ავტორი: დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი
გიორგი გახარიას ძველ/ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა პროგრამა, რომლის ერთ-ერთ პუნქტი მკაცრ ქრონოლოგიურ ჩარჩოში აქცევს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის უმნიშვნელოვანეს მოვლენას: 2024 წლისათვის საქართველო ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე.
2024 წელი მორიგი საპარლამენტო არჩევნების წელია ჩვენს ქვეყანაში. ის არჩევნები უკვე მთლიანად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, ყოველგვარი „მაჟორიტარული გამონაკლისების" გარეშე. ანუ, „დაპირების" შიდაპოლიტიკური განზომილება ეჭვს არ იწვევს: „ქართულ ოცნებას" სჭირდება „მეგა-პროექტი" ძალაუფლების უსასრულოდ გასახანგრძლივებლად. ეჭვმიუტანელი პროევროპულობა კი ისეთი „სათქმელია", რასაც ოპოზიცია საპირისპირო „გასაღებს" ვერაფრით მოარგებს. მით უმეტეს „პრორუსულობით" ვეღარ გადაფარავს; ყოველ შემთვევაში „ოცნებას" ზუსტად ამის იმედი აქვს.
მაგრამ პარტიულ დაპირისპირება/კონკლაობასაც რომ თავი დავანებოთ, მით უმეტეს დღევანდელი კრიზისის ფონზე, საერთოდ რამდენად რეალურია ან განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე, ან მით უმეტეს მისი თუნდაც რადენიმე წლის შემდეგ დაკმაყოფილება და ევროპულ გაერთიანებაში გაწევრება?
გავრცელებული „გულუბრყვილო" აზრის მიუხედავად, თავისთავად განაცხადის შეტანაც კი EU შესვლაზე, ჩვენი გადასაწყვეტი სულაც არ არის: ევროკავშირის წევრობაზე განაცხადსაც კი ასე იოლად ვერ შეიტან მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლი: ამ აქტს ევროპელები უეჭველად წარუმძღვარებენ დიპლომატიური მოლაპარაკების ხანგრძლივ პროცესს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, დაბეჯითებითაც „გთხოვენ" იმავე დიპლომატიური არხებით, არ იჩქარო განაცხადი, თუკი „უდროო დროს" მისი შეტანა ევროკავშირს უსიამოვნო და არაკომფორტულ ვითარებაში აყენებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არც ერთი პარამეტრით არ აკმაყოფილებ შესაბამის მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
თუმცა ამასაც რომ თავი დავანებოთ, „გახარიას პროგრამა" რამდენიმე ფუნდამენტურ მოცემულობას ეწინააღმდეგება.
ჯერ ერთი, თავისთავად ევროკავშირის გაფართოების პოტენციალი უკვე ამოწურულია: 2004 წელს, როდესაც დასრულდა ევროკავშირში ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიღების პროცესი, ბრიუსელმა შეიმუშავა „სამეზობლო პოლიტიკა". ამ პროგრამის „ფილოსოფია" გულისხმობდა, რომ ევროკავშირმა ამოწურა უშუალო გაფართოების რესურსი და მზადაა სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობა ააწყოს სპეციალური სამეზობლო პროგრამების საფუძველზე.
„მეზობლობის" ფარგლებში შემუშავდა (მისგან გამომდინარე) სპეციალიზებული პოლიტიკა „აღმოსავლური პარტნიორობა", რომელიც პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებს ეხებოდა. მათ შორის უკრაინასა და საქართველოს. თავის მხრივ, ამ „ჩარჩოში" ევროკავშირმა გააფორმა თბილისთან და კიევთან „ასოცირების" ხელშეკრულებები, რომლებიც რამდენიმე მნიშვნელოვან პრივილეგიას გულისხმობს. მათ შორის უვიზო რეჟიმსა და „ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას".
უდიდესი ისტორიული გამოცდილების ევროპული ელიტები ყველა პროგრამაში ატარებდნენ ხაზს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ მეზობელ დემოკრატიულ ქვეყნებთან ეკონომიკის და ნებისმიერ სხვა სფეროში იმ ზღვრამდე, სადაც იწყება უშუალოდ გაერთიანების წევრობა, შესაბამისად პასუხისმგებლობაც ევროკავშირის მხრიდან წევრი სახელმწიფოს მიმართ.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ევროკავშირს არ სურს და გამორიცხავს იკისროს საქართველოს და უკრაინის მიმართ ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც იკისრა ჯერ 1990-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ კი ბალტიის სახელმწიფოთა მიმართ. დაგვეხმარება ეკონომიკურად, ოღონდ „ხმის უფლებისა" და საერთო ევროპულ ინსტიტუციებში უშუალო მონაწილეობის გარეშე.
ეს ერთი; გარდა ამისა, უეჭველი ისტორიული ფაქტია, რომ არც ერთი პოსტკომუნისტური და პოტსაბჭოური ქვეყანა ევროკავშირში არ გაწევრებულა NATO-ს გვერდის ავლით: აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, შემდეგ რუმინეთი, ბულგარეთი, ბოლოს ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ჯერ მიიღეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში და მხოლოდ ამის შემდეგ - ევროკავშირში.
აქ გამონაკლისი არ არსებობდა და ეს ძალიან ნიშანდობლივი „ფილტრია": ევროკავშირში შესასვლელად უნდა იყო სრულფასოვანი სახელმწიფო - საზღვრებით და სუვერენიტეტით. NATO სუვერენულ სახელმწიფოთა ალიანსია. ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყანას ალიანსში არ იღებენ. შესაბამისად, მისთვის ევროკავშირში წევრობის გზაც ჩაკეტილია, რაც (ვიმეორებ) არ გამორიცხავს ასოცირებას და რანდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობას.
ამრიგად, საქართველოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე (რომც მოგვცენ ევროპელებმა მისი დაფიქსირების საშუალება 2024 წელს), დაახლოებით იმ პოლიტიკური ღირებულების აქტი იქნება, როგორც 2002 წლის განაცხადი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე. მას შემდეგ მიმდინარეობს მოლაპარაკება თუნდაც საგზაო რუქის (MAP) მიღებაზე და ეს გახანგრძლივებული პროცესი თავისთავად სასარგებლოა, რაკი უზრუნველჰყოფს საქართველოს ყოფნას ატლანტიკურ „დღის წესრიგში"... რაიმე რეალური გარანტიების გარეშე, თუმცა მისდამი გარკვეული ინტერესის შენარჩუნებით.
ზუსტად ასევე, საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, მისი არარეალურობის მიუხედავად, შეუნარჩუნებს ქვეყანას პროდასავლურ რენომეს და როგორც მინიმუმ, არავითარ ზიანს არ მოიტანს თუ არ ჩავთვლით მასობრივი აღქმის „გადაქანცულობას" წლობით გაჭიანურებული უშედეგო მოლაპარაკების გამო.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი. ამგვარი განაცხადით, უბრალოდ, არაფერი დაშავდება.