გიორგი ვაშაძემ პარლამენტს საკუთარი მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილი - „შავი ორშაბათი“ საქართველოში - „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს
პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერებად კი თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს
XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს
გიორგი ვაშაძე - შენ ვერასდროს მოახერხებ ქართველი ხალხის გაჩუმებას
გიგი უგულავა - ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს
ნიკა მელია - როგორ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს?

რატომ უსპობენ მწვანეები ქვეყანას პერსპექტივას და რატომ გვწირავენ ბნელსა და უკუნისთვის

14.12.2021 ნახვები: 502

მსოფლიო ჯერაც ვერ გამკლავებია კოვიდპანდემიის დამანგრეველ შედეგებს, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსთან ბრძოლის გარდა, პანდემიის გვერდით ეფექტებთან ბრძოლა უფრო დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს კაცობრიობას. 2021 წელს, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა სწორედ ენერგოკოლაფსი გახდა. საყოველთაო ლოკდაუნის შემდეგ, ეკონომიკის კვლავ ამუშავებამ სერიოზულად დარტყმა მიაყენა ენერგეტიკას და თითქმის გადაუჭრელი პრობლემების წინაშე დააყენა მსოფლიოს უდიდესი ქვეყნებიც.

სპეციალისტების მოსაზრებით, ლოკდაუნის შემდგომ საგრძნობლად გაიზარდა ენერგიის მოხმარება გაჩერებული ეკონომიკის აღდგენის კვალდაკვალ. დეფიციტის შექმნას ხელი შეუწყო კლიმატურმა პირობებმაც - ბრაზილიაში ხანგრძლივი გვალვის გამო შეჩერდა ჰიდროელექტრო სადგურების მუშაობა. როგორც ცნობილია, ბრაზილია ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეა ენერგობაზარზე სწორედ ჰიდროენერგეტიკის ხარჯზე.

ძალიან მკაცრი ზამთრის გამო ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე გაზის საცავებში მარაგები გამოილია, ევროპაში უქარო ამინდები იყო და ქარის სადგურებს ვერ იმუშავეს.

მესამე და უმთავრესი მიზეზი ის გახლდათ, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დაწყებულმა მწვანე რევოლუციამ პირველსავე სერიოზულ გამოცდას ვერ გაუძლო.

აღმოჩნდა, რომ ნავთობის მოპოვება კი შეამცირეს, ნახშირის ენერგეტიკაზეც უარი თქვეს, მაგრამ მწვანე ენერგეტიკაში ჩადებულმა ინვესტიციებმა მაღალი ფასის გამო ვერაფრით შეძლეს დეფიციტის შევსება.

და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი -პოლიტიკა.

რუსეთის, როგორც ყველაზე არასანდო გეოპოლიტიკური მოთამაშის ენერგორესურსების გამოყენება ყოველთვის დაკავშირებულია მისგან მომდინარე პოლიტიკურ საფრთხეებთან, რასაც ადასტურებს ჩრდილოეთის ნაკად 2-ის ამოქმედებასთან დაკავშირებული პერიპეტიები.

როგორც ენერგეტიკის სფეროს ექსპერტები ამბობენ, 2021 წლის ენეგოკოლაფსი არ იქნება გამონაკლისი, რადგან ენერგიის მოხმარება მკვეთრად გაიზრდება და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესი ვერაფრით დაეწევა დეფიციტის აღმოფხვრის მოთხოვნილებას. მით უფრო, როგორც კვლევები აჩვენებს, მწვანე ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციები ზრდის მაღალი მაჩვენებლით არ გამოირჩევა.

პარადოქსია, მაგრამ მწვანე რევოლუციის ფონზე, 2021 წელს CO2-გამოყოფის ზრდის სერიოზული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

World Energy Outlook-ის სპეციალურ გამოცემაშია აღნიშნულია, რომ განვითარებადი ქვეყნებისათვის განსაკუთრებით რთული იქნება მწვანე ენერგეტიკის განვითარება, რადგან მოსახლეობის ცხოვრების დონე გამორიცხავს, რომ მათ შეძლონ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების პირობებშიც კი მიიღონ თანამონაწილეობა მზის ენერგიის გამოყენების დანერგვის პირველ ეტაპზე.

ამა წლის 11 ივნისის Oil&Energy Insider -ში დაიბეჭდა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ „არ არსებობს რაიმე დასაბუთება, რომ მსოფლიოს შეუძლია სწრაფი გადასვლა ახალ ენერგეტიკულ ეკონომიკაზე, აშშ-ს მოსახლეობის ორდღიანი ენერგო მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის საჭირო იქნება 1000 წლიანი სამრეწველო ციკლი არსებული ტექნოლოგიური რესურსების პირობებში". ეს წინადადება რამდენჯერმე გადავიკითხე. ვიფიქრე, რომ ჩემი ენის ცოდნა არ ყოფნის მის სწორად გააზრებას, მაგრამ რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ყველაფერი ზუსტად გამიგია.

ის კი მართლა ვერ გავიგე, ჩვენ მწვანეებს ცოტა წარმოდგენა მაინც თუ აქვთ მწვანე ენერგეტიკის განვითარების რეალობასა და პერსპექტივებზე, როგორ ან რამდენ ხანში წარმოუდგენიათ ჩვენი ეკონომიკის პირობებში, რომ ის ჰიდროენერგეტიკის რეალურ ალტერნატივად იქცევა.

აი, კიდევ ერთი ფრაზა აღნიშნული პუბლიკაციიდან: „მზის ენერგეტიკაში (eROeI) ინვესტიციების რენტაბელობა ძალიან დაბალია განვითარებული საზოგადოებებისათვის."

რაც შეეხება ქარის ენერგიას, ამავე პუბლიკაციაში ბლუმბერგზე დაყრდნობით საუბარია, რომ გერმანიაში ქარის უკვე აშენებულ სადგურებს უფრო ხშირად შლიან, ვიდრე ახლებს აშენებენ, რამაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ბანკებს, რომლებიც მწვანე ენერგეტიკის პროექტებს აფინანსებდნენ, რამდენიმე საშუალო მოცულობის მწვანე ენერგეტიკის მხარდამჭერი ბანკი უკვე გაკოტრების წინაშეა.

ალბათ, საინტერესოა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყნის - ჩინეთის რეფორმების განვითარების ეროვნულმა კომისიამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური ბიუჯეტიდან შეწყდა მწვანე ენერგეტიკის პროექტების სუბსიდირება და რეგიონებს მიეცათ რეკომენდაცია თავის შეხედულებისამებრ გამოყონ თანხები ადგილებზე ახალი ენერგეტიკის განვითარებისათვის.

ბლუმბერგის მონაცემებით, ჩინეთს მწვანე ენერგეტიკის სუბსიდირება 42 მილიარდი აშშ დოლარის ვალად დაუჯდა. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, მისი პრიორიტეტია სანდო ენერგეტიკა, მათ შორის, ნახშირის, ატომური და ჰიდროენერგეტიკა.

წარმოების სტაბილური და უწყვეტი ციკლის შენარჩუნება ჯერჯერობით მხოლოდ ტრადიციული ენერგეტიკული რესურსების ხარჯზეა შესაძლებელი. სწორედ ეს გახდა მიზეზი რეფორმების განვითარების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მიზეზი შეეწყვიტათ ალტერნატიული ენერგო პროექტების სუბსიდირება.

როგორც ჩანს, ასევე, ძალიან არარენტაბელურია მწყობრიდან გამოსული ქარის და მზის ენერგიის სადგურების რემონტი და ხელახლაა ექსპლუატაციაში შეყვანა.

Oil&Energy Insider მწვანე ენერგეტიკის ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით თვალსაჩინოებისათვის მოჰყავს დანიური კომპანიის Orstedის მიერ ოფშორული ქარის სადგურების ტურბინებისათვის შემაერთებელი სადენების აღდგენისათვის გაწეული ხარჯები, რომელიც ასობით მილიონ ამერიკულ დოლარს ითვლის და 2023 წლისთვის 493 მილიონ დოლარს მიაღწევს. კომპანიას ძალიან უჭირს შესაბამისი თანხების მობილიზება, რადგან როგორც გამოცემა წერს, ბანკებს აღარ სურთ ქარს გაატანონ ფული ქარის სადგურებისათვის.

მზის პანელებს კი თავისი პრობლემები აქვთ. მათი მწარმოებელი სამი კომპანიის მონაცემებით, მზის ბატარეებზე მოთხოვნა დაგეგმილი წლიური 181 გბტ იდან 156 გბტ ამდე შემცირდება. LevelTen Energy-ის კვარტალური ინდექსის მიხედვით შეერთებულ შტატებში მზის ენერგიის საკონტრაქტო ფასი წინა წელთან შედარებით 15%-ით გაიზარდა უკვე პირველ კვარტალში, რადგან 40%-ით მოიმატა პოლიკრემინის ფასმა, რომელიც გამოიყენება მზის ბატარეების წარმოებაში.

ყველაზე დიდმა მწარმოებელმა Swinerton Renewable Energy-მ განაცხადა, რომ რამდენიმე მისმა მსხვილმა კლიენტმა შეაჩერა მზის ენერგეტიკის პროექტების რეალიზაცია ფასების შესაძლო დაწევამდე, თუმც ფასების საგრძნობი კორექცია, ექსპერტების აზრით, მოსალოდნელი არ არის. ყველა ანალიზისა და პროგნოზის მიხედვით მწვანე ენერგეტიკული რევოლუციის ეიფორია დიდ იმედგაცრუებაში გადადის.

მსოფლიოს ლიდერები საკუთარი განცხადებების ტყვეობაში აღმოჩნდნენ და აშკარად ვერ პოულობენ ჩიხიდან გამოსავალს მათი მოლოდინი, რომ მწვანე ენერგეტიკა ეკოლოგიას გააჯანსაღებდა და ენერგეტიკას გააიაფებდა, ზედმეტად ოპტიმისტური გამოდგა.

10 წლის განმავლობაში ენერგოწიაღისეული წილი მსოფლიო ენერგობალანსში მხოლოდ 0, 1 %-ით შემცირდა, ქარისა და მზის ენერგიის წილი კი მხოლოდ 2, 5%-ით გაიზარდა.

ექსპერტთა გათვლებით, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, მწვანე ენერგეტიკის წილი 50% რომ გახდეს საერთო ენერგო ბალანსში, სულ მცირე, ორი საუკუნე დასჭირდება.

ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტები, ციფრები დაფუძნებულია მეცნიერულ გათვლებზე, ოფიციალურ სტატისტიკაზე და მათი გადამოწმება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ადვილად შესაძლებელია.

გაეროს პროგნოზით, 2050 წლისათვის პლანეტის მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზრდება, შესაბამისად, გაიზრდება ეკონომიკა და მოთხოვნა ელექტროენერგიაზე.

დიდი ეკონომიკის ქვეყნები დადგებიან სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე. პატარა ქვეყნებისათვის გადასანაწილებელი რესურსი უბრალოდ არავის ექნება.

აქედანვე ცხადია, რომ ენერგოდამოუკიდებლობა არათუ ქვეყნის დამოუკიდებლობის, არამედ, სიცოცხლისუნარიანობის ერთადერთი გარანტი იქნება.

ისევ ხმა უდაბნოსა შინა: რას ვუპირებთ ჩვენ ქვეყანას, რას ვუმზადებთ ჩვენს მომავალ თაობებს - ბნელსა და უკუნს? რატომ ვუსპობთ ბოლომდე პერსპექტივას ქვეყანას, რომელსაც ნამდვილად აქვს შესაძლებლობა განვითარების, განათლების და განათების?!

ავტორი: ლელა ჯეჯელავა
CNews

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა