ბოლო წლების მანძილზე ტრადიციულმა ქართულმა კითხვამ - გვეშველება რამე? - განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა. აშკარაა, რომ ქვეყანა უძრაობის ღრმა ჭაობშია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს.
ერთი შეხევდით, არაფერი განსაკუთრებით საშინელი არ ხდება - პირიქით, საჯარო სექტორში შტატების გაბერვის, ტურისტული და სამშენებლო ბიზნესის სწრაფი განვითარების წყალობით, ეკონომიკა მეტ-ნაკლებად იზრდება და სულ უფრო მეტ ადამიანს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ცხოვრების საკმაოდ მაღალი დონე აქვს.
მაშ რაშია საქმე? რატომ არის ირგვლივ გამეფებული სრული უიმედობა და საყოველთაო დეპრესია? რატომ ფიქრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ ერთ რამეზე - გაქცევაზე?
გარკვეულწილად ეს ადამიანის ბუნებასთანაა დაკავშირებული - მუდმივი ზრდა და განვითარება - ბუნებრივი მოთხოვნილებაა, უძრაობა და სტაგნაცია კი ამ განწყობის პირველი და დაუძინებელი მტერია. ის რაც გუშინ საკმარისი იყო - დღეს უკვე არავის აკმაყოფილებს. ყველას გვახსოვს წლები, როდესაც გზების დაგება ეროვნულ ზეიმს იწვევდა, დღეს კი საგზაო მშენებლობას არავინ არ აქცევს ყურადღებას.
ქვეყანას დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება განვითარება და წინსვლა, თუმცა, წინ წამსვლელი არავინ ჩანს... სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ საქართველოში ატმოსფერო ჩახუთულ ოთახს მოგვაგონებს..
თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი და ზედაპირული ახსნაა. საქართველოში გამეფებული უძრაობის უფრო ფუნდამენტური მიზეზიც არსებობს, რომელსაც ქოცების ნაცებით შეცვლა ვერ უშველის.
ამჟამად ქვეყნის მთავარი პრობლემა - თავად ქვეყანაა, მისი არასწორი და მახინჯი აგებულება, რომელიც სსრკ-ს პერიოდიდან გვერგო. დღეს საქართველო რამდენიმე, ერთმანეთისგან თითქმის დამოუკიდებელი ქვეყნისგან შედგება.
პირველია - შედარებით განვითარებული - თბილისი, პლუს ტურისტული რეგიონები. თბილისი - იმიტომ, რომ დედაქალაქია, ტურისტული რეგიონები იმიტომ, რომ იქ, მოპარვის და გაჩხერის გარდა, სხვა არჩევანიც არსებობს.
ეს არაა ქვეყნის მცირე ნაწილი - თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, თელავი, სიღნაღი, ბორჯომი, და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე, მაგრამ უცხოელი სტუმრებისთვის საინტერესო პატარა ქალაქი. ამ, შედარებით განვითარებულ ნაწილში ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს.
რა თქმა, უნდა, ეს „განვითარება" - შედარებითია - ეს საქართველოც კი ჩამორჩენილი და სუსტად განვითარებულია, თუმცა, თავად ის ფაქტორი, რომ აქ არსებობს ცხოვრების წესის არჩევანი, ქურდულ-ძველბიჭურ-მამა-პაპური წესის ალტერნატივა - თავის თავად, გარკვეული წინსვლის საწინდარია.
შედარებით განვითარებულ საქართველოსთან გვერდითაა სრულიად ღატაკი, ბნელი, ჩამორჩენილი, და მომაკვდავი ნახევარი - არატურისტული ნაწილი. ქვეყნის ეს ნახევარი - სრულად დეგრადირებულია, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად. იქ მეფობს უსაქმურობა, ქურდული მენტალიტეტი, უიმედო ლოთობა, ნარკოტიკები და ზღვარს გადასული ლუდომანია.
სამტრედია, ლანჩხუთი, სენაკი, კასპი, და ა.შ., ათობით მომაკვდავი და განწირული ქალაქი სწრაფი ტემპებით იცლება - მოსახლეობა მასობრივად გარბის, ზოგი თბილისში, ზოგი ევროპაში. იქ არ ჩერდება ახალგაზრდობა - სკოლის დამთავრების შემდეგ, ყველა, ვისაც ელემენტარული წერა-კითხვა ეხერხება - გარბის უკან მოუხედავად.
რჩებიან - მხოლოდ უსაქმურები და ძველი ბიჭები, ამიტომაც ატმოსფერო ამ პატარ-პატარა ქალაქებში უფრო ციხეს წააგავს. ეს ასევე ახალისებს ნორმალურ ახალგაზრდებს ამ დაღუპული მხარეებიდან გაქცევას.
ასეთი ტემპებით, 20-30 წელიწადში ქვეყნის ეს რეგიონები თითქმის მთლიანად დაიცლება და ეს წარმოუდგენელი მასშტაბის დემოგრაფიული რევოლუცია იქნება - მთელი ქვეყნის გადაფორმატირება.
წარუმატებელი საქართველოს სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი სოფელს უჭირავს, რომელმაც გადაგვარების მწვერვალს უკვე გასცდა.
ხშირად გავიგონებთ ტიპურ ქართულ გოდებას - „სოფელი დაიცალა", თუმცა რეალობა ისაა, რომ 21-ე საუკუნის საზომებით საქართველოში აშკარად ჭარბი სოფლის მოსახლეობაა. თანაც, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ სოფელში ცხოვრების წესი ჯერ მე-17 საუკუნეს ვერ გასცდა - პატარ-პატარა საკარმიდამო მონაკვეთები, არა ტექნოლოგია, არა აგრარული ბიზნესი, არა ინვესტიციები, არა განვითარება.
ამას ემატება ლოთობა, ნარკოტიკები, საშინელი ქსენოფობია, რომელიც ყველა ინვესტორს აფრთხობს, მამაოების სრული ბატონობა და საბოლოო ჯამში - ისევ დეგრადაცია, გაქცევა, დაცარიელება.
სოფლის მოსახლეობის გაქცევის მასშტაბებს ჩვენ ყველანი, ყოველგვარი სტატისტიკის გარეშე ვხედავთ - აღდგომის დღეებში როდესაც თბილისიდან გასავლელ გზებზე უზარმაზარი საცობებია - შიდა მიგრანტები 2-3 დღით სახლებში ბრუნდებიან.
წარუმატებელი საქართველო კვდება და ეს საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სახეს და აგებულებას მთლიანად შეცვლის. ეს ურთულესი პროცესია - გაქცევის სურვილი ერთია, თუმცა, გაქცევასაც მისამართი სჭირდება. არაკვალიფიცირებული და მოპარვაზე აქცენტირებული კადრები მომაკვდავი რეგიონებიდან ძირითადად არავის სჭირდება - არც თბილისში და არც ევროპაში.
ეს ჩიხია - ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ბალასტად არის ქცეული, რომელსაც არ თვითონ შეუძლია არაფერი, და ამავე დროს ქვეყანასაც ძირავს.
დღეს საქართველო გადაფორმატირების ბუნებრივ სტადიაში იმყოფება - წარუმატებელი და უპერსპექტივო რეგიონები უნდა დაცარიელდეს - ეს ბუნების კანონია.
თუმცა, ეს იმდენად რთული საქმეა, რომ დღეს დანამდვილებით ვერავინ გეტყვით - როგორი იქნება გადაფორმატირებული საქართველო, როგორ გადაიტანს ის ამ გლობალურ რღვევას და გადაიტანს თუ არა საერთოდ?
ავტორი: თენგიზ აბლოთია