომ ეს პროცესი დიდ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო, სწორედ ამიტომ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებითა და ხელით დამზადებული ჯვარი აღემართა და უბნის მოძღვრის მეშვეობით ეკურთხებინა. ეს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არის სიმბოლური ჟესტი, რომ ჩვენ გვინდა მხოლოდ ჩვენი და ჩვენი შვილების უფლებების დაცვა".
რომ ვთქვა, ეს არის ავანტიურა-მეთქი, დამიჯერებთ? - ალბათ, დაფიქრდებით და უმეტესობა იტყვით, - არა, მაგრამ არის, მერწმუნეთ.
ეს არის სახელმწიფოს შანტაჟი, საკუთარი მოქალაქეობრივი უფლების ნიველირება და უფრო მეტიც, სახელმწიფოზე უარის თქმა. სეკულარიზმის პრინციპების ფეხქვეშ გათელვა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს გახლავთ მორალური სისუსტის დემონსტრირება.
კარგი, დავუშვათ, მიიყვანა თვითმმართველობამ მოსახლეობა სასოწარკვეთილებამდე, თუმცა როგორც ირკვევა, ამ საკითხზე სამართლებრივი დავა არ მიმდინარეობს და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლზე აპელირებითა თუ სხვა მექანიზმების გამოყენებით, სასამართლო, სავარაუდოდ, მიიღებდა სტადიონის მშენებლობის შეჩერების ღონისძიებას, მაგრამ ასეც რომ არ მომხდარიყო, პროტესტისა და დაპირისპირების უამრავი სამოქალაქო გამოვლინება არსებობს. მაშ, რატომ გარიეს საქმეში ეკლესია და ჯვარი?
აი, კვანძის გახსნაც: „აქვე ახლოს არის ეკლესია, საიდანაც ხალხი წირვის დამთავრების შემდეგ ამოდიოდა და უერთდებოდა პროტესტს. მოსახლეობის გულისტკივილი სასულიერო პირებამდეც მივიდა. სამეზობლოს ნაწილმა საკუთარი ინიციატივით მიმართა თხოვნით სასულიერო პირს და თანადგომა სთხოვეს, რასაც უმრავლესობამ მიესალმა და მეტი შემართებით დაიწყო ამ ტერიტორიის დაცვა", - აცხადებს მოსახლეობა.
მიხვდით, რა ხდება? რადგან, თურმე, „მოსალოდნელი იყო, რომ ეს პროცესი დიდ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო, სწორედ ამიტომ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებითა და ხელით დამზადებული ჯვარი აღემართა და უბნის მოძღვრის მეშვეობით ეკურთხებინა", ანუ მოძღვარი არის მოსამართლე მომრიგებელი, ხოლო ჯვარი - ვერდიქტი.
ახლა, კითხვა მაქვს მოსახლეობა-სამეზობლოსთან: თქვენ მეზობლურ დავებს როგორ წყვეტთ? სასამართლოში მიდიხართ თუ მოძღვართან (ვიღაც, ალბათ, „ძველბიჭურად" და ესეც მესმის)? აჰა, რადგან მაგ დავაში მოძღვრის ვერდიქტი კანონიერი არ არის, მაინც სასამართლოში, არა? და სახელმწიფოს რატომ ურჩევთ საქმეს მოძღვრის და ჯვრის მეშვეობით? ისე, ეგ იდეა, თუ კარგად გაიკითხ-გამოიკითხავთ ერთმანეთში,
„აქვე ახლოს (რომ) არის ეკლესია", იქედან ხომ არ მოდის და ახლა გგონიათ, რომ თქვენია?
კარგი, დავუშვათ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ხდება ამის ტრანსლირება. შევთანხმდეთ იმაზეც, რომ პირადად მეც მოსახლეობის პოზიციას ვიზიარებ, მაგრამ ახლა ის ავხსნათ, რის საფუძველზე მიიღო ეკლესიამ სახელმწიფოს საქმეში ჩარევის უფლება და თავის (!) მიწად მონიშნა ტერიტორია, რომელიც ამ წუთას ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილებას წარმოადგენს?
და ამ თუნდაც გულწრფელად მხარდასაჭერ პროცესში ქრისტიანობის მთავარი სიმბოლოს - ჯვრის შემოტანა, თან ამ ფორმით, არ არის სეკულარიზმის პრინციპის დარღვევა და სახელმწიფოზე ძალადობა, მის საქმეში ჩარევა?
საპატრიარქოში ესმის ვინმეს, რომ ქრისტე არ არის მოსამართლე?
საპატრიარქოში ესმის ვინმეს, რომ ჯვარი არ არის იარაღი?
საპატრიარქოში ესმის ვინმეს, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, სურთ ეს მათ თუ არა?
საპატრიარქოში ესმის ვინმეს, რომ ასეთი ქმედება არ არის არც პრობლემის განმუხტვა და არც - მისი მოგვარება, არამედ, ეს არის ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლოს გაუბრალოება და ჯვრის საკრალურობის ხელყოფა?
თუმცა... ზუსტად ვიცი: განსაკუთრებით გუშინდლის შემდეგ, ეს არ იციან და თუ ვინმე ებრძვის ამ ქვეყანაში ქრისტიანობას, ეს სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელს ამოფარებული ე.წ. ღვთისმსახურების უმეტესობაა!
თანამედროვე საქართველოში ჯვარს ორი დატვირთა აქვს - აქსესუარის და იარაღის. რაც უფრო შორსაა ადამიანი ღმერთისგან, ან ფარისეველია, მით უფრო ძვირადღირებული ჯვარით აქვს დამშვენებული დეკოლტე და მკერდი.
რაც შეეხება იარაღს...
ჯვარი იქცა მორალური თუ ფიზიკური ძალადობის თანმხლებ ატრიბუტად და მოძალადეების სიმართლის მადემონსტრირებელ სიმბოლოდ.
ჰო, ახლა სხვა დროა, არავინ კლავს მამაზე ერისთავივით მოწამლული ჯვრით, მაგრამ უწამლავენ გონებას.
ასე იყო ნამახვანის პროტესტის დროსაც, როდესაც გებელსის, ანუ ნაციზმის იდეოლოგიური დოქტრინიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მოუბარი პროტესტანტები მამულს ჯვრებითა და ხატებით „იცავდნენ". საპატრიარქოს კი აზრადაც არ მოსვლია, დაფიქრებულიყო და გებელს-ჰიტლერისა და ქრისტეს, ნაციზმისა და ქრისტიანობის გათანაბრების მკრეხელური ქმედების აღკვეთისთვის რამე გაეკეთებინა.
რატომ? უკვე უამრავი ფაქტი არსებობს, რომ ის თავად იყო მხარე ამ კონფლიქტში, ერთ-ერთი ინსპირატორი და ნაცისტური ლოზუნგებით შეიარაღებულ „პატრიოტებს" ქრისტიანული ატრიბუტიკით იცავდა. ახლა არ ვაპირებ იმის შეხსენებას, მედრესზე ღორის თავის მიმჭედებელთა წამახალისებელი და მაქებარი ინსტიტუციის წარმომადგენლების აგდებული მრევლი როგორ და რა სიტყვებით მოიხსენიებდა ურჯულოებს.
აი, ახლაც, დღეს, ამ წამს, ამ სეკუნდში, საპატრიარქოში არავინ ფიქრობს, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირის 8-ში მდებარე შენობის წინ აღმართული ჯვართან ქრისტეს კავშირი არ არსებობს და ეს არის ძალადობის სიმბოლო - 5 ივლისის ძალადობის, ადამიანების ცემის, დევნის, მათზე ნადირობის სიმბოლო. ყველაფერი იმის საწინააღმდეგო, რასაც ქრისტე და ქრისტიანობა გვასწავლის. პარლამენტის წინ მდგარი ჯვარი არის სიძულვილის სიმბოლო და საპატრიარქომ უნდა შეძლოს, ეყოს ამის შინაგანი ძალა, თუნდაც იმ მოტივით, რომ პარლამენტიც და რუსთაველის გამზირიც ამ მულტიკულტიურულ სახელმწიფოში ყველა კონფესიის წარმომადგენლის კუთვლილებაა, ჯვარს სათანდო და შესატყვისი ადგილი მიუჩინოს და ის მძიმე ემოცია, რომელიც კონკრეტულად ამ ჯვარს ახლავს, მოაშოროს.
დიახ, ვიცი და მესმის, რომ დიღომში აღმართული ჯვარი შინაარსობრივად განსხვავდება ერთი ან მეორე ჯვრისგან, მაგრამ ეს არის ტენდენცია - სახელმწიფოს დაშანტაჟების, ობსტრუქციისა და სეკულარიზმის ფეხქვეშ გათელვის.
ჯვარი აქციებზე, ჯვარი ჰესების წინააღმდეგ, ჯვარი სამოქალაქო დავებში, ჯვარი რელიგიურ დაპირისპირებაში, ჯვარი, ჯვარი, ჯვარი...
და ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ჯვარს ქრისტეს გარეშე ძალა არ აქვს და ქრისტე კიდევ, როგორც ჩანს, საპატრიარქოში ჯალათი, პოლიციელი, პროკურორი, მოსამართლე, მოხელე, ან შარლატანი ჰგონიათ.
- იცით, რატომ?
- საქართველოს თანამედროვე ეკლესიამ, ალბათ, უფრო საპატრიარქომ, უკვე გადაუსწრო მსოფლიოს ნომერ პირველ თაღლით ვიქტორ ლუსტიგს, რომელმაც ეიფელის კოშკი სამჯერ გაყიდა. ლუსტიგი იმას მაინც ყიდდა, რაც ხილული იყო, ესენი კი ყოველ დღე ყიდიან ქრისტეს და ვაღიაროთ, საკმაოდ სარფიანად.
P.S. რაც შეეხება დიღომში სტადიონის თემას, მე მოსახლეობის მხარეს ვარ, მაგრამ ჯვრის გარეშე, რომლის ადგილიც მანდ ნამდვილად არ არის ისევე, როგორც არ იყო ნამახვანში და არც - სხვაგან, მით უფრო, იქ, სადაც არ არის ქრისტე.
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი