მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

მიხეილ სააკაშვილი - ... ლირი, ყველასგან მიტოვებული

28.01.2022 ნახვები: 1178

ყველაზე მეტად რაც მზაფრავს შექსპირის ამ უკვდავ ნაწარმოებში არის ფრაზა: კორდილია, ღილი შემიხსენი... ამ სცენის საოცარი სახიერება შექმნა რამაზ ჩხიკვაძემ - ძონძებში ჩაცმულ მეფეს სამოსზე ღილი არ აქვს და ყელზე იდებს თითს...

ნამდვილად არ ვიცი ელოდა თუ არა მიხელ სააკაშვილი მის ირგვლივ მოვლენების ასე განვითარებას, რა მოცემულობასაც ახლა ვხედავთ, მაგრამ სულაც არ გამიკვირდება, რომ მან არასოდეს თქვას „კორდილია, ღილი შემიხსენი...", თუმცა ამ ბოლო პერიოდში ნამდვილად არაერთხელ იტყოდა - აქედან გამიყვანა და... და ეს „და" ანუ ის, რაც ამ დას შემდეგ არის მის თანამებრძოლ-თანაპარტიელებს ეხებათ.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოზის მიღმა მას ოდესმე მოეწონება კრიტიკული აზრი და კონკრეტულ მოცემულობაში ექნება ამ აზრის მიმართ მიმღებლობა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას, როგორც უდავოდ გამორჩეული ალღოს პოლიტიკოსს, ბევრი რამის გადაფასება მოუწევს. ვაღიაროთ, ჩვენ არავის გვიყვარს კრიტიკა, რაოდენ ობიექტური და კორექტულიც უნდა იყოს ის და ვერც სააკაშვილი იქნება გამონაკლისი, მით უფრო, როდესაც უკვე ლამის 18 წელია, მისი სიტყვა იყო და არის კანონი, თუნდაც კანონის უგულებელყოფით.
ახლა ერთი ცოტა ვრცელი ციტატა, ჟურნალისტ თენგიზ აბლოთიას პუბლიკაციიდან „რისთვის ჩამოვიდა საქართველოში მიშა?": „მიშას ჩამოსვლა საქართველოში დიდი შეცდომა იყო. ის არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ საზიანო აღმოჩნდა - თუნდაც იმიტომ, რომ უზარმაზარი ენერგია, რომლის მიმართვა შეიძლება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხზე, დღეს ხმარდება მიშას განთავისუფლების მოთხოვნას. მუხტი და ენერგია - უწყვეტი არაა, ის მიდის-მოდის. მისი დაგროვება - რთული საქმეა, ხოლო ხარჯვა - დიდ დაფიქრებას და სიფრთხილეს მოითხოვს.
საქმე იქითკენ მიდის, რომ მიშას რაციონის და დიაგნოზისთვის რბოლაში მყოფი აქტივისტების და მომხრეების ენერგია ისე გამოიფიტება, რომ 2024 წელს საჭიროების შემთხვევაში ქუჩაში ხმის დასაცავად ვერავინ გამოვა.
რაო, შე კაი კაცო - საქართველოში რისთვის ჩამოხვედი? იმისთვის რომ ჩაჯდე და მერე თავისუფლების დაბრუნება მოითხოვო? კი მაგრამ შენ უკვე გქონდა ეს თავისუფლება, კიევში. შენი ნებით ჩაჯდე ციხეში იმისთვის, რომ მერე ციხიდან გაშვებაზე უზარმაზარი საზოგადოებრივი ენერგია დახარჯო - მაზოხისტი ხარ?"
პირველივე დღიდან წინააღმდეგი ვიყავი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში იმ ფორმით დაბრუნების, როგორც დაბრუნდა და ეს ჩემთვის იყო შოკი. ეს იყო შოკი საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის, ვინც მის მიმართ ლოიალურია. თუმცა ეს იყო მისი გადაწყვეტილება და ახლა უკანა რიცხვით მსჯელობა იმაზე, რა იყო კარგი და რა ცუდი მოკლებულია ყოველგვარ რაციონალურობას.
მისი დაკავების პირველსავე დღეებში დავსვი კითხვა - „ახლა უფრო მშვიდად არის ხელისუფლება, რომელიც მის სუნთქვასაც კი აკონტროლებს, თუ როდესაც მსოფლიოს ლიდერებსა და პოლიტიკოსებს ხვდებოდა და უზიარებდა მოსაზრებებს, თუნდაც საკუთარ ხედვებს. საქართველოზე და არა მხოლოდ?"
პასუხი თითქმის ყველასგან იყო ერთმნიშვნელოვანი - ახლა ხელისუფლებას უფრო ეშინია და იძულებული იქნება მიშა გამოუშვას.
ბარემ, მეორე კითხვას ახლა მივამატებ: „ აი, ახლა რამდენად სასარგებლო იქნებოდა თავისუფლებაზე მყოფი საააკაშვილი დღეს უკრაინისთვის?"... ამ კითხვას ყველამ თავად გასცეს პასუხი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც...
პარალელურად ვაკვირდებოდი გზავნილებს დასავლეთიდან, რომელიც მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ ითხოვდა მისი, როგორც ტუსაღის უფლებების დაცვას და მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.
ამ ფონზე გაჩნდა #FREEMISHA, #FREESAAKASHVILI და უფრო მეტად დამწყდა გული. რადგან ეს არ იყო ფორმულა - „მოითხოვე მაქსიმუმი და მიიღებ მინიმუმს". ეს იყო პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეს აცდენილი მოთხოვნა, რადგან დასავლეთში და გნებავთ ნებისმიერ არადემოკრატიულ სახელმწიფოში კარგად ესმით - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა არის დანაშაული და FREE არის აბსურდული მოთხოვნა, ვიდრე არ არსებობს სასამართლოს ვერდიქტი.
ასევე, ყოველგვარ პოლიტიკურ საზრისს იყო მოკლებული, 2018 წელს რუსულ ტალახში ნაგორავები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალების მოთხოვნა. ეს იყო სამართლებრივი იდიოტიზმი, რადგან იმ საქმეებზე, რომელზეც არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ზურაბიშვილი შეწყალების აქტს ვერ გამოსცემდა და პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ ციხეში დარჩებოდა.
ამ მოთხოვნით მისმა ავტორებმა და პირველ რიგში ენმ-მ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სამართლის - კანონის აღქმის ადეკვატურობა.
ზუსტად მახსოვს, იმ დღეებში ერთმა ძალიან ცნობილმა სოციოლოგმა ასეთი რამ მითხრა - ეს მოთხოვნა ადამიანებს კიდევ უფრო დააშორებს ენმ-სგან, რადგან მათში კვლავ გააღვიძებს მიძინებულ განცდას, რომ „ნაცები" კანონს არად დაგიდევდნენო.
მოკლედ, დაპიპინების აქციებიდან დაწყებული #FREEMISHA-თი დამთავრებული ყველაფერი იყო შინაარს გამოცლილი და რეალურად არაფერი ჰქონდა საერთო სააკაშვილის ბედთან.
პრეზიდენტის გულმხურვალე და გულწრფელი მხარდამჭერების ემოციური აღტკინების მიღმა პოლიტიკოსებმა პოლიტიკა ვერ გააკეთეს. ანუ სააკაშვილის პოლიტიკური კონვერტაცია ვერ მოახერხეს. რატომ? ან არ იციან როგორ უნდა გააკეთონ ეს, ან კიდევ არც ჰქონიათ სურვილი „კარტინკას" გასცდენოდნენ.
ისიც ნათელია, რომ ენმ ვერ ახერხებს პოლიტიკა შექმნას იქ, სადაც უნდა იქმნებოდეს - პარლამენტში. გაურკვეველ რეჟიმებში ყოფნა - არათანმიმდევრულობა და ლიდერების სატელევიზიო კომენტატორებად ქცევა არა თუ აჩლუნგებს პოლიტიკოსების ალღოს, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ პოლიტიკოსობას.
ენმ-მ უნდა აღიაროს, რომ „ოცნების" გასვლა შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რასაც პირველ რიგში მოყვა სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული რეფორმების გატარებაზე უარის თქმა, სწორედ მისი ბრალია.
„ოცნების" გასვლის შემდეგ კი შეთანხმებაზე ხელმოწერა მკვდარზე დამჭკნარ ვენოკს ჰგავდა და ყველამ ვნახეთ, რომ ვერაფრით მოახერხა „ოცნების" სასურველ პოლიტიკურ რელსებზე დაბრუნება. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ან არავის უნდა მოეწერა ხელი, ან უნდა მოეწერა ყველას და ამით გაეჩინა ურთიერთვალდებულებების მყარი გარანტია. სხვა მხრივ კი ცხადი ხდებოდა, რომ ეს იმთავითვე მკვდრადშობილი შეთანხმება იყო.
ახლა ვიღაც იკითხავს, რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას, ანუ კონკრეტულად ენმ-ს მისი ლიდერის დაპატიმრების შემდეგ?
მოსმენილი მაქვს განცხადებები იმის შესახებ, რომ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში იყო პოლიტიკური აქტი და აქ ყველას ავიწყდება დაბრუნების ფორმა, რომელიც საჭიროებს პასუხების გაცემას სამართლებრივ ჭრილში. თუ ამის გააზრება ძნელია, მაშინ საერთოდ აბსურდია რამეზე საუბარი და შეგიძლიათ ბოლომდე მიაწვეთ #FREEMISHA, როდესაც თავადვე ჩაგესმით ყურში - Извини генцвале, лет через 5 помагу. ნუ, თუ ეს გარიგების საგანია, მაშინ კომენტარი არ მაქვს...
ასევე მოსმენილი მაქვს განცხადებები მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოზე, რომლის მიმართაც ჩემი ნდობაც ნულის ტოლია და აქვე ვიმეორებ, ამ სასამართლოზე აპელირება მხოლოდ სააკაშვილის კონტექსტში არის უსამართლობა. მით უფრო, რომ ვიმეორებ, პოლიტიკურად სწორედ ენმ-მ დააზიანა პროცესი, როდესაც იმის ჰიპოთეტური შანსი მაინც არსებობდა, ევროკავშირის ეგიდითა და მონიტორინგით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულიყო ამ სივრცის, მინიმუმ გასაკეთილშობილებლად.
სულაც არ მაინტერესებს მელიას გუნდი და ამოცანები - იგი საკმაოდ სუსტი პოლიტიკოსია, რომელსაც პირველ რიგში პოლიტიკური ალღო არ გააჩნია, თუმცა აქვს პიროვნული შემართება რაც უშრეტი არ არის, მით უფრო მაშინ, როდესაც არ იცი რა უნდა აკეთო და როგორ. ვერც ნაყოფიას ოდიოზურობამ მომხიბლა ვერასოდეს, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, გენერალოვის წარმომადგენელი რომ იყო მადნეულში და ვერც ახლა, მიშას ნდობით აღჭურვილი პირი როა - პოლიტიკოსად არც ის უქმნია ღმერთს. იმის თქმა არ მინდა, რომ ენმ-ში თვითმყოფადი და გონიერი პოლიტიკოსები არ არიან, მათი გვარების ჩამოთვლაც შემიძლია, მაგრამ ცხადია, რომ შიდა კლანურმა დაპირისპირებამ ეს პარტია საკმაოდ ცუდ დღეში ჩააგდო და საკუთარი არჩევანით პოლიტიკურ პროცესებს მიღმა დატოვა.
რასაც ენმ ბოლო წლებია აკეთებს, არის ლარი კინგის ცუდი იმიტაცია. საერთო ნაციონალური პარტია ნაციონალური სამაუწყებლო ტელევიზიების ბადეში მოსახვედრად იბრძვის და მოხვედრის შემდეგ კი იაფფასიან და ზედაპირულ, არაპროფესიონალურ კომენტარებს აკეთებს „ოცნების" შეცდომებზე.
რამდენიმე ხნის წინ სატუსაღოში მყოფმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი დასავლური მანიფესტი გამოაქვეყნა. გასაგებია, რომ ნაციონალურმა მაუწყებლებმა (ამ პუბლიკაციაში მაუწყებლების შეცდომებზე არაფერს ვიტყვი - აზრი არ აქვს, რადგან მგონი წერა-კითხვაც კი დაავიწყდათ უკვე და მხოლოდ ლაპარაკისა და თვითხიბვლის რეჟიმში არიან) - მათ შორის პირველ რიგში ოპოზიციურმა, ბევრი ვერაფერი გაიგეს ამ მანიფესტიდან და დაწერილი წაიკითხეს ეთერებში.
მაგრამ ნამდვილად შოკი იყო, რომ ქვეყნის განვითარების მოკლევადიან კონტექსტში არავინ მიაქცია ყურადღება სააკაშვილის მიერ გაჟღერებულო იდეას ინტერმარიუმის, ანუ ე.წ. სამი ზღვის ინიციატივის შესახებ. სხვა ბევრი მნიშვნელოვანი თემა რომ ყურადღების მიღმა დარჩა ეგეც ცხადია. სულაც არ გამიკვირდება ეს იდეა მოდიფიცირებული ვარიანტით ხვალ ხელისუფლებამ რომ გადაამღეროს.
ეს მანიფესტი არ იყო მხოლოდ დასავლეთზე გათვლილი დოკუმენტი, ეს იყო საკმაოდ კარგი პროგრამა, რომლის ცალკეული პუნქტების, მოსაზრებების სწორად გამოყენება ამ და სხვა ხელისუფლებებსაც შეუძლიათ. სამწუხაროდ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და მედიამ, ამ, გავბედავ და ვიტყვი - უმნიშვნელოვანესი და საეტაპო დოკუმენტის პოლიტიკური კონვერტაციაც ვერ შეძლეს. დაწერილის, გამზადებულის კომენტირებაზე მაქვს საუბარი და იდეების პოლიტიკურ კულტივირებაზე.
და რომ ვთქვა ეს მოცემულობა არის უბედურება მეთქი - დრამატიზებას მოვახდენ? ქართული პოლიტიკის უბედურება იდეის არ ქონაა. ქართული პოლიტიკის ბედისწერა კი ერთმანეთის დამარცხების დაუოკებელი ჟინია.
და დღეს რა ხდება? ცივა, ზამთარია... როგორც გავიგე უიდეო პოლიტიკოსებს ყავაში ჩახედვაც ეზარებათ. განა არ სვამენ, ჩახედვა ეზარებათ, ვაი, თუ სწორად, ანუ მათთვის სასარგებლოდ ვერ გადმოაბრუნეს ლამბაქი.

რაოდენ მგზნებარე სიტყვებიც არ უნდა ითქვას სასამართლო პროცესზე - კანონთან „ყველა ტყუის". ანუ აუცილებელია ბრალდების მხარის არგუმენტების, მტკიცებულებების გაქარწყლება.
საკუთარი მომხრეების რწმენაში განმტკიცება კი არ არის მთავარი, რომლებიც საკმაოდ დაიღალნენ ლიდერების „მოდით - წადით" მოწოდებებით, არამედ - საქმეში დასავლელი ადვოკატების ჩართვა, პროცესზე დამკვირვებლებად აღიარებული ექსპერტების მოწვევა და გნებავთ, კვალიფიციური დასავლელი პროკურორების მეშვეობით ალტერნატიული გამოძიებების ჩატარება. სასამართლოზე მონიტორინგის დაწესება. სხვა ყველაფერი აბსურდია. ამ ხერხს შეუძლია ხელისუფლებამაც მიმართოს. 
იცით რაზე ვბრაზობდი რუსთავის თუ გლდანის ციხესთან აქციების დროს? თუნდაც ერთ ადამიანს რომ ბენზინის ფული დასჭირდა და ამაზე დაიწუწუნა ან აიღო. ალბათ მე სხვაგვარად მესმის და წარმომიდგენია თანადგომა.
თუმცა თანადგომაცაა და თანადგომაც... დიდი დრო გავიდა გასული წლის 5 ივლისიდან? მხოლოდ მე მახსოვს დამალული ოპოზიცია? მხოლოდ მე მახსოვს ამ დღის მოსკოვის პროვოკაციად მონათვლა და რეაქციონერი სასულიერო პირებისათვის ღია მხარდაჭერის გამოცხადება; მხოლოდ მე მახსოვს მარბიელების მიერ ადამიანების დევნის დაწყებიდან მხოლოდ მესამე საათზე გაკეთებული პირველი განცხადება, სადღაც გამოჭერილი ენმ-ს „ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან"? მგონი მხოლოდ მე არ უნდა მახსოვდეს საპატრიარქოსთვის მუხლის მოდრეკა, მაშინ როდესაც ეს პოლიტიკოსებისგან არავინ გააკეთა თუნდაც პირადი ჰუმანურობის დემონსტრირებისთვის დეკანოზ მამალაძის შემთხვევაში; „ნამახვანის" დამაზიანებელი პროტესტით აღტკინება და მხარდაჭერა, მხოლოდ მე მახსოვს?
კიდევ ბევრი რამ მახსოვს - მაგრამ... სულაც არ მგონია, რომ ახლა ამის განხილვის დრო იყოს. ამ ყველაფერზე საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქციაა „... ყველასგან მიტოვებული"...
ახლა სხვა რამის დროა... პოლიტიკაში პოლიტიკური ცხოვრება უნდა დაბრუნდეს თუ ვინმეს აქვს ამის ძალა და გააზრების უნარი. სწორად შენიშნა ბატონმა რომან გოცირიძემ - „თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდა საპარლამენტო ბოიკოტი, ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დაემსგავსება იმ ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და წონამომატებული და ფორმადაკარგული დაუბრუნდა სათამაშო მოედანს, სადაც ბევრს ვერაფერს აკეთებს".
ამიტომ დაბრუნდით იქ, სადაც უნდა დაბრუნდეთ და თავი მოიკალით თუნდაც ერთი სიტყვით გააკეთილშობილოთ რომელიმე კანონი, თორემ საკუთარ თავს რომ დიდად ვერაფრით გააკეთილშობილებთ ეს ცხადია. და ეს თავგანწირვა დაუნახავი არ დარჩება. (ყავის ჭიქაში კიდევ „შავი ლაქები", რომ არ დარჩეს, უნალექოს მიაწექით.)

***
ახლა ერთი ფრაგმენტი ჩემი მიმართვიდან მიხელ სააკაშვილისადმი, შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით: „უნდა შეწყვიტოთ შიმშილობა თუნდაც იმ რეალობის სწორად შესაფასებლად, რომელიც ახლა საქართველოსა და რეგიონშია შექმნილი. უნდა შეწყვიტოთ შიმშილობა, რადგან მოიძებნოს გამოსავალი იმ პოლარიზაციის დასასრულებლად, რომელშიც ახლა ქართული სახელმწიფო იმყოფება, სახელმწიფო, სადაც ჰიბრიდული ომი მძვინვარებს, პოლარიზაცია კი ვის წისქვილზეც ასხამს წყალს, არ გესწავლებათ, მით უფრო, იმ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, რაც კარგად გახსოვთ. ზუსტად ვიცი, რომ მომავალშიც არაერთხელ იქნება ფაქტი, როდესაც არ დაგეთანხმებით და როდესაც თქვენს ნაბიჯებს მოვიწონებ. ეს იქნება სრულიად ნორმალური, რადგან გონიერ პოლიტიკოსებს მაქებრების სექტა კი არა, მწარე სიმართლე და დამფასებლები სჭირდებათ სწორი გადაწყვეტილებებისა და მოტივაციისთვის. ახლა, დიახ, ახლა თქვენი შიმშილობა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას კი არ აზიანებს, არამედ, იმ პოლიტიკურ პროცესსაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ბოლო ორი ათეული წელია, ბრძანდებით! თქვენი შიმშილობა ამ ეტაპზე პოლიტიკურ პროცესს კი არ ქმნის, არამედ, აფერხებს, მინიმუმ, კალაპოტს უცვლის. ახალ კალაპოტს კი ბევრი შლამი მოჰყვება - ესეც კარგად მოგეხსენებათ და ისიც, რომ მის დაწმენდას დიდი დრო უნდა". რატომ გავიხსენე ეს მიმართვა, რომელიც დარწმუნებული ვარ არც წაუკითხავს მიხეილ სააკაშვილს. მხოლოდ იმიტომ, რომ ვთქვა - ახლა შლამის დაწმენდის პროცესი მიმდინარეობს. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი დაწყებული პიროვნული იმედგაცრუებიდან და გამარჯვების რწმენით დასრულებული. თუმცა აქ მნიშვნელოვანია გამარჯვებაში ვინ რას გულისხმობს.
და ბოლოს, ციხე ის ადგილია, სადაც ერთი აგური თითოეული ჩვენგანისთვის დევს, განურჩევლად იმისა ახლა სად ვართ და ვინ ვართ.
სააკაშვილის შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ #FREEMISHA სრულიად უადგილოა, ახლა ის უფრო მეტად თავისუფალია, ვიდრე ბევრი მისი „თანამებრძოლი" თუ ოპონენტი. „მიტოვებული"? სულაც არა, ეგ მაგრად ფეხებზე ჰკიდია, თავის თავის პატრონი თავად იყო და არის... „ღილი"? მაგას არასოდეს იტყვის... „აქედან გამიყვანა და..." - ო, აქ დაგერხათ ბევრს... არა, არა - ოპონენტებს ყველაზე ნაკლებად... ჰო, ეს თუ არ გინდათ ან პოლიტიკიდან წადით, ან პოლიტიკა აკეთეთ...

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა