ავტორი: ლელა ოჩიაური
არა მგონია, საჭირო იყოს მტკიცება, რომ დავით დოიაშვილი (უკვე წლებია) და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი, მისი ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი ლიდერი რეჟისორი და ასეთივე თეატრია, რომელშიც ცოცხალი, აქტიური და არაერთგვაროვანი შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობს და რომელსაც ბევრი მწვერვალი და წახნაგი აქვს.
ვფიქრობ, იმის თქმის აუცილებლობაც აღარაა, რომ დავით დოიაშვილია რეჟისორი, რომელსაც ყოველთვის ელოდებიან (და არა მხოლოდ საქართველოში) და ყოველთვის აინტერესებთ - რას აკეთებს, რა მოიგონა, გამოიგონა, რა და როგორ გააკეთა. ეს ინტერესიც უკვე (დიდი ხანია) „დაიმსახურა".
მოლოდინიც ამართლებს და არც მორიგი შედეგი და წარმატება გვიკვირს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დავით დოიაშვილმა ახალ სპექტაკლში სრულიად სხვა ხედვა, ახალი აზროვნება, ახალი მიდგომა, ახალი ფორმებითა და ხერხებით მეტყველების შესაძლებლობა გამოამჟღავნა. თუმცა, ჩვეული ხელწერითა და ინდივიდუალურ სტილისტიკაში, რაც არის კიდევაც მისი „პირადი" თავისებურება.
„ახალი დავით დოიაშვილი" და შესაბამისად, მუსიკისა და დრამის თეატრის ცხოვრების ახალი ეტაპი „ბალიშის კაცუნათი" დადგა. სპექტაკლით, მარტინ მაკდონას პიესაზე (პირველად საქართველოში) „ბალიშის კაცუნა", რომელიც სპეციალურად (უკვე მერამდენედ დავით დოიაშვილისთვის) თარგმნა მანანა ანთაძემ, რომელმაც, როგორც ჩვევია, ცოცხალი და ორგანული თეატრალური ენით აამეტყველა რთული კონსტრუქციისა და შინაარსობრივი (არსობრივი, ასოციაციებით, ლიტერატურულ-მითოლოგიური პარალელებითა და კონტექსტებით დატვირთული) ტექსტი.
რადგან დავით დოიაშვილისგან განსხვავებით, მარტინ მაკდონაზე, როგორც დრამატურგზე, ბევრი არაფერი ვიცოდი (მხოლოდ ფილმები მქონდა ნანახი), ინტერნეტს მივმართე და პირველივე გვერდებზე „აღმოვაჩინე", რომ თურმე მას უწოდებენ - „ტარანტინოს თეატრში", „თანამედროვე სცენის სასწაულს", „ევროპის ნამდვილ სენსაციას", „21-ე საუკუნის მთავარ დრამატურგს - ერთი-ორი პიესაც წავიკითხე (თუმცა არა მანანა ანთაძისნაირ ბრწყინვალე თარგმანში) და მათი მიხედვით დადგმული ორიოდე სპექტაკლიც ვნახე, რომ ასე თუ ისე გამეცნო. იმისთვის, რომ საფუძვლიანი თუ არა, გარკვეული წარმოდგენა შემექმნა და ამის საფუძველზე, დავით დოიაშვილის სპექტაკლიც ასე თუ ისე, საერთო კონტექსტში აღმექვა.
მარტინ მაკდონა (სხვა ვერსიებით - მაკდონაჰ, მაკდანა - Martin McDonagh) - დრამატურგი, კინოსცენარისტი, თეატრისა და კინორეჟისორი, პროდუსერი - რომლის ყველა (8) პიესა სხვადასხვა ლიტერატურული და თეატრალური პრემიის („ტონი" - მრავალგზის, „ივნინგ სტანდარტისა" და ლორენს ოლივიეს სახელობის) მფლობელია; რომლის ფილმი „ექვსივე ვაზნა" - „ოსკარითაა" დაჯილდოებული; კინოსურათი „ბრუგში" (საკუთარი სცენარით) „ოქროს გლობუსის", „ბაფტასა" (ბრიტანეთის კინო და ტელეხელოვნების აკადემია) და ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს პრემიების ლაურეატი და საუკეთესო სცენარისთვის „ოსკარის" ნომინანტია. მისი ბიოგრაფია ბიჭ „კონკიას" ბიოგრაფიას გავს, რომელმაც შეცვალა თეატრალური აზროვნება, შექმნა ახალი დრამატურგია და ლიდერად იქცა.
ინტერნეტში მაკდონას შესახებ ბევრი სხვა საინტერესო და აღსანიშნი ამბავიც შეიძლება ნახო, რომლებსაც კონკრეტული ამბავთან კავშირი, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ პირდაპირი მაინც არაა დაკავშირებული და ამიტომ აღარ „გადმოვწერ".
დავით დოიაშვილის სპექტაკლში სცენის სიღმეში მოთავსებულ ეკრანზე პროექციაა - მუსიკის თანხლებით (მუსიკა, რამდენიმე მუსიკალური თემა და ბოლო მუსიკალური აკორდი - დიდად განსაზღვრავს ატმოსფეროსა და შეგრძნებებს) წყლის ჭავლები ისხმება და როგორც ფილმში - ტიტრები ამოდის - სპექტაკლის სახელწოდება, პერსონაჟები და მათი როლების შემსრულებლები მათივე გამოსახულების ფონზე. ეს ხერხი კიდევ გამეორდება. (ავტორი - გიორგი ინდუაშვილი). გამეორდება კინოს ხერხებიც - არა მხოლოდ მულტიმედია, არამედ, ახლო ხედები, მოძრაობა დროსა და სივრცეში, მონტაჟი, პარალელური ქმედება, წაფენები, ორმაგი და სამმაგი ექსპოზიციები. და სპექტაკლის გადაწყვეტის ერთ-ერთ (მრავალთგან) ფორმად და ორგანულ ნაწილად იქცევა. მულტიმედია - ორმაგი და ორგანზომილებიანი - ეკრანსა და მის მიღმა - აიგივებს ორ სივრცეს, რომლებშიც ერთი მეორის გაგრძელება ან ანარეკლია და რომლებიც დაუბრკოლებლად გადადიან ერთი-მეორეში.
სცენის სიღრმეში გაბმულ თოკზე თითქოს ფირის გამჟღავნების შემდეგ ჩამოკიდებული ფოტოებია. სივრცე - თითქოს ოდესღაც არსებული ფოტოს გასამჟღავნებელი „შავი" ოთახია და განათებაც - შხამიანი მწვანე, ბუნდოვან გამოსახულებას რომ ქმნის და რეალობის საზღვრებს შლის (ფაქტობრივად მთელი სპექტაკლი ბუნდოვანი განათებითა და ნისლით მკვეთრ კონტურებსა და მკაფიო ფერებსაა მოკლებული. განათების მხატვარი - ია ნადირაშვილი), ასეთი ოთახი-ლაბორატორიის ასოციაციას იწვევს. მთელ შემდეგ ტონალობას განსაზღვრავს. საერთოდ სწორედ ასოციაციებია, რომლებზეცაა აგებული მთელი სპექტაკლი და რომლებიც მის სტრუქტურას შეადგენენ.
მაგიდის სანათები, ყუთი, საბეჭდი მანქანა, გრამოფონი, აკვარიუმი, მუსიკალური საკრავები, სათევზაო ანკესი - დეკორაციისა და რეკვიზიტის ნაწილებია, რომლებიც დრო და დრო „ცოცხლდებიან" და მოქმედებაში ერთვებიან. ყველაფერი ქმედითია. ყველაფერი - მოძრავი და აქტიური. როგორც შემდეგ გამოჩენილი და გახსნილი დეკორაცია, ახალი ელემენტებითა და ფუნქციურ-მხატვრულ-აზრობრივი დატვირთვით. (სცენოგრაფი - თვითონ დავით დოიაშვილია და დეკორაცია სპექტაკლის მთლიანი კონცეფციის, ქმედების განუყოფელ ელემენტად იქცევა).
მაგიდები და სკამები, როგორებიც ალბათ ყველგან დგას - ნებისმიერ სახელმწიფო უწყებასა თუ ორგანიზაციაში, ოფისსა თუ მოსაცდელში. ამ შემთხვევაში, ეს პოლიციის განყოფილებაა - დაკითხვის ოთახი და მოქმედებაც და მისი ერთ-ერთი მთავარი - სიუჟეტური ხაზიც აქ იწყება.
ორი გამომძიებელი - ტუპოლსკი (დავით ბეშიტაიშვილი) და არიელი (დევი ბიბილეიშვილი) ტრადიციულ როლებს ირგებენ - „კარგი და ცუდი პოლიციელის" და გაურკვეველი მიზეზით (ჯერჯერობით) დაკავებული, თავზე ტომარაჩამოცმული ადამიანის დაკითხვას იწყებენ.
ეს ადამიანი მწერალი კატურიენ კატურიენია (კახა კინწურაშვილი). დაკავების საბაბი კი, როგორც მალევე ირკვევა - მისი მოთხრობა-ზღაპრები. გამომძიებლები, რომლებმაც ყველაფერი იციან, ეთამაშებიან კატურიენს, დიდხანს, მეთოდურად, დახვეწილი და უხეში ფორმით, მისგან აღიარების მისაღებად, რადგან უნდათ, როგორც პიროვნება საბოლოოდ გაანადგურონ. თითქოს ნაცნობი, ბანალურიც კი, და გამოცდილი გზაა, არაერთხელ გამოყენებული და შედეგიანი.
კრიმინალური ისტორია, რომლის გახსნაც, მოქმედების მსვლელობასთან ერთად თან გინდა და თან არ გინდა. თავიდან კატურიენივით შენც გინდა გაიგო, რა დააშავა და რატომ აღმოჩნდა პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე. სასტიკ დაკითხვაზე ორ დეტექტივ-გამომძიებელთან.
ჟანრის ნაცნობი სქემაა და ნაცნობი ცხოვრებისეული სქემაა წარსულიდან თუ აწმყოდან. თუ დამნაშავე არაა, ის უნდა გამოიგონო, შექმნა მტრის ხატი, მტრის სახე, ხალხის მტერი, რომელმაც სახიფათოდ შესაძლებელია, ხალხი ნამდვილი მტრისგან იხსნას. აქ, ამ პოლიციის განყოფილების (სახელმწიფოს) კართან მთავრდება ილუზიები და იმედები და მათ ადგილს უიმედობა და სასოწარკვეთა იკავებს.
რომელიღაც ტოტალიტარული სახელმწიფო. დღეს, თუ წლების წინ. ადამიანის დევნა იდეებისა და ნაწარმოებების გამო - რომლებშიც ის, წარმოსახულ მკვლელობებსა და ძალადობას ასახავს და რომლებსაც ვიღაც სინადვილეში მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ და სიტყვა-სიტყვით ახორციელებს. ასე რომც არ მომხდარიყო, ის - მწერალი - რომელიც შეიძლება თვითიზოლაციაში ან შინაგან ემიგრაციაშია ჩაკეტილი, მაინც აღმოჩნდებოდა - ცენზურის, ცენზორების, იდეოლოგიის მსხვერპლი, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა და შეიძლება იყოს კვლავ.
დევნა კიდევ იმის გამოც, რომ ვიღაც განსხვავებულია, სხვებს არა ჰგავს და არც სურს ისე იცხოვროს, იფიქროს და იმოქმედოს, როგორც ცხოვრობს, ფიქრობს და მოქმედებს ყველა. როდესაც ვერ ხვდები: რატომ შეიძლება ცემონ შენი ძმა ან რატომ გცემონ შენ; რატომ უნდა აიღო საკუთარ თავზე სხვისი დანაშაული ან რატომ უნდა აღმოჩნდე დამნაშავე იმაში, რაც არ ჩაგიდენია. და როდესაც შეიძლება ისიც აღმოაჩინო, რომ ტოტალიტარიზმი ზოგჯერ შენშია, რადგან შენ უშვებ მის არსებობას და შენ უწყობ ხელს ძალადობას, რომელიც შემდეგ ყველაზე და შენზეც ვრცელდება.
კატურიენი თავის ზღაპრებს, იგავებსა თუ ამბებს მწვანე ფურცლებზ წერს. ამ ნაწერებს პოლიციაში აკითხებენ და ისიც კმაყოფილი კითხულობს.
დროდადრო, მწვანედ განათებული სცენა წყლის საფარის ასოციაციასაც იწვევს. წყალი აქ სულ არსებობს - პირდაპირი (ფიზიკური) თუ უხილავი (მონათხრობში) მნიშვნელობითა და ფორმით. წყალი აქ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი „გმირია".
მარტინ მაკდონას პიესის სირთულეს რეჟისორული გადაწყვეტა კიდევ უფრო ართულებს. სპექტაკლის სტრუქტურული წყობის სირთულე და ფენები, გამოყენებული ხერხები და ფორმები დავით დოიაშვილის დადგმის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა.
ცხადი სიზმარს ცვლის, რეალობა - გამონაგონს, ფაქტი - შეთხზულს. ზღაპარი შთაგონებისა თუ ინსპირაციის, ბიძგის წყაროდ იქცევა. სამყარო ათქვეფილი და აზელილია, როგორც სიზმარში, როგორც სიცხიანის ბოდვის დროს და ამავე დროს, ყველაფერს რეალური საფუძველი, კონტური თუ ჩარჩო აქვს. ის, რაც იწყება, არ მთავრდება. რაც მოხდა, მეორდება.
სცენაზე მუდმივად - გარდასახული, ახალ ნიღაბ თუ სახემორგებული პერსონაჟები გამოდიან, ქრებიან. შემდეგ ისევ გამოდიან. ძირითად სიუჟეტურ მსვლელობას „განტევებული" (ზონგების მსგავსი) ჩანართები ერევა და ახალ-ახალ შრეებს ქმნის. მეტს, მეტს, რთულს, გართულებულსა და არაერთარსიანს.
ითვლება, რომ ბალიშის კაცუნები ნიჭიერები, კარგები და დადებითები არიან, თუმცა - უძლურები, უღონოები, პასიურები და რომ ბალიშებისგან გაკეთებული გოლიათი მაინც ბალიშისაა. რბილი და უმაქნისი. ბალიშის კაცუნა უფრო უსუსური და უღონო ხდება იქ, სადაც დიქტატურაა და სადაც ყველა ძალადობს. სადაც ძალადობენ მშობლები და ბავშვები კი ვერ იცავენ თავს.
პერსონაჟები იცვლებიან - ენაცვლებიან ერთმანეთს. (ეს გარდასახვა სახიერი კოსტუმების გადაცმითაც ხორციელდება. კოსტუმების მხატვარი - ანანო მოსიძე). მშობლები, რომლების სიყვარულიც შეიძლება დანაშაულად იქცეს. რის შემდეგაც და შეიძლება მხოლოდ არა ამ მიზეზით, მშობელი ხდება მოძალადე და სასტიკი, დაუნდობელო და ზოგჯერ - შვილებიც, მშობლების გადაჭარბებული სიყვარულის, ყურადღების (ზოგჯერ ზღვარადასული), თუ უსიყვარულობის, გულგრილობისა და დაუნდობლობის, ძალადობის შედეგად.
უდანაშაულო ბავშვები, რომლებსაც უფროსები ფიზიკურად და პიროვნულად ანადგურებენ. მათი ისტორიები თითოეული პერსონაჟის ცხოვრების ანარეკლია და ამდენად, შედეგიცა და გაგრძელებაც. სამყარში, რომელიც ძალადობაზე დგას და ძალადობა მართავს. რომელიც ძალადობს ადამიანებზე და სადაც ადამიანები იქცევიან მოძალდეებად - ბავშვებიც, უფროსებიც, მშობლებიც, პოლიციელებიც (რომლებიც, ცხადია, თვითონაც მშობლები და შვილები არიან). ისინი ასახიერებენ მარადიულ ცოდვილებს, მეტაფორული სახეებით, მეტაფორებით, რომლებიც მეტყველებენ რაღაც მეტზე, ვიდრე გვიამბობენ და მეტს გულისხმობენ, ვიდრე ჩანს.
დავით დოიაშვილის სპექტაკლში ყველა მამა ყველა მამაა (ალეკო ბეგალიშვილი) და ყველა დედა - ყველა დედა (ბუბა გოგორიშვილი), ყველა ბავშვი (გიგი ქარესლაძე) - ყველა ბავშვი. ადამიანი - ადამიანები და ადამიანები - მოჩვენებები - წარმოსახული ისტორიების გაცოცხლებული პერსონაჟები და მოგონებებიდან გამოხმობილები. ერთი და იგივე. მხოლოდ მათი ისტორიებია -კატურიენის ზღაპარ-მოთხრობებში და სინამდვილეში - განსხვავებული, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ერთნაირი. ერთი საფუძვლითა და სათქმელით, ერთი ამოსავალითა და დასასრულით.
ყველა ბავშვი - ეს „ყველა" კატურიენი და მისი უმცროსი ძმა - მიჩელია (ნანა ბუთხუზი) - მათი მრავალსახეობა, რომლების შესახებაც თავის ზღაპრებში ყვება. ამ ზღაპრებს კი, როგორც ყველა გამორჩეულის - ახდომის ძალა აქვთ, რეალობად ქცევის, როგორც მაგიურ, წინასწარმეტყველურ სიზმრებს, რადგან ცხადით არიან ნაკარნახევი.
„ბალიშის კაცუნა" ესაა სპექტაკლი თევზაობის დროს დამღრჩვალ ბავშვებზე და ბავშვებზე, რომლებიც მშობლებმა, უფროსებმა სასიკვდილოდ, საწამებლად და სულიერი ტრავმებისთვის გაწირეს. მშობლებმა, რომლებიც თავადაც მშობლების ძალადობის მსხვერპლი იყვნენ - სიყვარულითა თუ უსიყვარულოდ.
ესაა სპექტაკლი საშინელ სასოწარკვეთაზე, გაუსაძლის მარტოობაზე, მიტოვებულობაზე, დანაშაულზე და მსხვერპლზე. დანაშაულზე, რომელსაც თან აქვს და თან არ აქვს გამართლება. უდანაშაულობაზეც და უნებურად ჩადენილ თუ „ნაკარნახევ" ბოროტებაზეც. დანაშაულისა და სასჯელის დეფინიციაზე.
შემდეგ, უკიდურესი დაძაბულობის ჟამს, ძმა, ყველა დედა, ყველა მამა და ყველა ბავშვი (რომლებსაც ყველა ადამიანის სახე აქვთ და იმ შინაგანი ტკივილებისა თუ განცდების გამოძახილები არიან, რასაც რეალობაში და კატურიენის ნაწერებში უპოვიათ ასახვა), რიტმულ მუსიკას (მუსიკალური გაფორმება - დავით დოიაშვილის. ხმის რეჟისორი - ემზარ ბეგიაშვილი) რიტმული მოძრაობით (საერთოდ, მოძრაობა, პლასტიკა, ცეკვა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთიანი ატმოსფეროსა და სახის შესაქმნელად. ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე) აყოლილი, უხმოდ, მხოლოდ პირის მოძრაობით, თითქოს სიმღერითა და თითქოს ყვირილით გამოდიან ავანსცენაზე და სპექტაკლის გადაწყვეტის ხერხი კიდევ ერთხელ იცვლება. ახალი ფენით ივსება.
კატურიენი - ბალიშის კაცუნა იქცევა აღსარებების ჯაჭვის მთვარ იმპულსად, რომელსაც ვერც ქაფი (რომელიც ფაქტობრივად მთელ სივრცეს (სცენას) ედება (არაერთხელ) და ჩვენკენ მოიწევს, ვერც წყალი (ეკრანზე ჩამოღვრილ, შეშხეფებული), ვერც აუზის ოთხმაგი სივრცე ვეღარ დაფარავს. პირიქით მოხდება.
დიახ, აქ მაინც ყველას მოუწევს აღსარება - მოვლენები ისე ლაგდება. ყველას მოუწევს გაიხსენოს, დაფიქრდეს და თქვას - მოყვეს და ჩვენც დავინახოთ საკუთარ თავსა თუ ცხოვრებაში, ის, რასაც ან ვერ ვხედავთ, ან ვერ ვგრძნობთ, ან ვხედავთ და არ გვაწუხებს. რასაც ვმალავთ და ვასხვაფერებთ ან არ ვაღიარებთ, რადგან ბალიშის კაცუნები ვართ, განზე დგომა რომ გვირჩევნია.
დავით დოიაშვილის სპექტაკლი ისეთი მხატვრული ხერხითაა გადაწყვეტილი, რომ იქმნება შეგრძნება, თითქოს ფილმს ვუყურებთ. ესეც ილუზიაა - და სწორედ ასეთი ილუზიების წყება გვაქცევს იმ უცნაური და საშიში სამყაროს პატიმრებად, რომელშიც კატურიენთან ერთად შევდივართ და შემდეგ ვხვდებით, რომ ეს ჩვენი საკუთარი ცხოვრების ყველაზე მძიმე ნაწილია. ერთი მხრივ, ჩვენივე გამონაგონისა და წარმოდგენებისა და მეორე მხრივ - პირადი თუ ქვეყნის ბიოგრაფიის შედეგი.
სპექტაკლი, რომელშიც ვუსმენთ (ვუსმენთ!) რეჟისორის ფიქრებს, რომლებსაც ის ხმამაღლა არ გამოთქვამს და არც აჩვენებს, მაგრამ, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა ეპიზოდში, ყველა ამბავსა თუ ხერხში იკითხება (გამოკრთის ან ისმინება). არა ქვეტექსტის, არამედ უსიტყვოდ და უჩინოდ გამხელილი აღიარების დონეზე.
რეალობა და წარმოსახვა, გამონაგონი და ასოციაცია (თუმცა, რომელია სინადვილე, წარმოსახვა, მოგონება, გამონაგონი?!) მუდმივად იცვლება. ასევე მუდმივი რჩება მოქმედების ადგილი - პოლიციის განყოფილება, რომელშიც მოხვედრილი კატურიენისთვის ახალი რეალობა და წარსულის, აწმყოსა და მომავლის გაცნობიერება იწყება. ეს პროცესი ჩვენ თვალწინ ხილულად მიმდინარეობს.
დავით დოიაშვილის „ბალიშის კაცუნა" კოშმარულ სიზმარს ჰგავს (როგორც მისივე „(შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი"), რომლის ხლართებსა და ლაბირინთებში მოხვედრილი და მოხეტიალე ადამიანი საკუთარი თავისვე ტყვედ იქცევა, რომლის უსუსურობა მხოლოდ მისი ხასიათის შედეგი კი არ არის, არამედ გარემოებების, რომლებშიც დაბადებიდან - ბავშვობიდან - გაუცნობიერებლად და შემდეგ, უკვე ცნობიერად - არჩევანით - უწევს ცხოვრება.
სპექტაკლი ბევრ ასოციაციას ბადებს საკუთარი თუ სხვისი ცხოვრებიდან. ბავშვობის მოგონებები და წარმოდგენები, რომლებსაც რეალობა იწვევს ან ზღაპრები, რომლებიც აძლიერებენ წარმოსახვას სამყარო შესახებ, რომელშიც როლები, მოქმედების ადგილები და დასასრული უკვე განსაზღვრულია.
შემდეგ ეს ყველაფერი ერთად ლაგდება, ერთმანეთის გვერდით. თანასწორუფლებიანად. ბავშვობის ხსოვნასა და წარმოდგენებს მოზარდობის, ახალგაზრდობის, მოწიფულობის გამოცდილება და შთაბეჭდილებები, შიგნით დალექილი განწყობები ემატება. წრე იკვრება. მორიგი ციკლი სრულდება.
როგორ გაშინებს, როგორ გითრევს და გაფრთხობს, რაც სცენაზე ხდება! შემდეგ, როგორ ჩნდება წინააღმდეგობისა და პროტესტის გრძნობა და როგორ იწყებ გზის - გამოსავალის ძებნას ამ საშინელი სიზმრიდან და როგორ ვერ პოულობ!
ეს ჩიხია. ყველასთვის - პოლიციელებისა და მათი პატიმრებისთვისაც. ჯალათებისა და მსხვერპლისთვის. მათთვის, ვინც იყო და აღარაა და მათთვის, ვინც იყო და კვლავ იქნება. ესაა გზა, რომელიც ბევრმა, მათ შორის, და, პირველ რიგში, ჩვენმა ქვეყანამ გაიარა და ვერაფერი ისწავლა. როგორც ვერ ისწავლეს ვერც მშობლებმა და ვერც შვილებმა.
ის, რაც მოხდა და დასრულდა, აუცილებლად ისევ იქნება. ბიჭისა და ქალაქს შესეული ვირთხების ამბავიც და მწვანე გოჭებში გამორეული ვარდისფერი გოჭისაც, გოგონა ქრისტესიც და ბალიშის ბიჭუნასიც, რომლებიც ჯადოსნური ზღაპრებიდან საშიშ ზღაპრებად, იდუმალებათა და პირქუშ რეალობად იქცევიან.
ყველა ერთ ჯაჭვშია ჩაბმული, ყველა ერთ წრეზე დადის, ყველას ერთი წარსული აქვს, მაგრამ არჩევანი მძიმეა და მათი ბედიც თითქოს გადაწყვეტილია.
კატურიენის მოთხრობები მისივე სასჯელად იქცვა, რადგან პოლიციელებსაც იგივე გზა და ბავშვობა ჰქონდათ და მათ შვილებსაც, როგორიც კატურიენსა და მის ძმას, როგორიც მათ მშობლებს, როგორიც კატურიენის ზღაპრებისა და მოთხრობების პერსონაჟებს. მოკლედ, ყველაფერია, რაც არის ცხოვრება და რომლის მსვლელობაც დაუნდობლად (თუმცა მრავალი კოდით დაფარულად) იგრძნობა სპექტაკლსა და მის ყოველ პერსონაჟში.
ყოველ პერსონაჟში - ასეთ სხვადასხვანაირში და ასე ცვალებადში. მსახიობების ანსამბლი მუსიკისა და დრამის თეატრში, დავით დოიაშვილის სპექტაკლებში ყოველთვის იყო და მსახიობის ოსტატობის ხარისხიცა და ანსამბლურობა იყო მიზანიც, ამოცანაც და შედეგიც. მაგრამ „ბალიშის კაცუნაში" ეს ყველაფერი კიდევ სხვა არის. არა მოულოდნელი, არამედ სრულიად სხვა. ხარისხით, მანერით, ფორმით.
მერე, როგორი ზუსტი მახვილებით, როგორი ნატიფი ხერხებით იქმნებიან ეს პერსონაჟები. როგორი ნიუანსებია კონკრეტულ სახესა თუ მისი გარდასახვისას. როგორი ღრმაა ყოველი დეტალი. რამდენია ნაფიქრი და როგორი ორგანულია, დინამიკური და მოქნილი. აქ უბრალოდ, სცილდებიან მანამდე არსებულ „ზღვარს" და ისეთ ტონებში, ისეთ ნახევარტონებში მუშაობენ, გარდასახვის, მდგომარეობის - სულიერი და ფიზიკურის - იმდენ ეტაპსა თუ რგოლს გადიან, რომ ზოგჯერ თვალის მიდევნებასაც ვერ ასწრებ, ასეთი მრავალფეროვნებისა და მრავალშრიანობის ფონზე, თუ პირობებში. მაშინაც კი, როდესაც სპექტაკლი მთავრდება და უკვე მსახიობები თავის დასაკრავად გამოდიან. წყლიანი აუზების საფარები ნელ-ნელა იხურება და ფინალის დროც დგება, მაგრამ სპექტაკლი ამ დროსაც გრძელდება.
ამ აუზებში მთელი მეორე მოქმედება მიმდინარეობს - ოთხ - თითქოს ჯვრით გაყოფილ - წყლიან სეგმენტებში. ჯვარცმის სამმაგი ალუზიაც (ჯვარზე გაკრული გოგონა-ქრისტესა და ჯვარცმული ბიჭის მოვლინებასთან ერთად) - ან შეიძლება არც და პირდაპირი მინიშნებაა სულიერ ჯვარცმაზე. დაუნდობელ, შეუბრალებელ სამყაროში და ამ ჯვარცმის რიტუალში ყველა მონაწილეობს - ან ჯვარს ეცმევა.
ჩვენი დროს ნიშანი - ბალიშის კაცუნა - ტოტალიტარული სახელმწიფოს ნიშანიცაა და იმისაც, რომ შეუბრალებლობა იყო ქრისტეს ჯვარცმის მიზეზიც და მისი განსხვავებულობის შიში და მიუღებლობა - კიდევ ერთი მოტივი. არსებობდა მხსნელი - სპექტაკლში - ორი და ორივე ჯვარცმული, რომელთაგან ერთი - ურწმუნოებას, უნდობლობას, სტერეოტიპებს ემსხვერპლება და მეორე - სიძულვილს, ფსევდორწმენასა და ფარისევლობას.
კატურიენი უკვე მზადაა აღიაროს - იტვირთოს დანაშაული, ოღონდ მისი ნაწერები გადაარჩინონ, დაბეჭდონ და შეინახონ. მაგრამ მას შეუძლია, სიკვდილის შემდეგაც რაღაც შეცვალოს საკუთარ ბედში და სხვების ცხოვრებაშიც.
ისტორია შესაძლოა ასეც განვითარებულიყო, ოღონდ, ასე რომ მოხდეს, დასაწყისშივე რაღაც უნდა შეიცვალოს. დავით დოიაშვილისა და კახა კინწურაშვილის კატურიენი ამსხვრევს მითს ბალიშის კაცუნას შესახებ და ახალ ფუნქციას იტვირთავს.
კატურიენმა არა მხოლოდ სხვისი დანაშაული აიღო საკუთარ თავზე, თუნდაც ის ვიღაც - საკუთარი - ფსიქიკურ თუ გონებრივ პრობლემებიანი ძმა იყოს, რომელიც სიტყვა-სიტყვით ასრულებს - ცხადს ხდის, მოქმედებაში მოჰყავს მოთხრობების სიუჟეტები და ამით, მთავარ პერსონაჟად იქცევა. სიუჟეტები, რომლებიც თან გამონაგონია და თან არ არის, და უფრო ნამდვილი ხდება, რადგან სიზმარივით ცხადდება.
რაღაც საბოლოოდ რომ შეიცვალოს, მაშინ არც ეს სიუჟეტები უნდა არსებობდნე, მაშინ სხვანაირად უნდა განლაგდეს და განვითარდეს მოვლენები იქამდე, სანამ საბოლოო წერტილი დაისმება (სპექტაკლში ეს წერტილი მაშინაც კი არ ისმება, როდესაც მოქმედება მთავრდება). სხვაგვარად რომ მოხდეს, მაშინ სხვანაირი უნდა იყოს თვითონ ცხოვრება.
დიახ, როგორც ერთხელ უკვე ითქვა - „ხელნაწერები არ იწვიან"! - და ეს მორიგი ალუზია - კატურიენს მიხეილ ბულგაკოვის ოსტატის ხატის 21-ე საუკუნის „რეინკარნაციად" აქცევს, რასაც კახა კინწურაშვილის გარეგნობაც და განსახიერებული პერსონაჟის ხასიათი, ბუნება, ქცევის, მეტყველების მანერაც კი ესადაგება.
ძალადობა ყველაფერს ანადგურებდა და ანადგურებს. ადამიანი იზრდება ასეთ გარემოში, ასეთ საზოგადოებაში, ასეთ ოჯახში და ასეთად ამიტომაც ყალიბდება. დავით დოიაშვილის ვერსიით, კატურიენის ზღაპარი-მოთხრობები შეიძლება უფრო მეტად ასახავენ რეალობას, ვიდრე რეალობა საკუთარ თავს, რადგან ბევრი რამ დამალულია, ბევრი რამ უთქმელი და გაუმხელელ რჩება და როდესაც საიდუმლი მჟღავნდება, დგება შურისძიების დრო - ყველასთვის, ყველას მაგიერ და ყველასგან.
სპექტაკლი ისეა გადაწყვეტილი, რომ ძნელია გაარკვიო, რა ხდება და მოხდა სინამდვილეში. რეჟისორი არჩევანის უფლებას მაყურებელს უტოვებს. ყველაფერი კატურიენის სიზმარია, გაცოცხლებული მოთხრობებია თუ ნამდვილად მომხდარი, დასაწყისიდან ფინალამდე. ფინალამდე, როდესაც ყველაფერი კიდევ ერთხელ იცვლება და ბედისწერას მართვის სადავეები ხელიდან უსხლტება. საშინელი გამონაგონი, საშინელი (ავადმყოფურიც) კი, ფანტაზიის ნაყოფი, რომლის მორევასაც და დაძლევასაც დავით დოიაშვილი ესთეტური და დახვეწელი ხერხებითა და აღსარების სისუფთავით ახდენს. რეალობის მიღებით, აღიარებითა და გამათავისუფლებელი ამოთქმით.
შენც თითქოს ეფლობი ამ ტალახში, მაგრამ ბოლოს სუფთა გამოდიხარ, როგორც ყველა პერსონაჟი მანამდე და შემდეგ იმ აუზიდან, რომელშიც ისინი ეშვებიან. იმ ქაფშიც ეხვევი, რომელშიც ძმები და სხვები განიბანნენ. ერთმანეთისა და საკუთარ კოშმარებში ჩაფლვის მტანჯველი გზით რაღაცეებისგან, რაც გაწვალებდა, ტვირთისგან, რომელიც გამძიმებდა და გაღელვებდა, თითქოს შენც თავისუფლდები, თითქოს რაღაცას უკან ტოვებ და ცოტა ხნით მაინც ბედნიერი ხარ. და თითქოს თავიდან იბადები, როგორც გადატანილი წარღვნის შემდეგ, თუ შედეგად.
ხოლო, ვინ იცის, მერამდენეა ეს წრე კატურიენისთვის - დაბადების, მონათვლის, ჯვარცმისა და ამაღლების გზა და კიდევ მერამდენე იქნება, რადგან მას შემდეგ, რაც ყველაფერი პირველად მოხდა, დედამიწაზე არაფერი შეცვლილა.
გაუბედავი, პასიური და თითქოს უუნარო კატურიენი - მხსნელია, რომელსაც ეს მისია ერგო და როდესაც ამას ხვდები, მიდიხარ მოულოდნელ აღმოჩენამდე, რომ თურმე სწორედ ბალიშის კაცუნებს - პასიურ, საკუთარ თავში, საკუთარ სამყაროში, საკუთარ წარმოდგენებში ჩაკეტილ ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ დროსა თუ მოვლენების მსვლელობა, შეუცვალონ მიმართულება, კონტექსტი. ერთი რეალობა მეორით ჩაანაცვლონ, მართონ და შექმნან პირობა და ანტიკური ტრაგედიის გმირების მსგავსად აჯობონ ბედისწერას. თვითონ წარმართონ საკუთარი ბედი და აიძულონ სხვები, იმოქმედონ. გააფრთხილონ და მისცენ შანსი - შედეგი საკუთარ ნებას, გადაწყვეტილებას, არჩევანს დაუმორჩილონ. თურმე სწორედ ესაა ბალიშის კაცუნების ძალაცა და ღირსებაც.