XXI საუკუნეში, მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში, ეროვნული იდენტობა მრავალი ათეული წელია მსჯელობისა და კამათის საგანია, როგორც საზოგადოებაში, ასევე სამეცნიერო წრეებში. ეროვნული იდენტობა მეცნიერების სხვადასხვა დარგის ჰუმანიტართა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვლევი თემაა. ამ მიმართულებით შექმნილია არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. რას ნიშნავს იდენტობა? მეცნიერები დაობენ თავად ცნება `იდენტობის~ განსაზღვრების შესახებ, ზოგი მას ანალიტიკური აზროვნებისთვის ბუნდოვან ტერმინად მიიჩნევს. 2016 წელს „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის" წარმომადგენლებმა, `კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის" დაკვეთით, საქართველოს მასშტაბით ჩაატარეს კვლევა და წიგნად გამოსცეს ნაშრომი: `ქართული ეროვნული იდენტობა: კონფლიქტი და ინტეგრაცია". ავტორები აღნიშნავენ:
`უპირველესად, უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, „იდენტობის" ცნების მკაფიოდ განმარტება იოლი არ არის. როჯერს ბრუბეიკერის აზრით, ტერმინი „იდენტობა" უაღრესად (ანალიტიკური გაგებისთვის კი - უიმედოდ) ბუნდოვანია. მისი აზრით, „იდენტობას მრავალმნიშვნელობიანი, წინააღმდეგობრივი დატვირთვაც კი აქვს და აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: „გვჭირდება კი ასეთი გადატვირთული, ღრმად ორაზროვანი ტერმინი?". ამ კითხვას ბრუბეიკერი იქვე პასუხობს: „დიდი უპირატესობით იმარჯვებენ ის მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ ის გვჭირდება."
მეცნიერები დაობენ იმის თაობეზეც, თუ რას მოიცავს და როგორ შეიძლება განისაზღვროს ეროვნული იდენტობა. კვლევების შედეგად შეიქმნა ასპექტთა ერთობლიობა, რომელშიც გაერთიანდა: ისტორია, კულტურა, ეკონომიკა, ენა, რელიგია, ეროვნული სიმბოლოები და სხვა. ხსენებულ ნაშრომში ვკითხულობთ:
`ეროვნული იდენტობის კვლევისას ლეგიტიმურად ჩნდება ასეთი კითხვები: რა ქმნის ნაციონალურ იდენტობას? რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ჩვენს თავს ქართველებად აღვიქვამთ? ჰაიდერისა და შმიდტის აზრით, ეს არის ემოციები ეროვნული იდენტობის გარკვეული ასპექტების მიმართ, რომლებიც მთელ ერს, როგორც მთლიანობას აერთიანებს. ამგვარ ასპექტებად ჰაიდერი და შმიდტი გამოყოფენ: ისტორიას, კულტურას, ეკონომიკას და ერთობასთან სიახლოვის განცდას. ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელ ასპექტებად სახელდება ასევე: ენა, რელიგია და ეროვნული სიმბოლოები, მაგალითად, დროშა, ჰიმნი, ეროვნული გმირები, მითები და სხვა."
XIX საუკუნეში, როდესაც საქართველო გუბერნიებად დაყოფილი რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო, `ერთმორწმუნე" რუსეთი ყოველნაირად ცდილობდა საქართველოს მოსახლეობის ეროვნული იდენტობის ნიველირებას. იმპერიალისტური რუსეთი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა თავის ჩანაფიქრს. 1801 წელს დაარღვია, ერეკლე მეფის მმართველობის პერიოდში 1783 წელს დადებული, ე. წ. გეორგიევსკის ტრაქტატი - სამეგობრო შეთანხმება და გააუქმა: საქართველოს სამეფო დინასტიის მმართველობა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, ქართული ტაძრები - ხუროთმოძღვრული ძეგლები კირით შეაბათქაშა. საწადელის მისაღწევად, ყოველნაირი ეროვნულის, უპირველეს ყოვლისა კი, ქართული ენის აღმოფხვრა სურდა. გავიხსენოთ, თუნდაც ის სავალალო ფაქტი, რომ ქართველი თავად-აზნაურობა ქართულად თითქმის აღარ საუბრობდა. საბედნიეროდ საქართველოში არსებობდნენ მოაზროვნე ინტელექტუალები, საზოგადო მოღვაწეები, ადამიანები, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ცნებების - საქართველო და ქართველის - შენარჩუნებას.
სათეატრო ხელოვნება, როგორც ნაციონალური კულტურის შემადგენელი ნაწილი, ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ქვეასპექტია. XIX-XX ს. ს. მოღვაწე, დიდი ქართველი მოაზროვნე _ ილია ჭავჭავაძე, თეატრს მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ეროვნული თვითგამოხატვის, თვითშეგნების საქმეში. ილიას თეატრი (და არა მარტო მას), რუსეთის იმპერიაში ორ გუბერნიად არსებული საქართველოს მოსახლეობის გამაერთიანებელ ერთ-ერთ ფაქტორად, ქართული მენტალიტეტის, ქართული იდენტობის შენარჩუნების, რაც მთავარია, ქართული ენის გადარჩენის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა. ილიასათვის თეატრი იყო ადგილი, სადაც საჯაროდ შეიძლებოდა გაჟღერებულიყო ქართული.
პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნებული ილია ჭავჭავაძე, სხვა მრავალ ქართულ საქმესთან ერთად, ქართული თეატრის განვითარებისათვის იღწვოდა. ივანე მაჩაბელთან ერთად შექსპირს თარგმნის ქართულ ენაზე, სათავეში უდგება წარმოდგენების გამართვას, ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელია და ა. შ. XIX საუკუნის დიდი ქართველი ენათმეცნიერის, პედაგოგისა და ქველმოქმედის ილია ოქრომჭედლიშვილისადმი წერილში (1881 წ.) ილია წერდა: „ხომ იცი, თეატრი რა დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისათვის. მაგის მეტი ნაციონალობის ნიშანწყალი ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს-რა! ეგ ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს."
ჩვენი მიზანია გამოვიკვლიოთ, XXI საუკუნეში რა როლი აკისრია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შემავალ კახის რეგიონის სოფელ ალიბეგლოში არსებულ _ ქართულ სახელმწიფო თეატრს _ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ინგილოთა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში. რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ქართული თეატრის არსებობა.
თანამედროვე საინგილოს ტერიტორია ისტორიულად კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი იყო. თავად ტერმინი - საინგილო - XIX საუკუნეში დამკვიდრდდა. ტერმინი გამაჰმადიანებული ქართველებით დასახლებული ტერიტორიის აღმნიშვნელია. ინგილო ძველთურქულად `იანგილი-იანგილო" - `ახალს", `ახლად მორჯულებულს" ნიშნავს, ე. ი. ინგილოებს გამაჰმადიანებულ ქართველებს უწოდებდნენ ოსმალები. შემდგომში კი ტერიტორიას სადაც ინგილოები, გამაჰმადიანებული ქართველები ცხოვრობდნენ საინგილო ეწოდა. აღსანიშნავია, რომ 1918-1921 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ისტორიული ჰერეთის (საინგილო) რეგიონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში დააბრუნა. გასაბჭოების შემდეგ საქართველოს ეს ტერიტორია ისევ ჩამოაჭრეს და აზერბაიჯანს მიაკუთვნეს.
დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შემავალ, ისტორიულ ჰერეთში, კახის რეგიონში 500-ზე მეტი ქართული ოჯახი ცხოვრობს. წარმოშობით ქართველ ინგილოთა უმეტესი ნაწილი სოფელ ალიბეგლოში კომპაქტურად არის დასახლებული. მათ აზერბაიჯანულთან ერთად კარგად იციან ქართული და ქართულად საუბრობენ, არა მარტო უფროსი თაობის წარმომადგენლები, არამედ ახალგაზრდები და ბავშვებიც. ალიბეგლოელი ინგილოებისათვის, საქართველოს მოსახლეობასთან იდენტობის შესანარჩუნებლად, სხვასთან ერთად, ქართული თეატრი ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
წლების წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის (`ბოროტების იმპერიის~) რესპუბლიკები რომ გვერქვა, საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, ქართული დასი ერთმა თავდადებულმა და თეატრით მცხოვრებმა, თეატრის დანიშნულების კარგად გამაცნობიერებელმა ქართველმა - ბატონმა ანზორ დოლენჯაშვილმა დაარსა. მანამდე კი, შოთა რუსთაველის სახელობის სახემწიფო თეატრალური ინსტიტუტის, სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მანანა კვირკველიამ სცენისმოყვარეებთან ერთად რამდენიმე სპექტაკლი დადგა. 1985 წელს დაარსებულ, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახალხო თეატრს, 2004-ში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო სტატუსი მიანიჭა. დღეს ეს თეატრი ალიბეგლოს ნახევრად დანგრეულ კულტურის სახლშია განთავსებული. შენობის ავარიულობის მიუხედავად, თეატრი შემოქმედებითად აქტიურია, სეზონში 3-4 სპექტაკლს დგამს. რეპერტუარში ძირითადად ქართული კლასიკური თუ თანამედროვე ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლები აქვთ. ალიბეგლოელი ქართველები ქართულ თეატრს ეროვნულობასთან, ქართული ენისა საქათველოს მოსახლეობასთან იდენტობის შენარჩუნებასთან აიგივებენ. ვინაიდან, კახის რეგიონში მცხოვრები ქართული წარმოშობის ინგილოებისათვის, მხოლოდ ერთი ქართულენოვანი სკოლა, ქართული ფოლკლორული ანსამბლი და თეატრი არსებობს. აქედან გამომდინარე, მათთვის ქართული თეატრი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძისთვის იყო.
ალიბეგლოში, 2016 წლის შემოდგომაზე, შემთხვევით აღმოვჩნდი თანამედროვე სათეატრო სამყაროში, უკვე სახელგანთქმული ქართველი დრამატურგის თამარ ბართაიას (მისი პიესები მრავალ ენაზეა თარგმნილი და დადგმული სხვადასხვა ქვეყანაში), წყალობით. კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში არსებულ ქართულ თეატრში, თავისი პიესის - `მუყაოს სახლები~ - პრემიერაზე დამპატიჟა. სპექტაკლის სანახავად დრამატურგთან, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძესთან და ფოლკლორისტ დავით გაგოშიძესთან ერთად გავემგზავრე. საზღვარზე გადასულებს: აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის ქართული სახელმწიფო თეატრის სადადგმო ნაწილის გამგე - კოტე ბარიხაშვილი და მთავარი რეჟისორი - ნაილი თოფალაშვილი შემოგვეგებნენ. ბატონი კოტეს, მისალმების შემდეგმა, პირველივე სიტყვებმა: თქვენ ისე იქცევით, მალე აფხაზეთიც ჩვენნაირად აღარ გეხსომებათო, გული მომიწურეს. ქალბატონმა ნაილიმ კი, მანქანაში, გეგმა გაგვაცნო: მოგატარებთ კახის რაიონს, ნახავთ, როგორ ვცხოვრობთ, რა გაკეთდა.
ისტორიულ ჰერეთში არსებული ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ქართულ ისტორიულ წყაროებში, პირველად XIV საუკუნის დასაწყისშია მოხსენიებული. აქ, ადგილობრივი მაჰმადიანი თუ კვლავ გაქრისტიანებული ქართველები, გიორგობის დღესასწაულებზე, 23 ნოემბერს და 6 მაისს ადიან მოსალოცად. კახის რეგიონში ორი აღდგენილი, ამჟამად მოქმედი, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებიც (ორივეს ერთი მღვდელი ემსახურება) არსებობს. ალიბეგლოელებისთვის, ქართული ქრისტიანული მართმადიდებლური მოქმედი თუ არამოქმედი ტაძრები, ასევე ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასთანაა გაიგივებული.
სოფელ ალიბეგლოში ჩასულებს, კულტურის, ნახევრად დანგრეულ სახლში, `ქართული თეატრი" მთელი შემადგენლობით (და არა მარტო თეატრის წარმომადგენლები) დაგვხვდა. იქ, ხანშიშესულმა პენსიაზე გასულმა რეჟისორმა გვითხრა: გაგახსენდითო? ცრემლმორეულმა, უჩუმრად, მეორე `დარტყმაც" მივიღე...
ერთ დღეს, ორი სპექტაკლი ითამაშეს, იაკობ გოგებაშვილის მიხედვით `იავნანამ რა ჰქმნა" და თამარ ბართაიას `მუყაოს სახლები". ამჯერად, `იავნანამ რა ჰქმნას" დადგმის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ. ვფიქრობ, იაკობ გოგებაშვილის ჰუმანური ნაწარმოების არჩევანი, ცნობიერად თუ არაცნობიერად, სწორედ ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მცდელობაა.
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. რეჟისორმა ლერი შიოშვილმა იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების მოკლე, კომპაქტური, ყოვლისმთქმელი ინსცენირება თავად გააკეთა და სპექტაკლი მუსიკალურადაც გააფორმა. ციური ემრაშვილმა კი `არაფრისგან~, მინიშნებებით შექმნა მსახიობებისთვის სათამაშო გარემო.
ორი ფარდა (ე. წ.ზადნიკი) ზურაბ ქართველაძის და ნაიბის სამოსახლოს აღმნიშვნელია, მაგდანის სავარძელთან წნულში ჩადებული საქსოვი, თეთრი, ჩამოშვებული, ფერადი ლენტებით გაფორმებული ნაჭერი, ცისარტყელიანი ცის ასოციაციას იწვევს, ტაბლა-მაგიდა... სულ ესაა სპექტაკლის დეკორაცია-რეკვიზიტი. უფროსებთან - ბესარიონ ჭაჭაშვილი, ვაჟა ანდრიაშვილი, ნონა ჭაჭაშვილი, ვიტალი სუყაშვილი, ლაშა ასლამაზიშვილი, ბიჭიკო შიოშვილი, მაყვალა ემრაშვილი - ერთად სპექტაკლში ბავშვები და ყმაწვილებიც მონაწილეობენ: ანანო ანდრიაშვილი, თამარ მალუმაშვილი; ბერიკები: ანა ბარიხაშვილი, აჩიკო ჟანაშვილი, ირაკლი ასლამაზიშვილი. თეატრს შტატში სულ 12 მსახიობი ჰყავს, ამიტომაც ხშირად იწვევენ ბავშვებსა და მოზარდებს სპექტაკლებში სათამაშოდ. მათი უმეტესი ნაწილი კახის ფოლკლორულ ანსამბლ `ფესვების~ წევრები არიან.
წარმოდგენას კახის რაიონის გამგეობისა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სპექტაკლის დასასრულს ყველას (აზერბაიჯანელს, ქართველს, ლეკს) თვალზე ცრემლი გვედგა. იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოები ხომ იმიტომაცაა დიდი ლიტერატურა, რომ კონკრეტული ამბის განზოგადება, ინტერპრეტაცია ნებისმიერი ხალხის, ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია.
ზემოთ აღვნიშნე, რომ თეატრს ნახევრად დანგრეულ კულტურის სახლში მართავდა წარმოდგენებს. ალიბეგლოელებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ამ შენობის გარემონტება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურები მათ სთავაზობდნენ კახის კულტურის სახლში გადაბარგებას. ალიბეგლოელები კი ამბობდნენ, რომ ამ რეგიონში სოფელი ალიბეგლოღა დარჩა, წარმომავლობით ქართველი ინგილოებით, კომპაქტურად დასახლებული. მათი აზრით, კახში თეატრის გადასვლა თეატრის გაუქმებას ნიშნავდა. ალიბეგლოდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კახში ქართული თეატრი არ იფუნქციონირებსო, ვინაიდან ვერ ივლიან ვერც მსახიობები და აღარც მაყურებელი ეყოლებაო. აქედან გამომდინარე, ქართული ენის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, სამიდან (სკოლა, ქართული ფოლკლორული ანსამბლი, თეატრი) ერთ-ერთი მთვარი, მნიშვნელოვანი კერის თეატრის გადარჩენაში, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები უნდა დახმარებოდნენ.
ასეც მოხდა, იქიდან დაბრუნებულებმა გადავწყვიტეთ აუცილებლად გვერდში დავდგომოდით სამშობლოს მოწყვეტილ ქართულ დასს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა მოწოდებამ ნაყოფი გამოიღო. მთელი საქართველოს თეატრები კახის ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასახმარებლად „ფეხზე დადგა": კოსტიუმები, რეკვიზიტი, წიგნები, სხვადასხვა საჭირო ნივთი - საჩუქრად გადასცეს ალიბეგლოელ კოლეგებს. რუსთაველის, მარჯანიშვილის, მოზარდმაყურებელთა, თელავის თეატრებმა საგასტროლოდ მიიწვიეს ალიბეგლოს თეატრი, მერე თავადაც ესტუმრნენ ჰერეთელებს.
ალიბეგლოს თეატრის წარმომადგენლებთან ერთად, მაშინდელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს შევხვით. მოვუყევით, რომ ალიბეგლოს ქართული თეატრს, ნახევრად დანგრეულ შენობაში უწევს სპექტაკლების თამაში. მიხეილ გიორგაძე დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთდებდა შენობის გასარემონტებლად. დანაპირები აასრულა კიდეც.
შენობა 2018 წელს გარემონტდა. დღეს თეატრის დასი 20 კაცისგან შედგება და მის რეპერტუარში 10 სპექტაკლია: თამარ ბართაიას „მუყაოს სახლი", „სათამაშო პისტოლეტი", იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა", ფატი კიპაროიძის „პაემანი წარსულთან", „თეკლა", „გზა წიწამურამდე" (ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით), ნიკა წულუკიძის იგავარაკების მიხედვით „სიბრძნის ქარავანი", ვლადიმირ მალიაგინის „მამა არსენ".
2020 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღის აღსანიშნად, თეატრალურმა საზოგადოებამ, ნიკა წულუკიძის თაოსნობით, 40 წლის იუბილე გადაუხადა ალიბეგლოელებს თბილისში, კიდევ ერთ ახლადგახსინილ სახელოვნებო სივრცეში - საკონცერტო დარბაზში ბელიაშვილზე. ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასის წევრებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ; თეატრის დამაარსებელს, ანზორ დოლენჯაშვილს, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია, თეატრის მესვეურებს კი - „ამაგდარის" წოდება მიენიჭათ.
თითქმის საუკუნენახევრის წინ, ილია ჭავჭავაძე ილია ოქრომჭედლიშვილს წერდა: `ცოდვაა, ღმერთმან იცის, მომაკვდინებელი ცოდვაა, რომ უღონობით და უილაჯობით ჩვენი თეატრი გაუქმდეს.~ ილიას ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შემავალ კახის რეგიონში არსებულ ქართულ სახელმწიფო თეატრთან მიმართებით. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ქართული ენა, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ტოლფასია, თეატრი კი ენის არდავიწყების, გადარჩენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა. ვფიქრობ, მათი გვერდში დგომა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, ყოველი ჩვენგანის ვალია.
ალიბეგლოში ჩასვლისას მოხუცმა რეჟისორმა საყვედური მითხრა: რატომ დაგვივიწყეთო, რომ ვბრუნდებოდით, ქალბატონები და ბავშვები (არაჩვეულებრივები: ლამაზები, ნიჭიერები, ჭკვიანები) გვეკითხებოდნენ: ხომ ჩამოხვალთ, ხომ აღარ მიგვატოვებთო?!..
ავტორი: მაკა (მარინე) ვასაძე