თამარ მეფე დღემდე საქართველოს ყველაზე პოპულარული სიმბოლოა, მაგრამ წარმოდგენები მის შესახებ რომანტიკული და არაზუსტია. სხვადასხვა წარმოშობის წყაროები გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ დაწვრილებით აღვადგინოთ მისი განთქმული გარეგნობა და გარემომცველი სინამდვილე, ის მთლიანობა, რომელმაც ,,თამარ ქალის" სახით უკვდავი ქართული სიმბოლო შექმნა.
წყაროთა თანახმად, თამარს ლურჯი თვალები ჰქონდა, იყო ,,გრემან თუალითა". მე-12-13-საუკუნეებში ,,გრემანობა თუალთა" აღნიშნავდა ,,თუალსა ზღუებრ ლურჯსა". ალბათ, ამიტომ წერს თამარის მეორე ისტორიკოსიც, რომ დედოფალს ჰქონდა ,,თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი".
წყაროთა ჩვენებით, მას ,,ტანი ზომიერი" ჰქონია, რაც მოცემულ შემთხვევაში ამ სიტყვის თანამედროვე ქართულ გაგებას არ ემთხვევა. ,,ზომიერება" აქ თანაზომადობას, პროპორციულობას, მარტივად - ტანადობას ნიშნავს.
მეფის ტანადობა თვალსაჩინოდაა ასახული გელათის დაზიანებულ ფრესკაზე, რომელშიც თამარი საიმპერატორო ბისონშია გამოწყობილი, გამოყვანილი წელითა და მოხდენილი აგებულებით.
პირისახე დედოფალს თეთრი ჰქონია, მაგრამ ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული (,,ღაწუთა ვარდებრივ ფეროვნება", ,,ღაწუნი ვარდოვანნი"), იგივეს უნდა გულისხმობდეს ჩახრუხაძეც (,,ღაწვმწყაზარი").
თვითმხილველთა შთაბეჭდილებით, მეფეს თითქოს მორცხვი გამოხედვა ჰქონდა, თუმცა მისი მხიარული პირისახე აღბეჭდილი იყო სილაღით, მაგრამ მას ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვეოდა (,,ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე", დაახლოებით ამავეს წერს ჩახრუხაძეც). მისი ეს სიმტკიცე გააფთრებადაც შეიძლება ქცეულიყო და ,,მოეწვა და მოეოხრებინა ურჩნი მეფობისა მისისა" საკუთრივ საქართველოშიც, როგორც ეს ფხოვში გააკეთა, რის გამოც ბოლო დრომდე, ფხოვურ/ხევსურულ გადმოცემებში, თამარი ეშმაკეულ, ავ დედაკაცად იყო მიჩნეული.
თავმომწონე დედოფალს ,,ლაღსა და უკადრს" უწოდებდნენ, წყაროებში ამ დახასიათების დამადასტურებელი მაგალითებიცაა მოტანილი. მაგალითად, თამარმა ზვიადი მუსლიმი ამირა დასამცირებლად ცხენის ნალში გაცვალა.
ლაღი დედოფლის ინიციატივით ეწყობოდა ჭაბუკთა ასპარეზობები, რომელსაც, დაახლოებით ისეთი ადგილი ეკავა ამ პერიოდის საზოგადოებაში, როგორიც დღეს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობებს. წყაროებში ასახულია მეფისაგან მოწყობილი ერთ-ერთი დიდი ასპარეზობა ქართველ და სპარსელ მოასპარეზეებს შორის, რომელიც თამარის ყმათა გამარჯვებით დასრულდა. თამარის მოასპარეზეების სახელი შორს იყო გავარდნილი, ეგვიპტური მუსლიმური თხზულება ,,ალ ჰიმმა" შენიშნავს, რომ თამარის ყმები საუკეთესო მოასპარეზეები იყვნენ.
საგულისხმოა, რომ წყაროები ერთის მხრივ, მეფის ფიზიკურ თავისებურებებს ასახავენ, მეორეს მხრივ კი მათში გამოხატულ სულიერ მხარეებს.
თამარის ექვსი ფრესკული გამოსახულებიდან, პორტრეტული არცერთი არ არის. ქალის აქ გამოსახული სახე - პირმრგვალი, წარბებგადაბმული, პატარა ტუჩებით, ერთგვარი კლიშეა შუა საუკუნეების აღმოსავლელი ლამაზი ქალისა და მისი სხვადასხვა ვარიაციის ნახვა უამრავ ძველ ქართულ ხელნაწერშია შესაძლებელი
თამარის თანამედროვე საქართველოში მრავალი ნიჭიერი, ანტიკური ფილოსოფიური და მხატვრული მემკვიდრეობის მცოდნე, მხატვრულ სიტყვას საფუძვლიანად დაუფლებული, ფართო წარმოსახვის ავტორი წერდა. მათ თამარის ფიზიკური თვისებები და მასში გამოხატული სულიერი მხარეები თავიანთ შემოქმედებაში ნიჭიერად ასახეს.
კიდევ ერთხელ მოვუყაროთ ყველა ამ მონაცემს თავი და ვეცადოთ დავინახოთ უფრო ფართო სურათი:
იგი იყო ტანადი, მომხიბლავი აგებულების, თეთრი სახის, ლურჯთვალება, ღაწვებ შეფაკლული, მორცხვი მზერის, მაგრამ სახენათელი ქალი, შემოსილი იმდროინდელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ქსოვილით (იბნ ისჶანდიარი) ნამზადი, ყინწვისის ლაჟვარდისფერი (თავის თვალებივით) საიმპერატორო პორფირით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოფაზის - ბაჯაღლო ოქროს მაღალი გვირგვინით დაგვირგვინებული, რომელშიც ჩასმული ზმირის (ზურმუხტის) და სმარაგდის თვლები მწვანე შუქს ღვრიდნენ. აზევებული იყო მაღალ სამეფო ტახტზე, რომლის ,,კედელ-ყურენი" ფიქლით იყო შეძერწილი, მასში ელვარე სარდიონი, ხურუმზი, ბივრილიონი და ლიგვირიონი იყო ,,ურთიერთს შთათხზილი", (იოანე შავთელი), რომელთა გამოც ტახტი ძვირფასი ქვების წარმტაცი ფერადოვნებით იყო აციალებული.
სარდიონი და ბივრილიონი იყო ,,თუალი ნაკვერცხლის ფერი, რომელსა აქუნდა ღამე ცეცხლებრივ ელვარებაჲ". ამიტომ შავთელი წერს, რომ მეფის იგავმიუწვდომელი ტახტი თვალისმომჭრელად ელავდა, მასზე დაბრძანებული სახენათელი დედოფლის თვითმხილველები გადმოგვცემენ: ,,უგავს ელობა კრონოს ციერსა"
ალ ჰუსაინი საუბრობს გიორგი მესამის ბანაკზე, რომლითაც, შეგვიძლია თამარის გარემომცველ სინამდვილეზეც შევიქმნათ გარკვეული წარმოდგენა. ხსენებული ავტორი საუბრობს საქართველოს (,,აბხაზის") მეფის ოქროს მაგიდებზე, სინებზე,, თეფშებზე და ფიალებზე, რითაც მეფე სადილობდა (შავთელი ახსენებს უძვირფასესი ალისფერი ბადახშის სასადილო ჭურჭელსაც), ვერცხლის გეჯებზე, რითაც მისი ცხენები წყალს სვამდნენ, მეფის ხაზინაზე - სავსეზე დიდძალი მარგალიტით, სარდიონით და მარჯნით, ,,როგორზეც ალაჰმა ილაპარაკა ყურანში და როგორსაც მორწმუნეებს შეპირდა სამოთხეში".
მეფის სამლოცველო სავსე ყოფილა ბაჯაღლო ოქროს, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ჯვრებით, ოქროსყდიანი და ძვირფასთვლიანი სახარებებით, ,,რომლის მსგავსიც არსად იყო და რომლის ფასიც არავინ იცოდა".
თამარის სახარების მინაწერიდან ირკვევა, რომ დედოფლის კარის ეკლესიაში საბაწმინდის შავმთური ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.
აჯა იბ ად-დუნჲას აღწერით, კეთილმოწყობილ სამეფო სასახლეს მრავალი კოშკი ჰქონდა დატანებული, ძირს კი, ძალიან ახლოს წყალი ჩაუდიოდა, ,,ისტორიათა და აზმათა" მიხედვით, დედოფლის სასახლე ,,ყოვლითურთ სამოთხისა მსგავსი" იყო, შავთელის ცნობით, ეს დიდებული, მრავალკოშკიანი სასახლე, თაღებით იყო შემკული და ჰქონდა უამრავი ბაღი (,,მტილ-სამოთხენი") და აუზი (ავაზანი).
ამდენად, ტანადი, თეთრყირმიზი, ლურჯთვალება თამარი, ლურჯი პორფირითა და ზმირისთვლიანი ოფაზის მაღალი გვირგვინით, თავისი მწიგნობრებისა და კარის ბრწყინვალე პოეტების გარემოცვაში, ირგვლივ გარშემორტყმული დატყვევებული ზვიადი მუსლიმი ამირებით, მოჩითული აბრეშუმის მოხდენილ სკარამანგებში გამოწყობილი ახოვანი ქართველი მოყმეებით, (რომელთა ბრგე აგებულება ასე იტაცებდა უცხო თვალს - (იხ. გიიომ ტიროსელი, გიორგი პახიმერე, იბნ დავადარი...), ლომებითა თუ ავაზებით, მოკლედ, ყველა მისი სამშვენისით, თავზარდამცემად დიდებული იყო.
როდესაც მუსლიმი მმართველი, ამირ მირმანი, საქართველოში ჩამოვიდა და თამარის შვიდივე სამეფოს ,,აბჯარკეთილი ლაშქარი", შემდეგ კი თავად დედოფალი იხილა ღვთაებრივ დიდებაში, დაზაფრულმა და დაბნედილმა ამოილუღლუღა, რომ ,,აბხაზისა და თბილისის ფადაშაჰ" თამარის სწორი არც ძველ და არც ახალ წიგნებში არავინ ეწერა.
ის ერთდროულად იყო დედოფალიც და მეფეც, მეტიც, მეფეთ-მეფე და იმპერატორი. სიგელ-გუჯრებს იგი ხელს აწერდა, როგორც თუით მპყრობელი, ფლობით მპყრობელი, რაც ბიზანტიური ავტოკრატორის ანუ იმპერატორის ქართული შესატყვისია.
საგულისხმოა, რომ ეს მხოლოდ თამარის ამბიცია არ ყოფილა, მე-13-საუკუნის ერთ-ერთ ბულგარულ თხზულებაში, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში უცნობი წყაროა, აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მხოლოდ სამი იმპერატორი არსებობს და ერთ-ერთი მათგანი ქართველთა იმპერატორია.
წყაროები თამარს ,,მამამისთან" - ბიბლიურ სოლომონთან აიგივებენ, რომლის სახელიც ,,განხდა ყოველსა ქუეყანასა". ეს შედარება უსაფუძვლო არ იქნება, თუკი გავითვალისწინებთ იმ გრანდიოზულ გეოგრაფიულ არეალს, რომელშიც გავრცელდა ხმა თამარის დიდების შესახებ - რუსეთიდან (ივერიის დედოფალი დინარი) ეგვიპტემდე (,,ალ ჰიმმას გურჯების დედოფალი") და ეგვიპტიდან გერმანიამდე (ვოლფრამ ფონ ეშენბახთან), საფრანგეთამდე (ალბერიხთან ტრიუმ ფონტიუმის სააბატოში, ასევე ფრა თომასთან) და იტალიაში (კამპანიის კურიაში).
რა თქმა უნდა, თამარი არ ყოფილა კდემამოსილების ხატი, როგორც ამას მისი ისტორიკოსები წარმოაჩენენ. მისი მოწყალებაც, ხშირად უძლურება იყო ძლიერ ოპოზიციასთან და მაშინ, როცა მოთხოვნებით უფრო სუსტი სოციალური ფენა გამოდიოდა, წყალობა/დაყვავების ნაცვლად მათ მიწასთან ასწორებდა, წვავდა და ძირიანად თხრიდა, იმდენად შემზარავად, რომ დასჯილთა შთამომავლობას ეს წიოკი და ამოგდება ლამის მეოცე საუკუნემდე ახსოვდა.
ცხადია, შუა საუკუნეების პოლიტიკურ ფიგურას ამას მანკიერებაში ვერ ჩაუთვლი, მაგრამ საინტერესოც ისაა, რომ თამარი ერთი იმ უიშვიათეს მონარქთაგანი იყო, რომელიც ამ ეპოქის გვირგვინოსანთაგან განსხვავებით, სახელმწიფოსა და საკუთარ თავს არ აიგივებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და აუცილებლად გასათვალისწინებელი მეფის შეფასებისას.
გარდაცვალების წინ ასე ილოცა: ,,ქრისტე, მხოლოო ღმერთო ჩემო, მარადიულო მეფეო ცისა და მიწისა, შენ გავედრებ ამ ქვეყანას - საქართველოს, რომელიც შენ მარწმუნე და ამ ერს, შენი სისხლით გამოსყიდულს და ჩემს შვილებს, და მერე ჩემს სულს".
მსგავსი შინაარსის ტექსტი უჩვეულოა შუა საუკუნეებისათვის, მეფე სახელმწიფოსთან საკუთარ თავს არ აიგივებს ! მეტიც, მისთვის ეს ერი ქრისტეს სისხლითაა გამოსყიდული, თვითონ კი მხოლოდ მის მნედაა დადგენილი.
ავტორი: ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი