Blinken after G7 meeting: support for Ukraine must remain strong
ირანის საგარეო უწყება - მივესალმებით ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულებას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება
გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს
მამუკა მდინარაძე - ირაკლი ღარიბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილებიან

თუ სული მისი იტევს ქვეყანას...ზაირა არსენიშვილის ხსოვნას

30.11.2020 ნახვები: 1348

თელავი. ორმოცდაათიანი წლები. ნადიკვრის ქუჩა და ჩვენი ბავშვობა. თუმცა გვერდიგვერდ, ერთი სახლის გამოტოვებით ვცხოვრობდით, მუდამ ერთმანეთის ძებნაში ვიყავით - მე, ჩემი ძმა გია და ზაირა. საერთო გასართობი ბევრი გვქონდა, მათ შორის, ჭადრაკი. მოგეხსენებათ, ჭადრაკი რა ნავსიანი თამაშია - მუდამ ქიშპითა და მოულოდნელობით სავსე, განსაკუთრებით, დამწყებთათვის. ზაირა ორ რამეს მემდუროდა. ერთი - თამაშისას, ნუ ზუზუნებო, მაგრამ ამას ასე თუ ისე ეგუებოდა. აი, მეორე გარემოება კი, ლამის ხელჩართული ბრძოლის მიზეზი ხდებოდა. 

ჭადრაკის თელაველ მაესტრო გოგი ელიოზიშვილთან ნათესაობა-ახლობლობის მიუხედავად, ჩვენი ამ უძველესი და რთული თამაშის ცოდნა მეტად მოკრძალებული იყო. აქედან გამომდინარე, წესებიც შესაბამისი გვქონდა - სვლის უკან დაბრუნება, ვთქვათ, „დეტსკი მატის" შემთხვევაში, რათა პარტია გაგრძელებულიყო. ასაკით უფროსი და სიტყვის ფასის მცოდნე ზაირა ზედმიწევნით იცავდა ამ წესს, აი, მე კი, გამარჯვების ყმაწვილური ჟინით შეპყრობილი, ხშირად გადავდიოდი პირობას.
კამათი მოკლე იყო, მაგრამ სიწითლემდე დაძაბული: დააბრუნე! არ დავაბრუნებ!.. და ა.შ. ბოლოს ზაირა მეფეს სტაცებდა ხელს, ყველაზე მძიმე და წვეტიან ფიგურას და მეც დროულად ვწყდებოდი ადგილს. და იწყებოდა ვრცელ ეზოში, ალუბლებსა და ვაშლებს შორის (დღეს უფრო თეთრად აფეთქებული მაგონდება ბაღი!) სირბილი. ჩვენი ყიჟინა-შეძახილი ცას სწვდებოდა. ბოლოს ალაყაფის კარებიდან ქუჩაში გამსხლტარი ერთბაშად ვმშვიდდებოდი, რადგან მოპირდაპირე მხარეს მილიციის კიბის თავზე მორიგე იოსება იდგა დოინჯშემოყრით, რომელთანაც არა თუ ნაცნობობა, საქმიანი ურთიერთობაც მაკავშირებდა. კერძოდ, ერთ მუჭა ალუჩის ან რამდენიმე მსხლის სანაცვლოდ, ჩამორთმეულ „სამაკატკას" მაძლევდა. თანაც მაფრთხილებდა - არავისთან წამოგცდესო. (ახლა უკვე ალბათ შეიძლება „საიდუმლოს" გათქმა. ვინ იცის, უკვე რამდენი ხანია, რაც კეთილ მილიციელს „პაგონები" ახსნა მიქელგაბრიელმა!)
მერე და მერე უფრო დამშვიდდა ჩვენი ურთიერთობა და ზაირამ საპასუხისგებლო უფროსი დის მოვალეობაც იტვირთა.(ერთხელაც, რადიო ინტერვიუში ლია ძიძიგურთან, მე, როგორც ბიძაშვილი ისე მომიხსენია, თუმცა იქვე გაასწორა ნათქვამი - რა ბიძაშვილი, კაცო, ჩემი ძმა ზურიაო.) და დაიწყო სამყაროს შემეცნება, მოგზაურობითა თუ წიგნით.
ათიოდ წლისა ზღვაზე წამიყვანა, ახალი ათონში. ეტყობა სეზონის დასაწყისი იყო. ხალხი კანტიკუნტად მოჩანდა პლაჟზე, უფრო ადგილობრივები. ერთხელაც ვიღაც კაცი მოგვიახლოვდა, შეაწუხა სათვალიო ზაირა უაზრო შეთავაზებებით. ამევსო მოთმინების ფიალა, დავტაცე მოზრდილ ქვას ხელი და თავის გატეხვით დავემუქრე. შეშინებულმა ყბედმა ახლაღა შეამჩნია ჩემი არსებობა და უკუსვლა ბორძიკით დატოვა იქაურობა. ზაირამ ჭილის ქუდს ქვემოდან გამომხედა და ყოველგვარი პათეტიკის გარეშე წარმოთქვა: თურმე დამცველი მყოლიაო და გვერდის შეცვლით კვლავ მზეს მიეფიცხა. მისი ამგვარი, მშვიდი რეაქცია მომხდარზე სრულიად არ მეუცხოვა. თუმცა ამბობდა, მშიშარა ვარო, მაგრამ უსამართლობას ვერ ეგუებოდა და არც არასდროს იხევდა უკან.
ერთხელაც საბერძნეთიდან, კინოფესტივალის შემდეგ, იქ მომუშავე ქართველი ქალებით სავსე ავტობუსით ბრუნდებოდა. სარფის საბაჟოზე კუთვნილი თანხის გადახდის შემდეგ მგზავრებმა განაგრძეს გზა, მაგრამ აჭარას გამოცდენილ ავტობუს სამი ავტომატიანი კაცი გადაუდგა და ოხმოცდაათიანი შავბნელი წლებისთვის ჩვეული - „საქართველოს სახელით!" - ფულის გადახდა მოთხოვეს მგზავრებს. ქალებმაც მორჩილად დაიწყეს ჯიბეებში ქექვა, მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, ხმამაღალი შეძახილი გაისმა: თქვე უსვინდისოებო, საქართველო რომ გაფიქრებდეთ, ასეთი წვა-დაგვით ნაშოვნ კაპიკებს არ წაართმევდით თანამემამულეებსო. მერე ავტომატიანებს თავისი რეგალიებიც მოახსენა (მგონი, სამიდან ორი სახელმწიფო პრემია უკვე მინიჭებული ჰქონდა იმ დროისთვის ზაირას) და ნაცნობ გავლენიან პირთა გვარ-სახელებიც ( მაშინ ლანა ღოღობერიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახლდათ). ერთი სიტყვით, უკან დაიხიეს მოძალადეებმა, თანამგზავრ მადლიერ ქალებს კი კიდე დიდხანს ჰქონდათ ურთიერთობა ზაირასთან.
ეს ეპიზოდიც რომ არა, განა მის გამბედაობაზე მისსივე შემოქმედება არ მეტყველებს?! ჯერაც გაგანია საბჭოთა წყობის დროს, ორიდან ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში „ვაჰ, სოფელოდან..." მცირე მონაკვეთი მიიტანა დაბეჭვდის იმედით. რედაქტორს წაეკითხა ნაწერი და მოწონებოდა კიდეც, მაგრამ საერთო ნაცნობისთვის ეთქვა: მე მაგ ქალბატონს გიჟი ხო მარ ვგონივარო.
წერა წერად, მაგრამ ზაირას ყოველდღიურ სამსახურს თბილისის ოპერის ორკესტრში ვიოლინოზე დაკვრა წარმოადგენდა. გასტროლზე მყოფ ზაირასთან ერთად ჩემთვისაც იყო ლენინგრადი და მოსკოვი - ერმიტაჟი და „ტრეტიაკოვკა", და კიდევ მრავალი სხვა. თუმცა მერე და მერე, როცა ხორცი შევისხი, მიწიერ სიამოვნებებმა გადამძალა და ბუნებრივია, მეტ დროს თანატოლ_მეგობრებთან ვატარებდი. რა დასამალია, უფრო ხშირად უსამიზნოდ და უნაყოფოდ.
თანდათან ცხოვრების ტვირთიც დამძიმდა - ოჯახი, სამსახური და სხვა. გაიშვიათებულ შეხვედრებს ზაირა ვერაფრით ურიგდებოდა და აკი ლექსადაც გამოთქვა ყოველივე: „შე მოღალატე ზურაბო, რად დაგვივიწყე, რადაო, ქალაქში მიდი-მოდიხარ, ყინჩად და ლომისფრადაო, საწყალი ხალხის ქომაგო, ჩვენ რაღა დავაშავეთა, ტანო ტატანო კინაღამ არ გაემგზავრა შავეთსა..." და ა.შ. და ა.შ
დრო კი ბეჯითად იმკიდა თავის სამკალს. მშობელთა თაობა ნელ-ნელა შემოგვეცალა, მათ შორის, მამიდა ტატანოც. უფრო გულსაკლავი ის იყო, რომ არეულმა დროებამ ჩემი ოცდაცამეტწელს მიუღწეველი შვილი ბესოც შეიწირა. მაგრამ ცხოვრების წესია - ბედს არ ემორჩილო და ჩვენც სამივენი კვლავ, ცალ-ცალკე და ერთად მიუყვებოდით ნარ-ეკლიან გზას. ბოლო ელდა გია იყო - წამში გამქრალი, ჯერაც ჭარმაგი კაცი. ზაირა ხშირად იმეორებდა: ეს რა უბედურებაა, არაერთხელ წარმომედგინა, როგორ იღებდით წყვილად სამძიმარს ჩემს პანაშვიდზეო.
მაგრამ სიცოცხლემ კვლავ იმარჯვა და შვილიშვილებმა ფრიად გაახალისეს ყოფა. ხშირად იტყოდა - ცოტანი გვყვანან, მაგრამ ხარისხიანებიო.
გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა. 38 წელს დახვრეტილი მამის ხსოვნას და თელავის ტრაგიკულ ქრონიკებს დღენიადაგ უტრიალებდა. თუმცა ნათესავ-მეგობრებისთვისაც ყოველთვის იცლიდა. ადამიანებთან ურთიერთობა წმინდა საქმედ მიაჩნდა და ამ დროს არც ახალი თუ ყურადსაღები სიტყვა - ამბების ჩაწერა ავიწყდებოდა.
სულ მცირე სამი რომანი მაქვს ჩაფიქრებულიო და მართლაც, ერთმანეთის მიყოლებით „რექვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი", „ვაჰ,სოფელო..." და „კოლაჟი მთვარის შუქზე" გამოსცა. მერე კიდევ რამდენიმე წიგნი თუ მოთხრობა. მაგრამ მაინც, შემოქმედისთვის დამახასიათებელი უკმარისობის გრძნობა არ ასვენებდა და ხშირად ამბობდა - არა, უნდა მოვასწროო!..
ეგ იყო, დაძაბულ შრომასა და ასაკს თავისი გაჰქონდა და საგულე წამლების მიღებასაც უმატა. აკი ხშირად იმეორებდა: წერა და ქვის კოდვა ერთიაო. თან დაამატებდა - დროდადრო მთავარანგელოზის ფრთების შრიალი მესმისო. უჩვეულო იყო ზაირასგან ამგვარი ლაპარაკი და მეც „მხარდამჭერი" ლექსი შევაგებე.

წუთისოფელი

მავანი იტყვის, ხანმოკლეა წუთისოფელი.
მოგაგონდება თაკარა მზე, წისქვილის წყალი,
ლელქაშის ჩრდილი, მოლივლივე მზის ათინათი,
ნემსიყლაპია გარინდვით მფრენი და
გამოწვდილი მთრთოლვარე ხელი.

ციდან ჩამოდის კვირიონთა სევდიანი ხმა,
ბოლნარევ ნიავს ძაღლის ყეფა მოყვება რწევით და
მამლის ყივილს იტაცებს ჩქერი.
წამით ჩერდება ყოველივე და იტვიფრება გულის სიღრმეში
ფოთლისა მსგავსად დავანებულს უხსოვარ შრეში.

მავანი იტყვის, ხანმოკლეა წუთისოფელი...
ამ ქვეყნად მოსულს არ აქვს სასრული
თუ სული მისი იტევს ქვეყანას. ...

2015 წლის ზაფხულსაც ჩვეულებრივ ერთად ვატარებდით. ხან ჩვენ გადავდიოდით, მისგან ლამის ცოცხალ არსებად შერაცხულ, საუკუნეგამოვლილ, თითქოს მიწიდანამოსულ აგურითნაგებ სახლში, ხან ზაირა გადმოდიოდა ჩვენთან. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, მაგრამ დროდადრო მაინც ჩაფიქრებით იტყოდა: კიდევ მჭირდება დრო, მაგრამ ცას ბერ კიტრად ხომ ვერ გამოვებმებიო.

ერთხელაც ლექსი გავახსენე, ბოლო სტრიქონები. მცირე ხანს, სქელ და გრილ კედლებს შორის სიჩუმე ჩამოწვა. ზაირას თვალებში კი სევდანარევი ნაპერწკალი გაკრთა: იქნებ ეგ სიტყვები სარწმუნოც იყოს, მაგრამ ვეჭვობ, იქიდან მოცარტის მოსმენა და კავკასიონის დანახვა შევძლოო.

რვა აგვისტოს, ნაშუადღევს, ნათესავმა კარდიოლოგმა გასინჯა. გადაწყდა, საფუძვლიანი კვლევისთვის, მეორე დღეს საავადმყოფოში აგვეყვანა. საღამოს რომ შევუარე, სასადილო ოთახში ტახტზე მიწოლილი დამხვდა. უჩვეულო იყო ყოველივე, რადგან ამ დროს, როგორც თავად იტყოდა, კომპიუტერს „უკაკუნებდა". ვუთხარი, დავრჩები-მეთქი, არა, გზას ნუ გაიმრუდებ, მეც ცოტას კიდევ წავიმუშავებო. ვიცოდი, დრო ძვირად უღირდა და გზა განვაგრძე. მაგრამ, ავი წინათგრძნობით შეპყრობილი, მალევე მოვბრუნდი. შევაღე კარი და შორიდანვე გავძახე - ზაირა, მოვედი-მეთქი. მაგრამ სახლში უჩვეულო დუმილი დამხვდა. აი, ისეთი, მხოლოდ სიკვდილმა რომ იცის...
ასე დასრულდა მწერლის ცხოვრება, რომლის სულიც ქვეყანას იტევდა და ვინ იცის, სწორედ ამიტომ, სიკვდილ-სიცოცხლის ყველა კანონის გვერდისავლით, მისთვის მოცარტიც არსებობს და კავკასიონიც.

ავტორი: ზურაბ არსენიშვილი

რედაქციისგან: დღეს, 30 ნოემბერს, ზაირა არსენიშვილის დაბადებიდან 87 წელი შესრულდა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა