ავტორი: დავით ბუხრიკიძე
ფესტივალი CinéDOC-Tbilisi 2020 წელს, ოქტომბერში პანდემიის შეზღუდვების გამო ღია სივრცეში ჩატარდა. საკონკურსო სექციაში FOCUS CAUCASUS მთავარი ჯილდო გადაეცათ მარიტა თევზაძესა და ანა ჯეგნარაძეს, დოკუმენტური ფილმისთვის „პავილიონი". ეს ახალგაზრდა რეჟისორების სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც გადაღებულია თბილისში, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე.
დავით აღმაშენებლის N164-ში მდებარე ძველი კინოსტუდია, რომელსაც გარედან ათასგვარი წარწერა ამშვენებს (სხვათა შორის, ეს რამდენჯერმე აქცენტირებულია კიდეც საშუალო ხედებით ფილმში) ქართული კინოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, 75 წუთიანი, საკმარისად დახვეწილი და უფრო სოციალური მელანქოლიით დამძიმებული ფილმის მიმოხილვამდე, ამ ისტორიული შენობის შესახებაც უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვით. ფილმის კონტექსტიდან გამომდინარე, ეს აუცილებლადაც მეჩვენება, მითუმეტეს, რომ თავად ფილმის კოორდინატები, არქიტექტურა, გარემო, დრო და სივრცე პირდაპირ გვიბიძგებს კინემატოგრაფის ყველაზე ხელშესახები და ცოტა მისტიური მატერიისკენ - ეს არის უძველესი კინოპავილიონი კავკასიაში, სადაც მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართული კინოს შედევრები გადაიღეს.
ამ პავილიონის გარეშე წარმოუდგენელია ქართულ კინოზე საუბარი. ეროვნული კინემატოგრაფიის ისტორიაში შესული მუნჯური თუ ხმოვანი ფილმები სწორედ აქაა გადაღებული. კინოსტუდიის პავილიონი 1927-30 წლებში, არქიტექტორ მიხეილ ბუზოღლის პროექტით აშენდა და ბაუჰაუზის, კონსტრუქტივიზმისა და ავანგარდის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია თბილისის ჭრელ და მრავალფენოვან არქიტექტურაში.
კინოპავილიონის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი დემონტაჟი და ძირეული რეკონსტრუქცია დაუშვებელია. ბედის ირონიაა, რომ სწორედ ფილმ „პავილიონის" გადაღებიდან დაახლოებით ერთ თვეში, დეველოპერულმა კომპანია „ჯიარდისმა", რომელიც ათეულობით მეპატრონის გამოცვლის შემდეგ ამ შენობის მფლობელი იყო წლების განმავლობაში, ახლა უკვე რეალურად მოძებნა მყიდველიც და ინვესტორიც... დიდი დრამატურგის ენაზე რომ ვთქვათ, „ალუბლის ბაღი გაყიდულია, ბატონებო"... ასე მოულოდნელად გაერითმა ერთმანეთს ფილმ „პავილიონში" ასახული ატმოსფერო და ათწლეულების განმავლობაში შენობის გაყიდვა-გასხვისების აბსურდულ-დრამატული ისტორიები.
„პავილიონში" ყველაფერი ძალიან ხილული და მგძნობიარეა, ამავე დროს, ერთმანეთისგან დისტანცირებული: ერთ დროს ისტორიული შენობის აჩრდილები, განსხვავებული, მაგრამ ურთიერთგადამკვეთი სივრცეები, ახალგაზრდების მონდომება, როგორმე მკვდარი შენობა გააცოცხლონ... საბჭოთა დროიდან შემორჩენილ ხის კარს ჯერ კიდევ ამშვენებს რუსული წარწერა - администратор.
ეკონომიკური კრიზისი და რაღაცნაირი, დუნე დეპრესია მთელ ფილმშია განფენილი, რომელიც წელიწადის ყველა დრო ასახავს. პარადოქსი ისაა, რომ წელიწადის ოთხივე დროს ერთი და იგივე ტემპო-რიტმი აქვს; თითქოს არც ატმოსფერო იცვლება ზაფხულის გარინდებული ხვატისა თუ ზამთრის სიცივის მიუხედავად.
მთავარი გმირები რეალურად არსებული ახალგაზრდები არიან - ნიკოლოზ მენაბდიშვილი და სოფო კალანდაძე, რომლებიც ცდილობენ დროისა და დავიწყებისგან გაპარტახებულ კინოსტუდიას სიცოცხლე დაუბრუნონ, ოთახები გაახალისონ და მათ ვინტაჟური არტის იერი დაუბრუნონ. მაგალითად, მოაწყონ ბარი და დროებითი თეატრიც, რომელშიც ხალხი მივა, ერთმანეთს გაიცნობს, დაელაპარაკება. თუმცა მათ მონდომება საბოლოოდ კრიზისი მაინც ვერ მოერევა და შენობის ტრანსფორმაციის იდეა განუხორციელებელი რჩება...
ხალისიანი და წითელთმიანი სოფო ბოლოს მაინც ჩაალაგებს თავისი სახლიან მოტანილ ნივთებს და მიდის! თუმცა არ ივიწყებს კატას, სახელად ჩიტუნიას, რომელიც დრო და დრო კადრში ჩნდება. მართალია ეს ცოტა ზედმეტი სენტიმენტებით გაჯერებული ეპიზოდია, მაგრამ ამავე დროს, გულწრფელი. ფინალში ჩიტუნია ასევე იმედგაცრუებული ირაკლის გვერდით ზის, რომელიც მხოლოდ ვალებისა და კრედიტის გასტუმრებითაა დაკავებული.
„გიწოდებ ხელს, რომელიც არ მაქვს, დამაქვს ფეხები, რომელიც არ ჩანს" - ეს ფრაგმენტია თეატრალური წარმოდგენის ტექსტიდან, რომელსაც სოფო და ირაკლი სტუმრებისთვის დგამენ და რომელიც სლოგანივით უფრო ჟღერს. დიდი მონდომების მიუხედავად, მათი იმედები იმსხვრევა და ისტორიული შენობა ბოლოს მაინც გაიყიდება, ჩეხოვის „ალუბლის ბაღივით". ფინალური ტიტრებიც ამის დასტურია: „გაზაფხულზე კატა ჩიტუნია გაუჩინარდა... და პავილიონის შენობა გაიყიდა".
„პავილიონის" დრამატურგიაც და სტილისტიკაც უფრო „მხატვრულია", ვიდრე მკაცრი და დოკუმენტურად მოწესრიგებული. თუმცა ძნელია იმის თქმა, ეს ნაკლზე უფრო მიანიშნებს, თუ მასალისადმი თავისუფალ დამოკიდებულებაზე. ყველაზე დამაჯერებელი, საინერესო და ეფექტურიც მაინც დოკუმენტური ქრონიკაა, რომელიც მცირე დოზებით არის ფილმი გამოყენებული და კინოსტუდიის ოქროს ხანას შეგვახსენებს. ეს არის კინოსტუდიის საუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მასალა, ხან 30-იანი წლების ქრონიკა, ხან 50-იან წლებში ინდოელი კინემატოგრაფისტების ვიზიტის ამსახველი კადრები, ხანაც გვიანი სოციალიზმის ხანის (დაახლოებით 70-იანი წლები) ეკოლოგიურ-პროპაგანდისტული ეპიზოდები - როგორ ამწვანებენ კინოსტუდიის ეზოს პარტიული მუშაკები და კინოსტუდიის თანამშრმლები.
საინტერესოა ფილმის მეორე, პარალელური ხაზიც, რომელიც იქვე, კინოსტუდიის ეზოში მცხოვრები გივი წიქარიძის ყოფას გვაცნობს. ამ ადამიანმა თავისი სპეციფიკური ხმის წყალობთ 50-ზე მეტი მულტფილმი გაახმოვანა. მათ შორისაა „წუნა და წრუწუნა"და „ჩხიკვთა ქორწილი". დღეს კი სიღარიბესა და მარტოობაში ცხოვრობს. ემოციური და ასევე მხატვრულია მისი დაბადების დღის ამსახველი ეპიზოდი თუმცა ეს უფრო პარალელური ამბავია, ასე ვთქვათ, „სხვა კინო", რომელსაც ნაკლები შეხება აქვს მთავარ ამბავთან.
ფილმში რამდენჯერმე ჩნდება ღამით გაადაღებული ახალი სასტუმრო
„დავითიც", რომელიც ჩელუსკინელების ხიდის გადაღმა, მტკვრის სანაპიროზეა წამოჭიმული და რომელიც შორეულ კოსმოსურ ხომალდს უფრო ჰგავს, ან ზღვაში გაჩერებულ გიგანტურ გემს. ამ ეფექტს „ფართოდ გახელილი" ოპტიკაც ხელს უწყობს. სხვათა შორის, ფილმის რეჟისორები თავად არიან ოპერატორებიც, რაც ცოტა სარისკო და ჩემი აზრით უცნაური გადაწვეტილებაა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ პაატა გოძიაშვილის საუნდ-რეჟისურა და ნიკო ტარიელაშვილის ფერთა კორექცია.
მარიტა თევზაძისა და ანა ჯეგნარაძის გვიბიძგებს ყოფითი თხრობისა და სიუჟეტის მიღმა კინოსტუდიის ისტორიულ-არქიტექტურული შენობის საბედისწერო თავგადადასავალიც დავინახოთ. სხვათა შორის, დაახლოებით ანალოგიურია ისტორიული კინოთეატრის, „აპოლოს" დრამატული თავგადასავალიც - საბჭოთა ეპოქიდან ველურ პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმამდე, დოკუმენტურ-მხატვრული რეალობიდან კომერციულ განზომილებამდე, რომელშიც კინემატოგრაფისთვის ადგილი თითქმის აღარ დარჩა.